ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, შესაძლებელია თუ არა სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად იქნეს ცნობილი იურიდიული პირი და თუ შესაძლებელია, როგორ იღებს პროცესში იურიდიული პირი ანუ კომპანია მონაწილეობას?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებული შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური პირი, ასევე იურიდიული პირი და სახელმწიფო. სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებული იურიდიული პირი მონაწილეობს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მეშვეობით, რომელსაც ენიჭება დაზარალებულის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, იმ შემთხვევებში, როდესაც დანაშაულის ფაქტს შედეგად მოჰყვა პირის გარდაცვალება, სისხლის სამართლის საქმეში ვინ შეიძლება იყოს ცნობილი დაზარალებულად?
პასუხი: გაცნობებთ, რომ, იმ დანაშაულის საქმეში, რომელსაც დაზარალებულის სიკვდილი მოჰყვა, დაზარალებულის უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება მის რომელიმე ახლო ნათესავს. ერთი დონის ახლო ნათესავებს შორის დავის შემთხვევაში, დაზარალებულის უფლებამონაცვლე განისაზღვრება წილისყრით.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა უფლებებით სარგებლობს დღეს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად დაზარალებული?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ დაზარალებულს უფლება აქვს: იცოდეს ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდების არსი; სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სასჯელის შეფარდების შესახებ სასამართლო სხდომაზე მისცეს ჩვენება ზიანის შესახებ, რომელიც მას მიადგა; უფასოდ მიიღოს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების (განჩინების), განაჩენის, სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ასლი; მიიღოს პროცესში მონაწილეობის შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება; დაიბრუნოს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს საქმის საჭიროებისთვის დროებით ჩამორთმეული თავისი კუთვნილი ქონება; მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება, თუ საფრთხე ემუქრება როგორც მის, ისე მისი ახლო ნათესავის ან ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და საკუთრებას; მიიღოს განმარტება თავისი უფლება-მოვალეობების შესახებ.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა არსებითი სახის გარემოებები შეიძლება გახდეს საფუძველი, რის გამოც მოსამართლე, პროკურორი ან გამომძიებელი ვერ მიიღებენ მონაწილეობას სისხლის სამართლის საქმის გამოძებისა თუ განხილვის პროცესში?
პასუხი: გაცნობებთ, რომ მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი ან სასამართლო სხდომის მდივანი ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში, თუ: კანონით დადგენილი წესით არ იყო თანამდებობაზე დანიშნული ან არჩეული; ამ საქმეში მონაწილეობს ან მონაწილეობდა, როგორც ბრალდებული, ადვოკატი, დაზარალებული, ექსპერტი, თარჯიმანი ან მოწმე; არის ბრალდებულის, ადვოკატის, დაზარალებულის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი; ასევე, არსებობს რაიმე სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მათ ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას.