როგორ ახდა სისი სემის ამერიკული ოცნება და რომელ ვარსკვლავებს წვრთნიდა ის ვოკალში
პროექტმა „ერთი ერთში“ საშუალება მომცა, მსოფლიო დონის რამდენიმე მუსიკოსთან და ქორეოგრაფთან ჩამეწერა ინტერვიუები და აღმოვაჩინე, რომ ყველას ერთი რამ აერთიანებს – ისინი აღსავსე არიან პოზიტივით, არიან მხიარულები და კეთილგანწყობილები ყველას მიმართ. მათი დადებითი ემოციები ისეთი გადამდებია, რომ ქუჩაში გამოსულს დიდხანს მქონდა ღიმილი სახეზე, სანამ არ აღმოვაჩინე, რომ გამვლელები გაოცებული მიყურებდნენ. სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში ღიმილიანი ადამიანი უცნაური და უჩვეულო მოვლენაა. იმედია, ეს სიტუაცია ოდესმე შეიცვლება, მანამდე კი გაიცანით ვოკალის პედაგოგი – სისი სემი.
სისი სემი: კარიბის ქვეყნებში, ტრინიდადში დავიბადე, არაჩვეულებრივ ადგილას, სადაც სულ მზე, კარგი ამინდი და საოცარი სამზარეულოა. სხვათა შორის, ტრინიდადისა და საქართველოს ბუნება, მთები და გორაკები, ძალიან ჰგავს ერთმანეთს და, ალბათ, ესეც არის მიზეზი, ასე რატომ შემიყვარდა საქართველო. 15 წლამდე სულ პიანინოზე ვუკრავდი. დედას ვთხოვდი, სკოლაში წასვლამდე გამაღვიძე-მეთქი და დილაობით ორი საათის განმავლობაში ვუკრავდი და ვუკრავდი. სკოლაში ნამდვილი ინტრავერტი ვიყავი. მოგვიანებით ჩემზე დედას სკოლაში უთხრეს, უკვე იმ ეტაპზე მივიდა, რომ ჩვენ მეტს ვეღარაფერს ვასწავლით და, გირჩევთ, ინგლისში ან ამერიკაში გაუშვათ, სამუსიკო სკოლაშიო. დედას კარგი კონტაქტები ჰქონდა ინგლისში და სამუსიკო სკოლაში წავედი. ძალიან გამიმართლა. მხოლოდ მეცადინეობა მაინტერესებდა. როდესაც ჩემი მეგობრები გასართობად დადიოდნენ, მე გაუთავებლად ვვარჯიშობდი და ვმეცადინეობდი.
– ეს საკმაოდ უჩვეულოა თინეიჯერისთვის.
– დიახ, მაგრამ, ეს ის არის, რისი კეთებაც მსიამოვნებდა, რაც მომწონდა. ლონდონში გადასვლის შემდეგ, ამ დროს უკვე 16 წლის ვიყავი, ეკლესიაში დავიწყე პიანინოზე დაკვრა და სიმღერა. როგორც ჩანს, ამ ეკლესიაში დადიოდა ორი პიროვნება, რომლებიც მუსიკის ინდუსტრიაში მუშაობდნენ. ერთ დღესაც, მოვიდნენ და მითხრეს, მოსმენაზე მობრძანდით, ერთი მომღერლისთვის ბექ-ვოკალისტს ვეძებთო. დედაჩემმა მითხრა, აუცილებლად უნდა წახვიდე, რომც ვერ გაიარო გასაუბრება წარმატებით, ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომელიც უნდა გამოიყენო და საკუთარი თავი წარმოაჩინოო. მივედი მოსმენაზე, მოეწონათ, ამიყვანეს და აღმოჩნდა, რომ, მომღერალი, რომელთანაც ბექ-ვოკალისტად უნდა მემუშავა, დაიანა როსი იყო.
– ამას უწოდებენ სწორედ ამერიკულ ოცნებას.
– დიახ. წლების განმავლობაში ამდენმა შრომამ და ვარჯიშმა თავისი შედეგი გამოიღო და ძალიან გამიმართლა.
– რა რეაქცია გქონდათ, როდესაც აღმოაჩინეთ, რომ დაიანა როსთან უნდა გემუშავათ?
– (კივის) გაოგნებული ვიყავი. რას მეუბნებით-მეთქი, არ მჯეროდა (იცინის) – რაა?! მე?! დაიანა როსი?! ძალიან ბევრი სატელევიზიო ლაივ-შოუ გვქონდა, ლაივ-კონცერტები ჰქონდა სხვადასხვა არხზე. დაიანა როსისგან დაიწყო ყველაფერი და ამის შემდეგ ვიმუშავე ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან ხულიო იგლესიასი და სხვები. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ამ პერიოდში ჩემი მენტორებისგან. ესენი იყვნენ ვოკალის პედაგოგები და მათთან ვატარებდი მთელ დღეებს. ჩემი „ზუბრიაჩკობა“ დამეხმარა იმაში, რომ, მას შემდეგ, რაც ჩემი ბენდი რეპეტიციას დაასრულებდა, ვრჩებოდი და ვუყურებდი მათ, ვაანალიზებდი ყველაფერს, რასაც ისინი აკეთებდნენ. ამ გამოცდილებით მუშაობა დავიწყე კომპანიაში, სადაც ვოკალის გაკვეთილებს გადიოდნენ ცნობილი ვარსკვლავები. აღმოვაჩინე, რომ სუპერვარსკვლავი მომღერლები სისტემატურად დადიან ვოკალის პედაგოგებთან და სულ მუშაობენ ხმაზე – სწორედ ეს არის, რაც მათ ხმას უნარჩუნებს. დავიწყე ხმის ჩამწერ, სატელევიზიო, მენეჯმენტ კომპანიებთან თანამშრომლობა.
– არ გინდოდათ, თავად გაყოლოდით სიმღერის გზას, თავად დამდგარიყავით სცენაზე?
– სწავლებით ვიყავი აღტაცებული. მომწონდა, როგორ მუშაობდნენ ვოკალის პედაგოგები. არაჩვეულებრივი ადამიანები აღმოჩნდნენ ჩემ გარშემო, რომლებმაც მითხრეს: ნუ შეხედავ ცხოვრებას ერთი რაკურსით, რომელიც მოცემული გაქვს, რომელიც, უბრალოდ, გინდა; გაშალე ფანტაზია, წარმოიდგინე, შეიმეცნე, ისწავლე. არც ერთი გზა არ არის წარმატების რეცეპტი, მთავარია, როგორ შეხედავ მომავალს, როგორ მიიღებ მარცხს, რას ისწავლი აქედანო. ჩემს მოსწავლეებსაც ხშირად ვეუბნები: თუ დაეცემი, არა უშავს, წამოდექი. და თუ შენ წამოდგომას აირჩევ, ის აუცილებლად მოგიტანს წარმატებას. მიმუშავია ისეთ ადამიანებთანაც, რომლებსაც სიმღერის არანაირი გამოცდილება არ ჰქონიათ და ამას მხოლოდ სწავლების სიყვარულით ვაკეთებ.
– რა არის სწავლების თქვენი მეთოდის განსაკუთრებულობა?
– იმ უამრავი მეთოდის მიქსია, რომლებიც მე ვიცი. საინტერესოა ის, რომ კლასიკური მუსიკიდან მოვდივარ, მაგრამ, ეს არ გამორიცხავს პოპის სიყვარულს. და, კიდევ მთავარია დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, რომელსაც ასევე ვასწავლი ჩემს მოსწავლეებს. „იცხოვრე შენი ცხოვრებით, იმეგობრე ბევრ ადამიანთან, მჭიდრო ურთიერთობაში იყავი შენს ოჯახთან” – ეს არის ცხოვრების წესი, რომლითაც ჩემს ქვეყანაში ცხოვრობენ და იმავეს ვხედავ აქაც – ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გაქვთ ერთმანეთთან. ერთი სიტყვით, ყველაფერი ვნახე, აღმოვაჩინე, შევიმეცნე. არასდროს ჩამისვამს თავი ჩარჩოში, მაშინაც კი, როცა ჩემგან ამას მოითხოვდნენ. „ამას ვერ ვიზამ, ცუდად გამომივა, არ მომიხდება,” – ეს სიტყვები ჩემთვის არ არსებობს. მოსინჯე, კიდევ და კიდევ სცადე, ნუ ჩამოყრი მხრებს და აუცილებლად იქნები საინტერესო ყველასთვის.
– მხოლოდ ვოკალის პედაგოგი კი არა, ფსიქოლოგიც ყოფილხართ თქვენი მოსწავლეებისთვის.
– სიმართლე გითხრათ, რომ არა ვოკალის პედაგოგობა, რომ არა მუსიკის სამყარო, მომღერალი ან ფსიქოთერაპევტი ვიქნებოდი. ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ აკეთებენ ადამიანები იმას, რასაც აკეთებენ; რა უბიძგებთ მათ ამა თუ იმ გადაწყვეტილებისკენ; რატომ გრძნობენ თავს ცუდად. არა უშავს, თუ თავს ცუდად გრძნობ, აუცილებლად უნდა ადგე და განაგრძო ცხოვრება. მერე რა, რომ დღეს ბედნიერი არ ხარ, მაინც უნდა გაიღიმო, სარკეში ჩაიხედო და თქვა: „მე მჯერა საკუთარი თავის”. როდესაც ქუჩაში მივდივართ, არაფერი გვიშლის ხელს, ერთმანეთს გავუღიმოთ და გამარჯობა ვუთხრათ.
– როგორ მოხვდით ჩვენს ქვეყანაში?
– ორ ქვეყანას – ინგლისსა და ამერიკას შორის ვცხოვრობ, მაგრამ, მიყვარს ახალი ადგილების აღმოჩენა, მონახულება. მიმუშავია მალტაში და კიდევ ძალიან ბევრგან. საქართველოს შესახებ ვიცოდი და, როდესაც შემოთავაზება მივიღე, წამოვედი. საინტერესოა ისეთ ადგილებში მუშაობა, საიდანაც მე ვარ – მიყვარს პატარა ქვეყნები, რომლებიც სამშობლოს მახსენებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ასეთ ქვეყნებში უამრავი ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ მათ არ ეძლევათ დიდი შესაძლებლობები. ახლა გაცილებით ძლიერი ვარ, რადგან, უკვე დედა ვარ – პატარა ქალიშვილი მყავს და მასთან ერთად ვმოგზაურობ ყველგან...
– აქაც შვილთან და დედასთან ერთად ხართ ჩამოსული?
– დიახ. გაცილებით ძლიერი ვარ შვილის გამო და იმის გამოც, რომ სიკვდილს გადავურჩი. ოთხი თვის მყავდა შვილი, როცა ტვინის ანევრიზმა აღმომიჩინეს და, პრაქტიკულად, დავამთავრე ცხოვრება – ვერ დავდიოდი, ვერ ვლაპარაკობდი, მაგრამ, ნელ-ნელა, თავიდან ვისწავლე ეს ყველაფერი. ამ დაავადების დროს ადამიანების დიდი ნაწილი ან კვდება, ან ვეღარ განაგრძობს სრულფასოვან ცხოვრებას. კომაში ვიყავი, მაგრამ, მესმოდა, რას ლაპარაკობდნენ ჩემ გარშემო. მუსიკა დამეხმარა გამოჯანმრთელებაში. ამის შემდეგ გაცილებით ძლიერად ვგრძნობ თავს. ძალიან კარგია ვარსკვლავებთან, ცნობილ ადამიანებთან მუშაობა, მაგრამ, ეს არ არის ყველაფერი, რაც ცხოვრებისგან მინდა. მომწონს პატარა ქვეყნებში ჩასვლა, ტალანტების აღმოჩენა და მათი გამხნევება, წახალისება.
– როგორც ვხვდები, შეყვარებული ხართ საქართველოზე.
– ნამდვილად. სიყვარული, სიყვარული, სიყვარული! – ეს ერთადერთი გრძნობაა, რასაც ამ ქვეყნის მიმართ განვიცდი. გულწრფელად ვამბობ, ამ ადგილს, შემიძლია, „სახლი” ვუწოდო. მომწონს ხალხი, ურთიერთობები, საჭმელი. დავაკვირდი, რომ ძალიან ბევრ მარილს მოიხმართ, ამას უნდა შევეჩვიო. ხილის წვენზე გავგიჟდი, მოიცადეთ, სახელიც კი ჩავიწერე, ისე მომეწონა – „ქამფოთი.“ უნდა ვისწავლო მისი გაკეთება, უგემრიელესი სასმელია. და, კიდევ – პური, სასწაული პური გაქვთ.
– რას იტყვით ქართველი მომღერლების შესახებ?
– უზომოდ ნიჭიერები არიან. რაც მთავარია, მათ შეუძლიათ სიმღერა და, თან, საოცრად არტისტულები არიან. მთავარია, რომ გაიხსნან, უფრო მეტი სიხარული გამოუშვან, მეტად დააკვირდენ იმ გარემოს, სადაც ცხოვრობენ და ხმაში გადმოიტანონ ქვეყნის უდიდესი ისტორია.