როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
თომაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თომა, რომელიც ძველებრაული სიტყვაა და „ტყუპისცალს” ნიშნავს. აქედანაა ნაწარმოები გვარები თომაძე და თომაშვილი.
შიო მღვიმელის სიგელში წერია: „სახლი დაშლილი იყო. აღარ იყო და შენ, ზოსიმეს გამზრდელსა იესეს, ერთნი ნაშვილებნი, სახლნი და ერთნი მამულნი ეკლესიის ქუე დაუხსენით და მისად სანაცვლოდ თომაურნი სახლნი მოგცენით“.
თომაძეები ასურეთში ამბროლაურის რაიონის სოფელ გორიდან 1941 წელს ჩამოსახლებულან.
საქართველოში 400 თომაძე ცხოვრობს: თბილისში – 166, ამბროლაურში – 96, რუსთავში – 10. არიან სხვაგანაც.
სულაძე
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი სულა.
„ტბეთის სულთა მატიანეში“, რომელიც ერთ-ერთი ადრეული ქართული ძეგლია, მოიხსენიება იოანე ბატონიშვილის შვილი – სულა.
სულა სამცხის ერისთავთ-ერისთავის, ხურსიძეების საგვარეულო სახელი იყო, ხურსი კი – ჩორჩანელების. ჩორჩანელები მეშვიდე-მერვე საუკუნეებში სამცხის წარჩინებული საგვარეულო იყო. გვარის სახელწოდება წარმოდგა ჩორჩანელების სამფლობელო ციხე ჩორჩანიდან. გიორგი ჩორჩანელი, გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი, ადრე გარდაიცვალა, მის სამფლობელოს დაეუფლა მისი დისშვილი – სულა, რომელიც გახდა ჩორჩანელების ახალი საგვარეულოს ფუძემდებელი. გაჩნდა სამი გვარი: ბეშქენიდან – ჯაყელი, ლაკლაკიდან – ლაკლაკიძე, ხოლო ხურსიდან – ხურსიძე. საგვარეულო მონასტერი გახდა ზარზმა. იქ კი ცნობილნი არიან: სულა ივანეს ძე, ივანე სულას ძე, სულა მირიანის ძე, ფარსმან თმოგველი-სულაძე.
ჩორჩანელებიდან განშტოებული ერისთავთერისთავი-ხურსიძეებიდან – სულა ხურსიძიდან იღებს სათავეს გვარი სულაძე.
საქართველოში 1 275 სულაძე ცხოვრობს: თბილისში – 816, ქუთაისში – 222, რუსთავში – 53. არიან სხვაგანაც.
პეტრიაშვილი
პეტრიაშვილები არიან კახეთის სამეფო აზნაურები. შეტანილნი არიან 1850 წლის 6 დეკემბრის რუსეთის მთავრობის მიერ შედგენილ „ხავერდის წიგნში”. პეტრიაშვილები, როგორც აზნაურები, შეტანილნი არიან, ასევე, 1783 წლის 24 ივნისს შედგენილ გეორგიევსკის ტრაქტატში.
ილია მაისურაძემ ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდა: „პეტრიაშვილი – გოგაშენი, ახალქალაქის რაიონი.”
ამავე ძირისაა გვარი პეტრიაძე.
პეტრედანაა ნაწარმოები პერტია, პერტენავა.
პეტრიაშვილები არიან, ასევე, თავადი ავალიშვილებიდან მომდინარე საგვარეულო. თვით ავალიშვილები კი ციციშვილებიდანაა წარმოშობილი.
თავადი ანდრონიკაშვილებიდან რამდენიმე გვარია წარმომდგარი, მათ შორისაა ერასტიშვილი, რომლიდანაც გაჩენილა დავითისშვილი, ხოლო მისგან – პეტრესშვილი.
მეთერთმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში, ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით, პეტრესშვილი მამულა იხსენიება კარალეთში 1700 წელს.
პეტრიაშვილი ბიძინა და გიორგი მოიხსენიებიან მეჩვიდმეტე საუკუნის დამდეგს, კლდისწყაროში.
პეტრიაშვილ პეტრეს, მოურავს, ერეკლე მეფემ უბოძა ჭალაანში დასახლება და ალავერდის წმიდა გიორგისთვის შეწირული ათი კომლი კაცის მოურავობა, 1699 წელს.
პეტრიაშვილები ცხოვრობენ რაჭაშიც, სადაც მოგვიანებით გადავიდნენ. ბევრი იმასაც ფიქრობს, რომ ეს გვარი რაჭიდან მოდის.
საქართველოში 3 353 პეტრიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 1 587, გურჯაანში – 186, რუსთავში – 178. არიან სხვაგანაც.
ლუკაშვილი
გვარის ფუძეა სახელი ლუკა, რაც მანათობელს ნიშნავს. ლათინურად კი ლუკა იგივეა, რაც მზის ამოსვლისას დაბადებული. ის წმიდანის სახელია.
ლუკაშვილი შიო გიორგის ძე მოიხსენიება სოფელ ღოლოვანას, 1843 წელს. 1886 წლის აღწერით, ამავე სოფელში მოიხსენიება გიორგი ლუკაშვილი და ვანო ლუკაშვილი.
საქართველოში 182 ლუკაშვილი ცხოვრობს: გორში – 70, თბილისში – 56, საგარეჯოში – 32. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით