ექიმის რჩევები
კითხვა: რამდენ დღეში უნდა აიცრას ბავშვი ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით? ბავშვს კონტაქტი ჰქონდა სახლის ძაღლთან, რომელიც აცრილია ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით.
პასუხი: თუ ძაღლი ახლო წარსულშია აცრილი (ეს დანამდვილებით უნდა იცოდეთ – საეჭვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, გარისკვა ყოვლად დაუშვებელია) და ჯანმრთელია, აცრა აუცილებელი არ არის. თუმცა, ტეტანუსის პროფილაქტიკა უნდა ჩატარდეს, რისთვისაც აუცილებლად უნდა მიმართოთ ქირურგიულ კაბინეტს.
კითხვა: რამდენიმე თვეა, მაქვს თვალის ქვედა ქუთუთოს კუნთის უნებლიე მოძრაობები. ვარ 52 წლის, გთხოვთ მიპასუხოთ, რა დაავადებაა და რით შეიძლება ამის მკურნალობა?
პასუხი: ეს სიმპტომი არ წარმოადგენს საშიშროებას, თუმცა ხანგრძლივად გაგრძელება იწვევს პიროვნების გაღიზიანებას. ეს მოძრაობა როგორც მოულოდნელად იწყება, ისე მოულოდნელად წყდება ყოველგვარი მკურნალობის გარეშე. თუ სიმპტომი ძალიან შემაწუხებელია, მიმართეთ ნევროლოგს.
კითხვა: როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისაგან ქორეა და წიკი?
პასუხი: ორივეს ახასიათებს უნებლიე მოძრაობები, თუმცა, წიკი უხშირესად მიმიკურ კუნთებს მოიცავს და, ქორეისგან განსხვავებით, შესაძლებელია, ეს უნებლიე მოძრაობები ნებისყოფის დაძაბვით ცოტა ხნით მაინც შევაჩეროთ, ქორეის დროს კი ეს შეუძლებელია. გარდა ამისა, წიკს არ ახლავს სხვა სერიოზული ნევროლოგიური დარღვევები და მაქსიმუმ ერთ წელიწადში თავისით გაივლის.
კითხვა: 20 წლის გოგონასთვის ღამე რამდენი საათი ძილია საკმარისი?
პასუხი: იდეალურია 8 საათი, თუმცა, 7 საათიც არ ავნებს მის ჯანმრთელობას.
კითხვა: ჩემს მეუღლეს აქვს ნორმაზე 5-ჯერ მეტი ანტისხეულები. შემიშლის თუ არა ეს ხელს დაორსულებაში? ვთქვათ, მკურნალობის პროცესში დავორსულდი, არის თუ არა ნაყოფის შენარჩუნების შანსი?
პასუხი: თუ მომატებულია ანტისპერმული ანტისხეულები, ორსულობის დადგომის და, მით უმეტეს, შენარჩუნების შანსები, სანამ ყველაფერი არ მოწესრიგდება, პრაქტიკულად არ არსებობს.
კითხვა: რისი ბრალი შეიძლება იყოს სახის მუდმივად თეთრი ფერი (სიფერმკრთალე)?
პასუხი: ამის ყველაზე ხშირი მიზეზი ანემიაა. გაიკეთეთ სისხლის საერთო ანალიზი და ნახეთ, როგორია ჰემოგლობინი და ფერადობის მაჩვენებელი.
კითხვა: რვა თვეა, რაც ვიმშობიარე და ორი თვის წინ გავიშრე რძე. ახლახან შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ხელის მოჭერის შედეგად, რძის მაგვარი ერთი-ორი წვეთი სითხე გამომდის დღის განმავლობაში. თავისით გამივლის თუ როგორ მოვიქცე?
პასუხი: ლაქტაციის დამთავრებიდან 6-9 თვის განმავლობაში დვრილზე ხელის მოჭერით რძის გამოსვლა ნორმალური მოვლენაა, მაგრამ, თუ ამ პერიოდის შემდგომ ეს სიმპტომი მაინც დარჩა, ეს სარძევე ჯირკვლის დაავადებაზე – მასტოპათიაზე მიუთითებს, ამიტომ, აუცილებელია მამოლოგის კონსულტაცია და სარძევე ჯირკვლის ექოსკოპიური კვლევა.