რატომ ელოდებოდა თორნიკე შენგელია ორი წელი ზაზა ფაჩულიასთან შეხვედრას მოედანზე და რატომ აიღო სამოდელო კარიერაში ტაიმაუტი სალომე ჯუღელმა
გასულ წელს კიდევ ერთი ქართული ლამაზი ოჯახი შეიქმნა. ახლადდაქორწინებულები მართლაც ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი, ბედნიერად ცხოვრობენ და პირველი შვილის გაჩენას ელოდებიან. ჩვენი რესპონდენტები არიან ცნობილი კალათბურთელი თორნიკე შენგელია და წარმატებული მოდელი სალომე ჯუღელი. ისინი საქართველოდან შორს, ამერიკაში ცხოვრობენ. ამ ეტაპზე სალომემ სამოდელო კარიერაში ტაიმაუტი აიღო, თორნიკე კი კვლავ აქტიურად განაგრძობს თამაშს NBA-ში, რაც ყველა კალათბურთელის ოცნებაა.
– თქვენს ოჯახს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და ყველას აინტერესებს, როგორ ცხოვრობთ.
სალომე: ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ და ცხოვრების ერთად დაწყება ნამდვილად არ გაგვჭირვებია. ვართ შეხმატკბილებულები და ვცხოვრობთ ბედნიერად.
– თოკო, გასვლითი თამაშები საკმაოდ ხშირად გაქვს. სალის მარტო დატოვება არ გიჭირს?
თორნიკე: ძალიან ძნელია, თუმცა, ამ ყველაფერს მეორე მხარეც აქვს: როცა უკან ვბრუნდები, ძალიან მიხარია, რადგან სახლში სალი მელოდება. ვცდილობ, ჩემს რეჟიმს შევაგუო, რადგან, წასვლა-წამოსვლა საკმაოდ ხშირად მომიწევს.
– როგორ ემზადებით პირველი შვილის დასახვედრად? მალე მშობლები გახდებით.
სალომე: ისეთი ბედნიერები ვართ, ისე ველოდებით და ისე გვიხარია, რომ ვერც კი გადმოგცემთ. ერთი სული გვაქვს, როდის დაიბადება. მაქსიმალურად ვემზადებით მასთან შესახვედრად და, ვნახოთ, როგორ გამოგვივა. ძალიან გვინდა, კარგი მშობლები ვიყოთ ჩვენი შვილისთვის.
თორნიკე: რაც უფრო ახლოვდება მისი დაბადების დროს, მით უფრო დიდია მისი ნახვის სურვილი.
– რამდენი თვის ხარ?
სალომე: უკვე 6 თვის ვარ. დრო ძალიან სწრაფად გადის.
– სქესი თუ გაიგეთ?
– კი, გავიგეთ.
– ვის ელოდებით?
– ამას ჯერ არ ვიტყვით. სიურპრიზად დავტოვებთ.
– სახელი შეურჩიეთ?
სალომე: რა თქმა უნდა, სახელი უკვე შერჩეული გვაქვს, რომელსაც ჯერ არავის ვეუბნებით.
– სალი, მშობიარობას საქართველოში გეგმავ თუ ამერიკაში?
– გადავწყვიტეთ, რომ აქ ვიმშობიარო.
– თოკო, პატარა გადახვევა მინდა გავაკეთო და სპორტულ თემას შევეხები: ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელზეც თამაშის შემდეგ შენ და ზაზა ფაჩულია ხართ აღბეჭდილი. იმ მომენტში თქვენ ერთმანეთის მოწინააღმდეგეები იყავით. როგორი შეგრძნებაა, როცა ძალიან ახლობელი ადამიანი მოედანზე შენი მოწინააღმდეგეა?
თორნიკე: სხვათა შორის, პირველად დრაფტზე რომ ამიყვანეს, მკითხეს, ვის წინააღმდეგ ელოდები თამაშსო. ლებრონ ჯეიმსთან და კობი ბრაიანტთან თამაშს ყველა ელოდება, მაგრამ, ჩემთვის ყველაზე საინტერესო, ალბათ, ზაზა ფაჩულიას წინააღმდეგ თამაში იქნება, რადგან, სულ ერთად ვთამაშობთ და ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში საკმაოდ უცნაური და საინტერესო გამოვა-მეთქი. ამის მერე, მეორე წელია, ველოდებოდი ზაზასთან შეხვედრას. მართალია, ჩვენი გუნდები რამდენჯერმე მანამდეც შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ, მე არ მომიწია თამაში. მოკლედ, როგორც იქნა, ზაზას შევხვდი მოედანზე, რაც ძალიან კარგი შეგრძნება იყო. მოედანზე ერთმანეთს გავეხუმრეთ კიდეც და თამაშის მერე ჩავეხუტეთ.
– ვისმა გუნდმა მოიგო?
– რა თქმა უნდა ჩვენ მოვუგეთ, ამას რა კითხვა უნდა.
– მოკლედ, ზაზა მოედანზე დაჩაგრე.
– ჰო.
– ზაფხულში თუ გეგმავ ჩამოსვლას ნაკრების თამაშებზე?
– გეგმაში მაქვს, ჩამოვიდე და ნაკრების შემადგენლობაში ვითამაშო. ღმერთის წყალობით, იმედი მაქვს, განვახორციელებ და ვითამაშებ. გასულ წელს ტრავმამ შემიშალა ხელი, წელს კი, ღმერთის წყალობით, იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად ჩაივლის.
– ამ დროს ბავშვი უკვე დაბადებული იქნება?
– მე ყველა ვარიანტში დაველოდები შვილის გაჩენას და მერე წამოვალ.
– ანუ, საქართველოში რომ ჩამოხვალ უკვე მამა იქნები.
– დიახ.
– მშობიარობის დროს სალის გვერდით აპირებ ყოფნას? ანუ, დაესწრები მის დაბადებას?
– როგორ გამომივა, არ ვიცი, მაგრამ, ვაპირებ, სალის მშობიარობას დავესწრო. ყველანაირად შევეცდები, ყველაფერი გადავლახო და შვილის დაბადება ჩემი თვალით ვნახო.
– სალი, როცა წინა ინტერვიუ ჩავწერეთ, მაშინ თქვი, რომ ფეხმძიმობა შენს სამოდელო კარიერაში ხელს არ შეგიშლიდა და სხვადასხვა პროექტში მიიღებდი მონაწილეობას. მუშაობ?
სალომე: არა, ჯერ არ ვმუშაობ, რადგან, რაც აქეთ გადმოვედით, სააგენტოებში არ მივსულვარ. ნიუ-იორკში რომ ვყოფილიყავი, ალბათ, ვიმუშავებდი.
თორნიკე: ეს შეკითხვა ჩემთვის უნდა დაგესვა.
– რა მოხდა, მკაცრმა მეუღლემ გაიღვიძა შენში?
– სალის მენეჯერი მე ვარ და სააგენტოებთანაც მე ვაწარმოებ მოლაპარაკებას (იცინის).
– ასეთი ლამაზი გოგო ცოლად რომ მოგყავდა, აბა, რა გეგონა? თემას შევცვლი: ამ ეტაპზე მარტო ცხოვრობთ თუ ოჯახის რომელიმე წევრია თქვენთან ერთად?
– ამჯერად მარტო ვართ.
– ანუ, თოკო რომ მიდის, მარტო რჩები?
სალომე: კი, მარტო ვრჩები, მაგრამ, თიკა და ზაზა ერთი საათის სავალზე ცხოვრობენ და ხშირად მივდივარ მათთან.
თორნიკე: ისე ახლოს ვცხოვრობთ, რომ ერთმანეთს ხშირ-ხშირად ვნახულობთ. ხან ჩვენ მივდივართ, ხან თიკა და ზაზა მოდიან ჩვენთან.
– სალი, მართალია, ექვსი თვის ფეხმძიმე ხარ, მაგრამ, წონაში დიდად არ გაქვს მომატებული.
სალომე: ხუთ კილომდე მოვიმატე ჯერჯერობით. ექიმებს სულ ვეკითხები – რატომ არ ვიმატებ, ეს ნორმალურია-მეთქი? ამიხსნეს, რომ ნორმალურია.
– თოკოსთან ერთად შენ და ბავშვიც შეძლებთ თბილისში ჩამოსვლას?
– არ ვიცი. ძალიან კი მინდა ჩამოსვლა, რადგან, საოცრად მენატრება ყველა და ყველაფერი. ვნახოთ.
თორნიკე: ექიმები როგორც გვეტყვიან, ისე მოვიქცევით. თუ მოგვცემენ იმის უფლებას, რომ ბავშვმა თვითმფრინავით იმგზავროს, წამოვალთ, მაგრამ, აცრები მოუწევს მაგ პერიოდში და, ალბათ, ვერ მოვახერხებთ.
– მშობიარობამდე სამი თვე დაგრჩა, როგორ ემზადებით?
სალომე: ჯერ განსაკუთრებული მზადება არ დაგვიწყია.
თორნიკე: მაღაზიებში სიარული და მისთვის ტანსაცმლის შერჩევა უკვე დავიწყეთ. ბოლოსკენ უფრო აქტიურად მოვემზადებით. ჯერ ფსიქოლოგიური მზადება გვაქვს.
სალომე: ძალიან გვაინტერესებს, როგორი იქნება და სულ ამაზე ვლაპარაკობთ.
თორნიკე: სხვის ბავშვსაც რომ ვუყურებ, სულ მინდა, სიყვარული გამოვხატო მის მიმართ და, საკუთარი, ალბათ, საერთოდ სხვა გრძნობაა.
– იმედია, ერთ შვილზე არ გაჩერდებით.
სალომე: რა თქმა უნდა, არა.
თორნიკე: ღმერთი რამდენსაც მოგვცემს, იმდენს ვიყოლიებთ.