რა საერთო აქვთ ხატია შამუგიასა და ანტონიო ბანდერასს და სად გადაიხადეს მათ დაბადების დღე ერთობლივად, ხუთი თვით ადრე
სიმართლე გითხრათ, როდესაც სოციალურ ქსელში „ისი პარის” პიარ-მენეჯერს, ხატია შამუგიასა და ანტონიო ბანდერასის ფოტო ვნახე, სადაც ისინი ერთმანეთთან ჩახუტებულები იღიმიან, დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს მადამ ტიუსოს მუზეუმში, მსახიობის ცვილის ფიგურასთან იყო გადაღებული; ისიც კი გავიფიქრე, ფოტომონტაჟია-მეთქი. თუმცა, როცა ესპანეთიდან დაბრუნებულ ხატიას ვკითხე, მითხრა, ჩემ გვერდით ნამდვილად ცოცხალი, ჩემი ოცნების მამაკაცი დგას და ბევრს ჰგონია, რომ ცვილის ფიგურასთან ვდგავარო. ასევე, როგორც თავად გვითხრა, მაროკოსა და ესპანეთში ის საქმიან შეხვედრებზე იყო მიწვეული, თუმცა, ისეთ სელებრითებში მოხვდა, რომ ახლაც შოკშია. მოკლედ, საერთაშორისო პარფიუმერიული ქსელის ორგანიზებულ საღამოებს შორის, ცნობილი დიზაინერის, კაროლინა ერერას იუბილეც დაიგეგმა, სადაც ხატია შამუგია საპატიო სტუმრებს შორის მოხვდა და დათუნა სულიკაშვილის ბრჭყვიალა, გრძელი კაბით, დამსწრე საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია. ასე რომ, ჟან პოლ გოტიეს, კაროლინა ერერასა და ანტონიო ბანდერასის გარემოცვაში ყოფნა, ფაქტია, ხატიასთვის სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა და საქართველოში დაბრუნებული, დღესაც ვერ მალავს აღფრთოვანებას.
ხატია შამუგია: ზოდაქოს ნიშნით „ლომი” ვარ და, როგორც ვიცი, ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ძალიან უყვართ მოგზაურობა. თუმცა, ადამიანი არ მეგულება დედამიწის ზურგზე, ვისაც მოგზაურობა, სიახლეები და უცხო ქვეყნების კულტურის ნახვა და გაცნობა არ უყვარდეს და არ უნდოდეს. ღმერთის წყალობით, ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და უამრავი კულტურა მაქვს ნანახი. ზოგადად კი, თბილი ქვეყნები უფრო მიყვარს და ეტყობა ესეც ჩემი ზოდიაქოს ნიშნის დამსახურებაა (იცინის). როცა უცხოეთში ხარ, ამინდს დიდად არ აქცევ ყურადღებას, თუმცა, მე ვარ ადამიანი, რომლის განწყობაც და დამოკიდებულებაც გარემო ფაქტორებზე ძალიან სენსიტიურია. ამიტომ, სადაც კარგი ამინდი და სითბოა, იმ ქვეყანაში უკეთესად ვგრძნობ თავს. არასდროს ვფიქრობ უცხო მხარეში რამის ყიდვას, მირჩევნია, გარემო ვათვალიერო, ბევრი ვიარო ფეხით და არა ვიშოპინგო. რასაკვირველია, თუ დრო ცოტა მაქვს, თორემ, თუ დიდხნიანი ვიზიტია, დრო შოპინგისთვისაც მრჩება. შოპინგი რომელ ქალს არ უყვარს? (იცინის).
– ძალიან ბევრ ქვეყანაში ხარ ნამყოფი. თუ დარჩა მხარე, სადაც ძალიან გინდა წასვლა, მაგრამ, ჯერ ეს ოცნება ვერ აისრულე?
– დიახ, ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ამერიკაშიც კი, მაგრამ, ჯერჯერობით აუხდენელ ოცნებად მრჩება პორტუგალია, რომელზეც ვგიჟდები და წელს აუცილებლად დავდგამ მის მიწაზე ფეხს.
– სულ რამდენიმე დღეა, რაც თბილისში ჩამოხვედი. თუმცა, სოციალურ ქსელში უკვე დადე ფოტოები, სადაც ანტონიო ბანდერასის გვერდით იწონებ თავს. ამ ფოტოს უამრავი ლაიქი და კომენტარი მოჰყვა. როგორ მოხვდი მის გვერდით?
– სანამ ამას მოგიყვებით, გეტყვით, რომ მე და ანტონიო ბანდერასი ერთ დღეს – 10 აგვისტოს ვართ დაბადებულები. სულ ვამბობ ხოლმე, მე ისეთ დღეს ვარ დაბადებული, როცა ყველაზე ცნობილი და ჩემთვის საყვარელი ადამიანები – ანტონიო ბანდერასი, გია ყანჩელი და ზურა ყიფშიძე დაიბადნენ-მეთქი. ასე რომ, ამ დღეს ცნობილი ხალხი ვართ დაბადებული (იცინის). ახლა ვხუმრობ, მე და ანტონიომ ხუთი თვით ადრე გადავიხადეთ სელებრითებთან ერთად დაბადების დღე-მეთქი. მოკლედ, წასული გახლდით ესპანეთში, კერძოდ, ბარსელონაში, პარფიუმერიული ჯგუფის მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რომელიც ფლობს ცნობილ და ყველასათვის საყვარელ პარფიმერულ ბრენდებს. ამ ჯგუფს ასი წელი შეუსრულდა და მთელი ხუთი დღე აღნიშნავდნენ ამ თარიღს. იყო შეხვედრები, ღონისძიებები, 110 ქვეყნიდან 1 200 სტუმარი ჰყავდათ დაპატიჟებული. ერთ დღესაც, გაიმართა ღონისძიება, სადაც სპეციალური სტუმრის სტატუსით მოვიდნენ ანტონიო ბანდერასი, კაროლინა ერერა და ჟან პოლ გოტიე. სხვათა შორის, გაგვაფრთხილეს, რომ ამ ღონისძიებაზე ქალბატონები უნდა მივსულიყავით კოქტეილის კაბებით, მამაკაცები კი – ფრაკებით. დიზაინერ დათუნა სულიკაშვილის კაბა მქონდა წაღებული, იმ დღეს ჩავიცვი და ძალიან იღბლიანი აღმოჩნდა (იცინის). მოკლედ, მაგიდასთან რომ ვისხედით, მოწვეული სტუმრები სიტყვით გამოვიდნენ, მათ შორის – კაროლინა და ანტონიოც. სხვათა შორის, კაროლინა ერერა აღფრთოვანდა ჩემი კაბით და მითხრა, ძალიან მაგარიაო; ანტონიომ კი სურვილი თავად გამოთქვა – შენთან ფოტოს გადავიღებო. ცოტა არ იყოს, გავოცდი, რადგან, ბევრს სურდა მასთან სურათის გადაღება, მაგრამ, უარს ამბობდა. სიმართლე გითხრათ, მეც მინდოდა მასთან ერთად გადაღებული სურათი მქონოდა, მაგრამ, რადგან სხვებს უარს ეუბნებოდა, ვერ გავბედე თხოვნა. მოკლედ, დამიძახა, დამიდგა გვერდით, თავი ჩემკენ გადმოხარა და ასე გადაიღო ფოტო. საოცარი შარმი აქვს ამ მამაკაცს. გარუჯულიც იყო და არც ბოტოქსით ჰქონდა სახე გადატკეცილი. მიუხედავად იმისა, რომ 54 წლისაა, საოცრად გამოიყურება – გამხდარია, მაგრამ, აშკარად ნავარჯიშევი სხეული აქვს. ახლოდან რომ ვნახე, მაშინ დავრწმუნდი, რატომ მოიხიბლა მსოფლიოც და ჰოლივუდიც არა მარტო მისი სამსახიობო ნიჭით, არამედ, იმ შარმით, რაც მას აქვს. ძალიან უშუალოა, დადებითი და მიმზიდველი. ლაპარაკობს ესპანურთან შერეული ამერიკული აქცენტით და ეს უფრო დამაინტრიგებელს ხდის მის პიროვნებას. კი ამბობენ, მამაკაცი ლამაზი კი არა, სიმპათიური უნდა იყოსო, მაგრამ, ანტონიო სიმპათიურიცაა და ლამაზი ნაკვთებიც აქვს, სრულყოფილი მამაკაცია. სიმართლე გითხრათ, ისე დავიბენი, რა მითხრა ფოტოს გადაღების დროს, ვერც კი გავიგე. არადა, მინდოდა, მეთქვა, ჩვენ ერთ დღეს ვართ დაბადებულები-მეთქი. მაგრამ, არა უშავს, იმედია, კიდევ შევხვდები მას და დიდხანს ვისაუბრებთ (იცინის). მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმში ვარ ნამყოფი და ანტონიოს ცვილის ფიგურასთანაც მაქვს გადაღებული ფოტო და, ხომ წარმოგიდგენიათ, ცოცხალ ანტონიო ბანდერასს რომ დავინახავდი, რა მომივიდოდა?! შოკში ჩავვარდი. გადავიღეთ თუ არა ფოტო, ეგრევე ავტვირთე სოციალურ ქსელში და პირველებს, ჩემს მეგობრებს – დათუნა სირბილაძესა და გვანცა კილასონიას დავურეკე. ვუთხარი, შოკში ვარ, მიშველეთ-მეთქი (იცინის). ემოციებს ვერ ვმალავდი.
– ამბობ, დათუნა სულიკაშვილის კაბით მოვხიბლე სელებრითებიო. მას რატომ არ დაურეკე და არ ახარე ეს ამბავი?
– დათუნას ფოტო გადავუგზავნე და ამით ვახარე ეს ამბავი. მივწერე კიდეც – კაროლინა ერერა მოიხიბლა შენი ნამუშევრით-მეთქი. იქ ძირითადად, შავი, გრძელი კაბები ეცვათ, ჩემი მოვარდისფრო ბრჭყვიალა კაბა კი მათ ფონზე აშკარად უცხოდ ჩანდა. ისე იღბლიანად დავცადე დათუნა, აწი სულ მის შეკერილ სამოსს ჩავიცვამ, როცა სელებრითებში მოვხვდები.
– ცნობილია, რომ საკმაოდ კარგად ერკვევი არომატებში და ზუსტად ხვდები, ვის რა ბრენდის სუნამო ასხია. ფოტოზე საკმაოდ ახლოს ხართ შენ და ანტონიო ბანდერასი. თუ შეიგრძენი, რა სუნამო ესხა?
– იმ სურნელს რა დამავიწყებს. (იცინის) ანტონიო ბანდერასს იმ დღეს ესხა „ანტონიო ბანდერასი”. გაიხუმრა კიდეც – მე ამ სუნამოს ცდუნების მეფე ვარო.