რა უნდა მსახიობ ზუზუს „შებმას” და რატომ იცვლის ის სახლებს
მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილზე ბევრს საუბრობენ, აქტიურად განიხილავენ მის პიროვნებას, ცხოვრებასა თუ როლებს. ამას მარტივი მიზეზი აქვს – ის პოპულარულია. ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა ჭორ-მართალი ზუზუს შესახებ, თუმცა, ერთ რამეში ყველა თანხმდება – ზუზუ ბეჟაშვილი გულწრფელი და პირდაპირია.
ზუზუ ბეჟაშვილი: მაქვს შემოქმედებითი პაუზა, რაც თავიდან ძალიან მანერვიულებდა. ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ არსად მეძახიან; მეძახიან რაღაცეებში, რაზეც უარის თქმა მიწევს.
– რის გამო?
– იცი რა, შეცდომები ყველას მოსდის, მათ შორის – შემოქმედებითიც, რომელიც გავიარე და მეყო. შედარების აბსოლუტური უნარი მაქვს – კარგიც მქონდა, ცუდიც და ისე რაც; „პაპსაც” და ნამდვილი ფილმებიც, მაგრამ, ახლა, რატომღაც, პაუზა მაქვს.
– სერიალებიც გქონდა...
– სხვათა შორის, არ არსებობს არც ერთი ქართული სერიალი, რომლიდანაც არ მქონია შემოთავაზება, მაგრამ, ემთხვეოდა, რომ პარალელურად მქონდა კინოფილმები და ამიტომ ზოგჯერ უარს ვამბობდი. მერე, როცა გამოდიოდა ეს სერიალები, ზოგზე გული მწყდებოდა, რომ არ ვიყავი მასში; ზოგზე, პირიქით, მიხაროდა – როგორ გამიმართლა, ღმერთის რჩეული ვყოფილვარ-მეთქი, რომ... დღესაც ასე მიმაჩნია. ზოგს ჰქგონია, სადმე თუ არ ვარ და ზედმეტად ყური არ მიჩანს, ესე იგი, არ დამიძახეს; ან, იმათ, ვინც არ დამიძახა, ჰგონიათ, რომ დაეძახათ, წავიდოდი, თუნდაც იმ პროექტებში, რაც ახლა გადის ჩვენს ტელეარხებზე. ახლა რომ ვუყურებ, მართლა ღმერთის რჩეული ვყოფილვარ, რომ არ მომიაზრეს.
– იქნებ, არ ეგონათ, რომ დათანხმდებოდი და იმიტომ არ მოგიაზრეს?
– არა, იცოდა რამდენიმე ორგანიზატორმა, რომ მქონდა მონაწილეობის სურვილი, მაგრამ, ჩვენთან სხვანაირად ხდება: უნდა რეკო შენ თვითონ, უნდა სთხოვო, – ეს მოსწონთ! მე კი არ ვარ ასეთი კატეგორია. ჩემი მხრივ, რაც საჭიროა, ყველაფერი გავაკეთე: ვისწავლე რეზო ჩხეიძესთან, მეორე კურსიდან მიღებდნენ, პაუზა არ მქონია, გადამიღეს არა მარტო საქართველოში, არამედ, უცხოეთის რამდენიმე ქვეყანაშიც; ავიღე პრიზი ევროპაში მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის, სადაც იყო 140 კინო წარდგენილი და ამ 140 ევროპული კინოდან მე მომცეს პრიზი. მე არ ვიცი, რა უნდა გააკეთოს დღეს ჩემი თაობის მსახიობმა სხვა, რომ მოეწონოთ, რომ კიდევ აქეთ რეკოს და კიდევ აქეთ მოგიაზროს ვიღაცამ რაღაც პროექტებში. სასაცილოა! იციან, რომ ვარსებობ და, თუ უნდათ, დამირეკონ.
– უცხოეთიდან ხომ იყო შემოთავაზება?
– იყო რუსულ-ქართული პროექტი. „გოგი ჩამოვიდა” – ასე ჰქვია ფილმს. ძალიან კარგი სცენარია, გემრიელი სათამაშო. 170 კინოთეატრს უნდა ეჩვენებინა ეს ფილმი. ჩამოვიდნენ, შევხვდი, დამამტკიცეს მთავარ როლზე და მერე აირია ეს ამბავი. ჯერჯერობით შეჩერებულია გაურკვეველი დროით.
პეტერბურგში არის კინოსტუდია „პანორამა”, რომელიც სულ მეძახის „ენტევეს” დაკვეთით თუ რამე ფილმი კეთდება, ყველაფერს ესენი იღებენ. იქ მსახიობების ერთი „სასტავია” და მთავაზობენ, რომ მეც ამ სასტავში ვიყო. ახლაც „სინდბადის მოგზაურობის” რიმეიკი გადაიღეს, სადაც კონკრეტული როლი უნდა მეთამაშა და ვერ წავედი. დღეს უკვე რუსეთზე ისეთი ამბავია, თქმაც კი არ მინდა, რომ ვინმე არ გავაღიზიანო: – მაპატიოს ყველამ, მაგრამ, ძალიან ბევრი დააკლდა ჩემს კარიერას იმით, რომ ამ ქვეყანაში არ მოვხვდი. კონვეიერივით იღებენ იქ ფილმებს. სანამ იქიდან ჩამოვიდნენ პროდიუსერები, მანამდე ჩემი სივი გაიგზავნა, რომლისთვისაც დამჭირდა, რაც მითამაშია, ამომიკრიფა და კოლაჟებად ჩამისვა სხვადასხვა პროექტიდან. სხვათა შორის, რომ გადავხედე, მე თვითონ ძალიან გამიხარდა, საჭირო ყოფილა. ჟანრობრივად იყო ძალიან მრავალფეროვანი. იმ სივში ჩაიწერა პრიზის შესახებაც. სივი რომ ნახეს და რომ დამირეკეს, დიდხანს მელაპარაკნენ ამ პრიზზე. მე თვითონ მრცხვენია ამის გამეორება: აქო, – ჩამომითვალეს რუსი ვარსკვლავები, – აქვთ ან „ნიკა”, ან ადგილობრივი პრიზები აღებული, მაგრამ, ეს პრიზი?! ცოტა სულელი ხომ არ ხარო, – მათ ტონში იგულისხმებოდა, ისე ხომ არ მქონდა მიწერილი. აქ იმდენად არაფრად მიაჩნიათ, რომ მეც უკვე არაფრად ვაგდებდი, არადა, თურმე, ეს ძალიან ფასდება იქ.
– კიევში რა ფილმში გადაგიღეს?
– ფილმი არა, სერიალი იყო, სადაც ვითამაშე ქართველი შულერი, რომელიც კაზინოში აფერისტობს. სხვათა შორის, ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. მთავარია დამოკიდებულება.
– რას გულისხმობ?
– მე სულ ამას ვამბობ, რომ ჩემს, როგორც მსახიობის „შებმას” არაფერი არ უნდა. იმ დღეს გავიგე, თურმე, სადღაც უნდოდათ ჩემი გადაღება და – მაგისი ათასების თავი ვის აქვსო. ჯერ, რა დამოკიდებულებაა! რამდენს დავხმარებივარ საერთოდ უფასოდ. უკვე მერამდენედ ვმეორდები: ისმის ხოლმე – „ზუზუ არის მძიმე, ზუზუ არის ლოთი”... – სასაცილოა. ჩემ გამო არც ერთი გადაღების დღე არ ჩაშლილა, 9 მხატვრულ ფილმში ვარ გადაღებული, სერიალს არც ვთვლი. მე არ ვარ ტიპიური ადამიანი, რომელიც ერთფეროვნად, ერთნაირად აზროვნებს; მეცვლება აზროვნება, ვიზრდები, ვვითარდები. მე ვერ ვიაზროვნებ ისე, როგორც შენ და, შენ თუ ამის გამო, სასაცილოა, მაგრამ, „მბლოკავ”, მაშინ, ჩემთვის ძალიან დიდი კომპლიმენტია, თუ არ მოგვწონვარ.
– ფაქტია, გული ნატკენი გაქვს.
– გული ნატკენი მაქვს. იცი, რა დამოკიდებულება არის? არავის უთქვამს, რომ ზუზუ არის უნიჭო – ყველაფერი ითქვა მაგის გარდა. ნიჭიერი ხარ, ნიჭიერი ხარო და თაფლში ჩამახრჩვეს. უცბათ აღმოვაჩინე, რომ თაფლში მომამწყვდიეს. მოკლედ, ძალიან გაბრაზებული ვარ (იცინის).
– ამბობენ, ასეთი და ასეთიაო; სინამდვილეში როგორია ზუზუ?
– სულ ვამბობ: ნერვები არ მაქვს მწყობრში, თორემ, მძიმე არ ვარ. მე ჩემს პროფესიაში მღლის პასუხისმგებლობა. ხალხს ჰგონია, რომ ეს უნდა შეგეტყოს შენ და გამოხატო მანერებით, რომ პასუხისმგებლობა გაქვს. შეიძლება, ღამით ვერ დავიძინო, როცა ვიცი, რომ ხვალ გადაღება მაქვს. პასუხისმგებლობა დიდი რამეა. ხმამაღლა ვამბობ: ერთი რეჟისორი მომიყვანე, რომელიც იტყვის, რომ ზუზუსგან, როგორც მსახიობისგან, უკმაყოფილო ვარო და შევეშვები ამ პროფესიას.
– „ჩემი ცოლის დაქალების” ახალ სეზონში გაიელვე და ისევ დაიკარგე.
– გავიელვე და, მივხვდი, რომ აღარ უნდა გავიელვო. ძალიან მიყვარს ეგ ხალხი, დიდ პატივს ვცემ და მათგანაც აბსოლუტურად იმავეს ვგრძნობ, მაგრამ, ჩემთვის გაუგებარია: შენი გმირი მოითხოვა სცენარმა ამდენი დოზით და მერე აღარ მოითხოვა. სცენარმა რა მოითხოვა, მე არ ვიცი. ჩემი გმირი ან განავრცე, ან შემეშვი. „გავიელვე” ძალიან კარგად თქვი და, გასაელვებლად არც ნერვი მყოფნის და აღარც სურვილი.
– ქასთინგებზე გადიხარ?
– აღარ დავდივარ, თუმცა, კონკრეტულ ქასთინგზე ვიყავი იმ დღეს. ლოს-ანჯელესიდან არის ჩამოსული ბიჭი და, უნდა, რომ პოლიტიკურ პარტიაზე ინტელექტუალური იუმორით გადაიღოს სერიალი. მერე როგორ განვითარდა ამ წამოწყების ბედი, არ ვიცი, მაგრამ, ვიცი, რომ ქასთინგზე რომ მივედი, იყო ძალიან ბევრი ადამიანი და მხოლოდ ხუთნი დაგვამტკიცეს. ორ როლზე მოვიაზრებოდი: ერთი გმირი იყო, რომელიც ზუზუს ძალიან ჰგავდა – საერთოდ „ეკიდა” პოლიტიკა, ყველაფერს და ყველას ეღადავებოდა, მარტო იმიტომ იყო პოლიტიკურ პარტიაში, რომ წასვლა უნდოდა ამერიკაში; მეორე არის ძალიან საქმეში ჩართული, ყველაფერს რომ აკეთებს და არანაირი ფუნქცია რომ არ აქვს ისეთი ტიპი. პლაკატებსაც ის აკრავს, ბომჟსაც იცნობს, პრეზიდენტსაც... – მოკლედ, იდიოტია. ჯერ პირველი როლი უნდა მეთამაშა, მაგრამ არ ვიცი ვინ ვერ გაართვა თავი მეორე როლს და მერე ამაზეც დამამტკიცეს. მგონია, რომ ეს მეორე გმირი ბევრად საინტერესოა სათამშოდ.
– ყოფითში რა ხდება?
– როგორ უნდა იყო, თუ არ გაქვს საქმე? სხვა ბიზნესი მე არ მაქვს და ვარსებობ მხოლოდ ჩემი პროფესიით. არ მინდა წუწუნა და ბანალური ინტერვიუ გამოვიდეს, მაგრამ, ელემენტარულად სახლი არ მაქვს და ქირით ვცხოვრობ.
– ჩვენ უკვე მესამე სახლში ვხვდებით ინტერვიუსთვის.
– ვიცვლი და ვიცვლი. პასუხისმგებლობა აქაც მერთვება. როცა გყავს დედა, ხალხი, ვინც შენზეა დამოკიდებული, როგორ შეიძლება, იყო კარგად? კიდევ კარგი, მყავს ერთი-ორი ისეთი მეგობარი, რომლებიც, თუ „მომშივდება” დამეხმარებიან. მაგრამ, არა უშავს, ვიცი, რომ ჩემს პროფესიაში მინიმუმ ერთხელ კიდევ გავახურებ – ასე მკარნახობს ინტუიცია, რომელიც არ მღალატობს ხოლმე.
– ერთი პერიოდი საპროდიუსერო ფირმა გქონდა. ამ დარგში როგორაა საქმე?
– არ აღმოჩნდა ეს ჩემი საქმე. როდესაც იქმნება რაღაცა ბაზა და შენ თვითონ ხარ მსახიობი, მერე, რატომღაც, ვეღარ აღგიქვამენ მსახიობად. სულ ერთი ქასთინგი ჩავატარე ამ სამსახურში და, ისეთი, რომ... ჰკითხეთ, ვისაც გნებავთ. გავაკეთეთ ფილმი „ფარაჯანოვი”. შეიძლება, ბევრი წლის შემდეგ ისევ მივუბრუნდე ამ საქმეს, შეიძლება – არც. ვნახოთ.
– თავად ვის განასახიერებ „ფარაჯანოვში”?
– მხატვარი ვითამაშე. ეპიზოდია, მაგრამ, ძალიან გემრიელი სათამაშო. მეცინება: როცა მთავარი როლები მეყარა ხოლმე, სულ ვამბობდი – აი, მეორეხარისხოვანი კარგი როლი-მეთქი და – დამეწყო მეორეხარისხოვნები; მერე – კარგი გემერიელი ეპიზოდურები-მეთქი – დამეწყო ეპიზოდები. ახლა ისევ უნდა დავიწყო კარგ მთავარ როლებზე ფიქრი, გავუშვა ენერგეტიკა.