კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქურდული ცხოვრება

– რა მერე. ზურა მიიმალა. მიმალული ვარ მეც და როგორც კი პოლკოვნიკი ბესარიონ აბრალავა ლენინგრადიდან დაბრუნდება, ვნახავ და ყველაფერს მოვუყვები.

აბრალავას ხსენებაზე თავგასიებულს ენა ჩაუვარდა. პატარა პაუზის მერე კი მითხრა:

– საიდან იცნობ მას?

– რა შენი საქმეა. მთავარია, რომ მართალი ვარ და ნახავ, რას გიზამს.

– კობრა, მოდი, შევხვდეთ და მოვილაპარაკოთ. თითს არ დაგაკარებთ. ოღონდ აბრალავას არაფერი უთხრა.

– სულელი გგონივარ? რომ შეგხვდე, ცოცხალს არ დამტოვებ.

– არა, არა. შევხვდეთ.

– არა! წავედი, – ვუთხარი თავგასიებულს და ყურმილი დავკიდე.

ყველაფერი ძალიან ცუდად აეწყო. თბილისში  დაბრუნებულმა აბრალავამ ბანდიტური ჯგუფის აყვანაში მიიღო მონაწილეობა, მძიმედ დაიჭრა და რამდენიმე თვე საავადმყოფოში იწვა. ხუჭუჭა ლენინგრადში დარჩა, რადგან იქ სწავლობდა. ხუჭუჭას მამასთან კი ვერ გავბედე მისვლა და კვლავ „პაბეგში“ დავრჩი. ზურამ რომ დარეკა და ყველაფერი მოვუყევი, თქვა:

– ფუი, ჩვენი ბედის დედაც. კაროჩე, ცხვირი არსად გაჰყო. გამორიცხული არაა, რომ ის თავგასიებული და მისი პაძელნიკები მოსაკლავად გეძებდნენ.

ზურა სიმართლეს ამბობდა. ამიტომ, თბილისიდან წასვლა გადავწყვიტე. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელი ჩემი წასვლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მე მაინც ჩემი გავიტანე.

– რას მიშვრები, კობრა. გინდა, რომ ზურამ მომკლას? – მითხრა ჩემმა მასპინძელმა.

– ნუ გეშინია. მე ავუხსნი და არაფერს გეტყვის. ყველაფრისთვის მადლობელი ვარ. ახლა კი უნდა წავიდე.

ჩემმა მასპინძელმა ერთხელ კიდევ სცადა ჩემი შეჩერება, მაგრამ რომ არაფერი გამოუვიდა, ხუთასი მანეთი მომცა და მითხრა:

– ამაზე თუ უარს მეტყვი, იცოდე, კარში ჩავდგები და არ გაგიშვებ.

– კარგი. გამოგართმევ. ყველაფრისთვის მადლობელი ვარ. ნახვამდის.

– ნახვამდის და ძალიან ფრთხილად იყავი.

მე იმავე  ღამეს სოჭში გავემგზავრე მატარებლით. დასვენების სეზონი იდგა. იქ უამრავი ხალხი ირეოდა. თანაც, ერთი ჩემი ძმაკაცი ცხოვრობდა იქ და დარწმუნებული ვიყავი, თავს შევინახავდი. ჩემი ძმაკაცი სამსართულიან სახლში ცხოვრობდა. ადვილად მივაგენი. მესამე სართულზე ავედი და მივუკაკუნე. არავინ გამოსულა. მე უფრო მაგრად მივაკაკუნე და ამ დროს საპირისპირო კარი გაიღო. უკნიდან ქალის სასიამოვნო ხმა მომესმა.

– სახლში არავინაა და ტყუილად აკაკუნებთ.

შევტრიალი და ოციოდე წლის ლამაზი გოგონა შემრჩა ხელში, რომელსაც მოკლე კაბა ეცვა და მიცინოდა.

– მე სევას მეგობარი ვარ, თბილისიდან ჩამოვედი, – ვუთხარი გოგონას.

– სევა ციხეშია. ხუთი თვის წინ დაიჭირეს. ურალში ზის და დედამისი გუშინ გაემგზავრა მის მოსანახულებლად, – მითხრა გოგონამ.

– სამწუხაროა, – ჩავილაპარაკე და კიბეებისკენ გავიწიე, გოგონამ გამაჩერა:

– ჩვენთან დასასვენებლად ჩამოხვედით?

– დიახ.

– რა გქვიათ?

– გოგი.

– მე – ლენა, – მითხრა გოგონამ და თავისი ლამაზი ხელი გამომიწოდა.

არ ვიცი, რატომ, მაგრამ ხელის ჩამორთმევის მაგივრად, გოგონას ხელზე ვეამბორე.

– ნამდვილი კავალერი ჩანხართ. სოჭში პირველად ხართ?

– ადრეულ ბავშვობაში დავყავდი მშობლებს. თუმცა ეს როდის იყო...

– გოგი, თქვენ, ალბათ, ბინა გჭირდებათ. რაღა სხვაგან წახვიდეთ, ჩემთან იცხოვრეთ. ახლა მე მარტო ვარ ჩემს სამოთახიან ბინაში. დედაჩემი დეიდა ვალიას, სევას დედას გაჰყვა ურალში და ორ კვირაზე ადრე არ ჩამოვლენ. მერე კი, შეგიძლიათ, ჩვენთან დარჩეთ, ან დეიდა ვალიასთან გადასახლდეთ. ის თქვენ შვილივით მიგიღებთ.

ლენას შემოთავაზებას დიდი სიამოვნებით დავთანხმდი და მასთან დავსახლდი. გოგონას მოვეწონე და იმავე ღამეს ლოგინში ჩამიწვა. ჩვენ ძალიან მხიარულად ვატარებდით დროს. ზღვაში ვცურავდით, ბუნების წიაღში გავდიოდით და ძალიან რომანტიკულ, შეიძლება ითქვას, ზღაპრულ ატმოსფეროში ვიყავით. ათი დღის მერე, როდესაც მე და ლენა ველურ პლაჟზე ვიწექით, მან მითხრა:

– გოგი, შენ, ალბათ, პრისტუპნიკი ხარ, არა?

– ასე რატომ ფიქრობ?

– სევას ძმაკაცი ხარ და იმიტომ. სევა კი ქურდია და მაგრად ჩალიჩობდა.

– შენ რა, ქურდები არ მოგწონს?

– მე შენ მომწონხარ და იცი, რა მინდა?

– რა?

– შენთან ერთად ვიჩალიჩო.

ლენას სიტყვებზე გამეცინა და ვკითხე:

– მერე შეძლებ?

– შევძლებ. მე და სევა ერთად ვჩალიჩობდით.

– მართლა?

– კი. არ გატყუებ. აი, ნახავ, რა შემიძლია.

– რა შეგიძლია?

– ნაკოლის აღება, პატრონის სახლიდან გამოტყუება, საკეტის გახსნა... ერთი სიტყვით, ყველაფერი, – მითხრა ლენამ და მართალი აღმოჩნდა. სოჭში სამი თვე ვიცხოვრე და ამ ხნის განმავლობაში ექვსი საქმე გავაკეთეთ, საკმაო კუში ავიღეთ და ნაწილი სევას გავუგზავნეთ ზონაში, ნაწილი სევას დედას მივეცით. დანარჩენი ფულით კი ზღაპრული დრო გავატარეთ და დიდად ვისიამოვნეთ. სამი თვის შემდეგ კი ლენამ მითხრა:

– დასრულდა რომანტიკა: ლენინგრადში უნდა დავბრუნდე.

– ლენინგრადში?

– ჰო. მე იქ ვსწავლობ, თეატრალურზე. არდადეგები მქონდა და აქ იმიტომ ვიყავი. ისე, ხომ არ წამომყვები?

– სად?

– რა თქმა უნდა, ლენინგრადში. ჩვენ იქ ერთად ვიცხოვრებთ და ვიჩალიჩებთ. სევა ჩამომაკითხავდა ხოლმე და საქმეს ვაკეთებდით. ჰა, რას იტყვი, წამოხვალ?

– წამოვალ.

მე ლენასთან ერთად ლენინგრადში გავემგზავრე და ორი თვე დავყავი იქ. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ორი მსხვილი საქმე გავაკეთეთ და ალბათ, კიდევ კარგა ხანს დავრჩებოდი იქ, მაგრამ მამაჩემს ინფარქტი დაემართა და თბილისში იძულებით დავბრუნდი. ამასობაში სრულწლოვანიც გავხდი. თანაც, თავგასიებული ოპერისა და მისი ორი პაძელნიკის ამბავიც გაირკვა: ისინი ვიღაც ბობოლა პროფესორის შვილის ცემისთვის დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. იქ კი სამივე საქათმეში მოხვდა. როგორც შემდეგ შევიტყვე, ნაცემი ბიჭი ძლივს გადაურჩა სიკვდილს. დაზარალებულების ახლო ნათესავი კი მილიციის გენერალი იყო და თავის ყოფილ სამივე კოლეგას სწორედ მან „მოუხერხა“ საქათმე... ამასობაში თვრამეტი წლის შევსრულდი. „მალალეტკებში“ მოხვედრა აღარ მემუქრებოდა და უბანში გამოვჩნდი.

ლენასთან გატარებული დრო მთელი ჩემი მომავალი ქურდული ცხოვრების უვერტიურა იყო.  ერთი მხრივ, ქალთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება მივიღე, მეორე მხრივ კი, ქურდული გამოცდილება გავიღრმავე და კონსპირაციული ცხოვრებისა და „მოღვაწეობის“ უნარ-ჩვევები შევიძინე. სხვათა შორის, ლენა დღეს რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული მსახიობია. ამას წინათ, მან ავტობიოგრაფიული ბესტსელერი გამოსცა, რომელშიც მეც ვარ მოხსენიებული, მაგრამ სხვა სახელით. იქ, არაფერია ნათქვამი ჩვენი კრიმინალური საქმიანობის შესახებ და მხოლოდ ჩვენი ურთიერთობის სასიყვარულო-რომანტიკული მხარეა აღწერილი. სხვათა შორის, მრავალი წლის შემდეგ ლენას კვლავ შევხვდი. მაშინ ლენა უკვე საბჭოეთის ცნობილი სექს-სიმბოლო იყო. მე კი ისევ „პაბეგში“ ვიყავი, მილიცია კუდზე მაჯდა და ვემალებოდი. ჩვენი შეხვედრა იალტაში მოხდა. იმ კონსპირაციულ ბინაში, სადაც მე ვიმალებოდი, მილიციის ოპერჯგუფი დამადგა. მე მათ „სკვაზნოით“ „მოვუტყდი“, თანაც, მათივე მანქანით. „ვორონკა“ ერთ-ერთ ჩიხში მივაგდე და სასტუმრო „დომ აქტიორაში“ აივნებიდან ავძვერი. მეოთხე სართულამდე ავაღწიე და ნომერში შევიპარე. ოთახში არავინ იყო. ამიტომ გადავწყვიტე, კართან მივსულიყავი და „გლაზოკში“ გამეხედა. უცებ სააბაზანოს კარი გაიღო და იქიდან წელზე პირსახოცშემოხვეული, ტანწერწეტა ქალი გამოვიდა. ჩემდა გასაკვირად, მას ჩემს დანახვაზე არ შეშინებია, შემათვალიერა და მითხრა:

– გასაგებია, რომ ჩემი თაყვანისმცემელი ხართ. მაგრამ, იმის უფლება არ გაქვთ, პირდაპირ ნომერში შემომივარდეთ, თანაც შხაპის მიღებისას.

– გაამოთ, – გავუღიმე ნომრის მასპინძელს, რომელმაც თვალები მოჭუტა და მითხრა:

– რა ნაცნობი სახე გაქვთ, ჩვენ ერთმანეთს შევხვედრივართ?

– ლენაჩკა, როგორ ხარ?

– ლენაჩკა?! თქვენი სახელი?

– ვერ მიცანი, ჩემო ლამაზო? ამდენი წელი გავიდა და შენ ისევ ისეთი მშვენიერი ხარ, როგორც ოცი წლის ასაკში.

– კობრა, შენ?

– როგორც იქნა, მიცანი.

– კობრა! ჩემო საყვარელო, როგორ მიხარია შენი ნახვა, – ლენა კისერზე ჩამომეკიდა და მთელი სხეულით მომეკრა.

– შენთან ასე ჩახუტებაზე, ალბათ, მთელი საბჭოთა მამაკაცები ოცნებობენ, – ვუთხარი ლენას, რომელმაც ხალათი მოიცვა, პირსახოცი მოიხსნა და ჩემ წინ, სავარძელში ჩაეშვა.

– ყელში ამომივიდნენ. შენზე მომიყევი, როგორ ხარ და რას საქმიანობ?

– რასაც ადრე ვსაქმიანობდი. ამჟამად პაბეგში ვარ.

– გასაგებია. ძაღლებს გაექეცი და აქ იმიტომ ხარ.

– კი, მასეა.

– ჩემთან, სწორედ რომ, განგებამ მოგიყვანა. აქ ვერავინ მოგაგნებს. მერე კი სადაც მეტყვი, იქ გაგიყვან.

– როდის მერე?

– მე აქ გადაღებებზე ვარ და კიდევ ერთი კვირა დავრჩები. შემდეგ მოსკოვში უნდა დავბრუნდე და შენთვის სასურველ ადგილზე მიგიყვან.

– ერთი კვირა აქ გავჩერდე?

– რა, ჩემთან ყოფნა არ გსურს?

– კი, მაგრამ ვინმემ რომ მნახოს?

– ნუ გეშინია. უჩემოდ აქ არავინ შემოვა.

უცებ კარზე დააკაკუნეს და ლენას ვუთხარი:

– საეჭვო კაკუნია.

– საძინებელში შედი, მე გავუღებ, – მითხრა ლენამ.

მე საძინებელში შევედი, კარი მივიხურე და მივაყურადე.

– გამარჯობა. ჩვენ სასტუმროს ნომრებს ვათვალიერებთ და თუ შეიძლება, შემოგვიშვით, – უთხრა ლენას ბოხხმიანმა მამაკაცმა.

– რატომ, რაშია საქმე?

– განსაკუთრებით საშიშ ბოროტმოქმედს ვეძებთ და ვვარაუდობთ, რომ ის ამ სასტუმროშია.

– გარწმუნებთ, რომ აქ არავინაა. შემოსასვლელი კარი ჩაკეტილი მქონდა და თქვენ გაგიღეთ პირველად. აივნიდან კი არავინ შემომძვრალა, რადგან ამ წუთას იქ ვიყავი, მზის აბაზანას ვიღებდი და ეს სიამოვნება თქვენ შემაწყვეტინეთ.

– ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის. ახლავე დაგტოვებთ. ერთი თხოვნა მაქვს და უარს ნუ მეტყვით, – უთხრა მილიციელმა ლენას, – თქვენი ავტოგრაფი მაჩუქეთ.

– აქ დამელოდეთ, – უთხრა ლენამ მილიციელს. შემდეგ საძინებელ ოთახში შემოვიდა. გვერდით უხმოდ ჩამიარა და კომოდიდან ფოტო აიღო, რაღაც წააწერა, მილიციელთან დაბრუნდა და გადასცა, – აი, ინებეთ.

როგორც შემდეგ ლენამ მომიყვა, მან მილიციელს თურმე საკუთარი პორტრეტი აჩუქა, რომელსაც წააწერა: „მამაც მილიციელს სახსოვრად ჩემგან“. მილიციელი, თურმე საკუთარ თვალებს არ უჯერებდა. შემდეგ სიხარულისგან სახე გაებადრა, ლენას ხელზე ეამბორა, ბოდიში მოუხადა და გაბრუნდა.

მე და ლენამ „დომ აქტიორაში“ ერთი კვირა გავატარეთ. ფილმის გადაღება რომ დასრულდა, ლენამ თავისი ხელით გამიკეთა გრიმი, პარიკი მომარგო და თავისივე „ჟიგულით“ ჩამიყვანა მოსკოვში.

– თუ გინდა, ჩემთან დაგმალავ. სანამ არ მოგბეზრდება, შეგიძლია, ჩემთან იცხოვრო, – მითხრა ლენამ, რაზეც მივუგე:

– არა, ლენაჩკა, გამორიცხულია. შენ ისედაც ბევრი გარისკე ჩემ გამო. ახლა კი უნდა წავიდე. ყველაფრისთვის დიდი მადლობა, მშვიდობით!

– ნახვამდის და იმედია, ერთმანეთს კვლავ შევხვდებით, – მითხრა ლენამ, მაკოცა და წავიდა.

მე, რა თქმა უნდა, შემეძლო ლენას შევკედლებოდი, რაც თავად მას ძალიან უნდოდა და იქ ვერავინ მომაგნებდა, მაგრამ „თბილ ადგილზე“ ყოფნა ნეპმანელი ქურდის საქმე არაა. ამ შემთხვევაშიც არ დამირღვევია ეს ქურდული ცნება. მოსკოვში რამდენიმე კონსპირაციული ბინის მისამართი ვიცოდი, მაგრამ მათ საიმედოობაზე თავს ვერ დავდებდი. ამიტომ, „არიოლ-რეშკას“ პრინციპით შევუდექი ამ საქმეს და წილი ვყარე, შემდეგ კი იმ კონსპირაციული ბინისკენ გავემართე, რომელიც „სადოვოე კოლცოზე“ მდებარეობდა. მისი მეპატრონე იყო ძველი „პრესტუპნიკი“ ქალი, სამჯერ ნასამართლევი, მეტსახელად „ჟანა დარკი“. ის ნებისმიერ კრიმინალ მამაკაცს არაფერში ჩამოუვარდებოდა. ქურდული გაგებაც სრულიად ესმოდა და სქესს რომ ხელი არ შეეშალა და მამაკაცი ყოფილიყო, მისგან მრისხანე კანონიერი ქურდი გამოვიდოდა. ჟანა დარკი „დომუშნიკობაზე“ სპეციალიზირდებოდა, უბადლოდ ესმოდა ეს საქმე და არაერთი დიდი საქმე ჰქონდა გაკეთებული. ის ძველებური „ასობნიაკის” მეოთხე სართულზე ცხოვრობდა და მისი ბინის უზარმაზარ, მუხის მოჩუქურთმებულ კარს, ცარიზმის დროინდელი, ძველი რუსულით ნაწერი ფირფიტა ჰქონდა მიკრული. მასზე მცხოვრებლის ვინაობა და ტიტული ეწერა. უზარმაზარ ზარს თითი მივაჭირე და დაველოდე. მალე კარი გაიღო, ზღურბლზე ოციოდე წლის ძალიან ლამაზი გოგონა იდგა, რომელმაც ნაზი ხმით მკითხა:

– ვინ გნებავთ?

ჟანა დარკის ნამდვილი სახელი კლარა იყო, ამიტომ, გოგონას ვუთხარი:

– კლარა სერგეევნა სახლშია?

– დიახ. შემობრძანდით. ის ახლავე მოვა, – მითხრა გოგონამ, წინ გამატარა, კარი მიხურა და ოთახში შემოვიდა, – დაბრძანდით და დაელოდეთ.

მე ანტიკვარულ სავარძელში ჩავეშვი. გოგონამ მომიბოდიშა და გავიდა. ორიოდე წუთის შემდეგ სასტუმრო ოთახში ჟანა დარკი შემოვიდა. ის ისეთივე მომხიბვლელი და ტანწერწეტა იყო, როგორც ხუთი წლის წინ, ბოლოს რომ ვნახე. მან გამიღიმა, გადამეხვია და მითხრა:

– ისევ ისეთი გალანტური ხარ, როგორიც ადრე იყავი.

– შენ კი ისევ ისეთი მშვენიერი, როგორც ყოველთვის, კლარა სერგეევნა, – ვუთხარი ქალს და ჟანა დარკი იმიტომ არ ვუწოდე, რომ იმ მომენტში ოთახში ის ულამაზესი გოგონა შემოვიდა, კარი რომ გამიღო.

ჟანა დარკი ყველაფერს მიხვდა, გაეცინა და მითხრა:

– ეს ლიზაა, ჩემი ქალიშვილი. მან ჩემზე ყველაფერი იცის. ამიტომ, შეგიძლია, ჩვეულებრივად, ჟანა დარკი დამიძახო.

– არ გეწყინოს ჟანაჩკა, მაგრამ შენი ლიზა დედიკოზე ბევრად მშვენიერია. სად იყო აქამდე?

– დედაჩემთან, ვოლგისპირეთში. ის ზრდიდა. აბა, მე სად შემეძლო მისი პატრონობა, როცა სულ საქმეებსა და ციხეებში ვიყავი. ორი წლის წინ კი, დედა გარდაიცვალა და ლიზაჩკა მოსკოვში ჩამოვიყვანე. მან ჩემი ნამდვილი ცხოვრების შესახებ არაფერი იცოდა და როცა მოვუყევი, ყველაფერს გაგებით შეხვდა. ლიზა ახლა „ემგეუში“ სწავლობს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეორე კურსზე.

– მოხარული ვარ, ჟანაჩკა, რომ ასეთი კარგი შვილი გყავს.

– შენ, როგორ ხარ, კობრა?

– ძველებურად.

– გავიგე, რომ პაბეგში ხარ.

– კი.

 – ჰო და, ძალიან კარგი. ჩვენთან დარჩი. აქ ვერავინ მოგაგნებს და იცხოვრე, რამდენი ხანიც გინდა, – მითხრა ჟანა დარკმა და დაამატა, – დარწმუნებული ვარ, რომ აქ სწორედ დასამალად მოხვედი.

ჟანა დარკი რომ მარტო ყოფილიყო, მე, რა თქმა უნდა, წამითაც არ ვიყოყმანებდი და მასთან დავრჩებოდი. ლიზას იქ ყოფნა კი, რადიკალურად ცვლიდა ვითარებას და უყოყმანოდ გადავწყვიტე იქიდან წასვლა. თუმცა, ჟანა დარკისთვის ეს არ მიგრძნობინებია და ვუთხარი:

– ყავას დამალევინებ?

– რაზეა ლაპარაკი, – მითხრა ჟანამ და ლიზას გახედა. გოგონა უკვე სამზარეულოში გადიოდა ყავის მოსატანად.

 იმ ღამეს ჟანასთან დავრჩი და კარგად გამოვიძინე. მეორე დღეს კი დიდი მადლობა გადავუხადე და წამოვედი.

– კობრა, იქნებ დარჩენილიყავი? – მითხრა ჟანამ. პასუხად ხელზე ვეამბორე და მივუგე:

– მშვიდობით, ჩემო კარგო. შენს ლიზაჩკას გაუფრთხილდი, ის ნამდვილი განძია. ახლა სჭირდება პატრონობა და ეს შენ არ შეგეშლება.

– მშვიდობით, ჩემო კობრა. შენ ნამდვილი მამაკაცი ხარ, – მითხრა ჟანამ და ცრემლიანი თვალებით გამიღიმა...

როგორც იქნა, ჩემთვის შესაფერისი ბინა მოვნახე და ერთ ჩემს ძველ „ნაშას“ ჩავუსახლდი, რომელსაც ჩემი დანახვა უზომოდ გაუხარდა. ტანიასთან თითქმის ერთი წელი ვიცხოვრე, ბოლოს კი „მურმა“ „ამაგდო“, რომელიც ინტენსიურად მეძებდა და კრიმინალისტთა ენაზე რომ ვთქვათ, „გამომითვალა“... მოსკოვში ჩემი ყოფნის შესახებ დედაქალაქელმა მაძებრებმა ჩემი ხელწერით შეიტყვეს. ანუ, მოსკოვში ყოფნის დროს მე ოთხი მსხვილი ქურდობა მოვახერხე. მართალია, არანაირი კვალი არ დამიტოვებია და არც თვითმხილველები იყვნენ, მაგრამ „მურელმა“ გამომძიებელმა კმაყოფილებით მითხრა:

– შენი ხელწერაა, რომ ყოველგვარი კვალის გარეშე მუშაობ და არანაირ ხელჩასაჭიდს არ გვიტოვებ. ის ოთხი ქურდობა რომ გავაანალიზეთ, მივხვდით, შენ იყავი. ამიტომ, ყველა შენი ძველი კავშირი ამოვწიეთ. ბიჭები ღრმად ჩაუჯდნენ არქივსა და ძველ ოპერატიულ ცნობებს და მოგაგენით.

– თქვენ თვითონ ამბობთ, რომ არანაირი ხელჩასაჭიდი არ გაქვთ და მაშინ, რის გამო მიჭერთ? – ვკითხე გამომძიებელს. მან კი თავი გააქნია, გაეცინა და მომიგო:

– გავიწყდება, ძებნაში რომ ხარ?

– ეგ მართალია, მაგრამ სულ ტყუილად მეძებენ. არაფერი ჩამიდენია. ყოველ შემთხვევაში ის, რისთვისაც ჩემზე ძებნა გამოაცხადეს.

– ჰო. სუფთად მუშაობა შენი სტილია, მაგრამ არსებობს მოწმე, რომელიც ადასტურებს, რომ შენ და შენი პაძელნიკი სადგურზე მიგიყვანათ ნაქურდალი ნივთებით. თანაც, შენ გაუჩინარდი, როცა მილიცია შენს დასაკავებლად მოვიდა, – მითხრა გამომძიებელმა.

– თქვენ ხომ იცით, რომ ტუფტა ბრალდებაა. მილიციას კი იმიტომ მოვუტყდი, არ უარვყოფ, რომ ფაქტს ჩამიდებდნენ და ისე გამსროკავდნენ.

– არ უარვყოფ, რომ შეიძლება, მართლაც ასე ექნათ, მაგრამ, როგორ გინდა, შენნაირი ქურდი სხვანაირად ჩასვა ციხეში?

– რა აუცილებელია ჩემი ციხეში ჩასმა?

– „ქურდი ციხეში უნდა იჯდეს“, მე ამ საკითხში სრულიად ვეთანხმები გლებ ჟიგლოვს, – მითხრა გამომძიებელმა და ცნობილი საბჭოთა სერიალიდან ციტატა მოიყვანა, რომლის მთქმელის როლსაც ვლადიმირ ვისოცკი ასრულებს.

– მოქალაქე გამომძიებელო, რაღა ჟიგლოვზე ჩაიციკლეთ, უფრო ცნობილი და თანაც, სამართლებრივი გამოთქმაა: „ნე პოიმან, ნე ვორ“ (თუ არ დაიჭერ – ფაქტზე ქურდი არაა).

– ჰო და შენ ხომ დაგიჭირეთ?

– ფაქტზე რომ არა?

– ყოველ შემთხვევაში, ძებნილი ხომ ხარ. დანარჩენს სასამართლო გადაწყვეტს, – მითხრა გამომძიებელმა და განაგრძო, – რას იზამ, კობრა, ასეთი პროფესიები გვაქვს, შენ იპარავ და გაგვირბიხარ, ჩვენ კი გეძებთ და გიჭერთ.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, თითქმის ორწლიანი მალვის შემდეგ, ისევ შემიპყრეს და ოთხი წლით ციხეში ამომაყოფინეს თავი. გამოძიებამ ვერც ერთი ქურდობა ვერ დამიმტკიცა და ფაქტობრივად, ირიბი ბრალდებით ამკიდეს სროკი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მინიმუმ ათი წელი მქონდა გარანტირებული. ეს კი ძალიან ბევრია და ამდენი ხანი მიყოლებით ჯდომა ძალიან დიდ დაღს ასვამს ყველაზე ჯანმრთელ ადამიანსაც კი.

მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობაში თვრამეტი წელი მაქვს გატარებული, შემიძლია ვიამაყო ჩემი ჯანმრთელობით. თუმცა, ჩემი პატიმრობის მეტი ნაწილი უმძიმეს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ პირობებში ვიმყოფებოდი. ჩემი ჯანმრთელობის საიდუმლო კი იმაში მდგომარეობს, რომ ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე არასდროს შევმჯდარვარ. არასდროს დავცემულვარ მორალურად. ქურდული იდეისთვის არასდროს მიღალატია და თავისუფლება სინდისზე არ გამიცვლია. რა თქმა უნდა, ბევრჯერ მიჭირდა და არაერთხელ ბეწვზეც კი ეკიდა ჩემი სიცოცხლე, მაგრამ არ გავმტყდარვარ და გაჭირვებისთვის ქედი არ მომიხრია... იური ანდროპოვის დროს, რაც ვლადიმირის კრიტში გადაგვხვდა ქურდებს, ამის შესახებ ადრე გიამბეთ. მაგრამ, არანაკლები სიმწარე შეგვხვდა ქურდებს გორბაჩოვის დროსაც – ეგრეთ წოდებული „ადრეული პერესტროიკის“ ხანაში, როცა ქვეყანა ჯერ კიდევ არ იყო არეულ-დარეული და საბჭოთა კავშირის დაშლას ყველაზე სკეპტიკური ადამიანიც კი ვერ წარმოიდგენდა.

იმ პერიოდში „გუბერნსკში“ (ორთაჭალის ციხე) ვიჯექი და ყველაზე ცუდს „კრიტში“ დატოვებას ველოდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს პირადად ციხის უფროსმა გამოგვიცხადა იმ ათი პატიმრის ვინაობა, ვინც ციმბირში უნდა გაეშვათ ეტაპით. მათ შორის ვიყავი მე და კიდევ ერთი ქურდი, დანარჩენები კი „ასობისტები“ (განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები) იყვნენ. მე ხმა არ ამომიღია. ჩემი კოლეგის სახელს კი შეგნებულად არ ვასახელებ და პირობითად მას რობოს ვუწოდებ. ის დღესაც ცოცხალია, თუმცა უკვე დიდი ხანია, ქურდი არ არის... რობომ ციხის უფროსს ჰკითხა.

– რა პონტია? რატომ გვაეტაპებენ?

– არ ვიცი, – თავი გააქნია ციხის უფროსმა, – წუხელ პატიმართა სია მოვიდა მოსკოვიდან და ეს სია წაგიკითხეთ. ჩემზე არაფერია დამოკიდებული.

– უფროსო, თუ მაყუთზეა ბაზარი, იცი, რომ ჩვენგან ფოსტა მოგივა და არ დაგიგვიანებთ, – თავდაჯერებულად უთხრა ციხის უფროსს რობომ, რომელსაც ორივე სროკი საქართველოში ჰქონდა მოხდილი, ბაირამობას იყო მიჩვეული და ციმბირი მხოლოდ პროგრამა „ვრემიაში“ ჰქონდა ნანახი, ისიც სურათზე, როცა ამინდს აცხადებდნენ.

– ამჯერად სხვაგვარადაა საქმე, ჩემო რობო, – თქვა ციხის უფროსმა, – მოსკოვიდან გამოგზავნილ სიას წინ ვერაფერი დაუდგება. მილიონიც რომ გადაიხადო, იქიდან ვერავის ამოვშლი. ამისთვის ორი გზა არსებობს. ერთისგან ღმერთმა დაგიფაროს, მეორეზე კი შენ თვითონ არ წახვალ.

– რა გზა, ვერ გავიგე, – იკითხა რობომ, – ყველაზე ნაღდი გზა მაყუთია. შენ თანხა დაასახელე და მაყუთი ხვალვე მოვა.

– შენ რა, ვერ გაიგე? – ხმას აუწია ციხის უფროსმა, – მოსკოვის სიებზე მაყუთი არ ჭრის. თუ გაციმბირებას გინდა, გადაურჩე, ან უნდა დაიბრიდო, ან ქურდობაზე უარი თქვა. ჰა, თანახმა ხარ არაქურდობაზე?

– ვენები რომ გადავიჭრა, „ბალნიჩკაზე“ დავწვე და ისე ავიცილო გაციმბირება?

– რომ მორჩები, მაინც გაგაციმბირებენ, მაგრამ, ეს რომ გააკეთო, იცოდე, მეც მაგრად მომხვდება და ამას კი არ გაპატიებ, – აღელდა ციხის უფროსი და იყვირა, – ეტაპი მაინც არ აგცდება და მე ნუღა გამიფუჭებ პალაჟენიას.

რობოს აშკარად ეტყობოდა, რომ ციმბირში წასვლა სიკვდილივით არ უნდოდა და ამის გამო ბევრ რამეზე წავიდოდა. ამიტომ, უცებ პირის ღრუდან გადატეხილი ბრიტვა გამოიღო და ის იყო ვენებზე უნდა დაესვა, რომ ციხის უფროსი ხელში ეცა. მას ზედამხედველებიც მიეხმარნენ, რობოს ბრიტვის ნახევარი წაართვეს და იქვე გაკოჭეს. ჩვენ საკნებში დაგვაბრუნეს, რობო კი, ჯერ გულდასმით გაჩხრიკეს, შემდეგ სპეციალურ საკან-პალატაში შეიყვანეს. იქ დააბეს, რომ თავი ავტოტრავმით არ დაეზარალებინა. სამი დღის მერე კი ათივე პატიმარი რკინიგზის სადგურზე მიგვიყვანეს, ციხის ვაგონში ჩაგვსვეს და ციმბირის გზას გაგვიყენეს. მე და რობო ერთ კუპე-საკანში გამოგვამწყვდიეს. მიუხედავად იმისა, რომ მასზე წარმოდგენა ჯერ კიდევ „გებურნსკში“ დამეკარგა და შემეძლო, პასუხი მომეთხოვა მისთვის, თავი შევიკავე. ჯერ ერთი, იმიტომ რომ, ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო და შემეცოდა. თანაც, მაინცდამაინც არაქურდული, ბოზური არაფერი ჩაუდენია და გამოსწორების შანსი მივეცი. თუმცა, არაფერი ვაგრძნობინე და როგორც თანაბარს, ისე ვექცეოდი. ის კი დედის კალთას მოწყვეტილი, პატარა ბავშვივით დამფრთხალი იყო და ვერ მშვიდდებოდა. თბილისიდან ციმბირში მიმავალი გზა როსტოვზე გადიოდა. იქ გამანაწილებელი ციხე იყო და მაქსიმუმ ორი კვირის მერე, როსტოვიდან უკვე პირდაპირ ციმბირში გაგვიშვებდნენ. ადრე, ორჯერ მქონდა ეს მარშრუტი გავლილი, ყველა პროცედურა ზეპირად ვიცოდი და წარბიც არ შემიხრია. რობო კი პირიქით, ცქმუტავდა, ადგილს ვერ პოულობდა და წარამარა მეკითხებოდა, როსტოვში როდის ჩავალთო. როსტოვში რომ ჩავედით, იქ ერთი სიურპრიზი გველოდა. მთელი სამხრეთ რეგიონებიდან როსტოვში გასაციმბირებლად შეყრილი ოცი ქურდი ეზოში, პლაცზე დაგვამწკრივეს და მოსკოვიდან სპეციალურად ჩამოსულმა პოლკოვნიკმა გამოგვიცხადა:

– საბჭოთა მთავრობა ბოლო შანსს გაძლევთ, რომ გამოსწორდეთ და თქვენს დანაშაულებრივ ცხოვრებაზე ხელი აიღოთ. ვინც ქურდობაზე უარს იტყვის და ამას წერილობითაც დაადასტურებს, მას ციმბირის ჯოჯოხეთი თავიდან ასცდება და საერთო რეჟიმის ციხე-კოლონიაში გადავიყვანთ. შესაძლებელია, მის საქმესაც გადავხედოთ და პატიმრობის ვადა შევუმციროთ. აბა, თამამად, ვის სურს, პატიოსან ცხოვრებას დაუბრუნდეს?

ოც ქურდს შორის მხოლოდ რობომ გადადგა წინ ხუთი ნაბიჯი და თქვა:

– მე!

– რა მე, თქვენი ვინაობა დაასახელეთ და გარკვევით გააკეთეთ განცხადება, – უთხრა რობოს პოლკოვნიკმა, რომელმაც, რა თქმა უნდა, მშვენივრად გაიგო, თუ რა თქვა რობომ, მაგრამ უფრო დააკონკრეტებინა თავისი სათქმელი.

რობომ თავისი ვინაობა დაასახელა და დაამატა:

– უარს ვაცხადებ ქურდობაზე და მსურს, პატიოსან ცხოვრებას დავუბრუნდე.

რობოს სიტყვებზე დანარჩენ ცხრამეტ ქურდს მწარედ გაგვეცინა და მისი მიმართულებით გადავაფურთხეთ. გასუსულმა პატიმრებმა კი, რომლებიც მანამდე გისოსებს იყვნენ აკრულები და პლაცზე მიმდინარე პროცესს უხმოდ აკვირდებოდნენ, ერთხმად იხუვლეს:

– რო-ბო ქა-თა-მო, რო-ბო ქა-თა-მო!

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3