კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაში დაასრულებს მოდის სფერო პროგრესს და როგორ ურჩევს შემოსვას ბანკეტზე გოგონებს თეონა თავართქილაძე

უკვე თხუმთეტ წელზე მეტია, რაც თეონა თავართქილაძე ქართული მოდის სამყაროს ერთ-ერთ ცნობილ სახედ რჩება. ამ ხნის განმავლობაში არაერთი ახალი სახე გამოჩნდა ამ სფეროში,  რომელთაგან, ზოგი დარჩა, ზოგიც გაქრა... თეონა არასდროს არ თმობს პოზიციებს, იმიტომ რომ მიღწეულით არასდროს კმაყოფილდება. თუ რა არის მისი წარმატების საიდუმლო, რა საქმიანობითაა იგი დაკავებული ამჟამად და რა რჩევებს აძლევს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს იმისთვის, რომ ბანკეტზე მოხდენილად და ინდივიდუალურად გამოიყურებოდნენ, ამას თეონა თავად გვიამბობს ჩვენს ინტერვიუში. 


თეონა თავართქილაძე: ძალიან დატვირთული პერიოდი მაქვს. გარდა იმისა, რომ მაქვს შეკვეთები სახელოსნოში. კეთდება ქართველი დიზაინერების ახალი საიტი – „ონლაინ შოფინგი” და ვაკეთებ მინი-კოლექციას სპეციალურად ამ საიტისთვის. ეს კაბაც, რომელიც ახლა მაცვია, სწორედ იმ კოლექციიდან არის, რომელიც საიტზე განთავსდება. ამას გარდა, მოდის კვირეული ახლოვდება. მოგეხსენებათ, წინა სეზონზე მოდის კვირეული არ ჩატარდა – ჩავარდა, რაც სამწუხარო იყო და, ძალიან მიხარია, რომ ამჯერად კვლავ ტარდება. თუ მოდის კვირეული ან მსგავსი  ღონისძიებები არ ჩატარდება, მთლიანად დაამთავრებს მოდის სფერო პროგრესს. რადგან, ამ დროს ჩამოდიან ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები – ფოტოგრაფები, ბაერები, რომლებიც ამაზე წერენ, აშუქებენ... მერე შეკვეთებს იღებ, გადის ეს ყველაფერი საზღვრებს გარეთ და ასე შემდეგ. ეს თუ არ იქნება, როგორც ადრე ვიყავით, ჩვენ თვითონ რომ ვაწყობდით ჩვენებებს, ისევ იქ დავბრუნდებით. ამიტომ, ძალიან კარგია, რომ აღდგა მოდის კვირეული, ყველა ძალიან ველოდებით და, მიხარია, რომ ეს სფერო პროგრესირებს.

– როდის იწყება წლევანდელი მოდის კვირეული?

– 6 მაისიდან დაიწყება. ამ კვირეულისთვისაც ვამზადებ კოლექციას. გარდა ამისა, ტელეკომპანია „მაესტრო” გავა აპრილის ბოლოდან ახალი შეფუთვით და ამ კომპანიისთვისაც ვზრუნავ რაღაცეების დიზაინზე. მოკლედ, საგიჟეთი პერიოდი მაქვს. 

– რადგან შევხვდით, მე გამოვიყენებ მომენტს – ძალიან ბევრ გოგონას გავახარებ, მათ ცნობისმოყვარეობასა და ინტერესს დავაკმაყოფილებ და გკითხავთ: რას ურჩევთ მათ სკოლის გამოსაშვები საღამოსთვის?

– პირველ ყოვლისა, აღვნიშნავ იმას, რომ ძალიან ბევრი საბანკეტო კაბა გამიკეთებია და ყოველთვის ვცდილობ ხოლმე ვურჩიო დამამთავრებელი კლასის გოგონებს, რომ, მთავარია, არ დაკარგონ იდივიდუალურობა. რომ მოდიან საბანკეტო კაბის შესაკვეთად, თითქმის ერთნაირი კაბები უნდათ. 

– ამასთან ერთად, უმრავლესობას სურს, რომ თმები ქერად შეიღებონ – რატომღაც, ამით აღნიშნავენ სკოლის დამთავრებას. 

– ასეა. ეს ხომ ისეთი ასაკია, როცა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან – ანუ, სადაც უკვე დიდი ხარ და ყველაფერი შეიძლება: მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმაც, მაკიაჟის გაკეთებაც, თმის შეღებვაც და ასე შემდეგ. სწორედ ამ დროს არის ძალიან დიდი სიფრთხილე და ზომიერება საჭირო და, რაღაც ზედმეტად ქალურად თუ მოგივიდა, შეიძლება, სასაცილოდ გამოიყურებოდე. ამიტომ, სულ ვცდილობ ხოლმე, რომ მე ვურჩიო და შევთავაზო რაღაცა ორიგინალური. 

– მაგალითად?

– მაგალითაც, არ მიმაჩნია, რომ, რადგან საბანკეტოა, კაბა უნდა იყოს გრძელი, არადა, სულ ასეთებს ითხოვენ. თუმცა, წელს ვისაც უნდა ასეთი სიგრძის კაბის შეკერვა, იმაშიც გაუმართლა, რომ ზოგადად წლევანდელი გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე სულ გრძელი კაბებია მოდაში. ამიტომ, ვისაც უნდა, რომ საბანკეტო კაბაც მოდის ტენდენციებთან ახლოს იყოს, გრძელი კაბა წელს ნამდვილად ამართლებს. თუმცა, ვფიქრობ, რომ, ვისაც ტანი უწყობს ხელს და მოკლე უხდება, თუკი იცის, რომ ყველა გრძელი კაბით იქნება, ძალიან ორიგინალური და ლამაზი მოკლე კაბა რომ შეიკეროს, ბევრად მეტ ყურადღებასა და მოწონებას დაიმსახურებს.

– წელს როგორი ქსოვილებია აქტუალური?

– წელს აქტუალურია მეტალიკანარევი, მკვეთრი ერთფეროვანი ქსოვილები, რომლებსაც თავისი ბზინვარება აქვს. ეს ბზინვარება ძალიან მოუხდება საბანკეტო კაბასაც, თუმცა, რადგან ასეთი ქსოვილია აქტუალური, ამიტომ, კაბის მოდელი მინიმალიზმამდეა დაყვანილი –  ზედმეტი აქსესუარისა და ზედმეტი გადატვირთულობების გარეშე, ანუ, აქცენტი ქსოვილზეა გაკეთებული. ასევე, წელს კვლავ შენარჩუნებულია სხვადასხვანაირი პრინტები, პრინტიანი ქსოვილები; ძალიან ჭრელი ან ძალიან მკვეთრი ფერებია მოდაში, მაგალითად, წითელი, ყვითელი ლურჯი და ასე შემდეგ. სიმკვეთრე წელს ყველაფერში აქტუალურია – პომადის ფერშიც, მაკიაჟშიც, ტანსაცმელშიც, თუმცა, თვითონ მოდელი მინიმალისტურია, ყოველგვარი ასიმეტრიების გარეშე.

– მაღალი ქუსლებია მოდაში თუ დაბალი?

– მოდაშია, ძალიან მაღალი ქუსლები. კაბის სიგრძეს კი აქვს ორი უკიდურესობა: ან სულ გრძელი, ან – ძალიან მოკლე. ძალიან მოკლე კაბაზე ძალიან მაღალი ქუსლები კარგად გამოიყურება. 

– კიდევ რა ტენდენციებია მოდის სამყაროში?

– ამ სისადავესთან ერთად, ძალიან მისაღებია მამაკაცური ხაზიც, მაგალითად, როდესაც გასაპრანჭად მიდიხართ, თუნდაც ბანკეტზე და, გინდათ, რომ ორიგინალურად და განსხვავებულად გამოიყურებოდეთ, მკერდქვემოთ გადაჭრილი ფრიალა კაბით არ წახვიდეთ, ჩაიცვით, მაგალითად, მამაკაცის ფრაკი, რომლის ქალური ვარიანტიც ბევრმა მეტრმა შექმნა და იქნებით სუპერგაპრანჭული. ეს ფრაკი შეიძლება იყოს რომელიმე მკვეთრი ფერის, ვთქვათ, წითელ ან თეთრ ფრაკში რომ მიხვიდეთ ბანკეტზე, საოცრად ელეგანტური იქნებით, ჩემთვის ეს ძალიან მისაღები იქნება – ძალიან გაპრანჭულიც, ძალიან თვალშისაცემიც და ირგვლივ ყველა თქვენზე ილაპარაკებს. 

– თმაზეც ვისაუბროთ, რადგან ძალიან ხშირად გოგონები სამსართულიან ვარცხნილობებს ირჩევენ ხოლმე ამ დღისთვის.

– მე მგონია, ეს ყველაფერი ჯაჭვივითაა გადაბმული ერთმანეთზე – სილუეტი, ფერი, მაკიაჟი, ვარცხნილობა... იქიდან გამომდინარე, რომ სილუეტში მინიმალიზმია, ამიტომ, ყველაფერი სხვა არის გამძაფრებული იმისთვის, რომ საინტერესო ვიზუალი შეიქმნას. როდესაც ძალიან ბევრი რუში, მაქმანი და ასე შემდეგ იყო მოდაში, მაშინ შედარებით წყნარდებოდა მაკიაჟი, ვარცხნილობა თუ აქსესუარები, ახლა კი პირიქითაა – რადგან მშვიდი სილუეტია,  მოდაში, მგონია, რომ ეფექტის მოსახდენად გამართლებული იქნება ასეთი მრავალსართულიანი ვერცხნილობები. ჩალმებიც ძალიან აქტუალურია წელს. რადგან ტანისამოსის „სიმშვიდეა” მოდაში, ამიტომ, ექსპერიმენტები ვატაროთ თმაზე. აქაც ძალიან მკვეთრი ფერებია აქტუალური, მაგალითად, კარგი სტაფილოსფერი, წითური, ოღონდ, უფრო მკვეთრი, ვიდრე ნატურალური.

– დარწმუნებული ვარ, ყურადღებით წაიკითხავენ თქვენს რჩევებს. რადგან შეგხვდით, მომენტს არ გავუშვებ და თქვენგან შევიტყობ, როგორ არის მაკა ასათიანი და რას საქმიანობს იგი ამჟამად?

– მაკა კარგად არის. ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, მაგრამ, მალე ჩამოვა. მაკა ახლა დაკავებულია ტელეკომპანია „მაესტროთი”, რომელიც აპრილის ბოლოდან გადის ახალი შეფუთვით, სულ ახალი გადაცემებით და, ამ პერიოდისთვის, რა თქმა უნდა, მაკა აქ იქნება, რადგან, ამ ყველაფერში თავიდან ბოლომდე თვითონ არის ჩართული. მარტო მაყურებელი კი არ არის, თითქმის ყველაფერში მონაწილეობას იღებს. 

– არხის საორგანიზაციო საკითხების ყველა ნიუანსში რომ ჩახედულია, შევიტყვეთ. რომელიმე ახალი პროექტის ავტორად ან წამყვანადაც ხომ არ მოგვევლინება?

– არა, მხოლოდ არხის ვიზუალით არის დაკავებული – არტი ხომ ძალზე მნიშვნელოვანია.

– დიდი ხნით დარჩება საქართველოში?

– არა, ცოტა ხნით დარჩენას შეძლებს. სხვა დროს ოთხი-ხუთი დღით, მაქსიმუმ – ერთი კვირით თუ ჩამოვა ხოლმე. ახლა იმდენი საშუალებაა, რომ იქიდანაც ადევნებს თვალს ყველაფერს.

ჩვენ ერთად გავიზარდეთ და ცალ-ცალკე ყოფნა ვერც წარმოგვედგინა, მაგრამ, რადგან ახლა აქ არ ცხოვრობს, მე ჩავდივარ ხშირად; მაკაც, როცა ახერხებს, ჩამოდის. რაც „მაესტროს” ორგანიზებაში აქტიურად ჩაება, ბევრად უფრო ხშირად უწევს ჩამოსვლა. 

– მოდას საერთოდ ჩამოშორდა?

– დიახ, საეროდ.

– „მაესტროზე” მოდის სფერო თუ იქნება აქტუალური?

– არა, მოდის სფერო არ იქნება აქტუალური, რადგან, სხვა მნიშვნელობა ექნება ტელეკომპანია „მაესტროს”. ჯერჯერობით არ არის დაგეგმილი არანაირი მსგავსი გადაცემა. სექტემბრიდან ბევრი სიახლე დაემატება და, მერე ვნახოთ, როგორ იქნება.

– უკვე თხუთმეტ წელზე მეტია, რაც ქართული მოდის სამყაროს ერთ-ერთ წარმატებულ სახედ რჩებით. რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

– შრომა, სიახლეების ძიება, რომ სულ წინ უნდა იყურო, აგრეთვე კრეატიულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და მაქსიმალიზმი – ალბათ, ამ თვისებების გამო ვარ ის, რაც ვარ. 

 

скачать dle 11.3