როგორ იქცა მურად ილდირიმი ქართველი ქალების ხორცშესხმულ ოცნებად და რას უყურებენ ჰარამხანაზე მეოცნებე მამაკაცები
არ მიყვარს ინტერვიუს შესავალ ნაწილში რესპონდენტების ან მათ მიერ გაკეთებული საქმეების ქება-დიდება, აღფრთოვანებული ეპითეტების მოშველიება, მაგრამ არის შემთხვევები, როცა საკუთარი პოზიცია, სიმპათია ან ანთიპათია, უნდა დააფიქსირო. განახლებული „მაესტრო“ – შეფუთვით, კონტენტით, წამყვანებით, დამოკიდებულებით, პოლიტიკით, ხასიათით, სრულიად ახალი სიტყვაა ქართულ ტელეინდუსტრიაში. აქ ამბებს ისტერიკის გარეშე ისმენ და უყურებ. ერთადერთი პრეტენზია, რაც არხის მიმართ მაქვს, ეს ისაა, გადახვევის საშუალება არ მაქვს. ბაია გადაბაძე განახლებული არხის დირექტორია. ის წლებია, ტელევიზიაში მუშაობს, მათ შორის – „მაესტროზე“ მის ყველაზე რთულ პერიოდში და იყო გადაცემა „საკნის“ პროდიუსერი. საკუთარი სიცოცხლის ფასად აკეთებდა იმას, რაც სწორად მიაჩნდა. როგორ ხედავს დღეს არხის მომავალს, ამაზე თავად საუბრობს.
– მურად ილდირიმის თბილისში ვიზიტით მინდა დავიწყო საუბარი. როგორ ფიქრობ, რატომ მოჰყვა სოციალურ ქსელებში მის მიმართ ქალბატონების განწყობას ასეთი კრიტიკა და ლანძღვა? რა არის საჭირო იმისთვის, რომ არხმა მსგავსი ვარსკვლავები შექმნას?
ბაია გადაბაძე: ჯერჯერობით არც ერთი ვარსკვლავი არ შემიქმნია და იმედი მაქვს, სატელევიზიო მენეჯმენტში ჩემს მუშაობას ისე დავასრულებ, ბევრი ვარსკვლავი მეყოლება შექმნილი და ალბათ, იმ დროისთვის მზა რეცეპტიც მექნება. რაც შეეხება სავაშს, ადამიანების დიდი მასის გულებს ეხება ის, რაც მათ აკლია. თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, რაც სერიალ „სიყვარულსა და სასჯელს“ მოჰყვა, რომელიც „მაესტროსთვის“ საეტაპო აღმოჩნდა, ფაქტია, ამ სერიალმა შეავსო ის, რაც ადამიანებს აკლიათ. რა არის ამ ფილმში? ამ ფილმში არის სიყვარული, როდესაც მამაკაცი განსაკუთრებული მზრუნველობითა და პატივისცემით ექცევა ქალს. აქედან დასკვნა: ქალებს გვინდა, ხელის გულზე გვატარებდნენ. ეს აქამდეც ვიცოდით, მაგრამ ახლა უკვე დავინახეთ ამ ოცნების ხორცშესხმული ობიექტი, რომელიც აქვე ცხოვრობს, ძალიან ახლოს. ბრედ პიტს ან ჯორჯ კლუნის რომ ვახსენებ, მგონია, რომ სხვა პლანეტელებზე ვლაპარაკობ, იმდენად შორს არიან ჩემგან. მაგრამ, ამ დროს გამოჩნდა ძალიან ახლობელი ტიპი, რომელიც საუბრობს იმაზე, რაც შენ კარგად იცი, რაც შენ ტრადიციებშიცაა, სიტუაციებია, რომელიც გეცნობა. ის ჭიქა, რომლითაც ის ყავას სვამს, შენც გაქვს სახლში, ის სვიტერი გაცვია და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, მათთან იდენტიფიკაცია იოლად მოხდა. ამას წინათ, ვკითხულობდი სტატიას, თუ რა შემთხვევაში ხდება ფილმები საკულტო, ანუ ფილმები, რომელსაც ოცი-ოცდაათი წელია, ერთნაირი სიხარულით უყურებს მაყურებელი. მაგალითად, „ლამაზმანი“. მარკეტოლოგებმა დაასკვნეს, რომ ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს შური, შური ან სურვილი, რომ მის ადგილას იყო. თუ მისი ცხოვრების განვითარება მოგწონს, შენ ამის ყურება შეგიძლია დაუსრულებლად.
– „ლამაზმანი“ მილიონ ოთხასი ათასჯერ მაინც მაქვს ნანახი.
– მეც. მართალია, არც ერთი ჩვენგანი მეძავი არ ყოფილა, რომელიც პრინცესობაზე ოცნებობს, მაგრამ კონკიას ისტორიის განმეორება ცხოვრებაში, ალბათ, ყველა ქალს უნდა. ჩვენ ძალიან ხშირად გვაკრიტიკებენ სავაშისთვის, ზოგადად, თურქული სერიალებისთვის. მაგრამ, ჩვენ შევქმენით სრულიად ახალი ზოლი, როგორც ყურების, ისე გაყიდვის თვალსაზრისით. ამაში აგვყვნენ სხვა არხებიც, რაც ასევე, სასიამოვნოა, როდესაც რაღაცაში გბაძავენ. ხალხი ამას უყურებს, თან ძალიან ბევრი. უბრალოდ, ყველა ამას არ აღიარებს. მეც თავიდან ვმალავდი, რომ ვუყურებდი. მეგობრები რომ მირეკავდნენ, სადმე წავიდეთო, ვამბობდი, ავად ვარ, რაღაც ასოციალური ვარ, ცოტა დეპრესია მაქვს-მეთქი. სინამდვილეში, სამი კვირა სახლიდან არ გამოვსულვარ სერიალის გამო. მაგრამ, ჰო, კარგ „ტიპობად“ ითვლება, ვინც უფრო გესლიანად იხუმრებს და უფრო კარგად გაგლანძღავს. ამ სერიალებმა არხს ძალიან დიდი წარმატება მოუტანა და ვაპირებთ, „პრაიმ კლასის“ ძალიან მაგარი სერიალების შეძენას. გუშინდელ ვახშამზე ელჩმაც აღნიშნა, რომ რეალურად, თურქეთის ელჩი საქართველოში მურად ილდირიმიაო. „მაესტროს“ მაგიდასთან მოვიდა და მადლობა გადაგვიხადა, რომ თურქეთს ასეთი პოპულარიზაცია გავუწიეთ.
– იმდენი ტურისტი ჩადის უკვე სტამბულში საქართველოდან.
– კი და იმედია, აქეთაც ივლიან.
– დავუბრუნდეთ, შენ დირექტორობას. მიუხედავად იმისა, რომ, რაც გიცნობ, მხოლოდ ტელევიზიასთან ასოცირდება შენი სახელი, მაინც მოულოდნელობა იყო ეს პოზიცია...
– ეს ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო ჩემთვისაც. იმ პერიოდში, არხზე ორი კვირის მისული ვიყავი გენერალური პროდიუსერის თანამდებობაზე.
– „მაესტროსთან” წლები გაკავშირებს, იყავი გადაცემა „საკნის“ პროდიუსერი.
– კი და ეს არ იყო მხოლოდ ჟურნალისტური საქმიანობა. ჩვენ გამოვიარეთ ურთულესი პერიოდი. ასპროცენტიან სიკვდილს გადავურჩი „მაესტროში,” რადგან იქ მაშინ ვმუშაობდით არა ხელფასის ან რეიტინგისთვის, არამედ იდეისთვის – ჩვენი პრინციპული მოსაზრებების გამო. ალბათ, ყველას ახსოვს ბომბი „ერგედე 5“ რომ შემოგვიგდეს ტელევიზიაში, რომელიც სამ მეტრში აგვიფეთქდა. დღემდე არ ვიცი, როგორ გადავრჩი. ასეთი ამბიდან მეორე დღეს, სამსახურში არ წახვალ, იქ თუ მხოლოდ ხელფასისთვის დადიხარ. ყველას ერთი იდეა გვაერთიანებდა. იმის მერე, სადაც წავსულვარ და ახლაც რომ წავიდე ისე, რომ აღარასდროს მოვბრუნდე ამ არხზე, ეს ჩემთვის მაინც სხვა ადგილია – სხვა მნიშვნელობის ხალხი, პრინციპულები, რომლებიც, რაც არ უნდა მოხდეს, ჩემს მეგობრებად დარჩებიან.
– არჩევნების შემდეგ იყო იმის ცდუნება, რომ არხი ხიბლში ჩავარდნილიყო და ამჯერად, მას მოერგო გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის იმიჯი. მაგრამ, თქვენ შეძელით, რომ ამაზე უარი გეთქვათ.
– ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და მიხარია, თუ ამას შენ და საზოგადოება ხედავს. „მაესტრო“ ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწევს მაშინ, როცა ყველასგან იქნება მსგავსი შეფასება: მან ობიექტურობა არ დაკარგა არავის მმართველობის პერიოდში. გამარჯვება, უპირველესად, საკუთარ თავზე გამარჯვებას ნიშნავს, როდესაც ახერხებ ობიექტურობა შეინარჩუნო იმ ადამიანების მიმართ, ვინც ბოლომდე გწირავდა და სრულიად არასამართლიანად გექცეოდა შენც და ხალხსაც. ამავდროულად კი, იგივე ტიპის ობიექტურობა და კრიტიკა მოახერხო მათ მიმართ, ვინც რეალური კატასტროფისგან გიხსნა. დარწმუნებული ვარ, რომ არა 2012 წლის ოქტომბერი, კაცმა არ იცის, სად და როგორ იქნებოდა თითოეული ჩვენი თანამშრომელი. დანარჩენი არხების ჟურნალისტები, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბედნიერად გააგრძელებდნენ ცხოვრებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რთულია, იყო კორექტული და დელიკატური შენი კოლეგების მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში იქცეოდნენ ისე, რომ სასიკვდილოდ გვიმეტებდნენ და ისინი ხმას არ იღებდნენ და არც ამოიღებდნენ. პირველ რიგში გვინდა, რომ ამას გადავაბიჯოთ, რადგან სიძულვილი არაფერ კარგს არ მოგვიტანს. ამ კატასტრფული მდგომარეობისგან 2012 წლის არჩევნებმა გვიხსნა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რთულია, კრიტიკული იყო მათ მიმართ, ვინც რეალურად გადაგარჩინა. საბოლოო ჯამში, შეიძლება, ვიღაცას ეგონა, რომ ბიძინა ივანიშვილი მათ კრედიტებს გადაუხდიდა. მაგრამ, ერთიანობაში, ხალხს სამართლიანობის განცდა სჭირდებოდა, რაც მედიის თავისუფლებასაც გულისხმობს. რამდენი გექნება ხელფასი, ეს მხოლოდ შენზეა დამოკიდებული.
– თემას გადავუხვიეთ. კონკრეტულად ვისგან მიიღე შემოთავაზება?
– მაკა ასათიანისგან, კოტე გოგელიასა და მამუკა ღლონტისგან. დამფუძნებლების გადაწყვეტილებით და სურვილით, დირექტორის თანამდებობა უნდა დამეკავებინა და პროდიუსინგიდან გადავსულიყავი მენეჯმენტში. თან, როდის?! როდესაც „მაესტროში“ ვმუშაობდი სულ 40-50 თანამშრომელი იყო და როდესაც შემოთავაზება მივიღე – 295. ეს ჩემთვის იყო შოკი. ვერ ვიტყვი, რომ არ მიფიქრია მედიამენეჯმენტზე, მაგრამ ეს უფრო წლების შემდეგ წარმომედგინა. მოკლედ, ცივი შხაპივით იყო. ერთი კვირა მიმდინარეობდა სერიოზული ჩხუბი და დავიდარაბა (იცინის). რომ არ მეგრძნო რამხელა მხარდაჭერას მივიღებდი დამფუძნებლებისგან, ამას ვერ დავთანხმდებოდი. რატომ შემარჩიეს, არ ვიცი, ალბათ კარგი გოგო ვარ და იმიტომ (იცინის). ალბათ, იციან, რომ არასდროს, არც ერთ ვითარებაში, საკუთარ თავთან და არაფერთან, რაც არასწორად მიმაჩნია, კომპრომისზე არ წავალ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტელევიზიაში და მადლობა მათ, ამ სტანდარტებისთვის.
– ალბათ, ძალიან რთულია, ამხელა შტატის მართვა, მით უმეტეს, ტელევიზიაში, სადაც ბევრს აქვს იმის ამბიცია, რომ საუკეთესოა და რაღაც სხვებზე კარგად იცის.
– სამართლიანობა ამომავალი წერტილია. სამართლიანი გადაწყვეტილების შემთხვევაში, აღარ დარდობ იმაზე, რომ ვინმეს მიმართ მკაცრი იყავი. თან, ვფიქრობ, შემიძლია, ადამიანებთან კომუნიკაცია. მილიონი ნიუანსი იყო, რომელიც რბილად, დიპლომატიით მოგვარდა. ონასისის ციტატა წავიკითხე სადღაც: არსებობს ნახატების, გემების, სახლების კოლექციები და მე ადამიანების კოლექცია მაქვსო. მინდა, დავეთანხმო, რომ ადამიანები, მათთან ურთიერთობა ჩემთვის ყველაზე ძვირფასია. მოკლედ, სიყვარული და სურვილი ურთიერთობისა 290 და 1290 კაცსაც იოლად გამართვინებს. „მაესტრო“ ეს ჩემი სამსახური არ არის, ღირსების საკითხია, რომლის მიმართაც სულ სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს.
– ვის ეკუთვნის შეფუთვა და რა არის ის გადაცემები, რომელზეც მთავარ ფსონს დებთ?
– შეფუთვა თავიდან ბოლომდე მაკა ასათიანს და ნიკა მაჩაიძეს ეკუთვნით, ორივე არტ-დირექტორია. დიზაინერები იყვნენ თაყა და საბა ჩხაიძეები. ვინაიდან, მაკა საქართველოში არ ცხოვრობს, ის და ნიკა იყოფენ საქმეს. ფერიდან დაწყებული, ყველაფერი რაც შეფუთვაშია, ფილოსოფიის დონეზე გაირჩა. თავიდანვე გადაწყდა ცისფერი, მაგრამ ვინაიდან მაკა მხატვარია, ის ფერის გრადაციებს ძალიან სენსიტიურად აღიქვამს. ჩემთვის მაგალითად, არსებობს ორი – მუქი და ღია ცისფერი, მაკასთვის კი მილიონნაირი ცისფერი არსებობს. არ უყურებს შინაარსს, წარწერას, არაფერი აინტერესებს, მთავარია, ერთიანობაში დაინახოს კარგად. აი, ქაოსია, უცებ იტყვის. გავხედავ და არანაირი ქაოსი, ყველა თავის საქმეს აკეთებს სტუდიაში. მაგრამ, ის აღიქვამს ფერების, რაღაც დეტალების ქაოსს და ყველაფერს უყურებს როგორც მხატვარი.
– გადაცემები?
– გადაცემებზე ნამუშევარი გვაქვს: მე, როგორც პროდიუსერს, ნათია გამცემლიძეს, როგორც გენერალურ პროდიუსერს და ნინო ჟიჟილაშვილს, რომელიც საინფორმაციოს ხელმძღვანელია და საკუთარ თავზე აქვს აღებული საინფორმაციო ნაწილი. გადაცემებს ვამზადებდით მე და ნათია, შემდეგ ის გაგვქონდა ბორდზე და განვიხილავდით. რაღაც არის მომგებიანი, რაღაც არის კარგი საიმიჯოდ, ზოგიერთი – შერეული და ასე შემდეგ.
– „ოთხ ელემენტზეც“ მინდა გკითხო. სრულიად განსხვავებული ფორმატი აიღეთ. აქვს ამ ფორმატს ანალოგი თუ თქვენი მოფიქრებულია?
– ძალიან ძნელია, დღეს იმის თქმა, რაღაცას აქვს თუ არა ანალოგი. შეიძლება, არის ანალოგი, მაგრამ ის ჩვენ არ გვინახავს. უბრალოდ, ვმსჯელობდით და ვთქვი, რომ ვინ უყურებს ძირითადად, ამ დროს ტელევიზორს?! ქალები. მათ კი აინტერესებთ, რას ფიქრობენ და რაზე საუბრობენ მამაკაცები. მანამდე, მილიონი ვერსია განვიხილეთ, ათობით უძილო ღამე და ჩხუბი გადავიტანეთ (იცინის). შუადღე რომ დიასახლისების სეგმენტია, ამას ცოტა ვეწინააღმდეგები, მაგრამ ასეთია ფორმულირება. იმედია, მამაკაცებიც შემოგვიერთდებიან ამ შოუს მაყურებლებად. ჩვენ სერიალებს მამაკაცებიც შემოუერთდნენ და მათზე სარეკლამო წვდომა უკვე გვაქვს. ისინი აქტიურად უყურებენ მაგალითად „დიდებულ საუკუნეს“, სადაც საუბარია იმაზე, როგორ მართავდა უკრაინელი ქალი ოსმალეთის იმპერიას. თუ უკრაინელი ქალები ჩვენი ტკივილი და მამაკაცების სუსტი წერტილია, სულთან სულეიმანისა და მისი ჰარამხანის მათ ნამდვილად შურთ. შევარჩიეთ ოთხი გადასარევი ბიჭი, რომლებიც ახლა ნელ-ნელა ერგებიან ერთად მუშაობას.
– რა მზადდება კიდევ?
– გადაცემა კულინარიაზე, სადაც საჭმლის მომზადების გარდა, ბევრ საინტერესო ამბავსაც გაიგებთ. ნინო დარასელი ამზადებს ორ გადაცემას, ორივე იქნება ტეტ-ა-ტეტ ინტერვიუ, ოღონდ სხვადასხვა ფორმით. ნინო ძალიან დიდი შენაძენია, რომელსაც უამრავი კრეატიული იდეა აქვს.
– პოლიტიკური თოქ-შოუ?
– პოლიტიკური თოქ-შოუ, ვფიქრობდით, საარჩევნოდ გაგვეკეთებინა. ასევე, ვფიქრობთ, დიდი და მასშტაბური თოქ-შოუს გაკეთებას. მაგრამ, არ ვიცი, პოლიტიკურ თოქ-შოუებს ვეღარ ვუყურებ, აღარ შემიძლია, დებატები და ეს ყაყანი, რომელიც ეთერშია. მაგრამ, პოლიტიკა აქტუალურია და გადაცემა საჭიროა. შეიძლება, საარჩევნოდ მოკლე ვარიანტი გაკეთდეს და შემოდგომიდან – უფრო მასშტაბური. თუ ჩვენ ბორდში გადაწონა იმ აზრმა, რომ საჭიროა ყაყანი და ეს ძალიან მასშტაბური თოქ-შოუ – ასეც იქნება. მე ვატყობ, რომ სუბიექტური ვარ, ამ შემთხვევაში.
– შენი პირადი რეჟიმი, ალბათ, ძალიან გიჟურია.
– კი, „მაესტროში“ ვცხოვრობ. რა უცნაურია, რომ წამების რეჟიმში ხარ და ეს წამება სასიამოვნოა. სტოკჰოლმის სინდრომი მჭირს, ტყვეს რომ მოძალადე უყვარდება (იცინის). სინამდვილეში, საკუთარ თავზე ვძალადობთ იმ ერთი მიზნისთვის, რასაც რაღაც ღირებულის შექმნა ჰქვია. რა მაგარია, როდესაც განვლილ ცხოვრებას გადახედავ და მიხვდები, რომ უამრავი ნიჭიერი ადამიანი გყავს აღმოჩენილი და ისინი შენი მადლიერები არიან, გიფასებენ შრომას. იმედი მაქვს, ჩემი დაუღალავი შრომა, რომელიც სრულიად გულწრფელია და არავის არაფერს ვამადლი, ნაყოფს გამოიღებს. რაც აქ ვარ, გულწრფელად გეტყვით, განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, მაგრამ, როდესაც გავაკეთებ, არც ამას დავმალავ.