რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: ავტომობილის შეძენა მინდა და როგორც გავარკვიე, ვაჭრებმაც არ იციან ზუსტად, ესა თუ ის მოდელი ვარიატორით არის აღჭურვილი თუ ავტომატური კოლოფით?
პასუხი: სხვათა შორის, ძალიან ბევრი მძღოლია მსგავს ავტომობილს, როგორც „ავტომატიკას,” ისე ყიდულობს და შეიძლება, ისე შეცვალოს კიდეც ის მანქანა, რომ ამას ვერც მიხვდეს. გარეგნულად ვერა, მაგრამ ეს იოლი გასარკვევია, თუ ავტომობილით გაივლით. მართვის ავტომატური კოლოფით აღჭურვილს ისეთი სისტემა აქვს, რომელიც სიჩქარეებს მძღოლის ნაცვლად ცვლის. შესაბამისად, სიჩქარიდან სიჩქარეში გადასვლა, ყოველთვის იგრძნობა. პატარა ბიძგი, რომელიც მანქანას სიჩქარეში ხელით გადართვის დროს ექნებოდა, ავტომატურსაც აქვს. მით უმეტეს, დაძრვის შემდეგ კარგად იგრძნობა მეორესა და მესამეში გადართვა. თუ ძალიან ბევრი გაზი მიეცით და ჩქარა იარეთ, შედარებით ნაკლებად, მაგრამ მაინც იგრძნობთ სიჩქარის გადართვას, რადგან ძრავა ხმას შეიცვლის. ვარიატორის შემთხვევაში, სიჩქარეების გადართვა საერთოდ არ იგრძნობა, რადგან ის ერთიდან მეორე სიჩქარეში, როგორც ტროლეიბუსი ისე გადადის. ეს სისტემა არ არის კბილანებით აღჭურვილი. ამ შემთხვევაში, სიჩქარის შეცვლა ხდება ორი კონუსური შკივით. ორი კონუსური ფორმის შკივზე ჯაჭვით ან ღვედით ხდება სიჩქარეების გადასვლა. ამის სიტყვით ახსნა ცოტა რთულია, მაგრამ იმდენად მარტივი და გენიალური კონსტრუქციაა, რომ ურთულესია მისი შეკეთება.
კითხვა: რა შეიძლება იყოს ძრავას ბრუნების მომატების მიზეზი?
პასუხი: მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ როგორც მინიმუმ, ორმოცდაათი-სამოცი პროცენტი ასეთ დროს „დამნაშავე” ძრავას შემშვებ კოლექტორში „დაუპატიჟებლად” მოხვედრილი ჰაერია. მოდი, გავერკვეთ, რას ნიშნავს ეს. შემშვებ კოლექტორს მრავალი სხვადასხვა ტიპის წვრილი თუ მსხვილი მილი უერთდება, მით უმეტეს, თანამედროვე ავტომობილებში. ეს მილები უზრუნველყოფს სხვადასხვა მოწყობილობების ერთმანეთთან შეთანხმებულ მოქმედებას. სპეციალური ხელსაწყოები ამ მილების გავლით, გაზის პედალზე ფეხის დაჭერისა და გაშვების დროს, ზუსტად ითვლის რაც ძრავამ ჰაერის ნაკადი შეისრუტა. მიზეზიც სწორედ რომელიმე ამ მილის დაზიანებაა. ძრავას სექტორში მაღალი ტემპერატურის გამო, დროთა განმავლობაში ეს მილები გამოშრება და მწყობრიდან გამოდის. ამიტომ, უპირველესად, გირჩევთ, ეს გადაამოწმოთ.