ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები
ერთ ქართველ თავადიშვილს თბილისში უსესხია ერთი ქართველი აზნაურიშვილისგან სამოცი თუმანი. ერთ დროს ერთმანეთს შეჰხვედრიან პეტერბურგში. დავალებულს ფული აუღია და მადლობით შეუძლევია აზნაურიშვილისთვის.
– აი, ხელი არ უნდა მომტყდეს, რომ ჩემს მოძმე ქართველს ფული გამოვართვა ამ შორს ქვეყანაშიო, – უთხვამს სულგრძელ აზნაურს და არ გამოურთმევია ფული, თუმცა თავადიშვილს ბევრი უხვეწნია – გამომართვი, თორემ, მერე, იქნება, ვეღარ შევძლო შენი ვალის გადახდაო.
გასულა რამდენიმე ხანი და ეს ორი მართლაცდა იშვიათნი ქართველნი თბილისში შეხვედრიან ერთმანეთს. აზნაურიშვილს უთქვამს:
– ახლა კი დროა, ჩემი ფული დამიბრუნოო.
– აი, ხელი არ უნდა მომტყდეს, რომ ჩემს ქვეყანაში ფული ვინმეს დავუბრუნოო, – უპასუხია თავადიშვილს.
***
– გიორგი, რამდენჯერ იცვლი თვეში პერანგს? – უკითხავს ერთხელ პლატონ იოსელიანს გიორგი მუხრანსკისთვის.
– როგორ თუ თვეში? ყოველდღე ვიცვლი.
– ოჰ, დიდად ჭუჭყიანი ყოფილხართ, თქვენმა მზემ, – გაიოცა თურმე პლატონმა.
***
აკაკის ღამე ქურდი შეეპარა ოთახში. პოეტს ჯერ არ ეძინა, მაგრამ თავი მოიმძინარა. ქურდმა აქეთ-იქით ფოთიალი დაიწყო, ბოლოს ბალიშის ქვეშ შეაცოცა ხელი. პოეტმა ჩუმად ჩასჩურჩულა ყურში: „ვერა იპოვე რაო?“
***
ერთხელ, როდესაც ნოდარ დუმბაძის მეუღლე ავად გახდა, ექიმებს, თურმე, კონსილიუმი მოუწვევიათ. ბევრს უთქვამს, ეს ჩემი ავადმყოფი არ არისო...
– ავადმყოფი რომ ჩემია და თქვენი არა, ეგ მეც ვიცი, თქვენ ის მითხარით, რა სჭირსო! – ღიმილით უთქვამს ნოდარ დუმბაძეს.