ყავა ააქტიურებს გულის მუშაობას, ნივთიერებათა ცვლას და დადებითად მოქმედებს ფილტვების მუშაობაზე
ყავა ააქტიურებს გულის მუშაობას, ნივთიერებათა ცვლას და დადებითად მოქმედებს ფილტვების მუშაობაზე
ნედლი ყავის მარცვალი ცხიმებს, ცილებს, წყალს, მინერალურ მარილებსა და დაახლოებით ორი ათას სხვა ნივთიერებას შეიცავს. მოხალვის შემდეგ მარცვალი წყლის დიდ ნაწილს კარგავს, მისი შემადგენლობა კი, მოხალვის ხარისხისა და ხანგრძლივობის მიხედვით იცვლება. ყავის მარცვალი მზა სახით შეიცავს 12 პროცენტ ცხიმს, რომელიც ყავის ნალექში მთლიანად რჩება, 25 პროცენტ საქაროზას, ფრუქტოზასა და გალაქტოზას, 8 პროცენტ სხვადასხვა ორგანულ მჟავას. ყავას არომატს ეთეროვანი ზეთი აძლევს, ანუ მასში შემავალი ტერპენები, რომლებსაც ანტისეპტიკური და ანტიმიკრობული მოქმედებაც აქვს. ქლოროგენის მჟავა ყავას მწკლარტე გემოს აძლევს, თუმცა მოხალვის დროს მჟავის დაახლოებით სამოცდაათი პროცენტი იკარგება. გარდა ამისა, მჟავა აზოტის ცვლას ასტიმულირებს და ცილის მოლეკულის წარმოქმნას უწყობს ხელს. რაც შეეხება ყავის მწარე გემოს, ეს დაკავშირებულია არა კოფეინთან, არამედ ტანინებთან. ამ რთული ორგანული ნივთიერების გასანეიტრალებლად ყავაში რძეს ან ნაღებს ამატებენ.
კოფეინი იწვევს აგზნებას, რომელიც ნელ-ნელა მატულობს და სამ საათს გრძელდება, ორგანიზმში არ გროვდება და ყავის მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გამოიყოფა.
რაც მეტ ყავას სვამს ადამიანი, მით უფრო იშვიათად ფიქრობს თვითმკვლელობაზე – ეს გამოკვლევებმაც აჩვენა. როგორც ჩანს, კოფეინი ტვინის იმ ნაწილებს ასტიმულირებს, რომლებიც ოპტიმალურ განწყობას წარმოქმნის. კოფეინის ძალიან დიდი დოზით მიღება იწვევს ტოქსიკოზს, ადამიანისთვის საშიში დოზა კი მისი ასი გრამია, რაც დღეში ას ფინჯან ყავას უდრის.
ყავა ააქტიურებს გულის მუშაობას და ნივთიერებათა ცვლას, დადებითად მოქმედებს ფილტვების მუშაობაზე, აუმჯობესებს სისხლით მომარაგებას; შეიცავს PP ვიტამინსა და მინერალურ ნივთიერებებს; ასტიმულირებს თირკმელების მუშაობას, აჩერებს სისხლდენას, ზრდის ამტანობას, აფხიზლებს გონებას, აუმჯობესებს მეხსიერებასა და კონცენტრაციას, კურნავს გაციებას საწყის ეტაპზე.
ქალები, რომლებიც ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს იღებენ, ყავას უნდა მოერიდონ, რადგან კოფეინი სისხლში სამჯერ უფრო დიდხანს რჩება და გაღიზიანებასა და თავის ტკივილს იწვევს. კრიტიკულ დღეებში კი უმჯობესია, დღეში ერთი ფინჯანი ყავა დალიოთ. ვისაც უძილობა აწუხებს, მან ყავა საერთოდ უნდა ამოიღოს რაციონიდან.
ყავისა და ალკოჰოლის ერთად მიღება არ შეიძლება, რადგან ამ დროს სასმელი ძალიან მალე და ძლიერად მოგეკიდებათ.
უზმოზე ყავის მირთმევა კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას იწვევს, რასაც, შეიძლება, გასტრიტის, წყლულისა და საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადების პროვოცირება მოჰყვეს.
მოერიდეთ ყავასთან ერთად სიგარეტის მოწევას. რადგან, დადგინდა, რომ ქოლესტერინის დონე ორგანიზმში ყავისა და სიგარეტის ურთიერთმოქმედების შედეგად გაცილებით იმატებს.
ისპანახი დიეტური და სამკურნალო პროდუქტია
ისპანახი ბევრ მნიშვნელოვან, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას შეიცავს. კერძოდ: ცილას, კაროტინს, B, D, E და K ვიტამინებს, ნახშირწყლებს, მინერალურ ნივთიერებებს, კალიუმს, კალციუმს, რკინასა და იოდს. ასეთი შემადგენლობის გამო ის დიეტურ საკვებად გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა სისხლის პათოლოგია და ტუბერკულოზი. რკინის შემცველობის გამო, ისპანახი კარგია ანემიის დროს. საპონინების მოქმედებით ძლიერდება პერისტალტიკა და საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეცია, კარგად მოქმედებს ყაბზობისა და მეტეორიზმის დროს. გარდა ამისა, ის რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტისა და ჰიპერტონიის სამკურნალოდ.
ისპანახს აქვს ანტირაქიტული ზემოქმედება. ის დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. გამოიყენება პარადონტოზის საწინააღმდეგოდაც.
ისპანახი არ შეიძლება მათთვის, ვინც დაავადებულია ნიკრისის ქარით, ღვიძლისა და თირკმლის პათოლოგიით.
ვის ემუქრება ინსულტი და როგორ ავიცილოთ ის თავიდან
ინსულტი, ანუ ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ძალიან საშიში დაავადებაა. ის მოულოდნელად და სწრაფად ვითარდება. ჟანგბადის გარეშე დარჩენილი ტვინის უჯრედები უმოკლეს დროში იღუპება, ამიტომ პაციენტი კარგავს კოორდინაციას, მეტყველების უნარსა და მეხსიერებას. იმისთვის, რომ გაიგოთ, გაქვთ თუ არა მიდრეკილება ამ საშიში დაავადების მიმართ, რამდენიმე მომენტზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება. ყველაზე მთავარი კი ამ დროს არტერიული წნევაა. თუ ზედა ზღვარი 150-ს აჭარბებს, ქვედა კი 120-ს აღწევს, ეს უკვე სერიოზული რისკის ფაქტორია. ჰიპერტენზიის ფონზე მცირედი ფიზიკური დატვირთვა ან ძლიერი ემოციური განცდაც კი სერიოზულ თანმდევ გართულებებს იწვევს.
შაქრიანი დიაბეტი და სისხლში ქოლესტერინის მომატებაც რისკის ფაქტორებია, სიგარეტი კი ზრდის ინსულტის განვითარების რისკს. აქ გასათვალისწინებელია მემკვიდრეობითი ფაქტორიც. ზოგჯერ ინსულტის გამომწვევი მიზეზი კისრის ოსტეოქონდროზი ხდება. ამ დროს ფირფიტის ბირთვი სისხლძარღვებსა და ნერვულ დაბოლოებებს აწვება, იწვევს სისხლის მიმოქცევის დარღვევას და შედეგად ფერხდება ტვინის უჯრედების ჟანგბადით მომარაგება.
მოსალოდნელი დაავადების პირველი სიმპტომია პერიოდულად დაწყებული ძლიერი, უმიზეზო თავის ტკივილი და თავბრუხვევა. შესაძლოა, იგრძნოთ სახის ერთი ნაწილის, ხელის, ენის ან ტუჩის დაბუჟება, თვალების ტკივილი, მხედველობის დაქვეითება, წონასწორობის დაკარგვა და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ადამიანები მსგავს ჩივილებს არ აქცევენ სათანადო ყურადღებას და ტკივილს აბებით ახშობენ. წამლები ხსნის სისხლძარღვების სპაზმს, მაგრამ პათოლოგიური პროცესი რჩება და ავადმყოფობა პროგრესირდება.
ინსულტის მკურნალობა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. აუცილებელია პროფილაქტიკა.
თუ თავის ტკივილს უმიზეზოდ უჩივით, არტერიული წნევაც ხშირად თამაშობს, აუცილებლად მიაკითხეთ შესაბამის სპეციალისტს და თავიდან აიცილეთ ინსულტის საფრთხე.
რომელი საკვები გვიცავს კიბოსგან
კვლევის შედეგად გამოიკვეთა იმ პროდუქტების სასარგებლო და აუცილებელი მნიშვნელობა, რომლებიც ადამიანმა რეგულარულად უნდა მიიღოს, რათა მთელი რიგი დაავადებები აიცილოს თავიდან და ჯანმრთელობა და სიმხნევე დიდხანს შეინარჩუნოს.
ისპანახი მდიდარია რკინითა და ბევრი სასარგებლო ნაერთით. ის ამაგრებს ნერვულ სისტემასა და სისხლძარღვებს, ხელს უშლის თვალის ბადურის დაშრევებას. ასევე, ის დაბალკალორიულია.
ნიორი იცავს გულს, დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის სიმსუქნეს. თუმცა, მისი ჭამა ეკრძალებათ მათ, ვისაც კუჭის დაავადებები აწუხებთ, რადგან ის აღიზიანებს ლორწოვან გარსს.
პომიდორი მდიდარია ანტიოქსიდანტური ლიკოპენითა და C ვიტამინით. ის ხელს უშლის ფარისებრი ჯირკვლებისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების განვითარებას. კენჭოვანი დაავადებების მქონე ადამიანები პომიდვრის ჭამას უნდა მოერიდონ.
კომბოსტო და სატაცური მდიდარია ბეტა-კაროტინით, ვიტამინებითა და ისეთი ნივთიერებებით, რომლებიც ხელს უშლის კიბოს განვითარებას.
მოცვი აუმჯობესებს მხედველობასა და მეხსიერებას, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოს განვითარების რისკს.
თხილი, ნუში, არაქისი და ნიგოზი შეიცავს ისეთ მჟავას, რომელიც ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. გულისთვის ისინი უებარი საშუალებებია.
თევზი ომეგა 3-ის წყაროა, რომელიც გულს მთელი რიგი დაავადებებისგან იცავს, ხელს უშლის რევმატოიდული ართრიტისა და ონკოლოგიური დაავადებების წარმოქმნას, ხელს უწყობს თავის ტვინის მუშაობას.
მცენარეული ზეთი იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემის კედლებს ათეროსკლეროზის გამომწვევი ქოლესტერინისგან.
მწვანე ჩაი მდიდარია ისეთი ნივთიერებებით, რომლებიც აახლებს სისხლძარღვებს, ხელს უშლის ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნას, აუმჯობესებს გულის მუშაობას, ხსნის დაღლილობასა და სტრესს.
რომელ საშიშ დაავადებას იწვევს უმოძრაო ცხოვრების წესი
ოსტეოქონდროზი, ემუქრება იმ ადამიანებს, ვინც უფრო მეტხანს ზის, ვიდრე მოძრაობს. ზურგთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ მათაც, ვისაც მძიმე ფიზიკური სამუშაო აქვთ. ოსტეოქონდროზის განვითარების ალბათობა დიდია ორსულობის პერიოდშიც. მნიშვნელოვანია მემკვიდრეობითი ფაქტორიც. ანუ, თუ თქვენს წინაპრებს ჰქონდათ ოსტეოქონდროზი, ხერხემალს გაცილებით მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ.
არსებობს ადამიანების განსაკუთრებული კატეგორია, რომელთაც ოსტეოქონდროზით დაავადების საკმაოდ დიდი შანსი აქვთ. ერთ-ერთ ასეთ კატეგორიას განეკუთვნებიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მოყვარული ქალები. მაღალქუსლიან ფეხსაცმელში ფეხი უფრო გრძელი და ლამაზი ჩანს. ამიტომაც, ქალბატონები ხშირად წვრილქუსლიან ფეხსაცმელს ატარებენ მთელი დღის განმავლობაში. ამ დროს მთელი დატვირთვა ტერფის წინა ნაწილზე გადადის და ქალი თითქოს თითის წვერებზე დადის, რაც განივი მყესების გადაძაბვასა და გამკვრივებას იწვევს.
ოსტეოქონდროზი ხშირად უვითარდებათ ნევრასთენიულ ქალებს. ზოგჯერ ასეთი პაციენტები აღნიშნავენ, რომ, როგორც კი რამეზე ინერვიულებენ, მაშინვე ეწყებათ ზურგში ტკივილი. მართლაც, სტრესი ამ დაავადების პროვოცირებას იწვევს, განსაკუთრებით კი – კისრის მალების ოსტეოქონდროზის დროს. საქმე ის არის, რომ ხერხემალთან გადის ტვინის მკვებავი სისხლძარღვები. მალთაშუა დისკების წანაცვლებისას ხდება ამ სისხლძარღვებზე ზეწოლა და ფერხდება ტვინის სისხლმომარაგება. ავადმყოფს ეწყება თავის ტკივილი, თავბრუხვევა. შედეგად კი უვითარდება დეპრესია, შიში, ხოლო შემდგომში ყველაფერი ჩაკეტილ წრეზე მოძრაობს: კისრის კუნთების დაჭიმვა იწვევს ტკივილსა და დეპრესიას, ხოლო დეპრესია – უსიამოვნებებს.
ოსტეოქონდროზის პროფილაქტიკა მცირე დროს მოითხოვს, მკურნალობა კი გაცილებით მეტს.
ეცადეთ, არ ასწიოთ მძიმე საგნები მოხრილ მდგომარეობაში, აჯობებს, ჩაიმუხლოთ. ასეთ დროს ძირითადი დატვირთვა მოდის ფეხის კუნთებზე. თუ მძიმე ტვირთს ეზიდებით, არ დაგავიწყდეთ, ხშირად გადაიტანოთ ხელიდან ხელში. ასეთ დროს არ შეიძლება ტანის მკვეთრი ტრიალი.
თუ დიდხანს დგახართ ფეხზე, მაგალითად, ტრანსპორტში, ეცადეთ, დაძაბოთ მუცლისა და კუდუსუნის მიმდებარე კუნთები. ამგვარად, შეამცირებთ ხერხემლის გადატვირთვას. თუ საშუალება იქნება, მიეყრდენით კედელს.
ეცადეთ, ხშირად დაჯდეთ და მიეყრდნოთ საზურგეს. ჯდომისას ფეხები უნდა სწვდებოდეს იატაკს, ან, უმჯობესია, შემოაწყოთ პატარა სკამზე ისე, რომ მუხლები თეძოსთან შედარებით ოდნავ მაღლა გქონდეთ.
იძინეთ მაგარ საწოლზე. საწოლი უნდა იყოს ხის განიერი დაფა, რომელზეც, შეგიძლიათ, დააფინოთ თხელი ლეიბი.
გაუფრთხილდით ხერხემალს, ერიდეთ დაცემასა და დარტყმას.
არ გაცივდეთ, რადგან ზოგჯერ კუნთები გადაციებაზე რეფლექსური სპაზმით რეაგირებს. მათი შეკუმშვა კი მალის წანაცვლებას იწვევს, რაც ტკივილის მიზეზი ხდება. ასეთ შემთხვევაში მოდუნება შეუძლებელია, რადგან ტკივილი აძლიერებს სპაზმს.
მოიშორეთ ზედმეტი წონა. ზედმეტი კილოგრამები ისევე ძლიერად აზიანებს ხერხემალს, როგორც ტრავმა ან ხშირი დატვირთვა.
შეასრულეთ სპეციალური ვარჯიშები. დილით საწოლიდან ადგომისას ცოტა ხნით დაეკიდეთ ძელზე – ეს განტვირთავს ზურგის კუნთებს. დადექით „ოთხზე“, ზურგი კატასავით გამოზნიქეთ, შემდეგ დაწექით იატაკზე და ფეხებით გააკეთეთ „ველოსიპედი“.
დაჯექით სწორად და თავით შემოხაზეთ ციფრები 0-დან 9-მდე და შემდეგ – პირიქით.
ოსტეოქონდროზის დროს სპორტის საუკეთესო სახეობაა ცურვა. ის ავითარებს იმ კუნთებს, რომლებიც საჭიროა ხერხემლის გასამაგრებლად. ასევე, მთლიანად ხსნის დატვირთვას მალთაშუა დისკებზე.