ინტიმური საუბრები
ჩვენი მშობლები მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ
მე და ჩემი ძმა (ტყუპები ვართ) 10 წლის ვიყავით, ჩვენი მშობლები რომ გაშორდნენ. ჩვენ ძალიან მტკივნეულად გადავიტანეთ, მაგრამ ამაზე არც დედას და არც მამას თავი არ მოუკლავს. გაყრამდეც სულ ჩხუბობდნენ, თანაც, ჩვენი თანდასწრებით და ამის გამო სულ შეშინებულები და დაძაბულები ვიყავით. ბებია ორივეს საყვედურობდა, – ნუ შეშალეთ ეს ბავშვები, თუ ერთად ვერ რიგდებით, გაშორდით და, თქვენც მოისვენეთ და ესენიც დაასვენეთო, მაგრამ, ორივე უხეშად პასუხობდა ხოლმე, ჩვენს საქმეში ნუ ერევიო. ბოლოს მაინც გაშორდნენ, ცალ-ცალკე წავიდ-წამოვიდნენ, ჩვენ კი ბებიასთან დაგვტოვეს. თვეში ერთხელ თუ გვინახულებდნენ ხოლმე, ისიც, მაქსიმუმ ნახევარი საათით. მოგვიტანდნენ ერთ-ორ კილო ვაშლს და კანფეტებს, ბებიას ცოტა ფულს დაუტოვებდნენ და უკანმოუხედავად გარბოდნენ. ასეთი მოპყრობის მიუხედავად, მაინც ძალიან გვიყვარდა ორივე და სულ გვენატრებოდა, განსაკუთრებით კი – დედა.
არ ვიცი, საიდან, მაგრამ, თანაკლასელებმა გაიგეს, რომ ჩვენი მშობლები დაშორდნენ და ზურგსუკან ჩურჩულებდნენ და ჭორაობდნენ, რაც ჩვენზე ისე საშინლად მოქმედებდა, რომ, სახლიდან კი მივდიოდით სკოლაში ბებიას დასანახავად, მაგრამ, გაკვეთილებზე არ შევდიოდით და აღმა-დაღმა დავბოდიალობდით. ბოლოს მაინც გაიგო ბებიამ ეს ამბავი – დამრიგებელმა დაურეკა და უთხრა. გაგიჟებულმა ბებიამ დედასაც შეატყობინა და მამასაც – მოდით და მიხედეთ თქვენს შვილებსო, მაგრამ, არც ერთმა ყური არ შეიბერტყა, სანახავადაც კი არ მოვიდნენ. ერთ დღეს კი, მაშინ უკვე 14 წლის ვიყავით, ერთმა პარალელურკლასელმა ბიჭმა რაღაც ცუდი მოგვაძახა დედაზე. ჩემმა ძმამ ვერ მოითმინა და მაგრად სცემა. მეორე დღეს იმან დიდი ბიჭები დაახვედრა და ისე აცემინა ჩემი ძმა, რომ ტვინის შერყევა დამართეს მძიმე ფორმით. მეორე დღესვე საავადმყოფოში დააწვინეს და, ცხადია, ბებიამ მაშინვე დაურეკა შვილსა და სიძეს, მაგრამ, არც ერთი არ მოვიდა: მამამ უთხრა, უკვე ბილეთი მაქვს აღებული და ამ საღამოს ავსტრიაში მივფრინავ საქმეზეო (მერე გავიგეთ, რომ ვიღაც ქალთან ერთად გაფრინდა დასასვენებლად); დედამ კი უთხრა, ხვალ ვთხოვდები და ხელს ვაწერთ, მერე ერთი კვირით საქორწინო მოგზაურობაში მივდივართ და, იქიდან რომ ჩამოვალთ, ვინახულებო. გამწარებულმა ბებიამ ორივეს მიახალა, არც ერთი აღარ დაგინახოთ ჩემმა თვალებმა, არ გაბედოთ და ახლოს აღარ გაეკაროთ ჩემს შვილიშვილებს, თორემ, ისეთ დღეს დაგაწევთ, ხალხში თავს ვეღარ გამოყოფთო. მათაც „დაუჯერეს“ და საერთოდ აღარ გვინახულეს.
იმ დღიდან წელიწად-ნახევარი გავიდა. მხოლოდ ახლახან, ორიოდე კვირის წინ, დედაჩვენმა დაგვირეკა მე და ჩემს ძმას, ტირილით გვთხოვა პატიება და ჩვენთან მოსვლის ნებართვა. ჩვენ მაინც გვენატრებოდა დედა და დავთანხმდით. იმავე საღამოს მოვიდა, ისევ იტირა და ბოდიშები გვიხადა. მერე ბებია მეორე ოთახში გაიყვანა და რაღაცას დიდხანს ელაპარაკებოდა. ბებია გაბრაზებული პასუხობდა, მაგრამ მაინც მისცა რაღაც შეკვრა და დედა ისე წავიდა, პრაქტიკულად, აღარც არაფერი უთქვამს და იმის შემდეგ აღარ დაურეკავს. ბებიას გადავეკიდეთ და გამოვტეხეთ, რომ დედას ახალი ქმარი აფერისტი და ქურდი აღმოჩნდა, დედას ნივთებიც მოჰპარა, მოტყუებით ბინაც წაართვა და მერე გარეთ გამოაგდო. იმის გამო, რომ ოთახის ქირას (ქუჩაში დარჩენილმა დედამ ერთი პატარა ოთახი დაიქირავა) ვეღარ იხდიდა, ბებიას სთხოვა ფული და წავიდა. ჩვენ კი გვეგონა, რომ მოვენატრეთ და თავის საქციელს ნანობდა.
ისეთი გულნატკენები ვართ მე და ჩემი ძმა, დედამ მართლა რომ მოინანიოს ყველაფერი და ჩვენთან დაბრუნება მოინდომოს, არც კი ვიცი, გამიხარდება თუ არა. მამაზე ხომ საერთოდ აღარაფერს ვამბობ, პრაქტიკულად, ტელეფონითაც კი არ გვკითხულობს.
მაცაცო, 15 წლის.
ყველაფერი ჩემი ბრალია
გწერთ გამწარებული დედა და ბებია. ვიცი, რომ ამ წერილის მოწერა ვერაფერს მიშველის, მაგრამ, მინდა ყველამ გაიგოს სიმართლე, რადგან, ჩემმა უსინდისო სიძემ (ყოფილმა) და მისი ოჯახის წევრებმა, გარდა იმისა, რომ ჩემს ერთადერთ შვილსა და პატარა შვილიშვილებს ცხოვრება გაუმწარეს, ჩემი შვილის სახელს ჩირქი მოსცხეს და ახლა ქუჩაში აღარ გაესვლება – მაღაზიაში ჩასვლისაც კი ეშინია, რადგან, მაშინვე ჩურჩულს იწყებენ მასზე.
ჩემი საწყალი გოგო ადრე დამიობლდა და უმამაოდ გავზარდე. მთელ რაიონში თითით საჩვენებელი ბავშვი იყო: კარგად სწავლობდა, გარეგნობითაც გამოირჩეოდა და წესიერებითაც. ჩემი სოფო სკოლას რომ ამთავრებდა, ჩვენს რაიონში (რაიონულ ცენტრში ვცხოვრობთ) თბილისელმა კაცმა რაღაც კანტორა გახსნა, ანუ, ბიზნესი წამოიწყო და ხშირად უწევდა ჩამოსვლა. ერთ-ერთი ჩამოსვლის დროს სოფო დაუნახავს და მოსწონებია. მერე, თურმე, გაიკითხ-გამოიკითხა ყველაფერი და რამდენიმე დღეში სახლშიც მომადგა მეგობრებით – ჩემი სოფოს ხელი მთხოვა. ფიზიკურად კარგი ახალგაზრდა კაცი იყო, წარმოსადეგი; თან, სულო ცოდვილო და, ვიცოდი, რომ შეძლებულადაც ცხოვრობდა და ვიფიქრე, ჩემს ობოლს ბედმა გაუღიმა-მეთქი. ამიტომ, კატეგორიული უარი არ ვუთხარი, ერთადერთი, ის ვთხოვე, სკოლის დამთავრება აცადე და, თან, მანამდე გაიცანით ერთმანეთი-მეთქი. მე სულელმა თვითონ გავუკვალე გზა ჩვენს ოჯახამდე იმ არაკაცს. მაშინ სოფო 16 წლის იყო. ისე გავზარდე, რომ იტყვიან, კალთაზე მყავდა გამოკერებული. ბევრ კარგ ბიჭს მოსწონდა, მაგრამ, არავის ვაკარებდი – ნიჭიერი იყო და მინდოდა, სწავლა გაეგრძელებინა სკოლის მერე. ჩემი ბრალია, ასეთი გულუბრყვილო და მიმნდობი რომ იყო. მოკლედ, მე ენაგასახმობმა თვითონ ვუთხარი იმ კაცს, გარე-გარე სიარულს, მირჩევნია, ჩემს ოჯახში შეხვდე ჩემს შვილს-მეთქი და ასე გავაცანი ერთმანეთს.
ძალიან გამოუცდელი და უეშმაკო ბავშვი იყო ჩემი სოფო, არც არასდროს ჰყოლია შეყვარებული და, ცხადია, მაშინვე მოიხიბლა თბილისელი ახალგაზრდა კაცის დახვეწილი მანერებით, მისი სიურპრიზებით და, რა გასაკვირია, რომ შეუყვარდა. გაცნობიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ ოფიციალურად მთხოვა შვილის ხელი და კატეგორიულად გამომიცხადა სკოლის დამთავრებამდე ვერ მოვიცდი, ჩემი გეგმები მაქვსო. ძალიან წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ სოფომაც მოინდომა და, ბოლოს, მეც დავთანხმდი. ალეკომ მითხრა, ხელისგულზე ვატარებ თქვენს შვილს, სკოლასაც დავამთავრებინებ, უმაღლესსაც და ცივ ნიავს არ მივაკარებო, მაგრამ, უმაღლესი და ხელისგულზე ტარება კი არა, სახლიდან არ უშვებდა, ისეთი ავადმყოფურად ეჭვიანი კაცი გამოდგა. ზედიზედ გააჩენინა ორი შვილი და ჩვენთან ჩამოსვლასაც უკრძალავდა – რა ვიცი, იქნებ იქ ძველი სატრფოები გყავს და იმათი ნახვა მოგენატრაო. ერთ ზაფხულს, დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, უფლება მომცა, ჩემი შვილი და შვილიშვილები ჩემთან წამეყვანა – დაისვენებენ და თან ჰაერს გამოიცვლიან-მეთქი. ორი კვირით წაყვანის ნება დამრთო, მაგრამ სოფო ავად გამიხდა და ერთი კვირით გაუხანგრძლივდათ ჩვენთან ყოფნა. სიძეს დავურეკე და ავუხსენი სიტუაცია, მაგრამ, პირდაპირ მომახალა – ზუსტად ვიცი, რატომაც მოიავადმყოფა თავი და შენც ხელს უწყობ ბოზობაში, შეუძლია, საერთოდ აღარ დაბრუნდეს სახლშიო. ორი დღის შემდეგ კი დედამისი დაგვადგა თავზე, მთელი უბნის გასაგონად გალანძღა და გათათხა ჩემი შვილი და წავიდა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ჭორაობა ატყდებოდა მთელ რაიონში. სოფო და ბავშვები აღარ გავუშვი. ახლაც ჩემთან არიან, მაგრამ, იმ ტკივილსა და დამცირებას როგორ გადაიტანს, არ ვიცი. მეშინია, არ დაავადდეს. ჩემს თავს ვადანაშაულებ, რომ ერთადერთი შვილი, თანაც ასეთ პატარა ასაკში, იმ კაცს გავაყოლე ცოლად, ვისაც, პრაქტიკულად, არ ვიცნობდი.
მარიანა, 46 წლის.