კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ აქვს მოსახლეობას სრული ინფორმაცია, თუ რა სამედიცინო მომსახურებას უნაზღაურებს სახელმწიფო და ვის უნდა მიმართონ პაციენტებმა მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში

პაციენტები ჩვენს ქვეყანაში, მოგვწონს თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ კრავივით დაუცველთა კატეგორიას განეკუთვნებიან. ამის მიუხედავადაც, არსებობს ორგანიზაცია, რომელიც მათ უფლებებს იცავს –  საქართველოს პაციენტთა უფლებების დაცვის ასოციაცია. მისი თავმჯდომარე მამუკა ცუხიშვილია. ადამიანი, რომელსაც არ აქვს სამედიცინო განათლება, მაგრამ საკუთარი ძალისხმევით შექმნა პრეცედენტი და სამედიცინო დაწესებულებას მისთვის მიყენებული ზიანი ბოლო თეთრამდე აანაზღაურებინა. ამჟამად ის, ბუნებრივია, სხვა პაციენტების უფლებებსაც იცავს. პირველი აპრილიდან სახელმწიფო დაზღვევის ის პროგრამები –  უმწეოთა, სტუდენტთა, პენსიონერთა თუ სამ წლამდე ბავშვთა ჯანმრთელობის დაზღვევა –  რომლებსაც აქამდე კერძო სადაზღვევო კომპანიები ახორციელებდნენ, საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამას შეუერთდა. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ჯანმრთელობაზე ამიერიდან სახელმწიფო უშუალოდ იზრუნებს. მეორე მხრივ, გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს ფაქტი კერძო სადაზღვევო კომპანიებს დააზარალებს, რადგან მათ გარანტირებული თანხა მოაკლდებათ ბიუჯეტიდან, თუმცა ისიცაა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის მოვალეობა კერძო ბიზნესის გამართვა არ არის. იმის გათვალისწინებითაც, რომ ამას წინათ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა, როდესაც არასრულწლოვანი პაციენტის მამამ თავი მოიკლა, სწორედ კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ საოპერაციო თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმას უკავშირდება. გააუარესებს თუ გააუმჯობესებს უმწეოთა თუ პენსიონრების ჯანმრთელობის დაზღვევას მათი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვა? –  ამ კითხვაზე პასუხის გაცემას პაციენტთა უფლებების დამცველთან, მამუკა ცუხიშვილთან ერთად შევეცდებით.

– ვიცით, რომ უმწეოთა სადაზღვევო პაკეტი უკეთესი იყო, ვიდრე საყოველთაო დაზღვევის პაკეტია, თუმცა ისიც ვიცით, რომ ბევრი ხარვეზით მიმდინარეობდა კერძო სადაზღვევოების მხრიდან. როგორ შეაფასებდით კერძო სადაზღვევოებისთვის უმწეოებისა და პენსიონერების მომსახურების ჩამორთმევას? ამ კატეგორიის პაციენტებს გაუუმჯობესდებათ სამედიცინო მომსახურება?

– საყოველთაო დაზღვევის პროგრამამ პირველი აპრილიდან მოიცვა მოსახლეობის ყველა ფენა, გარდა იმ ფენისა, ვინც კორპორატიულადაა დაზღვეული. სახელმწიფოს, კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროსა და მთავრობას მიაჩნიათ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები კმაყოფილნი არიან. თუმცა, რაოდენ გადაუდებელიც უნდა იყოს, თუ უკიდურესად გადაუდებელი პრობლემა არ აქვს პაციენტს, საოპერაციო ლოდინის პროცესი 2-დან 4 თვემდეა, რაც კატასტროფულად აისახება პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ანუ მათი მდგომარეობა უარესდება.

– საყოველთაო დაზღვევის პროგრამაზე ამბობთ?

– დიახ, გავიმეორებ, არა მარტო სოციალურად დაუცველები, ფაქტობრივად, მთელი ქვეყანა, გარდა კორპორაციულად, სამსახურებრივად დაზღვეულებისა, გაერთიანდა ერთ სისტემაში. თუმცა საყოველთაო დაზღვევის პროგრამის პლუსი ის არის, რომ პაციენტები გარკვეულ გამოკვლევებზე სარგებლობენ ასპროცენტიანი დაფინანსებით.

– რაც იმავე უმწეოების სადაზღვევო პაკეტში არ იყო?

– დიახ, რასაც წინა პაკეტი არ ანაზღაურებდა. თუ ადრე მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია გადაუდებელ შემთხვევაში ანაზღაურდებოდა 70, 80 ან 90 პროცენტით, საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის პროგრამაში სრულად ფინანსდება, მაგრამ მედიკოსებს დავალება აქვთ მიცემული, რომ პაციენტი დარჩეს პოლიკლინიკის დონეზე, რომ სახელმწიფომ ბევრი ფული არ დახარჯოს. საყოველთაო დაზღვევის პროგრამას ბევრი ხარვეზი აქვს, რაც ეხება არა მარტო სოციალურად დაუცველებს, არამედ პენსიონერებსაც. მათ მხოლოდ და მხოლოდ პოლიკლინიკის ექიმთან შეუძლიათ მისვლა, თუმცა პლუსი არის ის, რომ ყოველ ორ თვეში ერთხელ პაციენტს შეუძლია, აირჩიოს ახალი პოლიკლინიკა, რომელიც ჩართულია საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში. მხოლოდ პირადობის მოწმობით დარეგისტრირდება და ორი თვის შემდეგ კვლავ შეიცვლის, თუ ამის სურვილი ექნება. ეს ნამდვილად პლუსია, თუმცა მეორე საკითხია: აკმაყოფილებს ის პოლიკლინიკები ევროპულ სტანდარტებს? რასაკვირველია, არ აკმაყოფილებს. მაგალითად, არის პოლიკლინიკა, რომელსაც არ ჰყავს ინფექციონისტი; რომელსაც არ ჰყავს  უროლოგი, არ აქვს კარდიოექოსკოპია, არ ტარდება იმ ტიპის გამოკვლევები, რომლებიც სჭირდება პაციენტს და ასე შემდეგ. ანუ ზოგადად, ვერ აკმაყოფილებს იმ თანამედროვე სტანდარტებს, რომლისკენაც ეს ქვეყანა მიილტვის.

– ლოდინის 2-დან 4-თვემდე პერიოდი ახსენეთ, თუმცა, როდესაც ჯანდაცვის სოციალურ პროგრამებზეა საუბარი, ლოდინი მიღებული პრაქტიკაა განვითარებულ ქვეყნებშიც.

– ჩაგერთვებით: თუ პაციენტის მდგომარეობა ექიმის მიერ გამოწერილი ფორმა 100-ს, ანუ ნორმალური ექიმის მიერ დასმული დიაგნოზის მიხედვით შეუთავსებელი არ არის სიცოცხლესთან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესდება, ამ ადამიანს ლოდინის პროცესი შეიძლება, ჰქონდეს. ყოველ შემთხვევაში, თუ გაუსაძლისი ტკივილები აქვს პაციენტს, არ არის სასურველი 2-დან 4 თვემდე ლოდინი, მაგრამ, თუ გეგმიურია შემთხვევა, პაციენტმა შეიძლება, მოიცადოს.

– ითქვა, რომ საპენსიო ასაკის პირების ლოდინის პროცესი, როგორც წესი, ხშირად მაქსიმალურია, 4 თვემდე ელოდებიან ოპერაციას, ვიდრე მათზე ახალგაზრდები.

– გააჩნია დაავადებების ნოზოლოგიას. გააჩნია ფორმა 100-ს კოდებს. მოგეხსენებათ, ჩვენთან დაავადების კოდები გაუთანაბრდა ევროპულს. ამას ვერავინ არეგულირებს, შეიძლება, პაციენტმა ორ კვირაში მიიღოს დადებითი პასუხი ან ერთ თვეში, ორ თვეშიც, სამ თვეში ან 4 თვეში. 4 თვემდე ლოდინის პროცესი ჩვეულებრივია ასაკოვანი ადამიანისთვისაც, თუ მისი დაავადება სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის.

– საველე მედიცინაში ასე ყოფილა: როდესაც მძიმე და საშუალო სიმძიმის პაციენტი შემოდის, თავდაპირველად ქირურგმა უნდა მიხედოს საშუალო სიმძიმის პაციენტს, რომ ისიც არ დაუმძიმდეს და მხოლოდ ამის შემდეგ მძიმეს. რაღაც მსგავსი რამ გამოდის, პენსიონერებისთვის ლოდინის იმავე პერიოდის დაწესებით.

– აქ ერთი მომენტიცაა: როდესაც ავტობუსში ამოდის ხნიერი და ახალგაზრდა ადგილს არ უთმობს, არადა, შესაძლოა, იმ მომენტში ახალგაზრდას უფრო უჭირდეს, ვიდრე ხნიერს. აქ ყველაფერი დამოკიდებულია ფორმა 100-ზე. ექიმის მიერ დადგენილი დიაგნოზი განსაზღვრავს ლოდინის დროს. ექიმებს, როგორც წესი, ეშინიათ და ამ ბოლო დროს არ შეგვხვედრია შემთხვევა, არაპროფესიულად იყოს შევსებული დოკუმენტაცია, თუმცა არ გამოვრიცხავთ იმას, რომ პენსიონერის და უფრო ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ერთნაირი იყოს და ახალგაზრდას უფრო სწრაფად ჩაუტარდეს ოპერაცია, გააჩნია რომელი პოლიკლინიკისთვის, რა ფაქტორია წამყვანი. ამას თვითონ წყვეტენ და არანაირი უფლება არ აქვს პაციენტს ან მისი ოჯახის წევრს, რამე გაარკვიოს საყოველთაო ჯანდაცვის ობიექტების ფილიალებში. მათი პასუხია: დაელოდეთ მესიჯს. რომ არ მოგატყუოთ, ქვეყანაში ჯანდაცვის პროგრამის მომსახურება საკმაოდ ცუდად აისახება მოსახლეობაზე.

– საერთოდ რომ არ იყო, იმასთან შედარებითაც?

– ასე თუ მივუდგებით საკითხს, რა თქმა უნდა, არა. თუმცა თავიდან უმწეოების დაზღვევის პროგრამა კარგად მუშაობდა, მაგრამ შემდეგ სადაზღვევოებს ფული შემოაკლდათ თუ იმიტომ, რომ ტაქტიკა შეიცვალეს, უკან-უკან წავიდა საქმე.

– სადაზღვევო კომპანიებისთვის სახელმწიფო დაზვევის ჩამოშორება მათ დააზარალებსო. კერძო კომპანიებმა ბიუჯეტის ხარჯზე უნდა გამართონ ბიზნესი?

– აქ ისეთი ვითარებაა, რომ ვერავინ გაიგებს, სად მარხია ძაღლის თავი. ეს არა მარტო ჩვენთვისაა გაუგებარი, რიგითი მოქალაქეებისთვის, არამედ, სისტემაში მომსახურე პერსონალისთვისაც კი რთულად გასარკვევია, ვინ ვის ფუნქციებს არეგულირებს.

– ჩვენ ვისაუბრეთ პოლიკლინიკებზე, როდესაც ოპერაცია სჭირდება საყოველთაო – რა ტიპის დაკვირვებას ეფუძნება თქვენი კვლევა?

– გვაქვს ჩვენი ოფისი პარლამენტში, რომელიც საკმაოდ აქტიურია. ვესწრებით პარლამენტისა და კომიტეტების სხდომებს, პერიოდულად ვაკეთებთ ანალიზს სფეროების მიხედვით, თვალს ვადევნებთ პარლამენტის მუშაობას. ასევე, პარლამენტიდან გამოვითხოვეთ სტატისტიკური ინფორმაცია და შევუკვეთეთ კვლევა, რომელიც ეხებოდა საზოგადოების განწყობას ზოგადად პოლიტიკური პროცესებისადმი და მათ შორის, პარლამენტისადმი. გამოიკვეთა ბევრი საკითხი: რამდენი კანონი განიხილა პარლამენტმა, ვინ იყო ყველაზე აქტიური დეპუტატი სიტყვით გამოსვლებისას პლენარულ სხდომებზე, ვინ იყო ყველაზე აქტიური საკანონმდებლო ინიციატივების კუთხით. ასევე, განვიხილეთ პარლამენტის წევრების კავშირები ბიზნესთან. ზოგადად, პარლამენტის წევრებს არ ეკრძალებათ წილების ფლობა, უბრალოდ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, აქვს თუ არა რამე ბიზნესთან კავშირი პარლამენტის წევრსა თუ მისი ოჯახის წევრს. 150-დან გამოვლინდა 48 დეპუტატი, რომლებიც ან რომელთა ოჯახის წევრები ფლობენ ამა თუ იმ ბიზნესის წილებს.

– განვუმარტოთ მკითხველს, რომ კანონი მათ აძლევს ამის უფლებას.

– ეს ქმედება კანონიერია, თუმცა პარლამენტში აღმოჩნდა სამი ადამიანი, რომლებიც პარლამენტის წევრობის პერიოდში ფიქსირდებოდნენ დირექტორებად, რაც აკრძალულია პარლამენტის წევრისთვის, რადგან, კანონით, მათ არ შეუძლიათ კომპანიის უშუალო მართვაში მონაწილეობა. ესენი არიან: გიორგი თოფაძე, ზვიად კვაჭანტირაძე და  თამაზ ავდალიანი. ზვიად კვაჭანტირაძე საჯარო რეესტრის უკანასკნელი ჩანაწერით დღემდე სააქციო საზოგადოება „გოლდენ ფლის გრუფისა“ და შპს „უნიონ კრედიტის“ დირექტორია. გიორგი თოფაძე 2013 წლის 18 ივნისამდე იყოს შპს ყაზბეგი 2005-ის, ხოლო 2013 წლის 19 ივნისამდე –  შპს „ყაზბეგი-ნაყინის“ დირექტორი. ამ პერიოდში თოფაძე უკვე იყო პარლამენტის წევრი. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა თამაზ ავდალიანის ჩანაწერებშიც, რომელიც 2013 წლის 10 იანვრამდე შპს „ასკო ლტდ-ის“ დირექტორი იყო, მაშინ როდესაც იგი პარლამენტის წევრი 2012 წლის 21 ოქტომბერს გახდა.

– ეს ინფორმაცია დგინდება რეესტრის ჩანაწერებით და არა იმ დეკლარაციებით, რომლებსაც საჯარო მოხელეები და პარლამენტის წევრები ავსებენ სავალდებულო წესით?

– ეს უკვე სხვა საკითხია, დეკლარაციებზე მოგვიანებით ვისაუბრებ. რადგან ამ სამ ადამიანს უფიქსირდება კომპანიების მართვაში მონაწილეობა, პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა უნდა დაადგინოს, მართლაც ასრულებდნენ დირექტორის ფუნქციას თუ ეს უბრალოდ ტექნიკური პრობლემა იყო. ჩვენ ვესაუბრეთ სამივეს და ამბობენ, რომ არც ახსოვთ ამ კომპანიების არსებობა, თუმცა ფაქტია, რომ ოფიციალურად დირექტორებად ირიცხებიან. მეორე ნაწილია არადეკლარირებული სამეწარმეო საქმიანობის კვლევა. აღმოჩნდა 9 დეპუტატი , რომლებსაც დეკლარაციებში არ ჰქონდათ მითითებული ის წილები, რასაც ფლობენ. მაშინ, როდესაც კანონი მათ არ უკრძალავთ წილების ფლობას, მაგრამ თავიანთ დეკლარაციებში არ აქვთ შეტანილი ეს ინფორმაცია.

– კონკრეტულად პარლამენტის რომელ წევრებზეა საუბარი?

– პარლამენტის 43 წევრს ან მისი ოჯახის წევრს 2012 წლის ოქტომბრიდან ჰქონდა ან ისევ აქვს ბიზნესაქტივები. მათგან 28, ანუ 67 პროცენტი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელია, 9 –  საპარლამენტო უმცირესობის, ხოლო 6 არც ერთს არ ეკუთვნის. ერთმანეთს შევუდარეთ პარლამენტის წევრთა მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები და საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზის ჩანაწერები, რის შედეგადაც გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც პარლამენტის წევრის მიერ დეკლარაციაში მითითებული კომპანიების სია არასრული იყო. კერძოდ, წალენჯიხის მაჟორიტარმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ქარდავამ 2013 წლის დეკემბერში შევსებულ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მხოლოდ ერთი კომპანია –  შპს „მ.დ. ჯგუფი“ მიუთითა. პარლამენტის წევრის განცხადებით, მას კომპანიისგან მოგება არ მიუღია.  საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერების მიხედვით, შპს „მ.დ. ჯგუფის“ გარდა, ლევან ქარდავა შპს „მაგანა-2004-ს“ და შპს „გრუპპო ვიას“ მესაკუთრეა. მას ეკუთვნის შპს „საქართველოს ინოვაციური ნანოტექნოლოგიების“ 20-პროცენტიანი წილიც. საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაციის მიხედვით, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ ლევან ქარდავამ კუთვნილი კომპანიების ნაწილი გაასხვისა: 2012 წლის 30 ოქტომბრამდე პარლამენტის წევრს ეკუთვნოდა შპს „ტელეარხი 25-ის“ 50-პროცენტიანი წილი. 2013 წლის მარტში კი მან გაასხვისა შპს „ოილ პროში“ მისი კუთვნილი 50-პროცენტიანი წილი, ხოლო 2013 წლის ივნისში –  შპს „გეომაგინვესტპრომის“ 25-პროცენტიანი წილი. წალკის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ რევაზ შავლოხაშვილი, რომელიც მანამდე პარლამენტში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდა, შპს „საბა 2005-ის“ 50-პროცენტიან წილს ფლობს, რის შესახებაც არც 2013 წელს და არც 2014 წელს შევსებულ დეკლარაციებში არ განუცხადებია. თამაზ ყაჭეიშვილს, დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“, 2013 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ უხსენებია თავისი 25-პროცენტიანი წილი შპს „ხარისხში“. რეესტრში არსებული მონაცემებით კი, იგი შპს „საქართველო-გერმანიის ერთობლივ საწარმო ეკოში“ 5-პროცენტიან წილსაც ფლობს.  ასევე, „ქართული ოცნების“ დეპუტატ თამაზ შიოშვილსაც არ განუცხადებია თავის დეკლარაციებში შპს „სპენიშქლეის“ 35-პროცენტიანი წილისა და შპს „მემორექსის“ 30-პროცენტიანი წილების შესახებ. ასევე, უმრავლესობის წევრ გიგა ბუკიას არ ჩაუწერია თავის მიერ შევსებულ დეკლარაციაში, რომ მისი შვილი შპს „იუ-სი-ემ“-ის 50-პროცენტიანი წილის მფლობელია. ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი ლიპარტელიანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ 2013 წლის 2 აპრილამდე შპს „ბიოსფერო +“-ის 20-პროცენტიანი წილის მფლობელი იყო, რის შესახებაც მას არც ერთ დეკლარაციაში არ განუცხადებია.

– მათ კანონი არ უკრძალავს წილების ფლობას, რატომ არ უნდა შეჰქონდეთ თავიანთ დეკლარაციებში ეს ინფორმაცია?

– აქ არის ერთი პრობლემა: კანონში არ არის სანქცია იმის საწინააღმდეგო, თუ საჯარო მოხელე არასწორად, არასრულად, არაზუსტად  შეავსებს დეკლარაციას. ერთადერთი სანქცია ეხება იმას, თუ დროულად არ შეავსებ დეკლარაციას.

– არავინ ამოწმებს დეკლარაციის შინაარსობრივ სიზუსტეს.

– არავინ აკონტროლებს, რადგან, რომ გააკონტროლო კიდეც, არ არსებობს სანქცია, ვერანაირ ღონისძიებას ვერ გაატარებ. კანონში არ არის მითითებული უწყება, ვისაც ეს დაევალებოდა. ვახტანგ ხმალაძემ პრეზენტაციისას აღნიშნა, რომ რიგ ქვეყნებში არსებობს სტრუქტურები, რომლებიც არა მხოლოდ დეკლარაციის სიზუსტეს ამოწმებს, არამედ იმ საწარმოებშიც, რომელთა წილი პარლამენტის წევრს მინდობილი აქვს მესამე პირისთვის, მიდის და აკვირდება, ხომ არ ესწრება პარლამენტის წევრი კომპანიაში შეხვედრებს, ხომ არ იღებს მონაწილეობას მართვაში. ჩვენს შემთხვევაში ასეთი დარღვევების გამოვლენისას მორალის მხრივ თუ გამტყუნდება საჯარო მოხელე ან პარლამენტის წევრი. 

– როდესაც საჯარო მოხელეების ქონების შესახებ ვწერ მასალებს, ვითვლი მათ მიერ აღებული კრედიტების რაოდენობასაც. მაგალითად, სოფლის მეურნეობის მინისტრის ერთ-ერთ მოადგილეს იმდენი კრედიტი აქვს აღებული, მისი ჩინოვნიკური ხელფასი აშკარად ვერ ეყოფა მათ გასტუმრებას. არის შემთხვევები, როდესაც გასავალი აჭარბებს შემოსავალს. აი, ასეთი მარტივი საკითხების შემოწმებაც შეუძლებელია და სახელმწიფო მოხელეების სინდისზე უნდა ვიყოთ მხოლოდ დამოკიდებული?

– თვითონ პარლამენტის წევრებმაც იციან, რომ რაღაც სტრუქტურა უნდა არსებობდეს ქვეყანაში, რომელიც უფლებამოსილი იქნება, გადაამოწმოს მათ მიერ შევსებული დეკლარაციები.

– ჩემი აზრით, ამა თუ იმ ბიზნესში წილის ფლობა, რასაც არ კრძალავს კანონი, უკვე ნიშნავს, რომ ის კონკრეტული პარლამენტარი იმ კონკრეტული ბიზნესის ლობისტია.  მათ მიერ წილების დამალვა სწორედ ამას ხომ არ უკავშირდება?

– საზოგადოებამ ამის შესახებ უნდა იცოდეს და უნდა არსებობდეს რაღაც სტრუქტურა, რომელიც, როგორც მინიმუმ, შემთხვევითი შერჩევის წესით მაინც გადაამოწმებს დეკლარაციაში შეტანილი ფაქტების სიზუსტეს, რადგან ათასობით დეკლარაციის შემოწმება შეუძლებელია, მაგრამ რაღაც ფილტრი უნდა იყოს, თუმცა ჯერჯერობით ამაზე არ ყოფილა საუბარი, აპირებენ თუ არა მსგავსი სტრუქტურის შექმნას.

– გამოკითხვამ რა აჩვენა? რა წარმოდგენა აქვს ჩვენს საზოგადოებას უმაღლეს კანონმდებლებზე?

– კითხვები ეხებოდა როგორც პარლამენტარების ცნობადობას, ისე ნდობას. კარგი იყო ის, რომ გამოკითხულთა 82 პროცენტი იცნობს დავით უსუფაშვილს, მაგრამ ცუდია, რომ გამოკითხულთა ნახევრმა არ იცის, ვინ არის მათი მაჟორიტარი დეპუტატი. მეორე მნიშვნელოვანი შედეგი არის ის, რომ ნდობის კუთხითაა ძალიან ცუდი მდგომარეობა: გამოკითხულთა 25 პროცენტი არც ერთ პარლმენტარს არ ენდობა და არის ასეთი რეიტინგი: ყველაზე დიდი ნდობის მაჩვენებელია 6 პროცენტი, ამდენი ენდობა დავით უსუფაშვილს, დანარჩენებს უფრო ნაკლები ნდობის მაჩვენებელი აქვს. დეპუტატთა აქტიურობის შეფასებაშიც იგივე მდგომარეობაა. როდესაც ვკითხეთ, ვინ არის ყველაზე აქტიური დეპუტატი, 6 პროცენტით გაიმარჯვა ეკა ბესელიამ. გამოვიდა, რომ, ძალიან ბევრი ადამიანის აზრით, დეპუტატები არ არიან საკმარისად აქტიურები. საინტერესო შედეგი იყო, რომ გამოკითხულთა ერთი პროცენტი ენდობა ბიძინა ივანიშვილს, როგორც პარლამენტის წევრს, თუმცა ის პარლამენტის წევრი არ არის. ასევე, გამოკითხულთა აზრით, დეპუტატები არ სვამენ მათთვის საინტერესო საკითხებს. ყველაზე მეტი პროცენტი აიღო დავით ბაქრაძემ –  3 პროცენტი.

– მე არ მახსოვს მის მიერ დასმული საკითხების სიმრავლე.

– დანარჩენებმა კიდევ უფრო ნაკლები პროცენტი მიიღეს, გამოკითხულთა უმრავლესობამ კი თქვა, რომ არც ერთი დეპუტატი არ სვამს მათთვის საინტერესო საკითხს. ასევე, შეკითვაზე, თუ სად უნდა იყოს პარლამენტი, 66-მა პროცენტმა დაასახელა თბილისი, 20-მა პროცენტმა –  ქუთაისი. ასევე, შევისწავლეთ მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების საქმიანობაც. არავინ იცის, სად არის მაჟორიტართა უმრავლესობის ბიუროები. პარლამენტში არ არის ერთი ადამიანიც კი, ვისაც ექნებოდა საკონტაქტო ფურცელი მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების მისამართითა და ტელეფონის ნომრით. ვაპირებთ, ჩვენ გავაკეთოთ და მივაწოდოთ. ჯერჯერობით ეს ინფომრაცია არ არსებობს, რაც ძალინ ცუდია და, ალბათ, აქედან გამომდინარეობს, რომ მაჟორიტარ დეპუტატებს ამომრჩევლები არ იცნობენ. სხვათა შორის, გამოკითხვის თანახმად, ამომრჩევლებს ძალიან არ მოსწონთ პოლიტიკური კონფრონტაცია. გარდა ამისა, კვლევა ჩავატარეთ დეპუტატ ქალებზეც.

– თუ წინა პარლამენტში 7 ქალი დეპუტატი იყო, ამ პარლამენტში ორ-ნახევარჯერ მეტია..

– ამჟამად 18 ქალია პარლამენტში და ეს არის პარლამენტის საერთო შემადგენლობის 12 პროცენტი, მაშინ, როდესაც მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელ 21 პროცენტია, ანუ საკმაოდ ჩამოვრჩებით განვითარებულ ქვეყნებს და საერთო რეიტინგში 105-ე ადგილზე ვართ სირიასთან ერთად. ამდენად, ამ მხრივ, გენდერული ბალანსი საკმაოდ დარღვეულია. მეორე შედეგი იყო ის, რომ წამყვან თანამდებობაზე სამი ქალია მხოლოდ. ასევე, შევუდარეთ ერთმანეთს ინიციატივებისა და გამოსვლების კუთხით ქალი და მამაკაცი დეპუტატების აქტივობები: საშუალოდ კაცები სჯობდნენ ქალებს გამოსვლებში, ინიციატივებში კი, პირიქით, ქალები –  კაცებს. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ პარლამენტში არ დასმულა ბევრი ისეთი საკითხი, რომლებიც ეხება ქალების უფლებებს. დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებით იყო ერთი ინიციატივა და, თუ საბავშვო ბაღების უფასო მომსახურებას ქალთა უფლებების რანგში განვიხილავთ, ეს გამოდის მეორე ინიციატივა. თუმცა პარლამენტში არსებობს გენდერული თანასწორობის საბჭო.

– რომელიც არასდროს არაფერს აკეთებდა, თუ არ ჩავთვლით ოჯახური ძალადობის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომელსაც მომხსენებელი ქალბატონი დეპუტატი ყურებამდე გაწითლებული კითხულობდა, მამაკაცი დეპუტატები კი იცინოდნენ.

– ფაქტია, რომ ეს საბჭო ეფექტიანად არ მუშაობს. ჩვენ გვინდა, ჩავერთოთ და ვნახოთ, რას აკეთებენ, ჯერჯერობთი გარეგნულად მათი საქმიანობა არ ჩანს.

–  რადგან ეს კვლევა პირველია, არ გვაქვს შედარების საშუალება წინა მოწვევის პარლამენტებთან.

– დიახ, რადგან არ გვაქვს წინა მონაცემები, არ არსებობს შედარების საშუალებაც. ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ წინასთან შედარებით ეს პარლამენტი უფრო ცოცხალია, მეტი დისკუსიაა კანონპროექტების განხილვისას, უფრო მეტი გაჩერებული კანონპროექტია. საკანონმდებლო ინციატივები მეტწილად პარლამენტარების მხრიდანაა, მთავრობა მეორე ადგილზეა.

– ეს კარგია?

– კარგია პარლამენტის ფუნქციონირებისთვის, იმიტომ რომ უფრო მეტად ეთქმის სიტყვა კანონმდებლებს, თან, როდესაც პარლამენტია კანონპროექტის ინიციატორი, მეტი შანსია, ის კანონად იქცეს. მომავალ წელსაც თუ გავაკეთებთ იმავე კვლევას, უკვე შედარების საშუალებაც გვექნება.

 

скачать dle 11.3