სიზმარში ჯობდა
ფლორინა ბრაზილიელებმა დაპატიჟეს წვეულებაზე. მოსაწვევი კომივოიაჟორმა მოუტანა და ფლორინა ძალიან გაახარა ამ ამბავმა. ესე იგი, სრულიად უცხო ადამიანებიც სცნობდნენ და აღიარებდნენ მის კეთილშობილ წარმომავლობას. მამამისმა ყველაფერი გააკეთა, რომ ქალიშვილს უზრუნველი ცხოვრება ჰქონოდა. თუმცა, ცოტა ძუნწი კი იყო, მაგრამ ფლორინას ეს არ აღელვებდა. მოვიდოდა დრო, როცა მამამისის მილიონების ერთადერთი განმკარგავი თავად იქნებოდა...
ფლორინას გაუკვირდა, რატომ მაინცდამაინც ამ ძველისძველ სახლში გადაწყდა წვეულების გამართვა? კიბე რკინის იყო და ისეთი ხვეული, იფიქრა, ეს კოშმარი არასოდეს დამთავრდებოდა. დაჟანგულ სახელურზე წითელი ლენტი გადაეხვიათ და საფეხურებიც წითელი ფარდაგით დაეფარათ. თუმცა, ცუდ განათებაში ამას დიდი ეფექტი არ ჰქონია. ფლორინას ძალიან ლამაზი კაბა ეცვა. მართლაც ლამაზი, თანაც ძვირფასი... ფორთოხლისფერი ატლასის და ნახევრად ძვირფასი ქვებით მოქარგული. ფეხსაცმელიც შესაფერისი შეარჩია – ოქროსფერი, წვრილ, გრაციოზულ ქუსლზე... და ამ ქუსლებით უსასრულო, ხვეულ კიბეზე ასვლა ძალიან უჭირდა... აქა-იქ, ბაქანზე მეზობლების ბინების კარი იღებოდა და იხურებოდა. ისინი წვეულებაზე არ მიიპატიჟეს და ახლა ცნობისმოყვარეობა ჰკლავდათ. ფლორინას პატივმოყვარეობა სრულიად იყო დაკმაყოფილებული... აბსოლუტურად უცნობმა ადამიანებმა დააფასეს... ბრაზილიელები – ცოტა უჩვეულოდ და ეგზოტიკურად ჟღერდა შუაგულ ამერიკაში, მაგრამ დენდი ყველგან დენდია, სადაც უნდა დაიბადოს და გაიზარდოს... ნეტავ, ის სიმპათიური ახალგაზრდა თუ იქნება იქ, რამდენიმე დღის წინ კაფეში რომ გაეცნო... არც ეს იყო გამორიცხული... მუსიკის ხმა, რომელიც აქამდე შორიდან ისმოდა, გაძლიერდა და თითქოს შუქიც გამოჩნდა... კიბე მაინც არ მთავრდებოდა. ფლორინას ფეხები დაუმძიმდა... თავბრუც დაეხვა და სიცივე იგრძნო... თითქოს საიდანღაც ქარმა დაუბერა... მერე ისევ მუსიკამ მიიპყრო მისი ყურადღება... ბრაზილიურს ნამდვილად არ ჰგავდა... ფლორინა ერთბაშად აღმოჩნდა გაღებულ კართან. აქეთ და იქით თეთრ ქურთუკებში გამოწყობილი მაჟორდომები იდგნენ და ქურთუკებს ოქროსფერი, მბრწყინავი ღილები უმშვენებდათ. მათ მდაბლად დაუკრეს ფლორინას თავი და თითქოს ხელიც გაუწოდეს პალტოს ჩამოსართმევად. ფლორინას პალტო არ ეცვა და... აქედან დაიწყო მისი იმედგაცრუებაც... მისაღები ოთახის მაგივრად ვიწრო გალერეაში აღმოჩნდა, რომელიც ორი პატარა ოთახის გაერთიანებით მიეღოთ და საკმაოდ უხეშად ჩანდა, შპალერშერჩენილი, დანგრეული კედლის ნარჩენები. ძირითადად, ქალები იყვნენ. რამდენიმე ცუდად ჩაცმული მამაკაცი იატაკზე მიყრილ პუფებზე იჯდა და რაღაც მყრალ ნახარშს სვამდა... ეს აღარ იყო ბომონდური წვეულება. ფლორინა მოცეკვავეებს დააშტერდა. ქალები ერთმანეთთან ცეკვავდნენ... ერთმა ვულგარული გარეგნობის, თუმცა საკმაოდ ვნებიანმა ქალიშვილმა ფეხზე მაგრად დააბიჯა... მერე ცეკვა შესთავაზა. ფლორინას გაუკვირდა და იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ წვეულებამ იმედები გაუცრუა. ქალიშვილს ძალიან მაგარი მუცელი ჰქონდა და ფლორინას მჭიდროდ ეკვროდა. რიტმიც საშინელი იყო. თითქოს გადატრიალებულ ბიდონებზე აბრახუნებდნენ... ფლორინას არწევდა და ფეხქვეშ თითქოს მიწა ერყეოდა... და უცებ, კოშმარული გამოღვიძება: მთვარიანი ღამე და მდინარის ცივი ჰაერი... ფლორინა ახლაღა მიხვდა, რომ სიზმარი ნახა და ყველაფერი გაახსენდა. ანუ, გაახსენდა რეალობა, რომელშიც ის იმყოფებოდა... გაახსენდა სიმპათიური ბიჭი კაფედან. თავაზიანი გასაუბრება და მერე, აბსოლუტურად მოულოდნელი გატაცება. მთელი დღე, თავზე ტომარაჩამოცმულს, გამტაცებლები არ დაუნახავს. მხოლოდ წუთით გამოახედეს, რომ რაღაც წერილზე ხელი მოეწერა... როგორ მოუნდა, რომ ისევ დაეძინა და თუნდაც იმ საზიზღარ, სიზმრისეულ წვეულებაზე დაბრუნებულიყო. ხელფეხშეკრული და პირზე სკოჩგადაკრული ნავის ფსკერზე იწვა... ხელები ზურგზე ჰქონდა შეკრული. ნავი არცთუ თანაბრად ქანაობდა და დროდადრო ფლორინას მუხელბზე ეხეთქებოდა ქვიშით გატენილი პატარა ტომარა... ნიჩბების ხმაური თან ერთვოდა ქარის უცნაურ სტვენას და ფლორინას ახსენებდა, რომ აღარ ეძინა. თვალები დახუჭა... ტომარას მუცლით ცოტა უბიძგა, იმ იმედით, რომ ამ კოშმარული სიზმრიდან გამოვიდოდა, მაგრამ აშკარად არ ეძინა... სკოჩი მაინც რომ მოეხსნათ პირიდან, სთხოვდა, არ მოეკლათ... მამამ შეიძლება, შემთხვევით დააგვიანა გამოსასყიდი, მაგრამ გადაიხდიდა, აუცილებლად გადაიხდიდა. ფლორინამ არ იცოდა, რა თანხა ეწერა იმ წერილში და როგორ გაიქცა მამამისი პოლიციაში... ცარიელი ბიდონები და ყუთები, რომლებიც ასევე ნავში ეყარა, საზიზღარ ხმას გამოსცემდა... ის ორნი, რომლებიც ფლორინასგან ზურგით ისხდნენ, მდუმარედ მართავდნენ ნავს, მისკენ არც გამოუხედავთ.. ფლორინამ მეხსიერებას ძალა დაატანა და შეეცადა, გაეხსენებინა, როგორ მოიტაცეს... თუმცა, ამას უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა... ფლორინამ თვალები მაგრად დახუჭა და ისევ გაახილა... არაფერი შეცვლილა... ის არც თავის რბილ და კომფორტულ საწოლში დაბრუნდა, არც იმ საზიზღარ წვეულებაზე... მხოლოდ იმ ორმა შეაჩერა ნიჩბების მოსმა. შემობრუნდნენ.... ერთი ნელა წამოდგა და ფლორინას მეორე მხრიდან მიუჯდა. ტომარა წელზე მიაბეს და მთვარის თეთრ შუქზე ფლორინამ დაინახა ორი აელვარებული დანა... მათი ბასრი პირები თითქმის ერთდროულად შეცურდა მის სხეულში. იმ ორს ქალიშვილისთვის არც ფეხები გაუხსნია, არც ხელები და პირიდანაც კი არ მოუხსნიათ სკოჩი. ამის საჭიროება არ იყო. როგორც ჩანს, ყველაფერზე წინასწარ შეთანხმდნენ. იმიტომ, რომ ერთი სიტყვაც კი არ წარმოუთქვამთ... ფლორინამ იგრძნო, როგორ შეაღწია ჰაერმა მის ნეკნებს შორის მარცხენა და მარჯვენა მხრიდან... ვერაფრის გაფიქრება ვეღარ მოასწრო... მხოლოდ გაუელვა – ყველაფერი დამთავრდა... მისი სხეული მძიმედ დაეშვა მდინარის ფსკერზე... დგაფუნის ხმა ქარის ყრუ გუგუნში ჩაიკარგა...