როგორ გააჩუმა ნოდარ დუმბაძემ სუფრას შემოსწრებული „ცეკას“ ინსტრუქტორი
„არ დავიწყება მოყვრისა“ – იტყოდა ჩვენი პოეტი და ძალიან სამართლიანადაც. ჩვენი ვალია, წინამორბედნი არ დავივიწყოთ, იმათი „მოქნილი“ იუმორი მივაწოდოთ მომავლებს, რამეთუ „მომავალი ჩვენი საყრდენია“.
ამ პათეტიკური შესავლის შემდეგ, ნება მიბოძეთ, ერთი მივიწყებული ამბავი შევახსენო ჩვენს მომავალ თაობას (ხანდაზმულებმა ისედაც იციან), რომლებიც მხოლოდ კომპიუტერში „ეძებენ შვებას“. თუმცა, მოვა დრო და ის იუმორი, ისევე როგორც მოდა მეორდება, მალე აქტუალური გახდება.
თავყრილობაა. საქართველოს ნაღები საზოგადოება (ახლა – ელიტა) ქეიფობს. ინტელიგენციის წარმომადგენლები... რამე...
ნოდარ დუმბაძე თავკაცობს (თამადობს) სუფრას.
მაგიდას უსხედან „ცეკა-ტეკას“ წარმომადგენლები საქართველოს მასშტაბით. მეორე სადღეგრძელოს ამთავრებს კორიფე იუმორისტი მწერალი და სუფრას შეგვიანებული „ცეკას“ ერთი ინსტრუქტორი შემოემატა.
ღვთის წინაშე, ბოდიში მოიხადა, მაპატიეთ, დაგვიანებიზაო და ჩაეკვეხა იქეთ-აქეთ მიწეულ-მოწეულ სკამში.
ეს არაფერია. ბატონ ნოდარ თამადას სადღეგრძელოს თქმა კი აცალა, მაგრამ მყისვე წამოხტა და დაიწყო:
– მანქანა გაგვიფუჭდა, ძვირფასო მაგიდის წევრებო, და იმიზა დამაგვიანდა. ბელზინი ჟონავდა და ვაკეთებდითო.
მხოლოდ მაშინ მიხვდნენ მაგიდის წევრები, რატომ დადგა „ზალაში“ უსაშველოდ მძაფრი ქიმიური ხსნარის სუნი, რომელსაც კაცობრიობა ბენზინს ეძახის.
„ბელზინის“ სუნი აშკარად შემოსწრებულის კოსტიუმიდან მოდიოდა. მაშინდელ საზოგადოებას თავშეკავების გასაოცარი უნარი ჰქონდა. რომც არ ეთქვა, ისედაც ხმას არავინ ამოიღებდა, მაგრამ ამან (შემოსწრებულმა) ჭიქა ზე შემართა და დაიწყო.
– ძვირფასებო, მართალია, დავაგვიანე, მაგრამ მე მსურს, შევსვა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მთავარსარდლის, ამხანაგ... და ასე შემდეგ.
გულის გულში, გრძნობით და სევდით ნათქვამი სადღეგრძელოს შემდეგ, ასეთი რიხიან-პადხალიმური (ვითომ ახლა არ იყოს!) სადღეგრძელოს წარმოთქმას არავინ ელოდა და მოიწყინეს. ზოგი აღშფოთდა, ზოგი საინს ჩააშტერდა. ამ კაცმა, როგორც იქნა, დაამთავრა და ტაშს რომ ელოდა, სამარისებურ სიჩუმეში გამოცალა ჭიქა.
გამოცალა და დაჯდა.
უხერხული სიჩუმე შემოიპარა ოდნავ მოღიავებული ფანჯრიდან. ყველაფერს ელოდნენ ამის გარდა. გაფუჭდა სუფრა. თამადამ მყისვე შეაფასა მდგომარეობა და ფეხზე წამოდგა.
ნოდარ დუმბაძე წამოდგაო! – გაიტრუნა სუფრა. შემოსწრებულის პიჯაკიდან წამოსული ბენზინის სუნიც უფრო საგრძნობი გახდა. საგრძნობი კი არა, თვალებიც აეწვათ მანდილოსნებს.
– ძვირფასო მაგიდის წევრებო, ძვირფასო საზოგადოებავ, – დაიწყო დუმბაძემ, – ჩვენ შემოგვესწრო „ცეკას“ ნომენკლატურული პიროვნება, რომელსაც თურმე დაგვიანებია. მადლობა ვუთხრათ პატივცემულს, რომ მოახერხა და დაგვაფასა. მართალია, მას ბენზინის მძაფრი სუნი ასდის პიჯაკზე, მაგრამ მისი ბრალი არაა, მანქანა გაფუჭებულა და რა ექნა კაცს? ბენზინია დამნაშავე!
ქართველები უსაშველოდ მიმტევებელი ხალხი ვართ.
ატყდა ოვაციები და „პადხალიმური“ ტაშისკვრა.
– ა, რა თქვა, არაა კაცი?!
– ნოდარი – ნოდარია, ძამა! – ულვაშზე ხელი გადაისვა „ცეკას“ ერთმა ინსტრუქტორმა, რომელიც სულ იძახდა, გურულებისაა აი „ცეკაო“.
ნოდარმა თავისებური, მადლიანი ენითა და იუმორით მდგომარეობა საგრძნობლად განმუხტა და ქეიფიც ნორმალურ კალაპოტში ჩადგა, რომ არა ერთი...
გათამამებული „შემოსწრებული“ წამოხტა, ჭიქა მოიმარჯვა, ჰალსტუხის კვანძი ხელით შეისწორა და რიხიანად დასჭექა:
– გაუმარჯოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას, გაუმარჯოს დიდ ბელად სტალინს და ნიკიტა ხრუშჩოვს, ამხანაგებო! – აიქნია ხელი და იღლიიდან ისევ წამოვიდა ბენზინის სუნი.
ნოდარ დუმბაძეს მიტკლის ფერი დაედო.
– რას გეტყვი, ძამა, შენ, თუ იცი? – მოსხლეტით მიმართა ქადაგად დავარდნილ „შემოსწრებულს“.
– გისმენთ, ბატონო ნოდარ! – ჭიქა ნელ-ნელა დაუშვა ძირს კაცმა.
– დაქოქე ახლა შენი კოსტიუმი და „დაგაზენ“ საიდანაც მოხვედი!
P. S. ზოგი იფიქრებს, უჰ, რა იუმორიაო...