ევროჩინოვნიკთა ცვენა
„ტანგო ვ ტროიომ“
იმის პარალელურად, რომ უკრაინა გახლეჩის პირასაა, ჩვენთან ევროჩინოვნიკთა ცვენაა (თვით ვარსკვლავთცვენაზე ამო სანახავი) და ინტენსივობა, საქმეს ისეთი პირი უჩანს, ივნისამდე არ შეჩერდება. ასე მაგალითად, გასულ კვირას საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩვენს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ, შემდეგ კი თავიანთი მოსაზრებები ჩვენც გაგვიზიარეს (პრესკონფერენციაზე).
სახელდობრ, ბ-ნმა შტაინმაიერმა (გერმანიის ნომერ პირველმა დიპლომატმა) დაგვამშვიდა, „რუსეთში ძალიან კარგად ესმით, რომ საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება არ აყენებს ეჭვქვეშ რუსეთ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებს“, ერთი ისაა, დასძინა – მგონიო.
თუმცა მთლად ზუსტი პასუხიც ვერ გაგვცა კითხვაზე, თუ როგორ აპირებენ შეშფოთებული ევროჩინოვნიკები რუსეთის დარწმუნებას, რომ ჩვენი, მოლდოველებისა და უკრაინელების ევროკავშირთან დაახლოება ჩრდილოეთს საფრთხეს არ შეუქმნის.
მომყავს ციტატა ბ-ნი შტაინმაიერის პასუხიდან: „ასოცირების შეთანხმება, რომელსაც ივნისის ბოლოს მოეწერება ხელი, არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული. ჩემს რუს კოლეგებთან გარკვევით, მკაფიოდ გამოვხატავ ჩემს პოზიციას.“
ევროჩინოვნიკები იმედოვნებენ, რომ საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ჩახუტება რუსეთ-საქართველოს შორის ვაჭრობის პროცესს ხელს არ შეუშლის (პათოსით: ეს ის შემთხვევაა, როდესაც მესამე ზედმეტი არ არის?!). მაგრამ, თუ გავიხსენებთ ბ-ნი შტაინმაიერის სიტყვებს: „მე მგონი, რომ ეს ძალიან კარგად ესმით რუსეთშიც“, კვლავაც რიტორიკულად რჩება კითხვა: რომ ვერ გაგვიგონ?!