როგორია გაბრაზებული თამუნა ნიკოლაძე და რატომ სურს მას დეტექტიური ჟანრის სერიალში თამაში
ყველასათვის საყვარელი მსახიობი თამუნა ნიკოლაძე მაყურებელმა 2007 წელს, სერიალით „შუა ქალაქში” გაიცნო და მას შემდეგ მისი სიყვარული არც განელებიათ. ჩვენი რესპონდენტის სამსახიობო მოღვაწეობა უკვე მრავალი წელია, „თავისუფალ თეატრს” უკავშირდება და ის იქ თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში. როგორ ცხოვრობს, გამოჩნდება თუ არა ის მალე კვლავ ტელეეკრანზე და სხვა მრავალი კითხვის პასუხს ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ყოველთვის სასურველი რესპონდენტი ხარ, ყველა აღიარებს, რომ დადებით ენერგიას გასცემ.
– დიდი მადლობა. ამას ხშირად მეუბნებიან. ვწითლდები, მსიამოვნებს და მიხარია ამ სიტყვების მოსმენა.
– რა ხდება ამ ეტაპზე შენს შემოქმედებაში? ამ კითხვის პასუხი უამრავ ადამიანს აინტერესებს, რადგან ისინი მოუთმენლად ელიან ეკრანზე შენს გამოჩენას. მოდი, დავიწყოთ თეატრით, რომელიც შენი განუყოფელი ნაწილია.
– თეატრი ჩემთვის იგივეა, რომ მკითხო, სახლში როგორ ხართო. ყველანი კარგად ვართ, მთავარია – ჯანმრთელად. ვმუშაობთ ყოველდღიურად, ვისვენებთ მხოლოდ ორშაბათ დღეს. პროცესი არ ჩერდება, ვვითარდებით, მივდივართ წინ, გვაქვს ახალ-ახალი პრემიერები, ახალ-ახალი გეგმები, შემოთავაზებები. ეს არის ჩემი ჩვეულებრივი ცხოვრება – მეთერთმეტე წელია, ასე ვცხოვრობ. მარტის ბოლოს ჩემი თეატრის (თავისუფალი თეატრის) დაბადების დღე იყო და პირველი აპრილიდან მე-14 სეზონი დავიწყეთ.
– რაც შეეხება ტელესივრცეს, რა ხდება?
– ამ ეტაპზე პაუზა მაქვს. სატელევიზიო სივრცეში აღარ მიწევს მუშაობა, აღარ მაქვს არც ერთ ტელევიზიასთან კონტრაქტი, მაგრამ, მაქვს ორი-სამი რეალური შემოთავაზება სხვადასხვა ტელევიზიიდან. მადლობა უფალს, როგორც კი სადღაც რაღაც მთავრდება, სამსახურს ვგულისხმობ, ყოველთვის იწყება ახალი. თან, ყოველთვის კონტრაქტის მიხედვით მთავრდება ყველაფერი კარგად და ლამაზად და იწყება ახალი. მეტსაც გეტყვით, ძალიან გამიმართლა და ყოველთვის ვამბობ, რომ ბედნიერი მსახიობი ვარ. მე თვითონ ვარ ძალიან მოწესრიგებული ადამიანი და პროფესიაშიც ძალიან მოწესრიგებულად მიმდის საქმე. აურზაური და ფორიაქი არსად არაფერში არ შემიძლია. მოუწესრიგებელი ცხოვრება ჩემთვის ცოტა უცხოა.
– ძალიან უყვარხარ მაყურებელს. ერთია, როცა ეკრანზე გხედავენ, მაგრამ, როცა ქუჩაში ან თავშეყრის ადგილებში გხვდებიან, ეს სულ სხვაა.
– ვარ მსახიობი, რომელსაც ეკრანზე დიდი დოზით გამოჩენა არ უყვარს. გადაცემაში, სადაც მიწვევენ ხშირად არ მივდივარ. ბოდიში ყველა წამყვანს და ყველა პროდიუსერს დიდი მადლობა მიწვევისთვის. ჩემი პირადი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ საუბარი არ მიყვარს. მართალია, ჩაკეტილი ადამიანი არ ვარ, მაგრამ არც ბევრი ლაპარაკი მჩვევია, ყველაფერი მიყვარს ზომიერი. მით უმეტეს, მაყურებელთან და სატელევიზიო სივრცეში, ზომიერება არ უნდა დაკარგო. ასევე ვარ პრესასთან ურთიერთობაშიც. თუ ვინმეს ვთანხმდები, ერთ-ერთი ხარ შენ, რადგან, წერ იმას, რასაც ვამბობ და საკუთარ ფანტაზიას არ იშველიებ.
– მადლობა ასეთი სიტყვებისთვის, ეს ნამდვილად სასიამოვნო მოსასმენია.
– მაყურებლის სიყვარულს რაც შეეხება, მათ ძალიან კარგად ახსოვთ „შუა ქალაქი,” რომელიც 2007 წელს დაიწყო. სწორედ 7 წლის წინ გამიცნო მაყურებელმა. „შუა ქალაქის” შემდეგ იყო „ალუბლების ქუჩა,” იუმორისტული ჩანახატები „რუსთავი 2-ზე” და ერთი სეზონი სერიალისა „ნათია და ნათია.” სიმართლე გითხრა, საკმაოდ „დანაყრებული” ვარ სიტუაციური კომედიის თამაშით, ხალხიც შესაბამისად მიცნობს და ვუყვარვარ. მადლობა ყველას.
– ხარ მსახიობი, რომელსაც, როგორც თვითონ აღნიშნე, ხშირად უმართლებს. როგორ ფიქრობ, თამუნა ნიკოლაძე სხვა ქვეყანაში რომ დაბადებულიყო, უფრო მეტად გამოიყენებდნენ მის ნიჭს რეჟისორები?
– საკუთარი თავის ნიჭიერებაზე მე ვერ ვილაპარაკებ, ეს სხვამ თქვას, მაგრამ, მე ვამბობ, რომ, თუ მსახიობს გაქვს ნიჭი, იღბალი, ღვთის წყალობა და გამართლება, სადაც არ უნდა იყო, ნებისმიერ ქვეყანაში მოიკიდებ ფეხს და დაფუძნდები. საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვედრა მართლა ძალიან აუცილებელი ყოფილა. წლების წინ მართლა ძალიან საჭირო და, ზუსტ დროს, როცა კეთდებოდა ერთადერთი საუკეთესო სიტუაციური სერიალი, სიტკომი („შუა ქალაქში”), მივედი ქასთინგზე და გამიმართლა. ეს ჩემს ცხოვრებაში პირველი და უკანასკნელი ქასთინგი იყო. რაც შეეხება თეატრს, თბილისის თითქმის ყველა თეატრის სცენაზე მაქვს თითო როლი შესრულებული. სხვა ქვეყანაშიც, ჩემი იღბლითა და ჩემი ბედით, ალბათ, გამიმართლებდა.
– მატერიალურადაც უფრო დაფასებული იქნებოდი.
– ალბათ კი, მაგრამ, არა უშავს, აქ რაც მაქვს, იმისიც კმაყოფილი ვარ. ზოგს ესეც არ აქვს.
– ყოველთვის კარგ განწყობაზე ხარ და ყოველთვის დადებით ენერგიას გასცემ. გულწრფელად მაინტერესებს, როგორია გაბრაზებული თამუნა ნიკოლაძე?
– ძალიან ცუდი.
– ფიცხი ხარ?
– ძალიან უნდა ეცადოს ვიღაც ჩემს გაბრაზებას.
– გამოსვლია ვინმეს?
– კი, სამწუხაროდ, ჩემი გაბრაზება არაერთხელ გამოსვლიათ, მაგრამ, ერთი საკმაოდ კარგი თვისება მაქვს – ძალიან ადვილად შემიძლია შერიგება, დათმობა, პატიება და მიტევება. ადრე არ მქონდა მიტევების ამხელა უნარი, მაგრამ. რაც წლები მომემატა და ჭკუაში ჩავვარდი, ესეც შევძელი.
– ეს ძალიან კარგი თვისებაა, რადგან როცა ადამიანს გულში ბოღმა და უარყოფითი ემოციები არ აქვს, მას ასაკიც არ ეტყობა.
– ცოტა ამბიციურად უნდა ვთქვა, მაგრამ, შემომხედე; ჩემს ასაკს არ ვიტყვი, მაგრამ, მგონი არ მეტყობა.
– რა არის ამის საიდუმლო?
– რომ გითხრა, ასაკისა და გარეგნობის შესანარჩუნებლად სასწაულებს ვაკეთებ-მეთქი, არა. ჩვეულებრივად ვცხოვრობ, ვიკვებები ჩვეულებრივად და ასე შემდეგ. სხვათა შორის, დილაობით ვვარჯიშობ. რაც არ უნდა მეჩქარებოდეს, 15-20 წუთი მაინც ვახერხებ ვარჯიშს. თუ კარგი ამინდია – აივანზე, ხოლო ზამთარში – ჩემს ოთახში ან აბაზანაში. ახლა უკვე კარგი ამინდებია და აივანზე გავალ ან ეზოში ვირბენ.
– წარმოიდგინე, საქართველოში პაპარაცები რომ იყვნენ, რამდენ ფოტოს გადაგიღებდნენ აივანზე ვარჯიშის დროს.
– სხვათა შორის, დედაჩემს ხშირად უთქვამს, შემოდი სირცხვილიაო.
– შენ ისეთი საყვარელი ხარ, ვარჯიშის დროსაც კარგი სანახავი იქნები.
– არავის არ ჯერა, რომ ვვარჯიშობ. მაინცდამაინც კუნთები უნდა მქონდეს?!
– რაც შეეხება გეგმებს?
– თეატრში ახალი სპექტაკლი უნდა დაიდგას, მაგრამ, წინასწარ არ მიყვარს ამაზე ლაპარაკი. სატელევიზიო სფეროში მაქვს პაუზა, რასაც მართლა არ განვიცდი. ეს კარგიც არის, რადგან, რაღაც უნდა დაგროვდეს, უნდა მომწიფდეს და ახალი სათქმელი გაგიჩნდეს. პაუზასაც თავისი პლუსი აქვს. სიმართლე გითხრა, ამ ეტაპზე არც მინდა მონაწილეობა მივიღო სიტუაციურ კომედიაში. სიამოვნებით ვითამაშებდი დეტექტიურ ან სერიოზულ ცხოვრებისეულ სერიალში. თუ იქნება, სიამოვნებით მივალ ქასთინგზე. ძალიან ბევრი და კარგი იყო ჩემს ცხოვრებაში – ასე ვთქვათ, „გასაცინარი” სერიალები. „გაგვაცინე, თამუნა” – აღარ მინდა (იცინის)...