კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აუკრძალეს ცესკოს თავმჯდომარეს აფრიკაში და რატომ დაატოვებინეს მას ბანგლადეში

მას შემდეგ, რაც თამარ ჟვანია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობს, უკვე მეორე არჩევნებისთვის ემზადება. ცესკოს თავმჯდომარის რანგში საპრეზიდენტო არჩევნები მისთვის დებიუტი იყო და, ალბათ, ამიტომაც, შესაბამისი  „ღელვებიც” ჰქონდა, თორემ, ორი ათეული წელია, საქართველოში არჩვენები არ ჩატარებულა, მასში სხვადასხვა ფორმით რომ არ ყოფილიყო ჩართული. სწორედ ამ ნიშნით გამოარჩიეს მაშინ, როცა ცესკოს პირველპირობა ანდეს. ქართული არჩევნების პერიპეტიები ვერ აშინებს – ამას კი არა, საარჩევნო ბატალიებს  აფრიკაშიც კი გაუძლო, სადაც ის ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო.         

 

– ქალბატონო თამარ, დებიუტანტი აღარ ხართ, უკვე მეორე არჩევნებს ატარებთ. როგორი განცდა გაქვთ ადგილობრივი არჩევნების წინ, რომელიც, როგორც ჩანს,  „ხმაურიანი” უნდა იყოს? 

– არჩევნები, ჩემთვის, რა თქმა უნდა, არ იყო უცხო პროცესი. მართალია, მაშინ,  როცა არასამთავრობო სექტორში ვიყავი, არჩევნებს არ ვატარებდი ხოლმე – იქ სხვა დებიუტები მქონდა, სხვადასხვა პოზიციებიდან გამომდინარე.  ცენტრალური საარჩევნო კომისიის  ხელმძღვანელობა მაინც განსაკუთრებული და  მნიშვნელოვანი პოზიციაა. სადებიუტო განწყობა ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო – აღმოვაჩინე ის დიდი პასუხისმგებლობა,  რაც უკავშირდება არჩევნებს. ეს ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ, ამ პოზიციიდან პასუხისმგებლობა უფრო მძაფრად  ჩანს. მქონდა ღელვა, რომელიც არ ყოფილა  დაკავშირებული ჩემი მხრიდან კანონის აღსრულებასა და გამჭვირვალობასთან – მე ეს პრობლემა არასდროს მქონია. არჩევნები არის ცაიტნოტი, საოცარი რეჟიმი; ამ პროცესში ჩართულია უამრავი მოთამაშე: პოლიტიკური პარტიები, საერთაშორისო ორგანიზაციები, მასმედია და, შესაბამისად, ჩემი მთავარი ღელვის საგანი იყო ის, რომ კარგი კომუნიკაცია შემდგარიყო ყველასთან. არჩევნები უნდა ყოფილიყო ყველა სხვა არჩევნებზე მაგარი, რაც კი აქამდე ჩატარებულა.  თვითმმართველობის არჩევნებს განსხვავებული სპეციფიკა აქვს, განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული ადგილებზე – გაცილებით მეტი კანდიდატი და მეტი არჩეული გვეყოლება, რადგან, ქვეყნის მასშტაბით  ვირჩევთ 71 საკრებულოს, 2 088 წევრს – როგორც მაჟორიტარული, ასევე პროპორციული წესით;  ვირჩევთ 12 თვითმმართველი ქალაქის მერს და 59 გამგებელს. წარმოიდგინეთ, წინ როგორი დაძაბული  პერიოდი გველის. იმ რეჟიმს, რომელშიც მე მომიწევს ცხოვრება, სახელი ნამდვილად არ აქვს.   

– სამაგიეროდ, ცესკოს თავმჯდომარეებს, როგორც წესი, არჩევნებიდან არჩევნებამდე გაქვთ „ნირვანა”.

– მე ასეთი „ნირვანა” არასდროს მქონია – მოვედი თუ არა პირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნები  დაიწყო; დამთავრდა არჩევნები და – საკანონმდებლო რეფორმაზე მუშაობიდან  პირდაპირ გადავეშვი თვითმმართველობის არჩევნების ციკლში. მე ჯერჯერობით შესვენება არ მქონია და ვიცი, რომ არც მექნება.  ცენტრალური საარჩევნო კომისია მარტო არჩევნებით არ არის დაკავებული.  ჩვენ ძალიან დიდი წვლილი შეგვაქვს საკანონმდებლო რეფორმაში, ასევე მოქალაქეთა განათლებაში, ახალგაზრდების საარჩევნო განათლებაში, ძალიან ბევრი საქმით ვართ დააკვებულნი.       

– საქართველოში  ცესკოს ხელმძღვანელობა ლამის პოლიტიკურ თანამდებობად არის ქცეული, შესაბამისად, არც თქვენ იყავით გამონაკლისი პოლიტიკური „მითქმა-მოთქმისგან”, როცა ამ პოსტზე მოხვდით. 

– როგორც არ უნდა ეცადო, რომ არ გააკეთო პოლიტიკური განცხადებები და შეფასებები, გარკვეულწილად მაინც უწყობ ხელს პოლიტიკურ პროცესს; შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი შორს ვერ იქნება პოლიტიკისგან. ეს პოზიცია ყოველთვის იყო ყბადაღებული თემა ჩვენს ქვეყანაში, თუმცა,  ვფიქრობ, რომ თანდათან შეიცვალა დამოკიდებულება – ბოლო კვლევის მიხედვით, საარჩევნო ადმინისტრაციის რეიტინგი და ნდობა, ლამის გეომეტრიული პროგრესიით არის გაზრდილი.  როცა მე გავხდი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი, მქონდა ძალიან საინტერესო მხარდაჭერა. ამ პოზიციაზე წარდგენილი ვიყავი ყოფილი სახელისუფლებო გუნდის პრეზიდენტის მიერ, მაგრამ, ამ წარდგენაში თავიდანვე ფიგურირებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. შემდგომ, რა თქმა უნდა, უმრავლესობა ჰყავდა ახალ ხელისუფლებას, კოალიცია „ქართულ ოცნებას”, ანუ, სამი სხვადასხვა სუბიექტი იყო ჩარეული ჩემს არჩევაში და, შესაბამისად, აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები და, პირველ ყოვლისა, არასამთავრობოები შეთანხმდნენ ჩემს კანდიდატურაზე. 

– არასამთავრობო სექტორში ძალიან დიდი ხნის მოღვაწეობის სტაჟი გქონდათ. სად და როგორ გახსენით თქვენი „შრომის წიგნაკი”? 

– არასამთავრობო სექტორში მუშაობა მაშინ დავიწყე, როდესაც ეს მიმართულება საქართველოში  ჯერ სრულიად ახალი თემა იყო.  ვფიქრობ, რომ სწორედ ჩემი  პროფესიული არჩევანი გახდა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც კი ცხოვრებაში მიმიღია და რამაც ბევრი რამ განსაზღვრა.  ჯერ კიდევ სკოლიდან მაინტერესებდა საზოგადოებასთან ურთიერთობა და, მიმაჩნდა, რომ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თვისება იყო ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნება.  სკოლიდანვე აქტიური ვიყავი ამ მხრივ, ვახერხებდი, რომ მქონოდა ძალიან კარგი ურთიერთობები როგორც თანაკლასელებთან, ისე ჩემი სკოლის, ასევე სხვა სკოლების მოსწავლეებთან. შესაბამისად, პროფესიად ავირჩიე სოციოლოგია, რაც, ფაქტობრივად, არის ადამიანისა და საზოგადოების ურთიერთობა.  მაშინ ჩვენთან ეს მიმართულება პოპულარული არ იყო, მაგრამ, მე  მქონდა ინფორმაცია, როგორი პოპულარული იყო სოციოლოგია სხვა ქვეყნებში, მათ შორის – ამერიკაში. მე დავიბადე თბილისში, მაგრამ, ჩემი მშობლების პროფესიიდან გამომდინარე, რადგან ისინი მუდმივად იყვნენ გასტროლებზე, კონცერტებზე, მე სწავლა მომიწია კახეთში, ქალაქ გურჯაანში, სადაც „გახიზნული” ვიყავი ბებიასთან. აქტიური  კავშირი მქონდა მამის სამშობლოსთან – წალენჯიხასთან, სადაც ზაფხულობით ჩავდიოდი. ვხუმრობ ხოლმე, იმდენი მეგრული ვიცი,  გავიგო და ვერავინ მომატყუოს-მეთქი (იცინის). როგორც კი ჩემს მშობლებს თბილისში მოვიხელთებდი, მაშინვე აქეთ მოვდიოდი, ასე რომ, დიდი მარშრუტით – გურჯაანი-წალენჯიხა-თბილისი – მომიწია ბავშვობის გატარება, სადაც ძალიან კარგ ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა. იმ უბრალო ადამიანების გარემოცვაში გატარებულმა წლებმა ბევრი რამ მომცა. ცხოვრებაში ბევრი რთული პერიოდი მაქვს გავლილი, ვთვლი, რომ ასეთ სიტუაციებში გამაძლიერა იმ უნარ-ჩვევებმა, რაც სოფლად გატარებული ბავშვობის წლებიდან და  გაჭირვებულ  ადამიანებთან ურთიერთობიდან გამომყვა.    

 – თქვენი მშობლები ხელოვანები  იყვნენ,  რატომ უღალატეთ ოჯახურ დინასტიას?

– გენეტიკურად სიმღერის ნიჭმა ჩემშიც იმძლავრა და, ალბათ, არანაკლები მომღერალი ვიქნებოდი, ჩემი მშობლების  გზას რომ გავყოლოდი.  წარმატებული  ხელოვანები იყვნენ არა მხოლოდ ჩემი მშობლები, არამედ, მათი მშობლებიც – ბებიაჩემი მღეროდა ფალიაშვილის გუნდში, მეორე ბებია მანდოლინაზე უკრავდა. მუსიკასთან იყვნენ დაკავშირებული ჩემი ბიძა, დეიდა. რაც შეეხება ჩემს მშობლებს, მამაჩემი, სოსო ჟვანია, 17-18 წელი მღეროდა ანსამბლ „ორერაში”. დედაჩემი,  მარინა კახიანი, იმ პერიოდისთვის საკმაოდ ცნობილი მომღერალი და საერთაშორისო პრემიების ლაურეატი იყო, თუმცა, დედასაც და მამასაც რთული პროფესიული გზის გავლა მოუწიათ. მაშინ მუსიკალური სამყაროს კულისები იყო ძალიან რთული, თუ არ გყავდა ძლიერი მფარველი.  მშობლებმა თავადაც ვერ გამიმეტეს მძიმე ცხოვრებისთვის და მეც  რეალური არჩევანი გავაკეთე. კარგად მახსოვს, რომ ყოველი შეკრება,  ჩვენს ოჯახში თუ ნათესავებთან, პრაქტიკულად, იყო ხოლმე კარგი  კონცერტი – არც ერთი შეხვედრა არ მთავრდებოდა სიმღერის გარეშე. შემიძლია ვთქვა, რომ კონცერტებზე ვარ გაზრდილი.  იმ მუსიკალურმა გარემომ, რომელშიც მე გავიზარდე, მომცა ბევრი უნარი, რაც ცხოვრების სირთულეების გადატანაში ძალიან დამეხმარა.  მუსიკის დადებითმა ემოციამ ჩამომაყალიბა პოზიტიურ ადამიანად. ცხოვრებაში ძალიან ბევრი  სირთულე გავიარე, რთულად მახსენდება ჩემი შვილების გაზრდის პერიოდიც. მე  ვიყავი სტუდენტი, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვსწავლობდი ასპირანტურაში. სამივე შვილი  ამ რვა წლის განმავლობაში გავაჩინე და სწავლის პარალელურად ვზრდიდი მათ. ძალიან მეხმარებოდა ჩემი მეუღლის დედა და ყველაფერში გვერდით მედგა ჩემი მეუღლე. რომ არა მისი თანადგომა, ალბათ, ბევრი რამ უფრო რთულად  იქნებოდა. როგორც კი სწავლა დავამთავრე, მაშინვე დავიწყე მუშაობა არასამთავრობო ორგანიზაციაში – „სამართლიანი არჩევნები”, გაგეცინებათ და, ჩემი პირველი პოზიცია იყო – წარმომადგენელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელსაც მაშინ ჯუმბერ ლომინაძე ხელმძღვანელობდა. მახსოვს როგორ ვესწრებოდი სხდომებს ეს პატარა გოგო, როგორ ვუკირკიტებდი კანონს. შემდეგ, რა თქმა უნდა, მოხდა პოზიციური დაწინაურება, თუმცა, ჩემი პირველი საქმიანი დებიუტი აქაურობასთან არის დაკავშირებული. 

– თქვენ მოგიწიათ მუშაობა აფრიკისა და აზიის  ქვეყნებშიც. იქ ისეთი გამოცდილება გექნებათ მიღებული, ჩვენებური საარჩევნო ბატალიების არ უნდა „გეშინოდეთ”.      

– მე მზად ვარ ყველა შესაძლო სიტუაციისთვის, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს არჩევნებს – უკვე გაცილებით გამოცდილი  ვარ ნებისმიერი სირთულისთვის. ნიგერიაში ვმუშაობდი ხუთი თვის განმავლობაში, სადაც ვიყავი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (ვაშინგტონის) მიერ დაქირავებულ საერთაშორისო პოზიციაზე, ვიყავი პროგრამების მენეჯერი. ხუთი თვის განმავლობაში ექვსი არჩევნები ჩავატარეთ, ამიტომაც არ მიკვირს ის  ამბები, რაც ჩვენს არჩევნებს ახლავს ხოლმე (იცინის). ნიგერია საინტერესო ქვეყანაა. ახალი ჩასული ვიყავი, როცა ადგილობრივებმა სადილზე დამპატიჟეს. წარმოშობით მეგრელ ქალს ნიგერიაში სუფრაზე დამხვდა ღომი, რამაც ძალიან გამაოცა; ასევე, მომიტანეს ხარჩო, რომელიც ნიგვზით, ოღონდ, სხვა სახის ნიგვზით მზადდება. ნიგერიაში ცხოვრება იოლი არ იყო, ეს საკმაოდ მძიმე ქვეყანაა საცხოვრებლად. მე ხშირად მიწევდა სხვადასხვა რეგიონში სიარული. ტერორიზმის საფრთხის გამო ჩვენ ყოველთვის წინასწარ ვიყავით გაფრთხილებული, სად შეგვეძლო მისვლა, სად – არა. მარტოს თითქმის არსად გვიშვებდნენ, ყველგან სამსახურის მანქანით უნდა გადავადგილებულიყავით. ჩემი ჯგუფი საუკეთესოდ აღიარეს და გადაგვისროლეს სხვა ქალაქში, სადაც უჭირდათ. ბანგლადეშში არ იყო მსგავსი სირთულეები. მე პატივს ვცემდი მათ კულტურას – მეცვა მათი ტრადიციული ტანსაცმელი, რომელიც  ინდურ სამოსს წააგავს. სარის ტიპის კაბა ვერაფრით ვერ მოვირგე და მისი ალტერნატივა იყო  გრძელი კაბა-შარვალი, რომლით სიარულზეც ნამდვილად არ ვამბობდი უარს.  ბანგლადეშთან კარგი მოგონებები მაკავშირებს, ერთი გამონაკლისის გარდა – საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ჩაიშალა არჩევნები, რის გამოც ჩვენი მისია ვადაზე ადრე შეწყდა.

 – რაც ცესკოს ხელმძღვანელობთ,  როგორ შეცვალა ამ სამსახურმა თქვენი ცხოვრება?

– სიმართლე გითხრათ, რადიკალურად შეცვალა ის დრო, რასაც მე ვუთმობდი ოჯახს. ფაქტობრივად, საერთოდ ვეღარ ვიცლი  ჩემი შვილებისთვის, რომლებიც ახლა უკვე დიდები, დამოუკიდებელი ადამიანები  არიან, თუმცა, მათ მაინც ვჭირდები.  უმცროსები სტუდენტები არიან, უფროსი ქალიშვილი კი 25 წლის არის, მათ ხშირად ესაჭიროებათ ჩემი აზრი, რჩევა, რაც ჩემი დაკავებულობის გამო ძალიან აკლიათ.  ჩემი მეუღლე მშვიდად ეგუება ჩემს რეჟიმს. ის არის ადამიანი, ვინც მთელი ცხოვრება მიჭერდა მხარს, რომ ასე მეცხოვრა.  თავადაც არასამთავრობო სექტორში მუშაობს და, შესაბამისად, კარგად იცის ჩემი საქმიანობის ფასი. ჩვენ 25 წელი ვიცხოვრეთ ერთად და ამ გზის  ყველა ნაბიჯი მასთან ერთად გავიარე.  იმის მიუხედავად, რომ ძალიან დაკავებული ვარ, სახლში შევალ თუ არა, საქმის კეთებას ვიწყებ. ადამიანებს უჭირთ ამის დაჯერება. 25 წელია, რაც ოჯახი მაქვს, და არასდროს მყოლია დამხმარე, არჩევნების დროს გვჭირდება ხოლმე ბებია,  როგორც „მაშველი რგოლი”.   ჩემი ქალიშვილები მეუბნებიან: როგორ შეგიძლია, მოხვალ, ჩანთას მოიხსნი და საქმის კეთებას იწყებ, არ იღლებიო? მგონი, მათ უფრო ვღლი ჩემი ყურებით (იცინის) ვფიქრობ, რომ რაც უფრო აქტიური ხარ, მით მეტ რამეს ასწრებ. სამსახურს მიღმა სახლშიც ვარ, სუპერმარკეტშიც საყიდლებზე,  ბანკშიც – ანგარიშსწორებისთვის.  ერთადერთი რაზეც მწყდება გული ისაა, რომ ოჯახთან ერთად ვერ ვახერხებ სადმე წასვლას და  დასვენებას. მსოფლიოს 36 ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ძირითადად საქმიანი ვიზიტებით, რომელთაც  პირადი გეგმებისთვის  არასდროს  ვიყენებ.  ერთადერთხელ, საფრანგეთში ყოფნის დროს, მოვახერხე და ორი დღით გავიპარე მადრიდში, რომ პრადოს მუზეუმი მენახა. ეს ჩემი ოცნება იყო.  ახლა გადავწყვიტე, რომ როგორც კი ეს არჩევნები დასრულდება, ყველა ერთად სადმე, რომელიმე ქვეყანაში წავიდეთ. იმედი მაქვს,  ამ ოცნების ასრულებას ახლა მაინც შევძლებ.  

 

скачать dle 11.3