რა შანსები აქვთ „ახალი ტალღის” კონკურსზე ნოდარ რევიას, ნუცა ბუზალაძესა და ბრენდონ სტოუნის ლიტველ აღმოჩენას, მონიკას
ბოლო დროს, ქართველი მომღერლები აქტიურად გამოდიან უცხოურ შოუ-კონკურსებში და წარმატებებსაც აღწევენ. ეს რასაკვირველია, ყველა ჩვენგანისთვის საამაყო და დასაფასებელია. კომპოზიტორი, პროდიუსერი და მომღერალი ბრენდონ სტოუნი, უკვე წლებია, გერმანიაში ცხოვრობს. თუმცა, ხშირად დადის უცხოეთის ბევრ ქვეყანაში და კონცერტებს მართავს, სადაც ამაყად ამბობს, რომ თბილისელია და მისი ფესვები საქართველოშია. ის, კონკურს „ახალი ტალღის” საუნდ-პროდიუსერია და როგორც თავად ამბობს, განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებს თვალყურს, როცა სცენაზე ქართველი კონკურსანტი დგას. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ამ კონკურსზე ბრენდონის აღმოჩენილმა ორმა უცხოელმა მომღერალმა საპრიზო ორი ადგილი მოიპოვა. თუმცა, რატომ არ ეძებს ის კონკურსანტებს თავის სამშობლოში, რას გეგმავს ბათუმში და როგორია მისი აზრი წლევანდელი „ახალი ტალღის” ქართველ კონკურსანტებზე, ამაზე თავად გვესაუბრება.
ბრენდონ სტოუნი: ყოველთვის მიხარია ჩემს სამშობლოში კონცერტის გამართვა. ამ დროს განსხვავებულად ძგერს გული, სულ სხვა ემოცია მოდის დარბაზიდან და ხვდები, რომ ეს ის ადგილია, სადაც განსაკუთრებულად, მშვიდად გრძნობ თავს. ახლაც, 11 მაისს ბათუმში ჩავატარებ საქველმოქმედო კონცერტს, სადაც ჩემს გვერდით იქნება, გასული წლის „ახალი ტალღის” კონკურსის გამარჯვებული, ჩემი აღმოჩენილი კუბელი მომღერალი, რობერტო დელტორესი. ძალიან მიხარია, რომ ჩემს სამშობლოში ჩამოვალ და ამისთვის განსაკუთრებით ვემზადები. ერთი წელია, აღარ ვყოფილვარ და ძალიან მომენატრეთ. სხვათა შორის, გამოვიდა ჩემი პირველი სინგლი რუსეთში, რომელსაც ჰქვია, „მხოლოდ შენ ერთს”. ძალიან მოსწოთ ეს სიმღერა და უკვე გაჰიტებული, ყველა რუსეთის არხზე ტრიალებს.
– ბოლო დროს, ხშირად მართავ კონცერტებს მოსკოვში. ხომ არ აპირებ გერმანიიდან რუსეთში საცხოვრებლად გადასვლას?
– რუსეთში ძალიან ბევრ ცნობილ მომღერალს ვუწერ სიმღერას, თან, კონცერტებიც ხშირად იმართება და ამის გამო, ხშირად მიწევს იქ ჩასვლა. თორემ საცხოვრებლად საქართველოში მირჩევნია ჩამოსვლა და რუსეთში ნამდვილად არ ვაპირებ გადასვლას. გერმანიაში სტაბილურად ვარ. ჩემი ბარი მაქვს, ხმის ჩამწერი სტუდიაც და ოჯახიც აქეთაა. ასე რომ, გერმანიაში კარგად მოვეწყვე, საქმეც აწყობილი მაქვს და ოჯახიც. რუსეთშიც ხშირად მიწვევენ და სხვა ქვეყნებშიც. ბედს არ ვუჩივი, გამიმართლა.
– იურმალის კონკურს „ახალი ტალღის” საუნდ-პროდიუსერი ხარ და ამ კონკურსზე, ყოველ წელს სიურპრიზებს სთავაზობ მსმენელსა და ჟიურის წევრებს, სხვადასხვა ქვეყანაში შენი აღმოჩენილი ახალი მომღერლებით, რომლებიც წარმატებებს ყოველთვის აღწევენ და საპრიზო ადგილებს იყოფენ. წელს თუ გყავს შერჩეული ახალი კონკურსანტები?
– წელს ვისვენებ (იცინის). შარშან პირველი და მესამე ადგილი აიღო ჩემმა ორმა აღმოჩენილმა მომღერალმა. წელს კი ფორას ვიღებ, პატარა ტაიმაუტს. თუმცა, არაჩვეულებრივი გოგონა, მონიკა, რომელიც ამ კონკურსზე გამოდის ლიტვის სახელით, ჩემს სიმღერას მღერის. ლიტველი მომღერლების პროდიუსერებთან ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს. რაც „ევროვიზიაზე” ჩემი სიმღერა მოისმინეს, მას შემდეგ მიგზავნიან სიმღერებს და ჩემი შეფასების შემდეგ გააქვთ ის ფართო, ლიტველი აუდიტორიის წინაშე. მონიკას „ახალ ტალღაზე” გასვლაც ჩემი ინიციატივა იყო და ვნახოთ, რას იზამს. მე დიდი იმედი მაქვს.
– თითქმის ყველა ქვეყანაში ეძებ ტალანტ მომღერლებს – კუბაში, ლიტვაში, რუსეთში, გერმანიაში და ასე შემდეგ. ცოტა არ იყოს, მიკვირს, საქართველოში რატომ არ აკეთებ ამას და არ გაგყავს ქართველი მომღერლების ახალი თაობა კონკურსებზე?
– ვიცოდი, ამ კითხვას რომ დამისვამდით. გეტყვით რომ, საქართველოში, საკმაოდ მაღალი დონის ტურები ტარდება, სადაც ყველა მომღერალს შეუძლია, გააგზავნოს მონაცემები, სცადოს ბედი და გაიაროს შესარჩევი ეტაპები. მაგალითად, წელს, ალექსანდრ რევზინი, ნასტია მუხინა და ვალერი მელაძე იყვნენ ჩამოსული, რომ ქართველი კონკურსანტი აერჩიათ „ახალი ტალღის” კონკურსისთვის. მე კონცერტი მქონდა და ამის გამო, ვერ მოვახერხე ჩამოსვლა. თუ მკითხავთ, საქართველოში მოძებნაც არ უნდა მომღერალს, რომელიც ნებისმიერ საერთაშორისო კონკურსზე გვასახელებს, თანაც ეს ყველაფერი ლეგალურად და კომპეტენტურად ხდება. თან, ვიცი, რომ ყველა მომღერალს თავისი პროდიუსერი ჰყავს. თუმცა, თუ დახმარებას მთხოვენ, დიდი სიამოვნებით დავეხმარები. მაგრამ, ჯერჯერობით, არავის მოუმართავს დახმარებისთვის. მგონი, არც სჭირდებათ, რადგან არ ყოფილა შემთხვევა, ქართველი კონკურსანტი უცხო ქვეყანაში ნახევარფინალში მაინც არ გასულიყო.
– ბრენდონ, წელს „ახალი ტალღის” კონკურსზე, რუსეთის სახელით ქართველი მომღერალი წარდგება ჟიურის წინაშე – ნოდარ რევია. მას თუ იცნობ პირადად და რა შანსებს უწინასწარმეტყველებ გამარჯვების თვალსაზრისით?
– პირადად არ ვიცნობ ნოდარს, თუმცა რუსეთის „ახალი ხმის” კონკურსზე ვნახე და მოვუსმინე. საკმაოდ კარგი გარეგნობა აქვს და ძლიერი ტემბრი. უხდება სცენას, როგორც ვიზუალურად, ასევე ვოკალური თვალსაზრისით და მიმაჩნია, რომ კარგი შანსი აქვს „ახალი ტალღის” კონკურსზე მაღალი ქულები აიღოს. ტალანტიც აქვს, ხმაც და გარეგნობაც. ანუ, ერთობილიობაში, საკმაოდ ძლიერი ბიჭია. უბრალოდ, მე თუ მკითხავს, ვურჩევ, როგორც პროდიუსერი და უბრალოდ, მაყურებელი, ნუ იქნება ზედმეტად თავდაჯერებული. სცენაზე რომ დგას, ხვდები, რომ საკუთარი თავი ძალიან უყვარს და რასაც აკეთებს, დარწმუნებულია, უნაკლოდ გამოსდის. ძალიან ამაყია. ასეთი უნდა იყოს მომღერალი, მაგრამ ნოდარს ეს ძალიან დიდი დოზით აქვს. თუ უნდა, უფრო მეტად დაიპყროს პუბლიკა, ვურჩევ, ცოტა სიამაყეს დაუკლოს (იცინის).
– როგორ ფიქრობ, ქართველი რომ გამოდის რუსეთის სახელით იურმალაში, ეს ხელს ხომ არ შეუშლის გამარჯვებაში?
– სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი, რომ რუსეთის სახელით არ გაიყვანდნენ სცენაზე და საქართველოს სახელით იბრძოლებდა, მაგრამ რადგან ნოდარი აირჩიეს, ესე იგი, მას ენდობიან და სჯერათ მისი გამარჯვების. თუ კარგად იმღერა და მაქსიმალურად გამოავლინა თავისი მონაცემები სცენაზე, ჟიური ამას დაუფასებს და წარმომავლობა ხელს არ შეუშლის, ქართველი გახდეს რუსეთის სახელით გამარჯვებული. ასე რომ, მზადება დაწყებულია და ვნახოთ, რა იქნება, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. აი, ქართველი მომღერალი, ნუცა ბუზალაძე, რომელიც საქართველოს სახელით გამოდის, ძალიან მომეწონა, ნიჭიერი, სენსაცია გოგოა და საკმაოდ კარგი მონაცემები აქვს. ძალიან მაგარი გოგოა და ვფიქრობ, ზუსტად ჯდება „ახალი ტალღის” კონკურსის ჩარჩოებში. იმედი მაქვს, ნუცაც იგივე შთაბეჭდილებას მოახდენს იურმალის ჟიურის წევრებზე, რასაც სხვა ქართველი კონკურსანტები ახერხებდნენ. მე მას ვგულშემატკივრობ და თუ ჩემი დახმარება დასჭირდება, მზად ვარ. მინდა, იცოდეს, რომ გვერდით ვუდგევარ. ბოლოს და ბოლოს, ორივე ქართველები ვართ.
– სიმართლე მითხარი, ვის უფრო უგულშემატკივრებ, შენს ახალ აღმოჩენას, ლიტველ მონიკას, ქართველ ნუცას თუ რუსეთის სახელით გამოსულ, ასევე, ქართველ ნოდარს?
– მე ყოველთვის იმის გულშემატკივარი ვარ, ვინც კარგად მღერის და ტალანტი აქვს. მონიკა, ნუცა და ნოდარიც, სამივე ჩემია და ეროვნებას არ აქვს მნიშვნელობა. სამივეს გამარჯვება გამიხარდება. ისე კი, გამოგიტყდებით და, გული მაინც ქართველებისკენ მიმიწევს (იცინის).