რისი დამსხვრევა უწევს ქეთი ორჯონიკიძეს და რა არ შეუძლია მას სიყვარულის გარეშე
პროექტ „ერთი ერთში“ მომღერალ ქეთი ორჯონიკიძის გამოჩენისთანავე მაყურებელს ძალიან დიდი მოლოდინის გრძნობა გაუჩნდა. ქეთიმ შეძლო და პირველივე კონცერტზე გაამართლა მოლოდინი, როცა მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გენიალური მომღერალი პრინცი განასახიერა. მისი პრინცი ვიზუალურადაც და ტემბრალურადაც ერთი ერთში იყო. „ყველაზე რთული მიმიკებთან ბრძოლაა,” – ამბობს ქეთი, რომელმაც ძალიან ბევრი იმუშავა და უამრავი დრო დახარჯა იმაზე, რომ ყველასგან განსხვავებული, ინდივიდუალური მომღერალი ყოფილიყო თავისი საოცრად დამახასიათებელი მანერებით. ახლა კი ამ ყველაფრის ნგრევა უწევს.
ქეთი ორჯონიკიძე: როდესაც „ერთი ერთში” მონაწილეობის მიღება – შემომთავაზეს, მარტივად დავთანხმდი, რადგან, ვიფიქრე, რომ ეს არის გასართობი შოუ, რომელში მონაწილეობით მეც გავერთობოდი და მაყურებელიც. მაგრამ, პროცესში მივხვდი, რომ საკმაოდ რთული ყოფილა ეს ყველაფერი. ყველა მომღერალი და, მათ შორის, მეც, ყოველთვის ვცდილობ, არავის ვგავდე, ვიყო ინდივიდუალური, დამახასიათებელი მანერებით, რაც უკვე შენს ხელწერად იქცევა და რითაც გიცნობს მაყურებელი. ამ დროს კი გიწევს ამ ყველაფრის დამსხვრევა და ამდენი ხნის ნაშენებ საკუთარ თავთან დამშვიდობება, ანუ, უნდა დაივიწყო ყველაფერი და გახდე სხვა ადამიანი.
– ერთი შეხედვით, ეს იოლი ჩანს გრიმის, კოსტიუმების, ხმის მიბაძვის შედეგად, მაგრამ, ძნელია, მოშალო და არ გამოაჩინო ქვეცნობიერიდან წამოსული შენი მიმიკები, ჟესტიკულაცია და კიდევ უამრავი რამ, რაც რეფლექსურ დონეზე ხდება.
– რა თქმა უნდა და, თანაც, ასე მოკლე დროში ეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია. უბრალოდ, უამრავი ვარჯიშითა და რეპეტიციით ვსწავლობთ, ერთი ნომრის შესრულებისას ეს როგორ გავაკეთოთ. საერთოდ, სიმღერის შესრულებისას უდიდეს სიამოვნებას განიცდი, მაგრამ ამ დროს ეს არ ხდება, პირიქით, დაძაბული ხარ და ნერვიულობ ყველა ელემენტზე: თავი როგორ გიჭირავს, ხელი როგორ გიჭირავს, მიმიკა არ გაგექცეს... მოკლედ, ფიქრობ იმაზე, რომ იმ მომენტში შენ – შენ არ იყო. აქედან გამომდინარე, შემოქმედებითი სიამოვნება იკლებს, თუმცა, იმატებს გართობის სიამოვნება და ის სიამოვნება, რომელიც თან ახლავს ახალ-ახალ გამოწვევებსა და ახალი პერსონაჟების შექმნას.
– შენ გაქვს მიუზიკლებში, პროექტებში მონაწილეობის გარკვეული გამოცდილება, მათ შორის ისეთებშიც, სადაც უცხოური ვარსკვლავებიც გაგისახიერებია.
– მაგრამ, არასდროს მქონია გარდაქმნის მცდელობა. ვასახიერებდი, მაგრამ, არ ვიყავი ის. ყოველთვის, ესა თუ ის მომღერალი ჩემზე, ჩემს იმიჯზე უნდა მომერგო და არ უნდა გავმხდარიყავი ის. როცა თეატრზეა ლაპარაკი, ეს კიდევ სულ სხვა ფენომენია და სხვა სირთულეებთან გაქვს საქმე.
– რა არის ყველაზე რთული პროცესში?
– ბევრი რამ, პირველ ყოვლისა კი – საკუთარ თავზე უარის თქმა. საბოლოო შედეგი უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული და ყველა ამ ფაქტორზე პროფესიონალი მუშაობს, იქნება ეს ქორეოგრაფია, ვოკალი, გრიმი და ასე შემდეგ. შეიძლება, რომ რაღაცა ძალიან კარგი გამოვიდეს, რაღაცა – არც ისეთი კარგი. ამ ორი გამოსვლიდან პრინცი უფრო კარგი იყო, ყოველ შემთხვევაში, პირადად მე, ლედი გაგას მერჩივნა. მაგრამ, ლედი გაგაში ისიც გასათვალისწინებელია, რომ ყველაფერი ერთად იყო აღებული. დადგმაში გამოყენებული იყო ელემენტები მისი სრულიად სხვადასხვა შოუდან და, ამან, ვფიქრობ, ერთიანობაში ნომერი დატვირთა, უამრავი რაღაც ხდებოდა. მოკლედ, ცოტა ბევრი მოგვივიდა (იცინის). მთლიანობაში ნომერი საინტერესო იყო, თუმცა, პრინცით უფრო კმაყოფილი ვარ.
– სტიმულის თვალსაზრისითაც კარგია, რომ არავინ ვარდება.
– სტიმულიც არის, მაგრამ, გართობის ელემენტი თუ არ დაამატე, გლადიატორების ბრძოლას დაემსგავსება, რომელსაც მიზანი არ აქვს. ამ შემთხვევაში აქ არის ჩემი და სხვისი მიქსი. და, ცდილობ, ეს მიქსი და ჯამი იყოს შენი და იმ მომღერლის საუკეთესო, რაც გაქვთ. შეიძლება, რაღაც გაგექცეს, მაგრამ, ბევრად უკეთესი რაღაც დაიჭირო. ძალიან სახასიათო მანერები მაქვს, მათ შორის – სცენაზე დგომისა და სიმღერის. მუშაობის დროს, უხეშად რომ ვთქვათ, მუღამში რომ შევდივარ, ვეღარ ვაკონტროლებ ვერაფერს; მავიწყდება, ვინ ვარ და რა ვიზუალით ვდგავარ სცენაზე. ანუ მემართება ის, რაც სცენაზე ქეთი ორჯონიკიძედ დგომის დროს მომდის ხოლმე და ეს ამ შოუში კარგი არ არის.
– მაყურებელი შენზე სერიოზულ ფსონს დებს და დიდი მოლოდინი აქვს. რას ფიქრობ, შენთვის რა იქნება ეს პროექტი?
– ყველა შოუ არის ჩემი შემოქმედებითი განვითარების კიდევ ერთი, ახალი საფეხური, რადგან ამით არაფერი მთავრდება, პირიქით, ყველაფრით რაღაც ახალი იწყება. წინსვლისთვის მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობა არ გამოდის, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს შემთხვევაში ეს უწყვეტლივ ხდება და არასდროს ვჩერდები მიღწეულზე, მაინც რთულია, სულ ასე დამოუკიდებლად, შენით იმუშაო. არაჩვეულებრივია, როცა ასეთ პროფესიონალებთან გაქვს კონტაქტი და მათგან ამდენს სწავლობ, ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ჩემთვის. რაც შეეხება შოუს, შანსები არც ისე დაბალი მაქვს. თქვენც აღნიშნეთ ახლა, რომ მაყურებელს აქვს მოლოდინი ჩემთან. თავად მაქსიმალურს ვეცდები, რომ გავაკეთო ყველაფერი, რაც საჭირო და შესაძლებელია.
– პარალელურად რა ხდება შენს კარიერაში? უკვე დიდი ხანია, ველოდებით, რომ ვეღარ გაძლებ და გაარღვევ ამ ლოკალურ სივრცეს, რასაც საქართველო ჰქვია.
– სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული. არის უამრავი ხელის შემშლელი პირობა. სამწუხაროდ, ხელშემწყობი ფაქტორები საერთოდ არ არის. არ მახასიათებს შიში, ყოველთვის რისკზე მივდივარ, უბრალოდ, უნდა დავინახო, რომ პროცენტულად ამ რისკს რაღაც გამართლების შესაძლებლობა აქვს. სულელივით ვერ გადავეშვები სადმე. რაღაც მომენტში, შეიძლება, ძალიან დიდ რისკზეც წავიდე, უბრალოდ, გააჩნია, ფონს. იმ სიყვარულს, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში მაქვს მოპოვებული, ვერავინ წამართმევს და არ დაიკარგება, ამიტომ, რაღაც ახლის მცდელობა შეიძლება. უპირველესად, ჩემი განვითარებისთვის არის კარგი, რომ რაღაც ახალი გავაკეთო. ადრე ჩემს მეგობართან ერთად გავაკეთე გამოფენა – თაბაშირის, სკულპტურებისა და ფოტოსურათების სინთეზის. ეს გამოფენა ძალიან კარგი გამოვიდა და უკვე მეორეს ვგეგმავთ. ასევე, იგეგმება ჩემი პოეზიის საღამო, სადაც აუცილებლად დაგპატიჟებ. ვცდილობ, გავიმრავალფეროვნო არა მხოლოდ მუსიკალური, არამედ, შემოქმედებითი მხარე მთლიანად. ყოველთვის ახალი ენერგიით ვიმუხტები, როცა ახალს ვაკეთებ და, შემდეგ უკვე პროფესიონალებისგან მესმის, რომ, შეიძლება, ეს იდეალურად შესრულებული არ არის, მაგრამ, მინიმუმ, საინტერესოა. ახალი და საინტერესო – ასეთ შეფასებებს ხშირად ვისმენ, რაც ეხება არა ჩემს სიმღერას, არამედ, პოეზიასა და სხვა სფეროებს.
– მოკლედ, არ იშრიტება შენგან მომავალი წყარო.
– (იცინის) არა, არა. ეს ყველაფერი ის არის, რაც სიმღერაშიც მეხმარება.
– არ გიფიქრია, რომ შენს ლექსებზე შეგექმნა სიმღერები, რაღაც განსხვავებული ალბომი გაგეკეთებინა? თუ, ეს დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული?
– არ არის მხოლოდ ფინანსებში საქმე. პოეზია, როგორც ასეთი, არსებობს. ვფიქრობ, ლექსი უნდა იქმნებოდეს მუსიკაზე და არა პირიქით – ეს, უბრალოდ, ჩემი დამოკიდებულებაა. რა თქმა უნდა, ორივე კარგი უნდა იყოს. ვფიქრობ, მუსიკისთვის შექმნილი ლექსი უფრო ქმნის ერთ მთლიანობას, ვიდრე პირიქით. სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სიმღერას არ უხდება ის ასოები, რომელიც ქართულშია, მაგალითად, ღ, ხ და ასე შემდეგ.
– რას ამბობ, სიტყვის – „მიყვარხარ“ – გარეშე რამე სიმღერა წარმოგიდგენია?!
– „მიყვარხარ” – თვითონ არის ისეთი სიტყვა, რომ მის გარეშე საერთოდ არაფერი ხდება (იცინის). ამ სიტყვის გარეშე შეუძლებელია მუსიკალური მდგომარეობაც და ცხოვრებისეული მდგომარეობაც. შესაბამისად, ეს სიტყვა ყველაფერს აიტანს და მის გარეშე საერთოდ არაფერს აქვს აზრი.