ლაზანია „გემრიელი“
საჭირო ინგრედიენტები: 12 ცალი ლაზანიას მზა ფურცელი (გაყინული), 400 გრამი სოკო (დაკონსერვებული), 300 გრამი ქათმის ლორი (საქონლისაც შეიძლება), 8 ცალი საშუალო ზომის პომიდორი, 1 ცალი საშუალო ზომის ხახვი, 100 გრამი მწვანე ხახვი, 1 კბილი ნიორი, მწვანილი, 250 გრამი მაგარი ყველი, ზეთი (ზეითუნის ან სიმინდის), მარილი, შავი პილპილი, ორეგანო, ქონდარი, 1 ლიტრი რძე – სოუსისთვის, 4 სადილის კოვზი ფქვილი, 100 გრამი კარაქი (სოუსისთვის).
მომზადების წესი: ცოტაოდენ ზეთში მოშუშეთ ნახევარრგოლებად დაჭრილი ხახვი და დაქუცმაცებული ნიორი (სანამ ფერს შეიცვლის), დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი 5 ცალი პომიდორი (დანარჩენი შეინახეთ მოსართავად).
ჩაშუშულ ბოსტნეულს დაუმატეთ დაჭრილი მწვანე ხახვი, ცოტა მწვანილი და შუშეთ შესქელებამდე, შემდეგ კი დაუმატეთ სოკო და შუშეთ სრულ მომზადებამდე (ძალიან წვნიანი არ უნდა იყოს). უყავით მარილი, შავი პილპილი, სუნელები და ადროვეთ, ცოტა გაგრილდეს.
ახლა მოამზადეთ სოუსი „ბეშამელი“: გაადნეთ კარაქი, ჩაუმატეთ ფქვილი, ძალიან კარგად აურიეთ და მოშუშეთ. ნელ-ნელა შეურიეთ რძე. სოუსი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე და გადმოდგით (სქელი არაჟნის სისქის უნდა იყოს). ლორი დაჭერით კუბიკებად; პომიდორი – რგოლებად. ძალიან წვრილად დაჭერით მწვანილი. ყველი გახეხეთ მსხვილკბილა სახეხზე.
გამოსაცხობ ფორმაზე დააფინეთ ლაზანიას ფირფიტები, ზედაპირზე გაშალეთ ბოსტნეულის ნახევარი მასა, შეურიეთ ლორის ნახევარი და მოასხით სოუსი. ზემოდან მოაყარეთ ნახევარი ყველი და მწვანილი. გადააფარეთ 4 ცალი ლაზანიას ფირფიტა, შემდეგ ფენებად კი ისევ ბოსტნეული, ლორი, სოუსი და ყველი – გაანაწილეთ. ყველი სულ ბოლოს მოაყარეთ.
გამოაცხვეთ აირღუმელში 20 წუთის განმავლობაში, 180-200 გრადუსზე. გამოიღეთ ღუმელიდან, ზედაპირზე დააწყვეთ პომიდვრის ნაჭრები, დარჩენილი გახეხილი ყველი, დაჭრილი მწვანილი, ისევ შედგით აირღუმელში 20 წუთით და უგემრიელესი კერძი მზადაა.