რა ოინი მოუწყვეს ქართველ კაპრალს ქუვეითში
2007 წელს თბილისიდან ერაყში მიმავალი ქართველი სამხედროები ჯერ ქუვეითში ჩაფრინდებოდნენ ხოლმე სამოქალაქო თვითმფრინავებით (სადაც სპეციალურ მოსამზადებელ ბანაკში 2-3 დღე აჩერებდნენ), ხოლო შემდეგ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით ერაყში გადაჰყავდათ.
მოკლედ, ჩავედით ქუვეითში. საღამო ხანი იყო, საწვრთნელ ქალაქში დავბინავდით. დილით კარვიდან გამოსულს თვალი მომეჭრა – თაკარა მზე და ყველგან ყვითელი ქვიშა. ცა და დედამიწა მხოლოდ ერთ ოქროსფერში ბრჭყვიალებდა.
ვხედავ, ჩვენი კარვის წინ ახალგაზრდა კაპრალმა ჩაიმუხლა და ქვიშაში ხელი ამოურია.
– თვალებს გაუფრთხილდით, ბატონო კაპრალო... მზის სათვალე გაიკეთეთ და არ მოიხსნათ შენობაში შესვლამდე! – გავახსენე ახალგაზრდას ამერიკელების ინსტრუქტაჟი.
ბიჭი გაიმართა, ხელიდან ქვიშა ჩამოიფერთხა და სათვალე გაიკეთა.
– რაო, ცხელია? ხელი ხომ არ დაგეწვა? – გამოველაპარაკე.
– არა, ბატონო... რავა გეკადრებათ. ეს ხომ ჩვენი ქვიშაა... ქართული, – მომიგო პასუხად.
– „ჩვენი“ რას ჰქვია? – დავიბენი აშკარად.
– დიახ, ბატონო, არ იცოდით? – კილოზე შევატყვე, ზემო იმერელია.
გავიხედე და რას ვხედავ – კარვის უკან სერჟანტები იკრიჭებიან. რაღაცას მივხვდი, მაგრამ არ შევიმჩნიე და როგორც შემეძლო, სერიოზულად ვკითხე:
– ბიჭოს... ისე მეც მივამგვანე, მაგრამ... საიდან? როგორ?
– საჩხერისაა, ბატონო, ამის მეტი რა მინახავს, – მიპასუხა გაღიმებულმა, – ბიძინა ივანიშვილს გამოუგზავნია ქართული ბანაკის მოსაწყობად...
აქ უკვე მეც ვეღარ შევიკავე თავი და სიცილისგან ძირს მხოხავ, გადაბჟირებულ სერჟანტებს შევუერთდი.