კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქურდული ცხოვრება

პლაცზე შეკრებილი ქურდები საკნებში დაგვაბრუნეს. რობო ცალკე საკანში მოათავსეს, მანამდე კი „ატკაზნიკობაზე“ (ქურდობაზე უარის თქმა) წერილობითი განცხადება დააწერინეს და მეორე დღესვე საქართველოში დააბრუნეს – „გუბერნსკში“, ორადგილიან საკანში ჩასვეს და სასათბურე პირობები შეუქმნეს. ექვსი თვის შემდეგ კი რობო პატიმრობიდან გაათავისუფლეს და მან მართლაც პატიოსან ცხოვრებას მიჰყო ხელი, ოჯახს მოეკიდა და ფოტოგრაფობა დაიწყო. ჩვენ კი, როსტოვის გამანაწილებელ ციხეში შეკრებილი ქურდები, სამი დღის შემდეგ სპეცეტაპით ციმბირის სხვადასხვა ზონაში გაგვიშვეს. მე ნოვოსიბირსკის „კრიტში“ ამოვყავი თავი, სადაც უკვე მეორედ მოვხვდი და მისი უფროსი კვლავ პოლკოვნიკი ხოხლოვი იყო. ის მე კარგად მიცნობდა და ციხეში რომ მიმიყვანეს, პირადად დამხვდა და დამცინავად მითხრა:

– ეს ვინ გვესტუმრა – თავად კობრა! კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს სამფლობელოში.

– მე მეგონა, დაგაწინაურეს და ერთმანეთს აღარ შევხვდებოდით, – მივუგე ხოხლოვს.

– ახლა დამაწინაურებენ, მას შემდეგ, რაც ქურდობაზე უარს გათქმევინებ.

– ვერ მათქმევინებ.

– გათქმევინებ, გათქმევინებ...

– ვერ მათქმევინებ. მაშინაც ასე მემუქრებოდი, მაგრამ არ გამოგივიდა, – ვუთხარი ხოხლოვს, მან კი მიპასუხა:

– მაშინ მხოლოდ ექვსი თვე იყო ჩემს განკარგულებაში. ახლა კი მთელი ერთი წელი მაქვს და არამც თუ ქურდობაზე აგაღებინებ ხელს, ანტიქურდულ აგიტაციასაც დაგაწყებინებ.

– ხშირ-ხშირად იმეორე, რომ არ დაგავიწყდეს, – დამცინავად ვუთხარი ხოხლოვს. მან კი ზედამხედველებს უბრძანა:

– ჯერ ერთკვირიანი კარცერი აკმარეთ და თუ ორ დღეში დაჩოქილმა ხვეწნა არ დამიწყო, შემიწყალეო, დანარჩენი მერე იყოს.

„ერთკვირიანი კარცერი“ ნოვოსიბირსკის ციხეში ფაქტობრივ სიკვდილს თუ არა, ჯანმრთელობის ძლიერ მოშლას ნიშნავდა. ხოხლოვი არ აჭარბებდა, როცა ამბობდა, ორ დღეში დამიჩოქებსო. რადგან ორ დღეზე მეტს იმ კარცერში ვერავინ ძლებდა. იქ ზაფხულშიც კი ყინავდა. თანაც, ზედამხედველები დაწოლის და დაძინების საშუალებას არ გაძლევდნენ. ან კი სად უნდა დაწოლილიყავი, როცა კარცერში ნარი არ იყო. ბეტონის იატაკზე კი ათი სანტიმეტრის სიმაღლეზე წყალი ესხა და ვერ დაწვებოდი. ერთადერთი, შეგეძლო, კედელს მიყრდნობოდი და ისე დაგეძინა, თუმცა, შეიძლება, გაყინულიყავი და ამიტომ უნდა გემოძრავა. მიუხედავად ყველაფრისა, კარცერში ერთი კვირა დავყავი და ნადზორებმა რომ იქიდან გამომიყვანეს, ფეხზე დგომა აღარ შემეძლო. სხეული კი საშინლად მიხურდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ძალიან მაღალი სიცხე მქონდა. ლაპარაკი ბუნდოვნად მესმოდა. თავად კი სიტყვის წარმოთქმა მიჭირდა.

– ჩქარა, ბალნიჩკაზე გავაქანოთ, ცხელება აქვს და კვდება, – უთხრა ერთმა ზედამხედველმა მეორეს, რომელმაც უპასუხა:

– ხოხლოვის გარეშე?

– ხოხლოვს მერე შევატყობინოთ. ჩქარა წავიყვანოთ, თორემ ჩვენს ხელში დალევს სულს და დიდ ცოდვაში ჩავვარდებით.

ზედამხედველებმა ციხის საავადმყოფოში ამიყვანეს. ექიმმა შემხედა თუ არა, თქვა:

– ორმოცდაორი აქვს სიცხე. ჩქარა ნემსი, თორემ მოკვდება!

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ციხის ექიმმა იყოჩაღა და სიკვდილს ხელიდან გამოგლიჯა ჩემი თავი. ჩემ გადარჩენაში ზედამხედველებსაც მიუძღოდათ წვლილი და მოგვიანებით, მათ მადლობა ვუთხარი. მხოლოდ პოლკოვნიკი ხოხლოვი ვერ იყო გუნებაზე. მას ეგონა, აუცილებლად მომტეხავდა, თუმცა არ გაუმართლა და ციხის ექიმმა მას უთხრა:

– კიდევ ერთი კარცერი პატიმარს სიცოცხლეს მოუსწრაფებს და იმედი ნუ გექნებათ, რომ თქვენ გამო ტყუილს ვიტყვი. 

მართალია, ხოხლოვს სველ კარცერში აღარ ჩავუსვივარ, მაგრამ ერთადგილიან საკანში გამომამწყვდია და თექვსმეტი თვე იქ გამატარებინა, რადგან დანარჩენი ორი თვე კარცერსა და „ბალნიჩკაზე“ გავატარე, გათავისუფლების წინ კი მითხრა:

– ნახვამდის, კობრა. იმედია, კვლავ შევხვდებით ერთმანეთს და მესამედ უკვე შევძლებ, შენს გატეხვას.

– ტყუილად გაქვს ამის იმედი. ჩემს გატეხვას მესამედაც ვერ შეძლებ, – მივუგე ხოხლოვს და დავამატე, – ბევრი მტერი გყავს და გირჩევ, თავს გაუფრთხილდე.

ხოხლოვი თავს ვერ გაუფრთხილდა. ჩემი გათავისუფლებიდან ოთხი თვის შემდეგ, ნოვოსიბირსკის ციხის პატიმრები აჯანყდნენ. ხოხლოვს კაბინეტში შეუვარდნენ, ცოცხლად დაანაწევრეს და მისი სხეულის ნაწილები ეზოში გადაყარეს. პატიმრებმა ციხის „არუჟეიკა“ (იარაღის საწყობი) გატეხეს, განსაკუთრებით საძულველი ზედამხედველები, ქათამი და აგენტი პატიმრები დახვრიტეს. ადამიანები მძევლებად აიყვანეს და საბჭოთა კავშირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და სისხლიანი გაქცევა მოაწყვეს.

– სწორედ რომ, დროზე გაასწარი, კობრა, ამ საშინელებას, – მიყვებოდა მოგვიანებით ერთი ჩემი ნაცნობი, რომელიც იმ სისხლიანი მოვლენების დროს ციხეში იჯდა და ყველაფერი საკუთარი თვალით იხილა.

– შენ როგორ გადაურჩი ამ სისხლისღვრას, – ვკითხე ჩემს ნაცნობს. 

– სულ რაღაც ერთი თვე მქონდა დარჩენილი გათავისუფლებამდე და გიჟი ვიყავი, მეაქტიურა? შუმოკი რომ დაიწყო, ნარიდან არ ჩამოვსულვარ. კამერების კარებები რომ გააღეს, გარეთ ფეხი არ გამიდგამს. რეშკაზე ვიყავი მიკრული და იქიდან ვუყურებდი, ეზოში რაც ხდებოდა. ხოხლოვის დაჩეხილი სხეულის ნაწილები ეზოში რომ გადმოყარეს, მთელი ციხე სიხარულისგან აგუგუნდა.

– ვეუბნებოდი, თავს გაუფრთხილდი-მეთქი, მაგრამ არ გამოუვიდა, – ვთქვი მე. ჩემმა ნაცნობმა კი განაგრძო:

– ვინ აპატიებდა. იცი, რამდენი კარგი კაცი შეეწირა მის სადიზმს?

 – მე, რა, ძლივს არ გადავრჩი? ნადზოებს და ექიმს რომ არ ეშუსტრათ, არც მე ვიქნებოდი ცოცხალი.

– ყოჩაღ შენ. ერთკვირიანი კარცერისთვის შენ გარდა არავის გაუძლია. მაინც როგორ მოახერხე?

– სიმართლე გითხრა, თვითონაც არ ვიცი. კარცერში საშინლად ყინავდა, სულ ვმოძრაობდი. ძილი რომ მომერეოდა, კედელს ვეყუდებოდი და თვალებს ვხუჭავდი, მაგრამ ვინ გაძინებდა? თანაც, კოჭებამდე წყალში ვიდექი და რომ წავქცეულიყავი, ვეღარ ავდგებოდი. სამი დღის განმავლობაში მაგრად ვიყავი. არც მხედველობა მიჭირდა და არც სმენა. მეოთხე დღეს თვალები დამებინდა. დანარჩენი სამი დღე კი თითქმის აღარაფერი მესმოდა და ინსტინქტებით ვმოქმედებდი. დღეში ერთ „ბუხანკა“ პურს მაძლევდნენ და ნახევარ ლიტრ წყალს. კარცერიდან რომ გამოვყავდით ნადზორებს, სმენა და მხედველობა ერთი წუთით დამიბრუნდა, მათი სახეები დავიმახსოვრე და ბაზარიც მოვისმინე. კაროჩე, ღმერთმა გადამარჩინა.

ჩემს ნაცნობს ჩაეცინა, თავი გააქნია და თქვა:

– როსტოვის პერესილკაში რობოს მაგრად ჩაუსვრია და შენ წარმოიდგინე, ნოვოსიბირსკის ციხეში რა დაემართებოდა.

– ნუ იტყვი. რობომ თავი მოგვჭრა ქურდებს.

– აბა, რა ეგონა. ორი სროკი, „გუბერნსკში“, სულ ბაირამობაში გაატარა და ნამდვილი პატიმრობა არ გამოუცდია.

– სროკიდან გამოსულა და მუშაობა დაუწყია, ხომ? – ჩამეცინა მე.

– ცოლი მოიყვანა და სადღაც, შავიზღვისპირეთში ფოტოგრაფობს. ბიჭებს უნახავთ და უკაიფიათ.

– ერთი, რობოს დედაც... – ხელი ჩავიქნიე და რობოზე ლაპარაკს ამით მოვრჩი. გადაწყვეტილი მქონდა, თუკი ოდესმე, სადმე შემხვდებოდა რობო, ქურდულად გამელანძღა და მიწასთან გამესწორებინა.

მრავალი წლის შემდეგ, სოჭში ვიმყოფებოდი და ჩემს ნაშასთან ერთად სასტუმრო „მოსკვას“ წინ ვსეირნობდი. საღამო ხანი იყო. რესტორან „მოსკვას“ რუსულ დარბაზში მაგიდა გვქონდა შეკვეთილი და შესასვლელად ვემზადებოდით. შებინდდა. მუსიკალური შადრევანი აინთო და მოსეირნე ხალხმა იმატა. მე და ჩემი ნაშა შადრევნის წინ შევჩერდით და მათი ცქერით ვერთობოდით.

– ახალგაზრდებო, აქეთ გამოიხედეთ, მოგვესმა ვიღაც კაცის ხმა და რომ შევტრიალდით, მან შადრევნის წინ ფერადი სურათი გადაგვიღო. ასეთ ტრიუკს ხშირად მიმართავდნენ კურორტებზე მომუშავე ფოტოგრაფები და შეიძლება ითქვას, ძალით გიღებდნენ სურათს და ფულს ამ გზით შოულობდნენ. ასიდან ერთი წყვილი თუ იტყოდა უარს ფულის გადახდაზე, მაგრამ ეს არაფერი იყო ფოტოგრაფისთვის. ის ამ სურათს, უბრალოდ, აჩუქებდა „ურჩ“ წყვილს. როგორც კი ფოტოგრაფმა „ჩაგვაკარტოჩკა“, ჩვენთან ღიმილით მოიჭრა, „კოდაკის“ მზა ფოტო გამომიწოდა და მითხრა:

– თქვენზე სამი მანეთია. ნახეთ, რა მშვენიერი კადრი გამოვიდა.

ფოტოგრაფს ალმაცერად შევხედე და ირონიულად ვუთხარი:

– ფოტოგრაფობა დაიწყე, რობო?

რობოს ფოტოსურათიანი ხელი ჰაერში გაუშეშდა და მითხრა:

– კობრა, შენ? აქ – საიდან?

– ციმბირიდან. ციმბირში კი  როსტოვიდან.

ციმბირის ხსენებაზე, რობოს სახე დაეღრიჯა, ღრმად ამოისუნთქა და ამოილუღლუღა:

– ქურდობა საჩემო საქმე არ იყო და დროზე მივხვდი ამას.

– ვა, მართლა? – დამცინავად მივუგე რობოს და დავამატე, – სარფიანი საქმე დაგიწყია. კლიენტებს ჩუმად აკარტოჩკებ და სურათებს ტენი. მშვიდად ხარ და მაძღრად. კარგია, რა, ჩემმა მზემ.

– გაბოზებას და გაქათმებას ის ჯობდა, რაც მე გავაკეთე. ასე არაა?

– რაც გააკეთე, შენ გააკეთე და ჩემგან ითხოვ დადასტურებას? ჩემთვის ყველა „ატკაზნიკი“ ერთია. ან ქურდი ხარ ბოლომდე, ან არაქურდი. არაქურდს კი ქურდთან არაფერი აქვს საერთო... გარდა ერთი შემთხვევისა, თუკი ქურდი ქურდობაზე უარს ამბობს ღვთის მსახურობის გამო. შენ კი ფოტოგრაფობ.

– აბა, რა ვქნა? ცოლ-შვილი მყავს და რჩენა ხომ უნდა?

რობოს სურათი გამოვართვი, ხელში ხუთმანეთიანი შევაჩეჩე და ვუთხარი:

– შენი საქმისა შენ იცი. მე შენი არც მტერი ვარ და არც მსაჯული. მე ქურდი ვარ და ჩემი ცხოვრება მაქვს. შენ კი შენი გზით იარე. მშვიდობით.

მე ჩემს ნაშას ხელი მოვხვიე და რესტორნისკენ ავიღე გეზი. რობო კი, ხუთმანეთიანით ხელში, გაშეშებული იდგა მუსიკალური ფანტანის წინ და ხმას არ იღებდა.

წლების მერე, თბილისის მეშვიდე იზოლატორში ჯდომის დროს, „ფოტოგრაფი რობო“ გამახსენდა და შემეცოდა, მართალია, მის საქციელს დღემდე ვგმობ, მაგრამ ის კი სწორი თქვა: გაბოზებასა და გაქათმებას, ქურდობაზე უარის თქმა ჯობდაო. რობო და რობოსნაირების ქურდული სტატუსი სხვა არაფერია, თუ არა „გაუგებრობაში მოხვედრა“. რობოს მართლაც გაუმართლა, დროზე „დატორმუზდა“ და პატიოსან შრომას მიჰყო ხელი. „პატიოსანი ქურდი“ მისგან არ შედგა და კიდევ კარგი, ფოტოგრაფობაში მაინც გაუმართლა და ოჯახს მოეკიდა...

რას იზამ, ასეთი ჭრელია ეს ცხოვრება. ყველა ვერ ინარჩუნებს ადგილს ქურდულ ოჯახში. ზოგიერთი, რობოსი არ იყოს, ნებაყოფლობით ტოვებს მას. უარესია, როდესაც აიძულებენ ამის გაკეთებას. ასეთ შემთხვევაში, განდევნილს ხშირად ფოტოგრაფობის პერსპექტივაც კი არ რჩება და ბოლომდე ეფლობა ჭაობში. მახსოვს, ყაზანის „სტროგაჩებში“ შემდგარ „სხოდკაზე“ როგორ ჩამოვართვით ქურდობა ერთ ჩვენს კოლეგას და რა გაგრძელება მოჰყვა ამას. მაშინ ჯერ კიდევ ქურდს „კრისობაში“ სდებდნენ ბრალს. ანუ, ერთ-ერთი საქმის დროს მან ბრილიანტის ბეჭედი წინდაში დამალა და „პაძელნიკებს“ არ უთხრა. ამ ამბიდან ორიოდე თვის შემდეგ ეს ფაქტი გაირკვა. მისმა პაძელნიკებმა სუფთად დაუმტკიცეს ნაქურდალი ნივთის დამალვის ფაქტი და იძულებულები გავხდით, მისთვის ქურდის ტიტული აგვეყარა.

– ძმებო, დამნაშავე ვარ და მაპატიეთ, მხოლოდ არაქურდად ნუ დამტოვებთ, – ტირილით გვევედრებოდა ტიტულაყრილი ქურდი. ჩვენ კი მას ჯერ გამოვუცხადეთ, რომ ქურდი აღარ იყო, რაც ქურდის ტიტულის აყრას ნიშნავდა. შემდეგ კი წავარტყით, გინებ-გინებით პანღური ამოვკარით და საკნიდან გავაგდეთ.

ჩვენი გადაწყვეტილება სამართლიანი იყო და აბსოლუტურად შეესაბამებოდა ქურდულ კანონებს. თუმცა, ტიტულაყრილისთვის ეს ვერავითარი შეღავათი გახლდათ. ის დაიბოღმა. თავის ყოფილ ძმებზე შურისძიება გადაწყვიტა და შეიძლება ითქვას, განახორციელა კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ უკვე „პრაშლიაკი“ იყო, თავის დონეს მაინც ინარჩუნებდა და ვერავინ ვერაფერს უბედავდა. „სროკი“ რომ აღასრულა და გათავისუფლდა, თავისი ცხოვრება მოინანია. შემდეგ მილიციაში დაიწყო მუშაობა, ქურდებს დევნიდა და საკმაოდ წარმატებული კარიერა გაიკეთა. ის დღესაც ცოცხალია, პენსიაზეა, პოლკოვნიკის ჩინს ატარებს და მემუარებს წერს, თუ როგორ ებრძოდა კანონიერ ქურდებს. სხვათა შორის, მისი უშუალო მონაწილეობით, არაერთი ჩვენი ძმა იქნა „დამუშავებული“ და ზოგს ქურდებმა აყარეს ტიტული, ზოგმაც თავად თქვა მასზე უარი. ასე გადაუხადა მან თავის ყოფილ კოლეგებს სამაგიერო. ყაზანის „სტროგაჩებში“ შემდგარ „სხოდკაში“, თორმეტი ქურდი ვმონაწილეობდით. აქედან ოთხი ქურდებმა „გააფუჭეს“, ხუთმა ქურდობაზე თავად თქვა უარი, ორი ქურდად გარდაიცვალა და ერთადერთი, მე ვარ ცოცხალი და ქურდულ სტატუსში. ის ჯერ კიდევ მოქმედი ოპერი იყო, როდესაც მასთან შეხვედრა მომიწია. მაშინ მოსკოვში დამიჭირეს. როგორც ყოველთვის, ძებნილი ვიყავი და „მურმა“ კონსპირაციულ ბინაში ამიყვანა. ერთ ჩემს ძველ ნაშასთან ვცხოვრობდი და დედამისმა ჩამიშვა. მიზეზი კი ის იყო, რომ იმ ძუკნას უარი ვუთხარი სქესობრივ კავშირზე. ერთი სიტყვით, „მურში“ მიმიყვანეს და დასაკითხ ოთახში დამტოვეს. ცოტა ხნის შემდეგ კარი გაიღო და ზღურბლზე ჩემი ძველი კოლეგა გამოჩნდა, რომელსაც ყაზანის „სტროგაჩებში“ ტიტული ჩამოვართვით.

– კობრას ვახლავარ, ჩემს ნაძმაკაცარს! – ირონიულად მითხრა ყოფილმა, – გაები ბოლო-ბოლო ჩემს ქსელში?

 – ჰო, სულ შენი აღმოჩენილი ვარ, – ირონიულადვე მივუგე მე.

– ჩემთან შენმა ეგრეთ წოდებულმა წესიერმა საქციელმა მოგიყვანა. გაგეჟიმა ის ძუკნა და იქნებოდი ახლა ტკბილად და მაძღრად, ფაშასავით. ხომ ხედავ, ნამეტანი წესიერებაც საზიანოა, ისევე, როგორც არასწორი საქციელი.

– კრისობა, – დავაზუსტე მე, რაზეც ჩემს ოპონენტს წამით თვალები აენთო, მაგრამ უმალვე დაიოკა ვნება და მითხრა:

– ერთიღა დამრჩი ოთხში ამოსაყვანი და შენც მოგაყომარებ.

– ქურდობაზე მათქმევინებ უარს თუ ამას სხვას გააკეთებინებ? – ირონიულად ვკითხე, მან კი მომიგო:

– როგორც გამოვა, ისე.

– ფეხი არ ჩაგივა. ეგ საქმე არ გამოგივა, – მტკიცედ ვთქვი მე.

– ეს, რა თქმა უნდა, იოლი საქმე არაა, მაგრამ გარწმუნებ, მასეა.

– შენ უფრო საკუთარ თავს არწმუნებ და გგონია, რომ კობრას გატეხავ, მაგრამ ვერ გატეხავ.

 ყოფილ კოლეგას ჩემს სიტყვებზე ჩაეცინა, ალმაცერად შემომხედა და მითხრა.

– ქვემოთ, კაპეზეში სამი პიდარასტი მყავს მოყუჩებული. ახლა მათთან შეგაგდებ და რომც არაფერი გიქნან, უკვე მათთან ერთად ჯდომისთვის აგყრიან იმ წოდებას, რომლითაც აგრერიგად ამაყობ. ჰა, როგორი აზრია?

ჩემი ყოფილი კოლეგის წინააღმდეგ ერთი ნაღდი სვლა მქონდა მომზადებული და დარწმუნებული ვიყავი, აუცილებლად გაჭრიდა. ამიტომ მშვიდად მივუგე:

– ძალიან ცუდი აზრია.

– გეთანხმები. მაგრამ, რას იზამ.

– ცუდია შენთვის, – დავაზუსტე მე.

– ჩემთვის?

– ჰო, შენთვის, – გავიმეორე და განვაგრძე, – ერთი კითხვა უნდა დაგისვა.

– მიდი.

– მეხსიერებას ხომ არ უჩივი?

– არა.

– „ბოცმანი“ თუ გახსოვს, შენი ყოფილი პაძელნიკი?

ბოცმანი ძველი მომპარავი იყო, იმ პერიოდისთვის უკვე გარდაცვლილი. ყოფილი ქურდი და ბოცმანი ძველი პაძელნიკები იყვნენ და ჩემმა ოპონენტმა მითხრა:

– ბოცმანს რა დამავიწყებს, რატომ მეკითხები?

– სწორედ ბოცმანისგან ვიცი, რომ შენი უშუალო უფროსის, გენერლის ვაჟი სინამდვილეში შენი შვილია და როგორ ფიქრობ, ამას გენერალი რომ შეიტყობს, რას გიზამს? გაპატიებს, რომ მის ცოლთან დადიოდი და დააორსულე? – ხმადაბლა ვუთხარი ჩემს ყოფილ კოლეგას, რომელსაც სახეზე ცარცისფერი დაედო. ტუჩზე თითი მიიდო და მითხრა:

– ჩუმად. მართალი ხარ. ხელებს ვწევ და გნებდები.

 კარგად ვიცოდი, რომ ყოფილი ჩემი კოლეგა ამ სიტყვების შემდეგ მოსისხლე მტრად გადავიკიდე და ის ჩემს მოკვლასაც არ მოერიდებოდა. ამიტომ ვუთხარი:

– მე რომ თავიდან ერთი ბეწვიც კი ჩამომივარდეს, ამ ამბავს გენერალი შეიტყობს.

– გამორიცხულია. მეც სუ და შენც სუ, – მითხრა ჩემმა ოპონენტმა და დაამატა, – თამაშიდან გავდივარ. მორჩა. შენს წინააღმდეგ ყოველგვარი მოქმედებისგან ხელს ვიღებ. ოღონდ, შენც ენას კბილი დააჭირე.

– მოსულა, – ვთქვი მე, – ახლა კი ისე მოაწყვე საქმე, რომ მინიმალური მომისაჯონ.

– ბაზარი არაა. მაქსიმუმ, ორწლიანზე გაგიშვებენ, – მითხრა ყოფილმა კოლეგამ, რომელმაც ისე შეკერა ჩემი საქმე, რომ სასამართლომ წელიწად-ნახევარი მომისაჯა, თანაც საერთო რეჟიმით.

ჩემი ყოფილი კოლეგის წინააღმდეგ განხორციელებული ინტრიგა უფრო ხუჭუჭას სტილი იყო, მაგრამ იმ შემთხვევაში სიკვდილს გადამარჩინა და ეს ამბავი რომ ბოცმანისგან არ მცოდნოდა, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. ჩემმა წელიწადნახევრიანმა პატიმრობამ, ბევრად უფრო ხელსაყრელ პირობებში ჩაიარა, ვიდრე სხვა „სროკებმა“, რადგან ჯერ მოსკოვში, ბუტირკის ციხეში ვიჯექი, შემდეგ კი თბილისში გადმომიყვანეს და „სვაბოდაზე“ ჩემს მშობლიურ ქალაქში გამოვედი. „გუბერნსკის“ ბოლო კარი რომ გავიარე და ქუჩაში გამოვედი, იქვე მდგომი „ჟიგულიდან“ ბერძენა გადმოვიდა, ჩამეხუტა და მითხრა:

– როგორ ხარ, ძმაო, ძალიან მომენატრე. ოთხი წელია, ერთმანეთი არ გვინახავს.

სანამ მე დამიჭერდნენ, ბერძენა მანამდე გაუშვეს სროკზე და ამდენი წელი იმიტომ არ გვენახა ერთმანეთი. ბერძენას მხარზე ხელი მოვუთათუნე და ვუთხარი:

– მეც ძალიან მომენატრე. შენ როგორ ხარ?

– ძველებურად, ძმაო, ძველებურად. წამოდი, მაგარი რაღაც უნდა განახო.

– რა უნდა მანახო?

– წამოდი და თვითონ ნახე, –  მითხრა ბერძენამ, „ჟიგულის“ კარი გამიღო და ჯერ მე შემიშვა, მერე თვითონ ჩაჯდა და მძღოლი გამაცნო:

– გაიცანი, ეს ჩვენი მომავალი ძმაა, კოტე, შინაურები კი „ჩიპოს“ ვეძახით.

ჩიპო დღეს ცოცხალი აღარაა. ის ახალი ფორმაციის ქურდების შეკვეთით მოკლეს მოსკოვში, რადგან ნეპმანური ტრადიციების უმწიკვლო მიმდევარი იყო და ვიღაც-ვიღაცეებს ყელზე დაადგათ. მაშინ კი ის ჯერ კიდევ ქურდული ტიტულის მაძიებელი, ძალიან ახალგაზრდა კაცი გახლდათ, მაგრამ უკვე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ჩვენს წრეში. მასზე მეც ბევრი რამ მსმენოდა, ხელი გავუწოდე და ვუთხარი:

– კობრა.

– ჩიპო, ძმაო...

– კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა.

– კეთილი იყოს, – გაიმეორა ჩიპომ, ძრავა აამუშავა და „ჟიგული“ ადგილიდან დაძრა.

მე და ბერძენა უკანა სავარძელზე ვისხედით და ვსაუბრობდით, ჩიპო კი ხმას არ იღებდა.

– მაინც, ისეთი რა უნდა მანახო, – ინტერესს ვერ ვმალავდი მე, ბერძენამ კი მითხრა:

– მოითმინე და ნახავ. ძალიან მაგარი რამეა, – შემდეგ ჩიპოს უთხრა:

– ხომ მართლა მაგარი რაღაცაა ჩიპოჯან?

– უმაგრესი, – მიუგო ჩიპომ.

ჩვენ ბერძენას ეზოში გავაჩერეთ მანქანა, სადარბაზოში შევედით და კიბეებს ავუყევით. ბერძენა თან კარს აღებდა, თან მეუბნებოდა:

– სულ მალე საოცრებას იხილავ.

როგორც იქნა, ბინაში შევედით, სასტუმრო ოთახში შევაბიჯეთ და ბერძენამ მუხის ორსართულიანი მაგიდისკენ გაიშვირა ხელი, რომელზეც „სონის“ ფირმის უზარმაზარი ტელევიზორი იდგა.

– ვაა, რამხელა ტელევიზორია, – ვთქვი მე, რადგან ამხელა ზომის ტელევიზორს პირველად ვხედავდი.

– რა ტელევიზორი, შენ პრისტავკა უნდა ნახო, – მითხრა ბერძენამ.

– ეგ რაღაა?

– აი, ტელევიზორის ქვემოთ რომ დევს. კრესლოში ჩაჯექი და მოემზადე, – მითხრა ბერძენამ. შემდეგ ტექნიკის საოცრება ამოქმედდა და უზარმაზარ ეკრანზე ბრიუს ლის ერთ-ერთი ფილმის კადრები გამოჩნდა. მანამდე, მსგავსი რამ არასოდეს მენახა და თვალებგაფართოებული ვუყურებდი ეკრანს. ვიდეომაგნიტოფონი ახალი ხილი იყო და მის შესახებ არც კი მსმენოდა. ყურებამ ძალიან გამიტაცა და ვცდილობდი, უმცირესი წვრილმანიც არ გამომპარვოდა. უცებ კადრი გაჩერდა. მე ბერძენასკენ მივბრუნდი და ვკითხე:

– რა მოხდა?

– არაფერი, უბრალოდ, კადრი გავაჩერე. ხომ მაგარი რაღაცაა? – მითხრა ბერძენამ.

– ჩართე, რა, ჩართე! – ვთქვი მე. ბერძენა კი მაგიდის უჯრასთან მივიდა, იქიდან ათიოდე ვიდეოკასეტა ამოიღო და მითხრა:

– აი, ამეებზე სულ კინოებია ჩაწერილი. დაჯექი და უყურე, რამდენიც გინდა. იცი, რა მაგარი ფილმები მაქვს?

– მაგ მოწყობილობას რა ჰქვია? – ვკითხე ბერძენას.

– ვიდეომაგნიტოფონი. ახალი გამოგონებაა და საიუზში (საბჭოთა კავშირი) ძალიან ცოტას  აქვს. ოცდაათი ათასი მანეთი ღირს, სამი „ვოლგის“ ფასი.

– შენ საიდან?

– ვერცხლის ქუჩელმა ანზორამ მიგრევა. ერთი გაყიდა, ერთი თავისთვის აქვს და ერთის გაქირავება უნდოდა, რომ მაყუთი გაეკეთებინა, მაგრამ პირველივე ზახოდზე ვორონცოველებმა დაითრიეს, ახევა მოუნდომეს და მე ჩამრია. როდესაც ვორონცოველებს მოვატანინე და ანზორას შევუთვალე: მოდი და წაიღე-მეთქი, ანზორამ ხუთი ცალი კასეტა მომიტანა და მითხრა:

– შენი იყოს, ბერძენ-ჯან, გჩუქნი. აი, ეს კასეტებიც გქონდესო.

მოკლედ, ჩვენია, რა, და გავერთოთ.

– ესმის საგანი ანზორას, – გამეცინა მე, – ეს ვიდეომაგნიტოფონი კი მართლა მაგარი შტუკაა. რას არ გამოიგონებს ადამიანი?

ისე გამიტაცა ვიდეოფილმების ყურებამ, რომ ეკრანს თვალს ვერ ვწყვეტდი, ღამეებს ვათენებდი. მაგრამ, ორკვირიანი გადაბმული ვიდეოსეანსის შემდეგ ფილმების ყურება ყელში ამომივიდა და მოვეშვი. მხოლოდ იშვიათად, იმ შემთხვევაში მივუჯდებოდი ხოლმე, როცა ვინმე ახალ კასეტას მოიტანდა. სულ მალე, ვიდეომანიამ მასიური ხასიათი შეიძინა. თბილისში ბევრმა შეიძინა ვიდეომაგნიტოფონი და საკმაოდ ძვირად. ვისაც მისი ყიდვა არ შეეძლო, ვიდეოს ქირაობდა და ფილმების ჩვენების სეანსებს აწყობდნენ. ძალიან მალე თბილისი ერთ დიდ ვიდეოკინოთეატრად გადაიქცა და ყოველღამე ათასობით ადამიანი იკრიბებოდა სხვადასხვა ბინებში და ნაქირავებ ვიდეოს პერმანენტულად უყურებდნენ. ვიდეობიზნესი იმ პერიოდში ძალიან სარფიან საქმედ გადაიქცა და გამქირავებლებმა დიდი ფული იშოვეს.

ვიდეობუმი პიკში იყო. ერთ დღეს, მე და ბერძენა მის სახლში ვიმყოფებოდით და „ნათლიმამას“ ვუყურებდით. ამ დროს ჩიპო მოვიდა და გვითხრა:

– ერთი ნაკოლი მაქვს და თუ ამ საქმეს გავაკეთებთ, დიდ „ფოსტას“ წამოვიღებთ.

– აბა, თქვი, – უთხრა ჩიპოს ბერძენამ.

– ავლაბარში ერთი ჯემალა ცხოვრობს, ადრე შმოტკებით ბარიგობდა, ახლა კი ვიდეოებს აქირავებს. ძალიან დიდი მაყუთი იშოვა. ექვსი თვეა, რაც ამ საქმითაა დაკავებული და მინიმუმ, ასი ათასი მანეთი ისე ექნება მოყუჩებული, როგორც მე თქვენ გიყურებთ, – თქვა ჩიპომ.

– მაიცა, რა, ვიდეოს გაქირავებით  ამდენ ფულს საიდან იშოვიდა, – თქვა ბერძენამ.

– რას არ იშოვიდა, ყოველდღე სამი ვიდეო აქვს გაქირავებული თითქმის ოცდაოთხი საათის განმავლობაში და ერთი გაქირავება ორასი მანეთი ღირს.

– თუ ასეა, მართლა ექნება, – ვთქვი მე,  – უბრალო არითმეტიკაა: თვეში თვრამეტი ათასი, ექვს თვეში კი ას რვა ათასი გამოდის.

– კი, მასეა, – თქვა ჩიპომ.

– სტო ტისჩი მაგარი მაყუთია, – თქვა ბერძენემ.

– თანაც, ძალიან იოლი გასაკეთებელი, – დაამატა ჩიპომ.

– იოლი რატომ? – ჰკითხა ბერძენამ.

– იმიტომ, რომ ჯემალას სახლში ცოლი და ორი ბიჭი ჰყავს. ვიდეოებს რომ აქირავებენ, თან მიჰყვებიან კლიენტებს, სახლში კი მარტო ცოლი რჩება.

– თუ ცარიელი არ იქნა, ისე ბაითში ვერ შევალთ, ხომ იცი?

– ვიცი, – თქვა ჩიპომ.

– აბა, როგორ გამოიტყუებ იმ ქალს სახლიდან?

– ძალიან ადვილად, – გაეცინა ჩიპოს, – ვინც ეს ნაკოლი მომცა, ის კაცი იმ ქალის საყვარელია და სახლში აკითხავს ხოლმე. საქმის გაკეთებას რომ დავაპირებთ, იმ დღეს ქალს გარეთ გამოიტყუებს, ჩვენც შევალთ და ვიჩალიჩებთ.

– ქალი რომ მიხვდეს და თავის საყვარელზე მიიტანოს ეჭვი? – თქვა ბერძენამ.

– ქმარს იმას ხომ არ ეტყვის, ეს კაცი ჩემი საყვარელიაო? – გაეცინა ჩიპოს.

– ტყუილად გეცინება. როცა ამხელა მაყუთზეა ბაზარი, შეიძლება, თქვას კიდეც, – მიუგო ჩიპოს ბერძენამ, – იმ კაცს და ქალსაც ალიბი უნდა გავუკეთოთ.

– ალიბი?

– ჰო. ალიბი. ნაკოლშჩიკს – თავის საყვარელთან, იმ ქალს კი – ქმარ-შვილთან, – თქვა ბერძენამ და მკითხა: – მართალს არ ვამბობ?

– ასპროცენტიანი ხარ. რამე ხეირიანი კომბინაცია თუ არ მოვიფიქრეთ, შეიძლება, გავიშიფროთ, – ვთქვი მე.

– რამე იდეა გაქვს? – მკითხა ბერძენამ.

– კონკრეტული არაფერი, მაგრამ, ის კი ზუსტად ვიცი, რომ ქალმა ნაკოლშჩიკზე ეჭვი არ უნდა აიღოს და სუფთად გამოიტყუოს ბაითიდან.

ჩიპო ერთხანს ჩაფიქრდა, შემდეგ თვალები გაუბრწყინდა და თქვა:

– რა აუცილებელია, რომ ის ქალი მისმა საყვარელმა, ანუ ნაკოლშჩიკმა, სახლიდან გამოიტყუოს?

– შენ, გეტყობა, სხვა გეგმა გაქვს, – ვუთხარი ჩიპოს.

– კი, მაქვს.

– თქვი, გისმენთ.

– ქალს მე დავურეკავ, ვეტყვი, ვიცი, რომ საყვარელი გყავს-მეთქი და მის ვინაობასაც დავუსახელებ. შემდეგ ვეტყვი, რომ მოვიდეს შეხვედრაზე და ხუთასი მანეთი მომიტანოს, თუკი არ უნდა, რომ მის ქმარ-შვილს შევატყობინო ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, მოვა და ჩვენც სწორედ ამ დროს დავუბომბავთ ბაითს. ამით ნაკოლშჩიკს სუფთა ალიბი ექნება და ქალი მასზე ეჭვს არ მიიტანს, – თქვა ჩიპომ.

– ცუდი არაა. თავად ქალის ალიბი? – ვუთხარი ჩიპოს, – ბაითს რომ დავუბომბავთ და გაირკვევა, ქალი სახლში არ იყო, ქმარ-შვილს რას ეტყვის, რატომ არ ვიყავიო?

– ვითომ ვიღაცამ დაურეკა და უთხრა, შენი ქმარი ავარიაში მოყვა და საავადმყოფოში მოდიო. ამით ქმარ-შვილთან სათქმელი ექნება – ქურდებმა გამიტყუესო და მშვენიერი ალიბია, – მითხრა ჩიპომ.

– ჰო, მაგრამ, ამ ქალს ამ ვერსიას ვინ მიაწვდის? – ვკითხე ჩიპოს. მერე გამეცინა და დავამატე: – ვინ და, საკუთარი თავი. თვითონ მოიფიქრებს ასეთ რამეს, დარწმუნებული ვარ.  ისეთი გაიძვერა ჩანს, არ შეეშლება.

ჩიპო და ბერძენა დამეთანხმნენ. დანიშნულ დღეს ჩიპომ ქუჩის ტელეფონიდან ჯემალას ცოლს დაურეკა და ბოხი ხმით უთხრა:

– დიანა მინდა!

– დიანა ვარ, – უპასუხა ქალმა.

– კუკლა-ჯან, ახლა კარგად მომისმინე და სწორად გადაწყვიტე ყველაფერი, ისტერიკაში არ ჩავარდე, თუ არ გინდა, რომ თავი დაიღუპო, გაიგე?

– ვინ ხარ და რა გინდა? – ხმის კანკალით იკითხა ქალმა.

– ვინ ვარ, მნიშვნელობა არა აქვს. რა მინდა და, ხუთასი მანეთი.

– ვა, მართლა? ოქროს გასაღებიც ხომ არ გინდა?

– შენს ადგილზე არ ვიხუმრებდი და კარგად დავფიქრდებოდი, ქმრისთვის რა მეთქვა, როცა მკითხავდა, ბესო ვინ არისო?

ბესო ქალის საყვარელი, ანუ, ჩვენი, ნაკოლშჩიკი იყო. მისი სახელის ხსენებაზე ქალს ენა ჩაუვარდა და ჩიპომ უთხრა:

– ენა გადაყლაპე?

– რა გინდა? – ხმის კანკალით იკითხა ქალმა.

– ხომ გითხარი, რაც მინდა – ხუთასი მანეთი.

– თანახმა ვარ.

– თანაც, ახლავე.

– ახლავე?

– ნახევარ საათში დიდუბეში გელოდები, მეტროს ამოსასვლელთან. მაგრამ, იცოდე, არავინ დამაყენო თავზე, დადექი და დამელოდე, მე თვითონ მოვალ. იცოდე, არავინ მოიყვანო.

– ვინ უნდა მოვიყვანო?

– აბა, მე რა ვიცი.

– მარტო მოვალ, – თქვა ქალმა და ყურმილი დაკიდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3