უფასო ბოცვრები
„მემენტო მორი“
იმ დროს, როდესაც უკრაინაში, ჩვენი 2008 წლის არ იყოს, დასავლეთუკრაინელი აღმოსავლეთუკრაინელ სეპარატისტს არ აიყვანს ხელში, ამერიკელმა ექსპერტებმა მომენტი ხელიდან რა გაუშვეს და რფ-ს შეიარაღებული ძალების დღევანდელი მდგომარეობა შეაფასეს.
მდგომარეობა კი შემდეგნაირია (ვფიქრობ, ამის ცოდნა არც ჩვენ გვაწყენს): „რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კონტროლქვეშ იმყოფება 800 ათასიდან ერთ მილიონამდე სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის, ბირთვული იარაღის მქონე სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარები და სხვა სტრუქტურები: სამხედრო-საჰაერო ძალები, სახმელეთო და ჰაერსაწინააღმდეგო ჯარები, სამხედრო-საზღვაო ფლოტი. რუსეთის ძალოვან სტრუქტურებს მიეკუთვნებიან აგრეთვე სხვადასხვა სპეციალური დანიშნულების ძალებიც, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის სპეციალური დანიშნულების რაზმები.“ თუმცა ზემოჩამოთვლილის გარდა, ჩვენს ჩრდილოელს სხვა გასამხედროებული ქვედანაყოფებიც ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა სამინისტროს ექვემდებარებიან.“
თუმცა ყველაზე საინტერესო ის არის (იმიტომ რომ, სახელდობრ, ჩვენი უსაფრთხოებისთვის, უფრო ზუსტად, საფრთხიანობისთვის, ერთი მილიონი ეყოლება თუ ამის ნახევარი, მაინც არაფერი იცვლება), რომ, აშშ-ელი ექსპერტების აზრით, რუსეთს საქართველოსთან ომით მიღებული გაკვეთილებიდან დასკვნები გაუკეთებია. მომყავს ციტატა: „რუსეთს თავისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზების დასაწყებად საქართველომ უბიძგა (ისე, იმ დასკვნაში ჩვენთვის სახეირო ერთი მომენტიცაა: „რუსებმა ქართველებს უფრო მეტად რაოდენობით სძლიეს, ვიდრე ხარისხით“). ერთი სიტყვით, ყირიმში რფ-ს ცხინვალში დაშვებული შეცდომები გამოუსწორებია და წარმატებისთვისაც მიუღწევია („ისინი აშკარად უკეთესად არიან მომზადებულნი 2008 წელთან შედარებით“).
ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს ტყავზე აქეთ – რფ-ს სამხედრო გამოცდილება შევძინეთ, იქით – დასავლეთს მოსალოდნელი საფრთხეების გასაანალიზებელი ცოცხალი მასალა, ეს უფასო ბოცვრები ცოტაოდენ ფულად კომპენსაციას მაინც არ ვიმსახურებთ (თუნდაც, მზესუმზირის საკნატუნოდ)?! –