კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქალური შურისძიება

ნანიტას ძალიან ეძინებოდა, მაგრამ, ისეთი დაძაბული იყო მთელი დღის განცდებისა და ნერვიულობისგან, თვალი ვერ მოხუჭა. მისი ფიქრი ისევ დიმიტრის, გუგას და თავის გადაწყვეტილებას დასტრიალებდა. მიუხედავად მომხდარისა, შინაგანად გრძნობდა, რომ ქმრის ბოლო სიტყვები და საქციელი გულწრფელი იყო და სწორედ ამის შეგრძნება ურბილებდა მრისხანებას, რაც მაინცდამაინც არ მოსწონდა, რადგან, ეშინოდა, ამის გამო ბოლო მომენტში არ ეთქვა უარი თავის ჩანაფიქრზე და დამცირებულს არ გაეტარებინა დარჩენილი სიცოცხლე. 

ნანიტა იწვა და თვალწინ დიმიტრის სახე ეხატებოდა – დამორცხვებული, შეწუხებული და სინანულის ბეჭედდასმული. რამდენიმე წამით დაავიწყდა კიდეც ის საშინელებები, რაც წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი ბოლო დღეებში გადაიტანა და გულიც კი აუჩვილდა, მაგრამ, უცებ დალურჯებულ ხელებზე დაიხედა და სისხლი მოაწვა სახეზე.

– ნამდვილი დებილი ვარ, – თქვა ხმამაღლა, რომ გულჩვილობა უკეთ დაეთრგუნა, – სულელი, იდიოტი, კრეტინი! ამ ყველაფრის შემდეგ მისმა თავის მოკატუნებამ ასე როგორ გამომათაყვანა? არა, ხვალვე თუ არ დავურეკე გუგას, შეიძლება, მერე უფრო გამიჭირდეს. დილითვე დაურეკავ! – უბრძანა საკუთარ თავს, თუმცა, მიხვდა, რომ ჯერჯერობით არ იყო მზად ყოფილ საქმროსთან დასალაპარაკებლად, მით უმეტეს – ასეთ თემაზე და, გადაწყვიტა, ხვალ, შედარებით დასვენებულსა და გონზე მოსულს მოეფიქრებინა მოქმედების ზუსტი გეგმა.

გადაქანცულმა და აფორიაქებულმა, რამდენიმე საათის მცდელობის შემდეგ ძლივს ჩათვლიმა ერთი-ორი საათით და ეს მცირე დროც კოშმარებში გაატარა, მაგრამ დილით მაინც შედარებით მოღონიერებულმა გაიღვიძა. მაშინვე აბაზანაში შევიდა და კარგა ხანს იდგა გრილი შხაპის ქვეშ. კარგად რომ გამოფხიზლდა, თმა გადაივარცხნა, ხალათი მოიცვა და სამზარეულოს მიაშურა – საშინლად მოუნდა მაგარი, უშაქრო ყავის დალევა, მაგრამ, სამზარეულოში რომ შევიდა, სახტად დარჩა – მაგიდა გაწყობილი იყო და დიმიტრი მონდომებული სახით ასხამდა ქაფქაფა ყავას ფინჯნებში. კარში გაჩერებული ცოლი რომ დაინახა, მორჩილად გაუღიმა და სუფრასთან მიიპატიჟა:

– მობრძანდით, ქალბატონო, ყველაფერი მზად არის!

დიმიტრი აშკარად ტყავიდან ძვრებოდა, რომ მაქსიმალურად დაენახვებინა ცოლისთვის მონდომება და სწორედ ამან გააღიზიანა ქალი. თითქოს განსაკუთრებული არც არაფერი უთქვამს, მაგრამ, ქმრის ერთგვარად თეატრალურმა მიპატიჟებამ ისე საშინლად გააღიზიანა, რომ არც მაგიდას მიუჯდა, არც მის დასხმულ ყავას შეხედა, თვითონ მოიდუღა ყავა, დაისხა და ყავიანად გავიდა სამზარეულოდან. გაოცებული დიმიტრი უკან გაჰყვა და ცოტა მლიქვნელური ღიმილით ჰკითხა:

– არ გშია? გემრიელი რაღაცეები მოგიმზადე.

– შენ რა, მზარეულობა გეხერხება? პირველად მესმის, – მისკენ არც კი გაუხედავს, ისე თქვა ნანიტამ, ყავა მოსვა და თან ტელევიზორის პულტი მოიმარჯვა.

– ჰო, – მორჩილად უპასუხა ქმარმა, – არ გაინტერესებს, ჩემი ნახელავი გასინჯო?

– არა, – ცივად თქვა ნანიტამ და ახლა მობილური ტელეფონი აიღო, ვითომ სადღაც აპირებდა დარეკვას. რატომღაც, ძალიან აღიზიანებდა ასეთი დამთმობი და მზრუნველი დიმიტრის დანახვა; იმ დონეზე აღიზიანებდა, რომ თავი ძლივს შეიკავა ცინიკური კომენტარისგან.

დიმიტრი რამდენიმე წუთს ჩუმად იდგა კარში და ელოდა, მაგრამ, როცა მიხვდა, რომ ნანიტა მასთან სიტყვიერ დაკონტაქტებასაც აღარ აპირებდა, უხმოდ გავიდა სამზარეულოში. ცოტა ხანში კი ისევ გამოაკითხა ცოლს და მხიარული სახით უთხრა:

– გინდა, ბავშვებს დავურეკავ და ყველანი ერთად ქალაქგარეთ გავიდეთ?

– ქალაქგარეთ რა გვინდა? – უემოციოდ ჰკითხა ქალმა.

– პიკნიკი მოვაწყოთ. გზაში სამწვადეს და რაღაცეებს ვიყიდი...

– არა, – სიტყვა შეაწყვეტინა ნანიტამ და ფინჯანი ჟურნალების მაგიდაზე დადგა. დიმიტრიმ მაშინვე აიღო და თვალებში შეხედა.

– სად მიგაქვს? – ჰკითხა გაოცებულმა ცოლმა.

– ბარემ ამასაც გავრეცხავ, – ლამის კუდი გაუქიცინა დიმიტრიმ და ერთგული ფინიასათვის შეაცქერდა თვალებში, – რამე ხომ არ გინდა, აქ გამოგიტანო?

– არა, – ისევ მოკლედ და ცივად მიუგდო ნანიტამ და მიხვდა, რომ ისტერიკამდე ბევრი აღარაფერი უკლდა და, კივილი რომ არ დაეწყო, არც კი შეუხედავს ქმრისთვის, ისე უთხრა: – გადი, მარტო მინდა ყოფნა.

დიმიტრი გავიდა. ნანიტამ შვებით ამოისუნთქა და თვალები დახუჭა. უცებ იგრძნო, რომ ეს ხელოვნური ურთიერთობა უფრო თრგუნავდა, ვიდრე ქმრის უხეშობა და უტიფრობა. შეიძლება, თავაზიან მოპყრობასა და მზრუნველობას რომ არ იყო მიჩვეული, ამიტომაც ემართებოდა ასე, მაგრამ, რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, გრძნობდა, რომ ამას დიდხანს ვეღარ გაუძლებდა. მით უმეტეს, მალე საშობაო არდადეგები დაიწყებოდა, ბავშვები სულ სახლში იქნებოდნენ და მათი თანდასწრებით ვეღარ ითამაშებდა ბედნიერი ცოლის როლს, თან, არც ნუცასთვის და თორნიკესთვის იქნებოდა ჩვეულებრივი მოვლენა მამის ასეთი მეტამორფოზა, რასაც აუცილებლად შესაბამისი კომენტარით აღნიშნავდნენ, განსაკუთრებით – თორნიკე.

ნანიტა იჯდა ჩართულ ტელევიზორთან, უაზროდ მიშტერებოდა და არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ერთი პირობა ისიც კი იფიქრა, სახლიდან გასულიყო, მაგრამ, არც სიარულის თავი ჰქონდა და არც ვინმესთან ურთიერთობის ნერვები. ბოლოს გადაწყვიტა, ისევ დაწოლილიყო და ცოტა მაინც წაეძინა ბავშვების მოსვლამდე, ადგა კიდეც და ამ დროს მობილურმა დარეკა.

– გისმენთ! – ისე უპასუხა, ნომრისთვის არც კი დაუხედავს.

– როგორ ხარ? – შეშფოთებული ხმით ჰკითხა ელენემ, – ხომ არაფერი მომხდარა?

– არაფერი, – გაეცინა ნანიტას, – ცუციკივით დამდევს კუდში და მელაქუცება.

– ეგებ მართლა მიხვდა ყველაფერს და გამოსწორების გზას დაადგა? აცადე და დააკვირდი, იქნებ მართლა ნანობს და შეიცვალოს?

– აზრი არა აქვს.

– რატომ?

– იმიტომ, რომ ეს გამოსწორებული და გაწესიერებული დიმიტრი კიდევ უფრო მაცოფებს და მაღიზიანებს.

– რატომ გაღიზიანებს? შენი ვერაფერი გამიგია.

– იმიტომ, რომ, სინამდვილეში, ეს დიმიტრი არ არის, უბრალოდ, ვიღაც სხვა კაცის როლს თამაშობს და, თან, საკმაოდ უნიჭოდ.

– ახლა შენთან ლაპარაკს აზრი არა აქვს. როცა დაგჭირდე, დამირეკე. რომელი საათიც არ უნდა იყოს, არ მოგერიდოს, გაიგე?

– გავიგე, – თქვა ნანიტამ და ტელეფონის გათიშვა დააპირა, მაგრამ ელენემ მოასწრო და ჰკითხა:

– ხომ არ გადაიფიქრე?

– პირიქით, – ნანიტა მიხვდა, რაზეც ეკითხებოდა დაქალი, – ახლა უფრო დავრწმუნდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში

– უკვე დაურეკე?! – აღელდა ელენე.

– ჯერ არა, მაგრამ, აუცილებლად დავურეკავ, – საკმაოდ მშვიდად უპასუხა ნანიტამ.

– იქნებ, გადაგედო მაინც? მანამდე კიდევ უფრო კარგად დაფიქრდები, – ბოლოჯერ გაიბრძოლა ელენემ.

– ელენე, შემეშვი, შენ მაინც ნუღარ მიშლი ნერვებს, – შეუტია ნანიტამ, – რომც ვიცოდე, რომ აუცილებლად ვინანებ, მაინც დავურეკავ. ახლა კი, არ გეწყინოს, უნდა გავთიშო.

– კარგი, დროებით, – ელენემ და ნანიტამ ერთდროულად გათიშეს ტელეფონები. ნანიტა საძინებელში შევიდა, ისევ გადაკეტა კარი, საწოლზე ჩაცმული წამოწვა და იმაზე დაიწყო ფიქრი, მართლა გამოუსწორებელ შეცდომას ხომ არ სჩადიოდა და, რაც მეტს ფიქრობდა, მით უკეთ ხვდებოდა, რომ, თუ ახლა, ამ წუთას არ დაურეკავდა გუგას, მერე ვეღარასოდეს შეძლებდა ამის გაკეთებას. ამიტომ სასწრაფოდ მოძებნა ფურცელი, რომელზეც მისი ტელეფონის ნომერი ეწერა.

– გისმენ! – პირველივე ზარის შემდეგ აიღო გუგამ ყურმილი.

ნანიტა ისე აღელდა, ხმა ვეღარ ამოიღო.

– გისმენ, – გაიმეორა გუგამ.

– მე ვარ, – როგორც იქნა, გაბედა ქალმა.

– ვიცი, – გუგაც არანაკლებ ღელავდა, – არ მეგონა, ასე მალე თუ დამირეკავდი.

– არც მე, – უპასუხა ნანიტამ და გაჩუმდა.

 – გისმენ, – გაიმეორა გუგამ. ეს უკვე სხვა რამის შეხსენება იყო. ნანიტამ იგრძნო ეს და ჯერ გაწითლდა, მერე კი საშინლად გაბრაზდა საკუთარ თავზე, მაგრამ, უკან დახევა აღარ უნდოდა.

– ამ საღამოს შენი ნახვა მინდა, – ქალი შეეცადა, თამამი და თავხედი ტონი ჰქონოდა, თუმცა, ვერ მიხვდა, გამოუვიდა თუ არა ეს.

– რომელ საათზე?

– შვიდზე.

– სად?

– სადმე კაფეში. შენ თვითონ ამოირჩიე.

– კარგი, მოვიფიქრებ და 7 საათამდე დაგირეკავ, – გუგა საკუთარ ყურებს არ უჯერებდა, ეგონა, სიზმარში ხედავდა ამ ყველაფერს.

ნანიტას მოულოდნელად რაღაცნაირი ბოროტი სიმშვიდე დაეუფლა, ოღონდ, ვერ მიხვდა, ეს გაბოროტება ვისგან იყო გამოწვეული: ქმრისგან, გუგასგან თუ საკუთარი თავისგან. აღარც ახსოვდა, მერამდენედ იგრძნო ამ ბოლო დღეების განმავლობაში, რომ არაადეკვატური რეაქციები ჰქონდა, მაგრამ, უკვე ყველაფერი ფეხებზე ეკიდა. მთავარი ის იყო, რომ პირველი ნაბიჯი გადადგა, დანარჩენს კი სიტუაცია უკარნახებდა.

***

ემოციებით დაღლილ ნანიტას ჩაეძინა. ისე გაითიშა, სიზმარიც კი არ უნახავს, თითქოს ბანგი ჰქონდა დალეული.

დიმიტრი  რამდენჯერმე ფეხაკრეფით მივიდა საძინებლის კართან და მიაყურადა – აინტერესებდა, რა ხდებოდა მის მიღმა. ფრთხილად მოსინჯა სახელური და, როცა დარწმუნდა, რომ კარი ისევ შიგნიდან იყო ჩაკეტილი, სამზარეულოში დაბრუნდა, – რატომღაც, იქ უფრო მშვიდად გრძნობდა თავს.

– ისევ ჩაკეტა, – ჩაილაპარაკა თავისთვის, – მაინც არ მენდობა, ეშინია, რომ ისევ შევუვარდები... – უცებ რაღაცნაირი წყენა იგრძნო, ცოლის უნდობლობით გამოწვეული წყენა და გული ეტკინა, რომ მის გულწრფელ მცდელობას ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ მოჰყვა. მერე გაიფიქრა, კარი ღია რომ დახვედროდა, თვითონ რას იზამდა, როგორ მოიქცეოდა. კარგა ხანს იფიქრა ამაზე და საკუთარ თავს გამოუტყდა, რომ ვერაფერსაც ვერ იზამდა – ვერ გაბედავდა შესვლას კი არა, ოთახში შეხედვასაც კი. იგრძნო, რომ ძველი რიხი და სითამამე აღარ ჰქონდა და ამ შეგრძნებამ გააღიზიანა. რაღაც მომენტში მასში ისევ გაიღვიძა ძველმა დიმიტრიმ – მრისხანებამ იფეთქა მის გონებაში, დაუმორჩილებლობით (და არა უნდობლობით) გამოწვეულმა მრისხანებამ, მაგრამ ეს აფეთქება წამიერი იყო – მაშინვე ჩაქრა და ჩაინავლა, როგრც უმწეო ალი დასველებულ ასანთის ღერზე. დიმიტრი უცებ მიხვდა, რომ ცოლისგან ბევრს ითხოვდა – ამდენი ტკივილისა და შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ, ერთდღიანი, თუნდაც ერთთვიანი მზრუნველობის მცდელობით ქალის გულს ვერ მოალბობდა, არადა, მართლა უნდოდა ნანიტას შემორიგება. როგორც არასდროს, ისე მოუნდა მასთან სიახლოვე, არა მარტო როგორც ქალთან, არამედ, როგორც თავისიან ადამიანთან, რომელსაც გულს გადაუშლიდა, რომლისგანაც თანადგომასა და თანაგრძნობას დაინახავდა. თვითონაც მზად იყო, მოესმინა ცოლისგან ნებისმიერი აღსარება და ყველანაირად გაეგო მისთვის... დიმიტრიმ ცხოვრებაში პირველად იგრძნო, რომ მარტო იყო, ერთგული გულშემატკივრის გარეშე დარჩენილი და ისე აუჩუყდა გული, კინაღამ ცრემლები გადმოყარა. იცოდა, რომ ამ სიმარტოვეს დიდი ხნის წინ თვითონვე ჩაუყარა საძირკველი, მაგრამ, ეს ცოდნა არაფერში შველოდა. ვინ დარჩა მის გვერდით? არც არავინ, დათოს გარდა – ერთადერთი ძმაკაცი შემორჩა და იმასაც ისე მოაბეზრა თავი, რომ რამდენჯერმე პირდაპირ მიიღო მისგან საკმაოდ სერიოზული შენიშვნა და საყვედური, უფრო სწორად, გაფრთხილება – უკვე ყელში ამომიხვედიო. დათოზეც ბევრი იფიქრა და ვერც ის გაამტყუნა – თვითონ ნამდვილად ვერ აიტანდა თავისნაირ მეგობარს.

„დღეს, ეტყობა, მიტევების ხასიათზე ვარ, – გაიფიქრა და თვითონვე გაეცინა, – მე და – მიტევება?! ალბათ, მართლა რაღაც ხდება ჩემს შიგნით, საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ და, ვერც იმას ვხვდები, მომწონს თუ არა ეს ცვლილება, მაგრამ, ფაქტია, რომ წინააღმდეგობას ვერ ვუწევ, ყოველ შემთხვევაში – ჯერჯერობით“...

ტელეფონის ზარმა დიმიტრის ფიქრები გააწყვეტინა.

აიღო ყურმილი და ჩუმად თქვა:

– გისმენთ!

– რა გჭირს, ბიჭო, რას ჩურჩულებ, ხომ არ გაგაღვიძე?

დიმიტრის გაუხარდა დათოს ხმის გაგონება, ადგა, სამზარეულოს კარი მიხურა და მხოლოდ ამის შემდეგ გასცა პასუხი:

– არა, რა გამაღვიძე, მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. პრაქტიკულად, არც კი მიძინია, სავარძელში წავთვლიმე ცოტა.

– რატომ ჩურჩულებ? – ჰკითხა დათომ და დიმიტრიმ მხოლოდ ახლა იგრძნო, რომ ისევ ჩუმად ლაპარაკობდა.

– ნანიტას სძინავს და, არ მინდა, გავაღვიძო.

– ოჰო, – გაუკვირდა დათოს, – ეს მართლა შენ ხარ თუ...

– მართლა მე ვარ, – გაეცინა დიმიტრის, – რა იყო, რატომ გაგიკვირდა?

– არა... რა ვიცი, რაც გიცნობ, ასეთი მზრუნველი ქმრის როლში არ მახსოვხარ... რა არ ხდება ქვეყანაზე!..

– ჰო, კარგი, გეყო ღადაობა! რა ვთქვი ამისთანა გასაოცარი?

– თავისთავად სიტყვები კი არ იყო გასაოცარი, არამედ, ის ფაქტი, რომ ეს ფრაზა სხვა, ნაკლებად სასიამოვნო სიტყვების წარმოთქმას ჩვეულმა შენმა ბაგეებმა წარმოთქვა, – განაგრძო ქილიკი დათომ.

– ამდენი სიტყვის მარაგი თუ გქონდა, არ ვიცოდი, – არ დაუთმო დიმიტრიმაც.

– ჰო, კარგი, გეხუმრე, არ გეწყინოს, – უკან დაიხია დათომ, – რა ხდება შენთან, მშვიდობაა?

– პრინციპში, კი.

– კიდევ რამე სისულელე ხომ არ გააჩალიჩე?

– არა, რა სისულელე! რომ მნახო, ვერ მიცნობ, ისე ვიქცევი.

– ნახვა არც კი მინდა, რომ გისმენ უკვე ვეღარ გცნობ და მიხარია.

დიმიტრის გული აუჩუყა ძმაკაცის თანადგომამ და გულახდილობის ხასიათზე დააყენა.

– ახლა რომ ვფიქრობ, ვხვდები, რა იდიოტი ვიყავი...

– სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, – შეაწყვეტინა დათომ.

– შენ იხუმრე და, მართლა ასეა. რას ვერჩოდი ამ ქალს, რატომ გავუმწარე ცხოვრება ან ნანიტას, ან ჩემს შვილებს?

– ამას მე მეკითხები? – ისევ „წაუიაზვა“ დათომ.

– შენ კი არა, საკუთარ თავს ვეკითხები.

– მერე, რაო, რას გპასუხობს ეგ შენი საკუთარი თავი?

– ხომ გითხარი უკვე, – იდიოტი იყავიო.

– მარტო იდიოტიო? და, ახლა აღარ ხარო? – ისევ „უიაზვა“ დათომ, – მეტი არაფერი გითხრა საკუთარმა თავმა?

– კიდევ ძალიან ბევრი რამ მითხრა, თან – ისეთები, თავმოყვარე კაცი რომ ვერ მოითმენს, მაგრამ, ვაპატიე და ყველაფერში დავეთანხმე, იმიტომ, რომ მართალი იყო.

– ანუ, მე მაპატიე და დამეთანხმე ყველაფერში, იმიტომ, რომ მართალი ვარ? – მიუხვდა დათო.

– ჰო, – დაეთანხმა დიმიტრი, – შენი ძალიან მადლობელი ვარ.

– მე რა გაგიკეთე ასეთი? – გაუკვირდა დათოს.

– შენ შემანჯღრიე, შენ შემომილაწუნე და გამომაფხიზლე; შენ მომიყვანე აზრზე.

– რომელ შემოლაწუნებას გულისხმობ? – გაეცინა დათოს.

– ორივეს, – დიმიტრიმ ხელი მოისვა გახეთქილ ტუჩზე და, ისევ რომ ეტკინა, გაუხარდა კიდეც, – ტუჩი ისევ მტკივა, ხომ იცი...

– ნაკაწრები? – „შემოლაწუნება“ განაგრძო დათომ.

– ნაკაწრებიც. მაგრამ, გაგეცინება და, შენ წარმოიდგინე, რაღაცნაირად, მსიამოვნებს ეს ტკივილი; ის კი არა, მიხარია კიდეც, ფიზიკურ ტკივილს რომ ვგრძნობ. ალბათ, ეს მინეიტრალებს სულიერ ტკივილს.

– შენ სულიერი ტკივილის განცდაც შეგიძლია? – „გაიოცა“ დათომ, – ეს უკვე რაღაც ძალიან ახალია. ისე, თუ ასეთი მარტივია შენთვის სიხარულის მონიჭება, როგორც კი ოდნავ მიგიყუჩდება ტკივილი, მითხარი და, ძმობას გეფიცები, არ დაგამადლი.

– ჯერჯერობით სიტყვებითაც კარგად ახერხებ, მაგრამ, გეფიცები, არ მწყინს, პირიქით, უფრო კარგად ვგრძნობ, რომ შენ მყავხარ – ერთადერთი ერთგული ადამიანი.

– ჰო, კარგი, მეც ძალიან გავრეკე. ახლა ის მითხარი, ნანიტა რას შვრება, როგორ არის... შემოირიგე?

– მგონი, ჰო.

– „მგონი“ რას ნიშნავს? ახლა, არ გამაგიჟო და არ მითხრა, მაპატიაო, – მართლა ძალიან გაუკვირდა დათოს.

– ეტყობა, მაპატია, რადგან, გაყრა გადაიფიქრა და, თან, ისეთი ყურადღებიანი იყო, სიმართლე გითხრა, დავიბენი.

– რა?! – თვალები შუბლზე აუვიდა დათოს, – აღარ გეყრება?

– ჰო, ასე მითხრა.

– და, თანაც, ჩვეულებრივად დაგელაპარაკა?

– უფრო ვიტყოდი, რომ – არაჩვეულებრივად, – გაეღიმა დიმიტრის.

– კონკრეტულად რაში მდგომარეობს ეს არაჩვეულებრიობა?

– კონკრეტულად იმაში, რომ, ღიმილით შემხვდა, ჩემი საყვარელი კერძი დამახვედრა და ასჯერ შემომთავაზა – თუ გშია, გასადილებო.

– მერე?

– რა – „მერე“?

– შენ რა ქენი?

– რა უნდა მექნა? სანამ სახლში შევიდოდი, ლამის ინფარქტი დამემართა შიშით, რადგან, არ ვიცოდი, რა მოხდებოდა და, პრაქტიკულად, ყველაფრისთვის მზად ვიყავი, გარდა იმ სიტუაციისა, რაც დამხვდა. თან, დაქალი რომ ჰყავს, ელენე, ისიც აქ იყო და, ასეთ ვითარებაში საჭმლის ჭამა შემეძლო?

– მერე რა მოხდა?

– ზუსტად აღარც კი მახსოვს. მგონი, ყავა დავლიეთ, მერე ნანიტა და ელენე სადღაც წავიდნენ.

– სად?

– არ ვიცი, არ მიკითხავს. საქმე გვაქვსო, მითხრა.

– მერე?

– მერე, დაახლოებით თერთმეტ საათზე დაბრუნდა სახლში.

– მარტო მოვიდა?

– ჰო.

– ის მაინც თუ იცი, ვინ მოიყვანა?

– გამოძახებული ტაქსით მოვიდა. მანამდე დავურეკე და შევთავაზე, მოგაკითხავ-მეთქი, მაგრამ, ძალიან ჩვეულებრივი ხმით მითხრა, ნუ შეწუხდები, ტაქსით მოვალო.

– რომ მოვიდა, როგორ ხასიათზე იყო?

– შენ რა, დაკითხვას მიწყობ? – უცბად გაღიზიანდა დიმიტრი, – ნორმალურზე. შემიძლია, ვთქვა, ცოტა მხიარულზეც კი.

– დაკითხვას კი არ გიწყობ, რაღაცის გარკვევას ვცდილობ.

– რის გარკვევას? – ვერ მიხვდა დიმიტრი.

– მერე გეტყვი. რომ დაბრუნდა, როგორ მოგექცა? ისევ ისე თბილად და ყურადღებიანად, როგორც თავისი დაქალის თანდასწრებით?

 – ჰო. მგონი, უფრო მეტადაც კი. ძალიან ცოტა ხანს ვისაუბრეთ, მერე კი მითხრა, დაღლილი ვარო და დასაძინებლად წავიდა.

– ერთ ოთახში გეძინათ?

– არა. საძინებელში რომ შევიდა, კარი შიგნიდან ჩაკეტა.

– მდაა... ესე იგი, არ გენდობა, არ სჯერა შენი, ყოველ შემთხვევაში – ჯერჯერობით. უფრო კი, მგონია, რომ ეშინია...

– ეგ მეც ვიფიქრე, მაგრამ, მაინც მივაღწევ ჩემსას – ბოლომდე შემოვირიგებ.

– მთლად ასე დარწმუნებულიც ნუ იქნები, – ეჭვი შეეპარა ხმაში დათოს.

დიმიტრიმ იგრძნო ეს და დაიძაბა:

– რატომ? რამე შემეშალა?

– არა, ჯერჯერობით არაფერი შეგშლია, მაგრამ, რატომღაც, არ მომწონს ეს ყველაფერი.

– ევრ გავიგე, რა არ მოგწონს? – გაღიზიანდა დიმიტრი, – ნანიტამ გაყრა რომ გადაიფიქრა და მაპატია?

– არა. ის არ მომწონს, ასეთი საშინელი დამცირებისა და მიწასთან გასწორების შემდეგ, ასე სწრაფად რომ გადაიფიქრა გაყრა და ასე ადვილად რომ შეგირიგდა.

– ვერ გავიგე, რას გულისხმობ, – აღელდა დიმიტრი.

– იმას ვგულისხმობ, რომ ასეთი საქციელი არაბუნებრივად მიმაჩნია.

– რატომ?

– იმიტომ, რომ ასე არ ხდება.

– ვერ გავიგე, რა არ ხდება ასე. თუ მეუბნები, ბოლომდე მითხარი სათქმელი, პირდაპირ, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე! – უცებ გაბრაზდა დიმიტრი.

– კარგი, გეტყვი. ის, რაც შენ არაერთხელ ჩაიდინე ცოლთან, საპატიებელი რომ არ არის, ალბათ, დამეთანხმები; ბოლო „გმირობა“ ხომ, საერთოდ, კულმინაციაა. ამიტომ, აბსოლუტურად დაუჯერებელია, რომ ფსიქიკურად ნორმალურმა ქალმა ასეთი რამ აპატიოს ვინმეს.

– მე „ვინმე“ ხომ არ ვარ, მისი ქმარი ვარ, რომლისგანაც ორი შვილი ჰყავს, – აღშფოთდა დიმიტრი.

– მით უმეტეს, ქმარს არ აპატიებს, – განაგრძო დათომ, – თუნდაც ათი შვილი ჰყავდეს მისგან და, თუნდაც იმის საშიშროება ელოდეს, რომ ქმრის გარეშე შვილები მშივრები ეყოლება.

– რამდენიც გინდა, იმდენი ქალი ვიცი, რომ უარესებს პატიობენ ქმრებს, – გააპროტესტა დიმიტრიმ, – საქართველოში, საქართველოში კი არა, აქ, თბილისში, ყოველი მესამე ქალი მაინც ასე ცხოვრობს და ეგუება, არ ანგრევს ოჯახს.

– მთელი შენი უბედურება, იცი, რაში მდგომარეობს?  – პირდაპირ მიახალა დათომ, – ამდენი წელია, ერთად ცხოვრობთ და ვერ მიმხვდარხარ, რომ შენი ცოლი ყოველი მესამე და, თუნდაც, ყოველი მეათე ქალი არ არის. არ გეწყინოს, რასაც ახლა გეტყვი, შეიძლება, ეს პირდაპირი ჩარევაა შენი ოჯახის და პირადად შენს ცხოვრებაში, მაგრამ, ხომ მითხარი, ბოლომდე თქვი სათქმელიო, ამიტომ, ამ ერთხელ გეტყვი და ამ თემაზე მეტად აღარ დაგელაპარაკები... – დათო გაჩუმდა და ცოტა სული მოითქვა.

– გისმენ. თქვი, ყველაფერს მივიღებ და ავიტან, – მორჩილად უპასუხა დიმიტრიმ, – ვგრძნობ, რომ ახლა ჰაერივით მჭირდება შენი სიტყვები, როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს.

– იმას გეუბნებოდი, რომ შენ ნანიტა ვერ შეიცანი ვერც როგორც ქალი, ვერც როგორც პიროვნება, – განაგრძო დათომ, – და ექცეოდი ისე, როგორც მეძავს, ცხადია, იშვიათი გამონაკლისის გარდა...

– მე არ... – რაღაცის თქმა დააპირა დიმიტრიმ, მაგრამ დათომ ცივად შეაწყვეტინა:

– დამასრულებინე სათქმელი. ამ ყველაფრის პარალელურად, იყავი ძალიან ცუდი მამა. კარგი მამობა მაინც რომ გაგეწია შვილებისთვის, შეიძლება, ნანიტას ყველაფერი დანარჩენი ეპატიებინა კიდეც, მაგრამ, ერთ პიროვნებაში გაერთიანებული ორი მთავარი რამ – აღვირახსნილი ქმარი და უვარგისი მამა – ეს ის მიზეზებია, რომლებსაც ნორმალური ქალი არასდროს აპატიებს მამაკაცს.

– ანუ?

– ანუ, ჩემი აზრით, შენს ცოლს არ უპატიებია შენთვის.

– აბა, რატომ გადაიფიქრა გაყრა, რატომ მექცევა კარგად?

– იმიტომ, რომ... – ვეღარ დაასრულა დათომ.

– იმიტომ, რომ – რა? – აღელდა დიმიტრი.

– არ ვიცი, მტკიცებას ვერ დავიწყებ, მაგრამ, ასე მგონია, რაღაც სხვა აქვს ჩაფიქრებული.

– რა „რაღაც სხვა“?

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3