ტერიტორიებწართმეულის იმედები
ანუ „ფენტეზიდან“ – კრიტიკულ რეალიზმამდე
თუკი ერთი წლის წინათ რფ-სა და უკრაინას შორის საომარი მოქმედებები უმეტესობისთვის „ფენტეზის“ ჟანრს განეკუთვნებოდა, აღმოჩნდა, რომ ეს სავსებით რეალურია. და თუმცა ჯერჯერობით რფ-ს თავისი სამხედრო მანქანა სრული სვლით არ აუმოქმედებია და დასავლეთიც, შეშფოთების გამომხატველი განცხადებების პარალელურად, ჯერჯერობით მხოლოდ „ნატოს“ წევრი ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებითაა დაკავებული, ჩრდილოელი საგარეო საქმეთა მინისტრი ბ-ნი ლავროვი მიიჩნევს, რომ დასავლეთი უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებას მხარს უჭერს არა მისდამი რწმენის, არამედ პრინციპის გამო (ანეკდოტური პათოსით: „ქურდების დედაც ვატირე, პრინციპის საქმე იყოო“).
რაც მთავარია, ჩვენც ამ უაზრო „პრინციპულობაში“ მოგვაყოლა. მომყავს ციტატა: „ისინი უკვე, როგორც იტყვიან, პრინციპის გამო ცდილობენ თავისი პროექტის ბოლომდე მიყვანას. დასავლეთმა უკვე გააკეთა ფსონი კიევზე და ახლა უკვე ძნელია უკან დახევა ისევე, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში მოხდა.“
მეორე მხრივ, ჩვენთვის მოსკოვს თაფლაკვერიც აქვს მომარჯვებული (რაკი იცის, რომ ტერიტორიებწართმეულის იმედი არათუ ბოლოს, საერთოდ არასდროს არ კვდება!). კერძოდ, გასულ კვირას დსთ-ის ქვეყნების ახალგაზრდა დიპლომატების ფორუმზე გამოსვლისას ბ-ნმა ლავროვმა შენიშნა, რომ არც „იუჟნაია ოსეტია“ და არც აფხაზეთი ყირიმის გზაზე შედგომას არ აპირებენ. მომყავს ციტატა: „ყოველ შემთხვევაში, პირადად მე ასეთი განწყობების შესახებ არაფერი მსმენია.“
მაგრამ ფაქტია, რომ ცხინვალელებს ეს განწყობა კარგა ხანია, აქვთ (და, ყოველ შემთხვევაში, პირადად მე მგონია, რომ ბ-ნ ლავროვსაც მშვენივრად სმენია – ), მეტიც, სოციალურ ქსელებშიც აქტიურად გამოთქვამენ მსგავს სურვილს. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ რფ-ში სოციალური ქსელების აკრძალვასაც გეგმავენ, ბ-ნი ლავროვის საინფორმაციო შიმშილი იქნებ იმით არის გამოწვეული, რომ სოციალურ ქსელებს ბოიკოტი „დოსროჩნად“ გამოუცხადა?!