მკვლელობის წამქეზებელი
წარმატებული ადვოკატი, რომელსაც ძალიან ცოტა ჰქონდა დარჩენილი იუსტიციის მინისტრობამდე, ცუდ დღეში ჩავარდა. მისმა ლამაზმა და საყვარელმა ცოლმა რომანი გააბა ერთ ნაძირალასთან. ამიტომ, იძულებული გახდა, ხუთი ათასი დოლარი გადაეხადა ამ კუნთების გროვისთვის, რომ კაილისთვის თავი დაენებებინა. უსიტყვოდ გაუწოდა რუხი ფერის კონვერტი ასდოლარიანი კუპიურებით და წასვლა დააპირა, მაგრამ დომინიკ ტრანსკმა შეაჩერა.
– მისტერ ჰენონ, იმედია, ზუსტად ხვდებით, რისთვის ვიღებ ამ ხუთი ათას დოლარს.
– ჩემს ცოლს რომ თავი დაანებოთ, – პირქუშად მიუგო ჰენონმა.
– დიახ. მაგრამ პასუხს ვერ ვაგებ იმაზე, კაილი დაგიბრუნდებათ თუ არა, – უშნოდ დაიღმიჭა ტრანსკი.
– ეს უკვე თქვენი საქმე აღარ არის. ჩემს ცოლს ვუყვარდი, სანამ თქვენ გამოჩნდებოდით. ის გულუბრყვილოა და ვერ ხვდება, როგორ იყენებთ მას.
– თქვენი ბრალია. არ უნდა გეღალატათ ცოლისთვის საკუთარ თანაშემწესთან, მით უფრო, კაილისთანა ცოლისთვის.
– არაფერი ყოფილა! – წამოიყვირა ჰენონმა. თუმცა, რას გიხსნით. მხოლოდ ცოტა დავლიეთ ერთად... მოკლედ, მეტს აღარაფერს ვიტყვი. იმედი მაქვს, ჩვენ სიახლოვეს აღარ გამოჩნდებით.
– ჯერ დაიბრუნეთ ცოლი, – სიცილით მიაძახა ტრანსკმა და კონვერტში ჩაწყობილი კუპიურები გაატკაცუნა...
მეორე დღეს კი გაზეთები მისი მკვლელობის შესახებ წერდნენ. ჰენონი ხვდებოდა, რომ ტრანსკისთან გარიგება დიდი შეცდომა იყო. კაილი, ალბათ, უარესად შეიძულებდა. მაგრამ ჩიხში მოქცეულმა უკეთესი ვარიანტი ვერ მოძებნა... ამიტომ ტრანსკის სიკვდილი ნამდვილად არ სწყენია... შეიძლება, გაძარცვის მიზნითაც მოკლეს, – გაიფიქრა და სტატია ჩაიკითხა. მოკლულს ფული არ აღმოაჩნდა. მეორე დღეს მკვლელიც დაიჭირეს. რამდენჯერმე ნასამართლევი, მოთამაშე და თაღლითი ფილ კული, რომელმაც დანაშაული აღიარა. მერე კი, უცნაური და ჰენონისთვის შემაშფოთებელი ამბავი მოხდა. ფილმა მასთან შეხვედრა მოითხოვა. ცუდი წინათგრძნობით შეპყრობილი ადვოკატი მასთან საპატიმროში მივიდა.
– მისტერ ჰენონ, – ფილმა სახე მისკენ მიაბრუნა. აშკარად ეტყობოდა ცემის კვალი. აქა-იქ... წარბებზე, ღაწვებზე, ნიკაპზე სერიოზული სისხლნაჟღენთები ჰქონდა. კისერზე ლურჯად ისევ აჩნდა თითების ნაკვალევი.
– რისთვის გინდოდათ ჩემი ნახვა, – ჰკითხა ჰენონმა.
– მინდა, ჩემი ადვოკატი იყოთ. ოღონდ, არ მკითხოთ, რატომ. იმიტომ, რომ, საუკეთესო ხართ. შემიძლია, ხუთი ათასი დოლარი გადაგიხადოთ.
„ხუთი ათასი დოლარი?“ – ჰენონმა ეჭვიანად შეხედა მკვლელს.
ფილი ორაზროვნად იღიმებოდა – ადვოკატო, იმედია, უარს არ იტყვით. ეს ორმხრივად სასარგებლო იქნება.
– იქნებ, მომიყვეთ, რა მოხდა მკვლელობის დღეს?
– განსაკუთრებული არაფერი. ტრანსკის ჩემი კარტის ვალი ჰქონდა. იმ საღამოს ორ „ნაშასთან“ ერთად მოვიდა. სვამდნენ და ჭამდნენ... მივხვდი, ფული ჰქონდა. როცა ბარი დატოვა, უკან გავყევი. სახლში შევყევი და ჩემი სამასი დოლარი მოვთხოვე. ძალიან მაგრად მცემა, ძალიან მაგრად... თავს ვიცავდი. იქვე, მაგიდაზე რევოლვერი იდო, მინდოდა, შემეშინებინა... ძიძგილაობაში გავარდა და ტყვია ტრანსკის მოხვდა. სულ ეს იყო. სასამართლოზე სწორედ ეს უნდა დაამტკიცოთ.
– რომ თქვით, ბევრი ფული ჰქონდაო?
– დიახ. მე ვნახე, როგორ ხარჯავდა, მაგრამ მე მხოლოდ ჩემი სამასი დოლარი ავიღე... დანარჩენი ფული სად გაქრა, წარმოდგენა არ მაქვს. გვამი ხომ დილით მისმა ერთ-ერთმა საყვარელმა იპოვა. იქნებ ფული იმ ქალმა წაიღო. ზოგადად, ტრანსკის ქმრიანი ქალები ჰყავდა და მათი საშუალებით ფულს აკეთებდა. ერთხელ მომიყვა კიდეც...
ადვოკატს კიდევ ერთხელ ეცვალა ფერი... ამ უდღეურმა მკვლელმა კიდევ რაღაც იცოდა. ყოველ შემთხვევაში, ციხეში ვერ გაუშვებდა... სასამართლო სხდომებზე ჰენონმა რამდენჯერმე დაინახა კაილი. ის იქ იჯდა და ყველაფერს ყურადღებით უსმენდა. ჰენონის დაცვის ძირითადი ხაზი ის იყო, რომ დაემტკიცებინა, როგორ იცავდა ფილ კული თავს და რომ მკვლელობა ძარცვის მიზნით არ მომხდარა. ფილმა მოყვა, როგორ დასცინოდა მოკლული და ეუბნებოდა, რომ უვარგისი და მახინჯი არავის სჭირდებოდა. თვითონ ისეთი კარგი იყო, ქმრიანი ქალები მასზე გიჟდებოდნენ... ანუ, შემოსავლის მუდმივი წყარო ჰქონდა.
ჰენონმა პროცესი მოიგო... ფილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს... ჰენონი მაინც არ მიატოვა რაღაც გარდაუვალის, მოულოდნელისა და საშინელის განცდამ. ადვოკატს ალღომ არ უმტყუნა. ორი დღის შემდეგ ფილი ოფისში გამოეცხადა, ჰენონისთვის კარგად ნაცნობი რუხი კონვერტით.
– ჰონორარი მოგიტანეთ, – გაიცინა ფილმა და უცერემონიოდ ჩამოჯდა სავარძელზე.
– შეგიძლიათ, ჩემს მდივანს დაუტოვოთ. ის შემოსავალში გაატარებს, – პირქუშად მიუგო ჰენონმა.
– თქვენ მართლაც კარგი ადვოკატი ხართ, მაგრამ ბევრი რამ არ იცით. ამიტომ, ნუ იჩქარებთ ამ ფულის შემოსავალში გატარებას. სასამართლოზეც ვთქვი, რომ ვიცოდი, როგორ შოულობდა ტრანსკი ფულს. მან ისიც მითხრა, რომ ერთ-ერთი დაშანტაჟებული ქმარი თქვენ იყავით, უფრო მეტიც – ეს ხუთი ათასი დოლარი თქვენ მიეცით, რომ თქვენი ცოლისთვის თავი დაენებებინა. მე შემიძლია, მივიდე პოლიციაში და ვთქვა, რომ ტრანსკის მკვლელობა შემიკვეთეთ. კანონები ვიცი. მეორედ აღარ გამასამართლებენ ამ საქმისთვის. თქვენ კი, კარიერას სამუდამოდ დაემშვიდობებით.
– რა გინდათ, ჩემგან?
– ეს ხუთი ათასი დოლარი და კიდევ რაღაც კაპიკები ყოველთვიურად. ტრანსკმა მითხრა, რომ ჩემნაირი მახინჯი არც ერთ ქალს არ მოუნდება. ვნახოთ, ფული შეცვლის თუ არა სიტუაციას...
***
ჰენონი სახლში განადგურებული მივიდა. კარი გააღო თუ არა, თავისი ცოლი დაინახა, თავისი კაილი... მისი ღიმილი მზესავით ანათებდა და უკვე აღარც საკუთარი რეპუტაცია ან კარიერა აინტერესებდა.
– დავბრუნდი. სასამართლოზე თვალი ამეხილა და ტრანსკის ჭეშმარიტი სახე დავინახე. როგორი მიამიტი ვიყავი, მეგონა, მართლა ვუყვარდი.
– მეც მაქვს ბოდიში მოსახდელი ჩემი საქციელის გამო და კიდევ იმისთვის, რაც შეიძლება, ხვალ მოხდეს. ერთი შანტაჟისტი მეორემ შეცვალა. შეიძლება, ყველაფრის გარეშე დავრჩე და ჰენონმა ცოლს ყველაფერი უამბო.
კაილიმ გადაჭრით გადააქნია თავი.
– არა. შენ მას ერთ ცენტსაც აღარ მისცემ, მორჩა. თუნდაც, სულ თავიდან მოგიწიოს ყველაფრის დაწყებამ. არც ერთი ცენტი, გასაგებია? თორემ ამას ბოლო არასოდეს ექნება.
ჰენონი ქალის სითბოს გრძნობდა და თავდაჯერება ემატებოდა...
***
ფილი ბინძურ ბარში იპოვა... მეძავების, ქურდებისა და ყაჩაღების გარემოცვაში. კმაყოფილი ჩანდა...
– ეი, შენ... გადავწყვიტე, ჩემგან ვერაფერს მიიღებ. სადაც გინდა, წადი და რაც გინდა, თქვი, ფეხებზე მკიდია! – დაუყვირა თამამად.
ფილს სახეზე გაოცება აღებეჭდა, რომელიც შიშმა შეცვალა.
– გესმის? ფეხებზე მკიდიხარ! ეგ ფული კი, ეგ ხუთი ათასი დოლარი, დაწყევლილი ფულია, სიკეთე არავისთვის მოაქვს. ესეც გახსოვდეს... – ამ სიტყვებით ჰენონი ბარიდან გამოვიდა.
მეორე დღეს დილის გაზეთები ბარში მკვლელობას იუწყებოდნენ... ჩხუბი ფულის გამო ატყდა... მოკლული ფილი იყო!
– ფაქტობრივად, ის მე მოვკალი, – თქვა ჰენონმა და მკერდზე მიხუტებულ ცოლს თავზე აკოცა, – მთელი ხმით გამოვაცხადე, რომ ფილს ხუთი ათასი დოლარი ჰქონდა. ის ხალხი კი, ორმოცდაათ დოლარზეც გამოჭრიდა ყელს.
– და, შენ სინდისი გაწუხებს ამის გამო? – ნაზად ჰკითხა ქალმა.
– ცოტა... ჩაილაპარაკა ჰენონმა ღიმილით.