მონატრებული
„მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი“
ის, როგორც გვპირდებოდა, არ ჩამოვიდა, მაგრამ იმით დაგვამშვიდა: ჩემი გული თქვენ გეკუთვნითო. და თუმცა ძალოვანებს „სკაიპით“ დაკითხვის შეთავაზებაზე წიხლი უკრა (ჩემი დონის პოლიტიკოსი „სკაიპით“ ჩვენებას მხოლოდ სასამართლოს თუ მისცემსო! – ), საკუთარი ბიბლიოეკის გახსნის (რაკი მიზანი ფრიად კეთილშობილური იყო) პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებისთვის ხმის მისაწვდენად, დიახაც რომ, თანამედროვე ტექნიკური პროგრესის მიღწევა – „სკაიპი“ გამოიყენა. გამოიყენა და მონატრებულ აუდიტორიას ჩვეულ სტილსა და მანერაშიც ესაუბრა.
ბიბლიოთეკის გახსნა ფრიად დასაფასებელი ჟესტია (მით უფრო, თუ პრეზიდენტყოფილს ვერწმუნებით, ისინი საკუთარი დანაზოგით შეგვიძინა), თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ბ-ნი სააკაშვილის მმართველობისას, სახელდობრ, თბილისის ცენტრალური ქუჩებიდან წიგნის მაღაზიები სრულიად აღიგავა პირისაგან მიწისა (მათ მიერ დაკავებულ ფართებში სავაჭრო და ჭამა-სმის ობიექტები გაიხსნა) და, ზედაც, სოფლების ბიბლიოთეკები დაიკეტა (სხვათა შორის, ბიბლიოთეკების ლიკვიდაციისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო), რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია, რატომ გვიმალავდა პრეზიდენტობისას წიგნებისადმი ეგზომ ცხოველ სიყვარულს?! მაგრამ, იქნებ, მართლაც, „სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი“…