კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისმა ტყუილმა დაპირებებმა დაუნგრია თენგიზ ჩანტლაძეს ცხოვრება

80-იან წლებში თბილისში, ერთ პატარა, ძველ უბანში, პლეხანოვზე იყო მინიატურების თეატრი, თეატრის წინ გამოკრული ფერად-ფერადი აფიშები, საღამოს სპექტაკლის დაწყებამდე გრძელი რიგი, თბილისელები მოუთმენლად ელოდნენ მის გამოჩენას. ეს გახლდათ თენგიზ ჩანტლაძე.

თენგიზ ჩანტლაძე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის  დამთავრების შემდეგ, მუშაობას ფილარმონიის ესტრადაზე იწყებს კონფერანსიედ. 1960 წელს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ხდება. მალე ის ფილარმონიასთან აყალიბებს მინიატურების თეატრს, რომელიც მის სახელს ატარებს. ამ თეატრის დირექტორი, სამხატრო ხელმძღვანელი და წამყვანი მსახიობიც თავად არის. 1975 წელს, თავისივე ინიციატივით, თეატრი ფილარმონიას აღარ ექვემდებარება და ხდება მინიატურების სახელმწიფო თეატრი. როგორია თენგიზ ჩანტლაძის მიერ განვლილი ცხოვრების გზა და როგორ იქცა თეატრი მის ბედისწერად, ამას მისი სცენიური პარტნიორისა და მეუღლისგან, ზაირა ჩანტლაძისგან გაიგებთ.  

ნაპოვნი ბედნიერება, დაწუნებული სიგარეტი და წითელი პომადა                                                

თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სოხუმის თეატრში გამანაწილეს. დედა წამომყვა. სულ ორი კვირა გავჩერდით, ფული გაგვითავდა და უკან დავბრუნდით. თან, სიტუაციაც არ მომეწონა. ჩემი თანაკურსელი მეგობრები თენგიზს პირადად იცნობდნენ, მე – მხოლოდ ტელევიზორში ვუყურებდი, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია. უბრალოდ, მიმაჩნდა, რომ ნიჭიერი ადამიანი იყო. ერთი ჯგუფელი მყავდა, ოსი გოგონა – ფატიმა კაჩმაზოვა. ის შეხვედრია შემთხვევით და თენგიზს მისთვის უთქვამს: ვინმე თუ არის თქვენი კურსდამთავრებული ისეთი, რომელიც არ მუშაობს, მინდა, პროფესიონალი მსახიობები შევკრიბო და ჩემი ჯგუფი გავაკეთოო. უკვე დაწერილი მაქვს პროგრამა, ნოდარიც (ნოდარ ჩხეიძე, თემურ ჩხეიძის მამა) დაგვეხმარებაო. ტელეჟურნალისტი ნანა ჯაფარიძე ჩვენი ჯგუფელი იყო, ჭავჭავაძეზე ცხოვრობდა და მასთან უნდა შევკრებილიყავით. მოკლედ, შევიკრიბეთ. ეს იყო 1962 წლის 5 მარტი. თენგიზმა პროგრამა ისე წაიკითხა, ფაქტობრივად, ყველა როლი თვითონ ითამაშა, დადგმა აღარ სჭირდებოდა. მერე ვისადილეთ. მაშინ მოდაში „ბლუზი“ იყო და ვიცეკვეთ.  მეორე დღის გეგმები დავსახეთ, რომ ისევ უნდა შევხვედრილიყავით და რეპეტიცია გაგვევლო. საღამო ხანს დავიშალეთ. იმ დროს ვერაფერს ვიფიქრებდი, მაინცდამაინც არ მიმიქცევია ყურადღება მისთვის. მხოლოდ მისი ცხვირსახოცი შევამჩნიე, რომელსაც პატარა კვატები ეხატა. გარეთ რომ გამოვედით, მივიხედ-მოვიხედე და მე და თენგიზი დავრჩით მარტო, ყველა გაიფანტა. პლეხანოვზე, შეროზიას ქუჩაზე ვცხოვრობდი. ლაპარაკ-ლაპარაკში ვაკიდან ფეხით წამოვედით. ჩემს სახლთან რომ მოვედით და უკვე უნდა დავმშვიდობებოდით ერთმანეთს, გაჩერდა და მეუბნება: დღეიდან პომადას არ წაისვამ და სიგარეტს არ მოწევო (ხანდახან ვეწეოდი). ძალიან მიხდებოდა პომადა და ვერ მივხვდი, რატომ არ უნდა წამესვა. მერე, წლები რომ გავიდა, აქეთ მეხვეწებოდა, წაისვიო. სიგარეტი კი, თვითონ რომ არასდროს მოუწევია, არ უნდოდა, მე მომეწია. 7 წლის ყოფილა, რომ გაუსინჯავს, მამას გაუროზგავს და ამიტომ ვერ იტანდა. მთხოვა, ხვალ ცირკში წავიდეთო,  მეორე დღეს ცირკში წავედით, მესამე დღეს – მუსიკალური კომედიის თეატრში და ასე მოვიარეთ კინო და თეატრები. მიუხედავად იმისა, რომ შეძლებული მამა ჰყავდა, ოჯახში არავინ ანებივრებდა. ცდილობდა, დამოუკიდებლად გაეკვლია გზა. ამიტომ, ბევრის საშუალებაც არ ჰქონდა. შემდეგ დაიწყო რეპეტიციები, დავაწყვეთ პროგრამა და მოვიარეთ თითქმის მთელი საქართველო. თენგიზი ჩვენთან მოდიოდა სახლში, მე მასთან მივდიოდი. არ უყვარდა ზედმეტად აქეთ-იქით სიარული. მომკიდებდა ხელს და თავისთან, სახლში წამიყვანდა. ასე რომ, მის ოჯახს შეუღლებამდეც ვიცნობდი. ყველაფერი თავისით აეწყო. ეჭვი არასდროს შემპარვია, რომ ჩვენ ერთად ვიქნებოდით. მოვაწერეთ ხელი და მის მშობლებთან ერთად  ვცხოვრობდით. სხვათა შორის, აი, პირველად რომ ვიცეკვეთ, ცეკვის დროს, თურმე მასთან ახლოს მივსულვარ და ფეხით შევხებივარ, მაგრამ მე ეს არ მახსოვს და მერე ხუმრობით მეუბნებოდა – შენ იაქტიურეო. დავდიოდით ქალაქგარეთ, ვწვალობდით. მეც და თენგოსაც თითო გამოსვლაში რვა მანეთი გვხვდებოდა. გასტროლებიდან რომ ჩამოვდიოდით, ახალი პროგრამა უნდა დაეწერა, მერე რეგიონებში დაიგეგმებოდა გასვლები. მაშინ ვიღებდით კიდევ ჰონორარს, თორემ, მეტი ჩვენ არაფერი გვქონდა.  

ხუმრობაში დაკარგული სცენა    

მშობლებს ძალიან უნდოდათ, ექიმი გამოსულიყო, იმ დროს სამედიცინო ინსტიტუტი თბილისში ყველაზე პრესტიჟულად ითვლებოდა, მაგრამ  თვითონ არ მოინდომა. იმ პერიოდში, ასევე, ძალიან პოპულარული სასწავლებელი იყო „გეპეი“ და გეოლოგიურ ფაკულტეტზე შეიტანა საბუთები. „გეპეის“ თავისი ცნობილი, პროფესიული დონის ორკესტრი ჰყავდა, საიდანაც მომღერლების დიდი ნაკადი წამოვიდა. სახელმწიფო ფილარმონიის დირექტორმა, დორიან კიტიამ, თენგიზი თვითშემოქმედებით ჯგუფში კონფერანსიედ აიყვანა, მაგრამ, გარდა კონფერანსიობისა, მღეროდა და პაროდიებსაც აკეთებდა. ასე დაამთავრა ინსტიტუტი, მაგრამ არც ერთი წუთი არ უფიქრია, რომ გეოლოგად ემუშავა. რაღაც პერიოდი პევზნერთანაც მუშაობდა, მარჯანიშვილის თეატრშიც იყო. მთავარი როლები არ უთამაშია, თუმცა, საინტერესო ეპიზოდური როლები შექმნა. მერე პატარა ინციდენტი მოხდა. თენგიზი ბუნებით მხიარული კაცი იყო, რეპეტიციების დროს სულ რაღაცაზე ხუმრობდა, იცინოდა.  ამაზე შენიშვნა მისცეს. თენგიზი შენიშვნების ამტანი კაცი არ იყო და წამოვიდა. რადგან უკვე გარკვეული ურთიერთობები აკავშირებდა ფილარმონიასთან, იქ დაბრუნდა.

დამსხვრეული ოცნება  

იმდენად წავიდა თეატრი წინ და რაოდენობრივადაც გაიზარდა, გადავწყვიტეთ, საკუთარი თეატრი გვქონოდა. 1975 წელს სახელმწიფო თეატრის სტატუსი მოგვანიჭეს, მაგრამ იმ შენობაში, სადაც ჩვენ ვიყავით, სხვებიც იყვნენ. რიგში ვიდექით ხოლმე, რომ რეპეტიცია ჩაგვეტარებინა. ბოლოს ისე მოხდა, ჩვენ დავრჩით. ძალიან პატარა სცენა იყო. მერე, დეკორაციები დაგვჭირდა, საგრიმიოროები და პატარა მიშენება გავაკეთეთ. იმ შენობაში 1986 წლამდე ვიყავით (ორი წლის შემდეგ თენგიზი გარდაიცვალა) ჩამოყალიბდა აზრი – ჩვენთვის ცალკე თეატრი აშენებულიყო. ჯანო კახიძემ დაიბარა თენგიზი. ის რეჟისორიც, ვისზეც ახლა ვისაუბრებ, იქ იყო. სადაც დღეს კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრია, ადრე კინო „ამირანი“ იყო. ჯანომ თენგიზს შესთავაზა – შენ მაინც ახალს აგიშენებენ და ეს უნდა დავანგრიოთო. ცენტრის რეკონსტრუქცია მიდიოდა და, ვითომ, ჩვენი შენობა, სადაც ვიყავით, ამ  სივრცეს უნდა მიმატებოდა. მერე არც ერთი სანტიმეტრი არ გამოუყენებია კახიძეს, აღარ დასჭირდათ, მხოლოდ ერთხელ გააღეს კარი. მოკლედ, დიდი მოლაპარაკებები მიდიოდა. მერე იმ რეჟისორმა უთხრა, რად გინდა, რომ აგიშენონ, მე უფრო მჭირდება, ამიტომ, მოდი, შენ მუსკომედიაში გადმოდი, მე მანამდე პროფკავშირების სახლში ვიქნები, სანამ ააშენებენო. არ ვიცი, რა ინტერესი ჰქონდა. მთელი ვიდეომასალა მაქვს, ნაბიჯებით რომ ზომავს თენგიზი.  პროექტიც გაკეთებული იყო კულტურის სამინისტროში. რა თქმა უნდა, იმას გააქრობდნენ. თენგოს ვუთხარი, არ გინდა, არ დათანხმდე-მეთქი. იმ დღეს არ მივედი თეატრში, ყველა იქ იყო. ჩაწერილია კიდეც ჩვენი თანამშრომლების ინტერვიუ. აინტერესებდა თენგიზს, სხვები რა აზრის იყვნენ მუსკომედიაში გადასვლაზე. თეატრში დღის მეორე ნახევარში მივედი. გაბრაზდა, რატომ არ მოხვედიო. მაინც გადავედით. თეატრის მოთხოვნები თანდათან იზრდებოდა, სპექტაკლებიც სულ ანშლაგით მიდიოდა. მუსკომედიაში რომ გადავედით, ათას ორასი ადგილი იყო, მაგრამ იქაც იგივე სიტუაცია შეიქმნა. სამჯერ მეტად დიდი დარბაზი იყო და მაინც ვერ ეტეოდა მაყურებელი. ერთი სეზონი ვიმუშავეთ და მერე  გასტროლებზე წავედით. იქიდან რომ ჩამოვედით, თენგიზს პარტერი  ახდილი დახვდა. ჩვენ ის შენობა ბალანსიდან ბალანსზე გადმოგვეცა მინისტრის, ვალერი ასათიანის რეზოლუციით. ესენი უფროსი თაობა იყო და, რაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენ, თავის ჭკუაზე ატარებდნენ. ცხადია, ის საბუთები გაანადგურეს. შეხვდნენ ვალერი ასათიანის კაბინეტში, თენგიზი და ის რეჟისორი შელაპარაკდნენ. თენგიზმა ჰკითხა რეჟისორს: ეს რა გააკეთეთ, რა ვქნა ახლა, ისღა დამრჩენია, თავი     მოვიკლაო. ფანჯარა ღიაა და თუ გინდა გადავარდიო. 

სააღდგომო ბატკანივით... 

 7 სექტემბერს თენგიზი სამსახურში იჯდა. დილით ქალაქიდან უნდა გავსულიყავით – ქობულეთში მივდიოდით. გამთენიისას ცუდად გახდა. სასწრაფო გვყავდა. სასწრაფო რომ წავიდა, ლოგინიდან წამოდგა, არ დაწვა, პიჟამათი გამოვიდა ლოჯში. კარგად ვარო, – ამბობდა. 12 საათისთვის მაინც წავიდა თეატრში, მე დედასთან წავედი.  ჩვენს მეზობლად ოჯახის ახლობელი ქალი გარდაიცვალა და იქ ვიყავი. ამ დროს თენგიზი თურმე უკვე გარდაცვლილია, მაგრამ ტელეფონით ვერ დამიკავშირდნენ, დედაჩემს იმ დღეს ტელეფონი გაუფუჭდა. თეატრის თანამშრომელი ქალი ეზოში შემოვიდა და კითხულობს, ქალბატონი ზაირა სად ცხოვრობსო. მის ხმაზე გამოვედი, – მანანა, აქ რა გინდა-მეთქი. გაფითრებული მიყურებდა. ბატონი თენგიზი შეუძლოდ არის და იქნებ, წამოხვიდეთო. თურმე მთელი ამბებია, ქუჩა გადაკეტილია, ყველამ ყველაფერი იცის ჩემ გარდა… შეურაცხყოფილი იყო, ასე რომ გაწირეს სააღდგომო ბატკანივით. მოატყუეს და ეს ვერ გადაიტანა. 

 

скачать dle 11.3