ფლორის სამყაროში
კითხვა: როგორ მოვუარო კორდილინას?
პასუხი: კორდილინას უყვარს ნათელი ადგილი, ამიტომ დადგით ძალიან ნათელ ადგილას. დღეში ორი-სამი საათი მწველ მზეში ყოფნასაც აიტანს. ზაფხულში ნიადაგი ტენიანი უნდა ჰქონდეს. თუ ზამთარში ტემპერატურა დაბალია, იშვიათად მორწყეთ და მიწა მხოლოდ ოდნავ დაატენიანეთ. ამ იოლად მოსავლელ მცენარეს მინიმალური ყურადღებაც ჰყოფნის. ძველი, დამჭკნარი და დაჭმუჭნილი ფოთლები მოაშორეთ. ზაფხულობით მიწა რეგულარულად გაანოყიერეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით, რათა ფოთლებმა ფერი შეინარჩუნოს. მცენარისთვის იდეალურია 18-24 გრადუსი ტემპერატურა, თუმცა, თითქმის ნულოვან ტემპერატურასაც გაუძლებს. კარგი იქნება, თუ ამ მცენარეს ზამთრის ბაღში გაზრდით – ასეთ ადგილას უკეთ გაიხარებს.
კითხვა: რა პირობებში ვამყოფო კოდიუმი?
პასუხი: ამ მცენარის მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს, თორემ, ფოთლები მოეჭმუჭნება. ზაფხულის სიცხეში ხშირად მორწყეთ. ამ დროს მიწა განსაკუთრებით ტენიანი სჭირდება. ამ სეზონზე მცენარე ბალანსირებული თხევადი სასუქით მორწყეთ. კოდიუმი მოარიდეთ სიმშრალეს. მისთვის საკმარისი იქნება ოთახის ტემპერატურა, 18-24 გრადუსი.
კითხვა: რთულია თუ არა ოთახის პირობებში ცეროპეგიას გაზრდა?
პასუხი: ეს მცენარე ჭირვეული არ არის. უყვარს მზე. მიუხედავად იმისა, რომ ზრდის პერიოდში ტენი სჭირდება, დროდადრო გამოშრობასაც იტანს. მრავლდება მომცრო ბოლქვებით, რომლებიც პერიოდულად ღეროებზე ვითარდება. პირდაპირი მზის შუქი არ მოაკლოთ, თორემ, მეჩხერი და ცუდი ფერის ფოთლები ექნება. ზამთარში მისთვის მინიმალური ტემპერატურა 8 გრადუსია, ხოლო ზაფხულში 18 გრადუსი. აქტიური ზრდის პერიოდში მიწა ტენიანი უნდა იყოს, მაგრამ, არა სველი. ზაფხულში ნიადაგი ორ კვირაში ერთხელ გაანოყიერეთ გაზავებული, ბალანსირებული თხევადი სასუქით, ზამთარში კი ზედმეტად ნუ მორწყავთ. მცენარე საკიდ კალათაში ჩადეთ და მზიან ადგილას დაკიდეთ. ოთახის პირობებში ცეროპეგია ყვავილობს კიდეც. მას პატარა, მაგრამ გამოკვეთილი ყვავილები ორ საოცრად გრძელ, ნემსისებურ პარკუჭად იქცევა. მისი გახარება ძალიან იოლია და არც განსაკუთრებული პირობების შექმნას მოითხოვს.
კითხვა: შესაძლებელია თუ არა ბინაში ზამიოკულკასის გახარება და აყვავება?
პასუხი: ეს აფრიკული მცენარე ჩრდილში ყოფნას კარგად იტანს და ამიტომ ოთახის პირობებს ადვილად ეგუება. ის იოლად გასაზრდელია და არც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. დროდადრო სიმშრალესაც იტანს, მაგრამ, შეიძლება, ფოთლები დასცვივდეს. თუმცა, თუ ჩამოვარდნილ ფოთოლს ტენიან მიწაზე დადებთ, დაფესვიანდება და ორ წელიწადში ახალი მცენარე გექნებათ. ის გაბნეულ შუქზე უკეთ იზრდება. ამ მცენარეს ბუნებრივ გარემოში მწვანე და თეთრი ყვავილები ამოსდის, მაგრამ, ოთახის პირობებში იშვიათად ყვავის.