ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები
სოლომონ მეფეს გაექცა ხუმარა თარხანი და ქართლის მეფეს შეეკედლა. მეფე სანადიროდ წაბრძანდა და თან იახლა თარხანი და კიდევ თხუთმეტი სხვა მონადირე. ვერაფერი ინადირეს და ხის ძირში დაისვენეს. მეფემ უბრძანა მონადირეებს და თანაც თარხანს, თითო კვერცხი უნდა დადვათ და ახლავე მომიტანოთო. თარხანი დაფიქრდა, მეფემ ეს რა ბრძანა, კვერცხი რანაირად უნდა დავდვაო. მერე იფიქრა, როგორც სხვანი იზამენ, მეც ისე მოვიქცევიო და გაჰყვა მონადირეებს უკან. მეფე და მონადირენი წინდაწინვე განდობილნი იყვნენ თურმე და მონადირეებისათვის თან წამოეღებინებინა კვერცხები თარხანთან სახუმაროდ. ცოტა ხნის დაყოვნების შემდეგ მონადირეები მივიდნენ და კვერცხები მიართვეს მეფესა.
– შენ რატომ ვერ დასდე კვერცხი? გლახა ჰყოფილხარო, უბრძანა მეფემ თურმე თარხანს.
– ბატონო, ამდენ დედალს ერთი მამალი არ უნდოდაო, – მოახსენა თარხანმა.
***
აკაკი ერთ ლხინს დაესწრო, სადაც გახურვებული სმა იყო. ჯერ პირველად კარგი, მაგარი ღვინოები შემოჰქონდათ სუფრაზე, მაგრამ ბოლოს კი, როცა მასპინძელმა გაივლო გუნებაში, სტუმრებს ბევრი აღარა გაეგებათ რაო, მდარე, თხლე ღვინოებიც მოაყოლეს და, მართლაც, ყურადღება არავის მიუქცევია. მაგრამ ბოლოს, მასპინძლის სადღეგრძელოს რომ სვამდნენ, აკაკიმაც აივსო იმ მდარე ღვინით ჭიქა და მასპინძელს უთხრა:
– შენი სადღეგრძელო იყოს, ბატონო ანტიქრისტე!
მასპინძელს ეწყინა და ჰკითხა:
– რა მიგავს ანტიქრისტესო?
– სასწაულთმოქმედებაო, – მიუგო პოეტმა, ქრისტემ წყალი გადააქცია ღვინოდ და შენ კი ღვინო – წყლად!