კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქალური შურისძიება

ელენე დაიძაბა, აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ასე უცბად წამოხტომა და გაქცევა არ გამოდიოდა, არადა, არც ის უნდოდა, ოჯახური სცენის მოწმის როლში აღმოჩენილიყო, თუმცა, საკუთარ თავს გამოუტყდა, რომ ძალიან აინტერესებდა, რა მოხდებოდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები.

– მოვდივარ! – ჩვეულებრივი ხმით დაიძახა ნანიტამ.

კარს რომ მიუახლოვდა, ვიღაცამ სახელური ააჩხაკუნა, თან, აშკარად ცდილობდა, გასაღებით გაეღო, მაგრამ, არაფერი გამოსდიოდა და ისევ ზარი დარეკა გაბმულად, ნერვიულად.

– მაცადე, გავაღო! – ისევ მშვიდი ხმით თქვა ნანიტამ და კარი გამოაღო, მერე კი გაოგნებულ დიმიტრის ღიმილით უთხრა: – მექანიკურად ურდულით ჩავკეტე და იმიტომ ვერ აღებდი.

გაოცებისგან კაცს სახე ჩამოუგრძელდა – ნამდვილად არ ეგონა, ცოლი სახლში თუ დახვდებოდა, თანაც, ასეთ კარგ ხასიათზე. ბინაში მექანიკურად შეაბიჯა და დაბნეული გაჩერდა – არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. სახლში იმ განზრახვით დაბრუნდა, რომ როგორმე მოეხერხებინა და პატიება ეთხოვა იმის გამო, რაც ჩაიდინა, მაგრამ, ნანიტა ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი მომხდარაო და რაღაც მომენტში დიმიტრის ეჭვიც კი შეეპარა, ეს ყველაფერი ხომ არ დამესიზმრაო.

– გაიხადე, რას გაჩერებულხარ. ჩვენთან სტუმარია, – თქვა ნანიტამ და სამზარეულოსკენ მიუთითა.

დიმიტრიმ ვერც კი გაიაზრა, რა უთხრა ცოლმა, აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედა და, ვერანაირ ჩანთებსა და ჩალაგებულ ბარგს რომ ვერ მოჰკრა თვალი, მექანიკურად ჰკითხა:

– შენ რა, აღარ მიდიხარ? გადაიფიქრე?

– სად უნდა წავსულიყავი? – გაიოცა ნანიტამ.

– ჰო, რა ვიცი... – კიდევ უფრო დაიბნა დიმიტრი და ქურთუკი საკიდზე ჩამოკიდა, მერე აბაზანისკენ წავიდა, ვითომდა ხელების დასაბანად, სინამდვილეში კი დრო სჭირდებოდა აზრზე მოსასვლელად.

– გშია? – გზაში დააწია შეკითხვა ცოლმა და ამან უფრო დააბნია – რამდენი ხანია, მისგან ასეთი მზრუნველობა არ უგრძნია.

„რა ხდება? – გაიფიქრა დიმიტრიმ, – ნუთუ მართლა ყველაფერი მომელანდა? არა, ძალიან მთვრალი კი ვიყავი, მაგრამ, ამ დონეზე?“ – მერე ონკანის თავზე ჩამოკიდებულ სარკეში ჩაიხედა და თავისი სახე შეათვალიერა: ყველაფერი ისევ „თავის ადგილზე“ იყო – გახეთქილი ტუჩიც და ჩამოკაწრული ლოყებიც. ახლა უფრო შეშინდა. ეგონა, „ბელაია გარიაჩკა“ დამემართა და ჰალუცინაციები დამეწყოო და შეეცადა, ძალა მოეკრიბა, რომ ამ მდგომარეობიდან გამოეყვანა თავი.

– ბავშვები სად არიან? – შეძლებისდაგვარად მშვიდად ჰკითხა ცოლს.

– დედაჩემთან, – ოთახიდან გასძახა ნანიტამ, – ვერ გავიგე, გშია თუ არა, გაგიწყო სადილი?

– არა, არ მინდა, – უპასუხა დიმიტრიმ. მართალია, მგელივით მშიერი იყო, მაგრამ, იცოდა, ამ მდგომარეობაში ლუკმა არ გადაუვიდოდა ყელში, მით უმეტეს, ვიღაც სტუმრის თანდასწრებით.

– კარგი, მაშინ, ყავას მოგიდუღებ და ჩვენთან ერთად დალიე, – ისევ გასძახა ცოლმა და სამზარეულოში გავიდა, სადაც გაფითრებული და თვალებგადიდებული ელენე იჯდა და გაოცებით შესცქეროდა დაქალს.

– შენ მართლა უნიჭიერესი მსახიობი ყოფილხარ, – უთხრა ცივად და წასასვლელად მოემზადა.

– ჰო, ძნელი სულაც არ ყოფილა როლში შესვლა, – დაეთანხმა ნანიტა და ქმრისთვის ყავის სამზადისს შეუდგა, – უბრალოდ, ცოტა დავიძაბე და თავი ამტკივდა.

ელენემ ყურადღებით შეხედა მეგობარს და შეამჩნია, რომ ხელები უკანკალებდა; ისე ძალიან უკანკალებდა, რომ ჯეზვეში შაქრის ჩაყრას ვერ ახერხებდა; მიხვდა, რადაც დაუჯდა მზრუნველი ცოლის როლის შესრულება ნანიტას და სთხოვა:

– დაჯექი, მე მოვადუღებ. შენ კი, იცოდე, თუ ასე გააგრძელებ, რამდენიმე დღეში მოკვდები.

– არ მოვკვდები, გავუძლებ. ვიღაცამ ხომ თქვა, მიზანი ამართლებს საშუალებასო, ჰოდა, მეც ვეთანხმები. ნელ-ნელა შევეჩვევი ახალ როლს.

– არა მგონია, – დაეჭვდა ელენე, – ახლა კი, თუ ჩემი ხათრი გაქვს, რამე დასამშვიდებელი მაინც დალიე.

– არ მინდა, რომ შემოვა, წამლის სუნი იგრძნოს.

– ვალერიანის აბები მაქვს, უსუნოა, – დაფაცურდა ელენე და სამი ცალი პატარა დრაჟე მაგიდაზე დაუწყო, – დროზე, სანამ შემოსულა.

– სამი ცალი რა ამბავია? – თქვა ნანიტამ, მაგრამ მაინც სასწრაფოდ დალია და ელენეს შეხედა, – ვითომ ვალერიანი მიშველის?

– ყოველ შემთხვევაში, ცოტათი მაინც დაგაწყნარებს. ახლა მე ყავას მოვადუღებ და წავალ. ხომ არ გეწყინება?

– არ მეწყინება, მაგრამ, გთხოვ, სულ ათი წუთით დარჩი და მერე წადი, კარგი?

– კარგი, – ცოტაოდენი ორჭოფობის შემდეგ უპასუხა ელენემ, – ოღონდ, გეხვეწები, ძალიანაც ნუ შეიჭრები როლში, თორემ, მერე გამოსვლა გაგიჭირდება.

– კარგი, – დაეთანხმა ნანიტა და შეეცადა, ისევ ბუნებრივი სახე მიეღო.

ხუთი წუთის შემდეგ დიმიტრი სამზარეულოში შევიდა და კართან შეჩერდა. ასეთი უმწეო და დაბნეული ქმარი ნანიტას არასდროს ენახა და გულში ბოროტი კმაყოფილება იგრძნო. ელენეც არანაკლებ დაიბნა. არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო – ეგრძნობინებინა დიმიტრისთვის, რომ ყველაფერი იცოდა, თუ „ტყემლის კენწეროზე შემჯდარიყო“. მცირეოდენი ფიქრის შემდეგ მეორე ვარიანტი არჩია და კარში აწურულ კაცს საკმაოდ ხელოვნური ღიმილით მიმართა:

– გამარჯობა, დიმიტრი. რაღაც საქმე მქონდა ნანიტასთან და ხუთი წუთიც არ იქნება, რაც მოვედი...

დიმიტრიმ დაეჭვებით გადახედა მაგიდაზე დაწყობილ ყავის ცარიელ ფინჯნებს, კონიაკის ნახევრამდე დაცლილ ბოთლსა და შევსებულ სირჩებს, მაგრამ, არაფერი უთქვამს, სტუმარს თავის დაქნევით მიესალმა და ცოლს ისეთი თვალებით შეხედა, თითქოს შველას სთხოვდა. ნანიტამ დააპირა რაღაცის თქმა, მაგრამ, ისევ წამოუარა ქმრის უმწეობით გამოწვეულმა ბოროტმა სიხარულმა და გადაწყვიტა, ეს საამო განცდა გაეხანგრძლივებინა – დაქალს მიუბრუნდა და ძალიან მშვიდად სთხოვა:

– მომიხარშე, რა ყავა, ის ერთი ჭიქა არ მეყო, – მერე სიგარეტს მოუკიდა, ფანჯარასთან მივიდა და ბოლი გამოღებულ სარკმელში გაუშვა.

– დიმიტრი, შენც ხომ არ დალევ ყავას? – ელენეს გაუხარდა, რომ რაღაც საქმე მიეცა და ასე დებილური ღიმილით აღარ იჯდებოდა.  ამიტომ, მაშინვე დაფაცურდა და ყავის სამზადისს შეუდგა.

– დიმიტრის ყავა არ უყვარს, სპირტიანი სასმელები ურჩევნია, – წაიგესლა ნანიტამ, მერე მაგიდასთან მივიდა, სიგარეტის ნამწვი საფერფლეში ნერვიულად ჩასრისა, სკამზე ჩამოჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო.

დიმიტრი ისევ გაშტერებული შესცქეროდა ქალებს და არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. თავისმა დაბნეულობამ ძალიან დაძაბა და გააღიზიანა, მაგრამ, უცებ გადაწყვიტა, მოვლენების განვითარებას დალოდებოდა – ასე უფრო გაარკვევდა, რა ხდებოდა მის სახლში. დაბნეულობის დასაფარად, თავს ძალა დაატანა, გაიღიმა და ონკანთან მივიდა წყლის დასალევად. არ სწყუროდა, მაგრამ, იფიქრა, ცივი წყალი ოდნავ მაინც მომიყვანს გონზეო და მთელი ჭიქა ერთბაშად გადაკრა, მერე თვითონაც მიუჯდა მაგიდას და ელენეს მიმართა:

– თუ ჩემი დაიკო ხარ, ერთი ჭიქა ყავა მეც გამიკეთე. მართალია, დიდად არ მიყვარს, მაგრამ, ასეთი ლამაზი ქალების საზოგადოებაში ყავას კი არა, დარიშხანსაც სიამოვნებით დალევს კაცი.

– კარგი, შენც მოგიდუღებ და გავიქცევი, თორემ, უკვე ძალიან დამაგვიანდა, – ელენეს ერთი სული ჰქონდა, იქაურობას გასცლოდა და თავისუფლად ამოესუნთქა.

– არა, რა, არ წახვიდე. ბარემ შენთვისაც გაიკეთე, მერე კი დავსხდეთ და ცოტა ვიჭუკჭუკოთ. რამდენი ხანია, ჩვენთან აღარ მოსულხარ და არ გვისაუბრია.

სიტყვაზე „ვიჭუკჭუკოთ“ ნანიტამ სიცილი ძლივს შეიკავა და ამის გამო ისეთი ხველება აუტყდა, კინაღამ დაიხრჩო. ქალი მიხვდა, რომ ეს იყო მისი გამარჯვების პირველი ეტაპის დასაწყისი და, ამ ეტაპის ფინალი უფრო შთამბეჭდავი რომ ყოფილიყო, ნაძალადევი გაოცებით წამოიძახა:

– უი, სახეზე რა დაგემართა, დიმიტრი, რა გჭირს, გცემეს?

დიმიტრიმ ცალი ხელით მოიფშვნიტა სახე და უღიმღამოდ უპასუხა:

– ქუჩაში ვიღაც ტიპები ამიშარდნენ და ვიჩხუბე.

– ქალები იყვნენ? – სახეში შესცინა ნანიტამ, – რაღაც, ქალების ნახელავს უფრო ჰგავს ეგ ნაკაწრები. თუმცა, ტუჩიც გახეთქილი გქონია და ცალი თვალი – ოდნავ ჩალურჯებული.

– ქუჩაში ქალებთან რატომ ვიჩხუბებდი? – დიმიტრიმ დაბნეულობის დასაფარად ახლა ყავის დიდი ყლუპი მოსვა.

– ჰო, მართალი ხარ, ქალებთან ჩხუბი და ცემა-ტყეპა ქუჩაში ცოტა უხერხულია, სახლში უფრო კომფორტულია ამის გაკეთება, არა, დიმა? – ნანიტამ ხმამაღლა გაიცინა, მერე კი ისევ ჩვეულებრივი, მშვიდობიანი ხმით მიმართა: – მე და ელენე ახლა საქმეზე მივდივართ. ზუსტად არ ვიცი, როდის მოვალ, მაგრამ, გასაღები მიმაქვს და არ დამელოდო, დაღლილი თუ ხარ, დაიძინე. სადილი ქვაბით დგას გაზქურაზე. შენ რომ გიყვარს, ის კერძი მოგიმზადე. დაბალ ცეცხლზე შეათბე, რომ არ მიიწვას. აბა, წავედით, ჭკვიანად იყავი! – ნანიტამ ღიმილით დაუქნია ხელი, მერე ელენე თითქმის ძალით წაათრია ჰოლისკენ, საკიდრიდან მოსაცმელი და ჩანთა ჩამოხსნა და კარი გაიკეტა.

დაქალები ლიფტით ისე ჩავიდნენ პირველ სართულზე და ისე გავიდნენ სადარბაზოდან, ხმა არც ერთს არ ამოუღია. ის კი არა, სახეშიც არ შეუხედავთ ერთმანეთისთვის. ორივე უხერხულად გრძნობდა თავს, იდგნენ სადარბაზოს წინ და არ იცოდნენ, რა ეთქვათ ან როგორ მოქცეულიყვნენ. ბოლოს ისევ ელენე გამოერკვა, ხელი ჩაავლო მეგობარს და ქუჩისკენ წაიყვანა. გრძნობდა, როგორ უკანკალებდა ნანიტას ხელები, მაგრამ, არ შეიმჩნია, ტაქსი გააჩერა, თითქმის ძალით ჩასვა უკანა სავარძელში და თვითონაც გვერდით მიუჯდა.

– საით? – იკითხა მძღოლმა და ქალებს გამოხედა.

– ვაჟაზე, დასაწყისში, – მოკლედ უპასუხა ელენემ და მთლად აცახცახებული მეგობარი გულში ჩაიკრა. ნანიტას გული ამოუჯდა და ჯერ ჩუმად დაიწყო ქვითინი, მერე კი ხმამაღლა ატირდა.

– კარგი, ჰო, გაჩუმდი, ყველაფერი კარგად იქნება, – ამშვიდებდა ელენე და თავზე ხელს უსვამდა, – დაწყნარდი, სირცხვილია, რას იტყვის ეს კაცი, – ჩასჩურჩულა ყურში.

ნანიტას შერცხვა და ტირილი შეწყვიტა, მხოლოდ შიგადაშიგ ამოისლუკუნებდა ხოლმე, ოღონდ, კანკალი ვერ გაიჩერა.

– ცუდად ხართ, ქალბატონო? ხომ არ გავაჩერო მანქანა? – იკითხა მძღოლმა და სვლა შეანელა.

– არა, ჩემო კარგო, ყველაფერი რიგზეა. პირიქით, თუ შეიძლება, დროზე მიგვიყვანეთ, – თავაზიანად სთხოვა ელენემ.

– კი ბატონო, – თქვა მძღოლმა და სიჩქარეს ისევ მოუმატა. 

დაახლოებით თხუთმეტი წუთის შემდეგ ელენემ თავისი ბინის კარი გააღო, ნანიტა სახლში შეიყვანა და სავარძელში ჩასვა.

– როგორ ხარ? – ჰკითხა მზრუნველად და წინ დაუჯდა, – გინდა, რამე დაგალევინო?

– არაფერი არ მინდა, მხოლოდ რამდენიმე წუთი მჭირდება, რომ ბოლომდე დავმშვიდდე.

– თუ გინდა, წამოწექი, – შესთავაზა ელენემ და დივანზე ბალიში დადო.

ნანიტამ ხელის გაქნევით უთხრა უარი და თვალები დახუჭა. „რამდენიმე წუთი” ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა – ნანიტა თვალების დახუჭვისთანავე გაითიშა და ჩაეძინა. ელენემ თხელი პლედი მიაფარა და თვითონ მეორე სავარძელში მოკალათდა – ისეთი დაღლილი იყო დაძაბულობისგან, არც მას აწყენდა ცოტა ხნით წაძინება. მანაც დახუჭა თვალები და ჩათვლიმა, მაგრამ, თან ფხიზლად იყო – ეშინოდა დაქალის უყურადღებოდ მიტოვება.

ორიოდე საათის შემდეგ ნანიტამ დაფეთებულმა დააჭყიტა თვალები და ოთახში მიმოიხედა. ძლივს მიხვდა, სად იყო. წვალებით წამოდგა სავარძლიდან – ისე სტკიოდა მთელი სხეული, ბევრი ვარჯიშის შემდეგ რომ იცის ხოლმე. სამზარეულოდან გემრიელი სუნი გამოდიოდა. გაახსენდა, რომ მთელი დღის განმავლობაში ლუკმა არ ჰქონდა პირში ჩადებული და უცბად ძალიან მოშივდა. პლედში გაეხვია და სამზარეულომდე მილასლასდა. ელენეს ვახშამი გაეწყო და ყავის მოხარშვას აპირებდა.

– გაიღვიძე? – მზრუნველობით ჰკითხა ელენემ, – მოდი, ჯერ ვივახშმოთ და მერე ყავა დავლიოთ. ნამდვილი ყავა მაქვს, აქაურ მარკეტში ნაყიდი არ გეგონოს, ჩემმა სიძემ ჩამომიტანა მაროკოდან.

– მაროკოში რა უნდოდა? – ისე, სხვათა შორის იკითხა ნანიტამ და გაშლილ სუფრას მიუჯდა.

ელენემ აღარ დაუკონკრეტა, რა უნდოდა მის სიძეს მაროკოში, მოშიებულ დაქალს სალათა გადაუღო, კარგა მოზრდილი სენდვიჩი დაუდო თეფშზე და დიდი ჭიქით ალუბლის კომპოტი დაუდგა.

– ყავა ბოლოს დავაყოლოთ, ჯერ ჭამე, – უთხრა და თვითონაც მადიანად ჩაკბიჩა სენდვიჩი.

– ყავა, კონიაკი და მსგავსი კრეტინობები აღარ გამაგონო. დღეს სახლში იმდენი დავლიე, რომ ვუყურებ, გული მერევა, – თქვა ნანიტამ და პირველი ლუკმა თითქმის დაუღეჭავად გადაყლაპა, – ასე ძალიან ცხოვრებაში არ მომშიებია.

– მეც, – ღეჭვა-ღეჭვით უპასუხა ელენემ, – ასე მგონია, ასი სენდვიჩი არ მეყოფა.

ის იყო, ჭამა დაასრულეს და კმაყოფილებმა სიგარეტს მოუკიდეს, რომ ნანიტას მობილურმა დარეკა. ეკრანს რომ დახედა, შეკრთა:

– დიმიტრი მირეკავს, რა ვქნა?

– რა უნდა ქნა? განაგრძე შენი როლის თამაში, სხვა გზა აღარ გაქვს.

– რომ მიხვდეს?

– რას უნდა მიხვდეს?

– რომ ვთამაშობ.

– მერე რა, რომც მიხვდეს, რას იზამს იმაზე უარესს, რაც უკვე ქნა?

– რა ვიცი... – თქვა ნანიტამ, მერე მწვანე ღილაკს დააჭირა თითი და ყურთან მიიტანა, – გისმენთ!

– მე ვარ, დიმიტრი. აღარ მოდიხარ სახლში?

– მალე მოვალ, – შემკრთალი ხმით უპასუხა ქმარს, – რამე ხომ არ გინდა, წამოგიღო?

– არა. გინდა, მოგაკითხო? მითხარი, სად ხარ და მოვალ, – დიმიტრის ისეთი თბილი და მზრუნველი ხმა ჰქონდა, ნანიტა დაიბნა. ძლივს მოახერხა, ეთქვა, ტაქსის გამოვიძახებ და თვითონ მოვალო, ყურმილი გათიშა და ისეთი სახით დახედა ტელეფონს, რომ ელენეს აშკარად შეეშინდა.

– ხომ მშვიდობაა? მოხდა რამე? – ჰკითხა გაშტერებულ დაქალს და სახელოზე მოქაჩა, – რა გჭირს, გოგო, მესამე მსოფლიო ომის დაწყება შეგატყობინეს?

– უარესი, – თქვა და დაქალს თვალებში შეხედა.

– რა უარესი, ნუ გამაგიჟე, თქვი, რა გითხრა! – ლამის იყვირა ელენემ.

– ასეთი თბილი და ყურადღებიანი ცხოვრებაში არასდროს ყოფილა.

– მერე, მაგან შეგაშინა? ძალიანაც კარგი, თუკი მიხვდა, როგორ უნდა მოექცეს ცოლს.

– არა, შენ ვერ გაიგე, – ღრმად ამოისუნთქა ნანიტამ, – მე მგონი, ყველაფერს მიმიხვდა და თამაშში ამყვა.

– რა?! – ყურებს არ დაუჯერა ელენემ, – ალბათ, გეჩვენება. კაცებს არ აქვთ ამდენი მიხვედრილობა და ეშმაკობა. მე მგონი, დაბნეულობის გამო იქცევა ასე. ან, იქნებ, გონს მოვიდა, მიხვდა, რაც მიჰქარა და ნანობს?!

– არ ვიცი. შეიძლება, მართალიც ხარ, მაგრამ, მაინც შევშინდი.

– გამხნევდი. რადგან დაიწყე, ბოლომდე მიიყვანე საქმე.

– ანუ, ბოლოს და ბოლოს, ყველაფერში მეთანხმები? – რატომღაც სევდიანად გაეღიმა ნანიტას.

– ყველაფერში არა. გეთანხმები, რომ ჭკუა უნდა ასწავლო, მაგრამ გუგასთან შენი შეხვედრის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, თუკი, რა თქმა უნდა, რამე მნიშვნელობა აქვს შენთვის ჩემს აზრს.

– მაშინ, ყველაფერ დანარჩენს არანაირი მნიშვნელობა აღარ ექნება, – თქვა ნანიტამ და მობილურზე რაღაც ნომერი აკრიფა.

– სად რეკავ? – შეეშინდა ელენეს.

– ნუ გეშინია, სცენაზე გუგას გამოსვლის წუთი ჯერ არ დამდგარა, – ცინიკურად გაეღიმა ნანიტას, – ტაქსის ვიძახებ.

ტელეფონი რომ გათიშა, ნანიტამ ისევ სიგარეტს მოუკიდა.

– ერთი ღერის მოწევას მოვასწრებ, – თქვა და ბოლი ჭერში გაუშვა.

– ძალიან ბევრს ეწევი, მოგკლავს ამდენი სიგარეტი, – უსაყვედურა ელენემ, – შვილებზე საერთოდ აღარ ფიქრობ?

– ვფიქრობ. სიგარეტს კი მალე დავანებებ თავს, გპირდები, – თქვა ნანიტამ, მეგობარს შეხედა და ჰკითხა: – იცი, რა მაინტერესებს? ჩვენ რომ წამოვედით და მარტო დარჩა, რა იფიქრა, რა ხდება ჩემს თავსო?

– ამას მაშინ გაიგებ, სახლში რომ მიხვალ და დაელაპარაკები. არ არის გამორიცხული... – მაგრამ ელენემ წინადადება ვეღარ დაასრულა, რადგან ნანიტას ტელეფონით შეატყობინეს, ტაქსი მოვიდაო და ისიც მაშინვე წამოხტა.

– მოიცა, ჩაგაცილებ, – გამოეკიდა ელენე, მაგრამ ნანიტა ისე სწრაფად გაიქცა, რომ ვეღარ დაეწია და უკან დაბრუნდა.

***

ქალები რომ წავიდნენ, დიმიტრი კარგა ხანს იჯდა სამზარეულოში და მომხდარზე ფიქრობდა. მართალია, გულში გაუხარდა, რომ ცოლის წინაშე მუხლებზე დადგომა და პატიების თხოვნა აღარ მოუწევდა და, შესაბამისად, აღარც გაყრასთან დაკავშირებულ პროცედურებზე მოცდებოდა, მაგრამ, ნანიტას უჩვეულო ზრუნვამ და გულითადმა საუბარმა, ცოტა არ იყოს, შეაშფოთა – დიმიტრისთვის ეს არაბუნებრივი მდგომარეობა იყო და, ამიტომ, მართალია, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი, მაგრამ, რაღაცნაირი უსიამოვნო ეჭვი გაუჩინა. რაღაც მომენტში წამიერი დეჟავიუ დაემართა – თითქოს ოდესღაც უკვე ჰქონდა განცდილი ამგვარი შეგრძნება, მაგრამ, ვერაფრით ვერ გაიხსენა, როდის და, ამიტომ, თავი მიანება ამაზე ფიქრს.

– მგონი, გადახარშა ყველაფრი, მიხვდა, რომ ბევრ რამეში თვითონაც არის დამნაშავე, – ხმამაღლა უთხრა საკუთარ თავს, – ალბათ, ამიტომაც აღარ წავიდა სახლიდან. ვითომ, საერთოდ გადაიფიქრა გაყრა? თუ ასეა, მირჩევნია კიდეც – თორნიკესთან ახსნა-განმარტების ნერვები ნამდვილად არ მქონდა. თან, სამსახურშიც არეულობაა და არანაირად არ მაწყობდა ასეთ სიტუაციაში სასამართლოებში სირბილი, – დიმიტრიმ დაკაწრულ სახეზე ხელი მოისვა და ისევ ხმამაღლა განაგრძო მონოლოგი: – დავიჯერო, რამე აქვს ჩაფიქრებული?!. არა მგონია, ამისთვის ეშმაკობა არ ეყოფა, თუმცა, რას გაუგებ ქალებს, თითო ქალში მინიმუმ ათი ეშმაკია ჩაბუდებული და, კაცმა არ იცის, რომელი როდის გაიღვიძებს... მაგრამ, მე როგორ მოვიქცე? ვკითხო, რატომ შეცვალა გადაწყვეტილებაც და ჩემდამი დამოკიდებულებაც თუ არაფერი შევიმჩნიო და მეც ისევე მოვიქცე, როგორც თვითონ მექცევა?! ჰო, ალბათ, ასე ჯობია. ყოველ შემთხვევაში, ახლა პრავების კაჩავი და ბოზებთან დროსტარება უნდა შევწყვიტო და მზრუნველი მამა და მზრუნველი ქმარი უნდა გავხდე – ყველასთვის ასე აჯობებს. მაგრამ, მაინც რომ გამეყაროს? – თქვა დიმიტრიმ და უცებ, თავისთვისვე მოულოდნელად, იგრძნო, რომ ეს არ უნდოდა, არ უნდოდა როგორც ქმარს, როგორც მამაკაცს, რადგან, აღმოაჩინა, რომ ცოლი თავისებურად უყვარდა და გაუჭირდებოდა მის გარეშე ცხოვრება. ამ აღმოჩენამ გული უცნაურად გაუთბო. საათს დახედა – თერთმეტი სრულდებოდა. მაშინვე დასწვდა მობილურს და დაურეკა. ეგონა, ნანიტა არ უპასუხებდა, მაგრამ შეცდა. ცოლის ხმის გაგონებამ პატარა ბიჭივით ააფორიაქა და ძლივს მოაბა თავი ორიოდე ფრაზას – როდის მოხვალ და მოგაკითხავო. თითქოს შეეშინდა კიდეც, ვაითუ, მითხრას, აღარ დავბრუნდებიო, მაგრამ, როცა ნანიტამ უთხრა, მოვდივარო, გულწრფელად გაუხარდა, მაშინვე წამოხტა და ნიჟარაში ჩაწყობილი ჭურჭელი სასწრაფოდ გარეცხა. ასეთი რამ პირველად ხდებოდა მის ცხოვრებაში და, მართალია, თვითონვე ეუცხოებოდა თავისი საქციელი, მაგრამ, საკუთარ თავს გამოუტყდა, რომ საკმაოდ სასიამოვნო განცდა დაეუფლა. დიმიტრიმ სამზარეულო მიალაგა და ოთახში გავიდა, მერე სავარძელში ჩაჯდა, ტელევიზორი ჩართო და ცოლს დაელოდა.

დრო უსაშველოდ გაიწელა. წუთები საათებად ეჩვენებოდა და ყოველ წამს მოუსვენრად იყურებოდა კარისკენ. ბოლოს, როგორც იქნა, ზარის ხმა გაისმა. დიმიტრი წამოხტა და კარის გასაღებად გაიქცა. საკეტი გადაატრიალა და ერთი ნაბიჯით უკან გადგა.

ნანიტას ძალიან დაღლილი და ნანერვიულები სახე ჰქონდა. მაკიაჟი წაშლოდა და თვალის ქვეშ სილურჯე საკმაოდ მკვეთრად ემჩნეოდა. ამდენი წლის შემდეგ დიმიტრიმ პირველად შეაფასა ცოლი როგორც მამაკაცმა ქალი და ორი გრძნობა ერთდროულად დაეუფლა: სიბრალულის თუ თანაგრძნობის და, კიდევ, აღფრთოვანების – მძიმე დღის და თვალთან სისხლჩაქცევის მიუხედავად, მის წინ საოცრად ლამაზი და სექსუალური ქალი იდგა, რომელმაც დაბნეული ღიმილით შეხედა და ბინაში შევიდა. დიმიტრი თვალებით ჭამდა ცოლს და ის დღე გაახსენდა, პირველად რომ ნახა, რადგან, ნანიტა მაშინაც ასეთი დაბნეული მზერით უყურებდა. გაახსენდა და იგივე განიცადა, რაც მაშინ: საშინლად მოუნდა, რომ თავზე ხელი გადაესვა და გულში ჩაეკრა. ნანიტამ უხერხული მოძრაობით გაიხადა მოსაცმელი და საკიდარზე ჩამოკიდა, მერე იქვე მდგარ სკამზე ჩანთა დადო და ოთახში შესვლა დააპირა. შინაგანად მოლოდინი ჰქონდა, რომ ქმარი ჰკითხავდა, სად იყავიო და იმაზე ფიქრობდა, რა პასუხი გაეცა, მაგრამ დიმიტრი ხმას არ იღებდა, მხოლოდ შესცქეროდა და თანდათან იპყრობდა თითქმის უკვე დავიწყებული აღტაცება. ნანიტამ იგრძნო ქმრის დაჟინებული მზერა და, მიუხედავად იმისა, რომ არ უნდოდა, შეემჩნია, თავისდაუნებურად მისკენ მიბრუნდა და თვალებში შეხედა. შეხედა და გაქვავდა: მის წინ ის დიმიტრი იყო, პირველად რომ გაიცნო და ზუსტად ისეთივე მზერით შესცქეროდა – აღფრთოვანების, სურვილის, აღიარების გამომხატველი მზერით. ნანიტას იგივე დაემართა, რაც მაშინ, ოღონდ, ამჯერად უფრო მძაფრად: თავიდან ფეხამდე დაუარა ჟრუანტელმა და თან მთელი არსებით იგრძნო, რომ ისევ ქალი იყო, ნამდვილი ქალი, თანაც, ყველაზე ჭირვეულ, უხეშ და ცინიკოს მამაკაცზე გამარჯვებული ქალი და ამ შეგრძნებამ რაღაცნაირი სიამაყისა და ნიშნის მოგების შემცველი სიამოვნება განაცდევინა. დიმიტრის თვალების გამომეტყველებამ ნანიტა წამიერად ისე დააბნია, კინაღამ სისუსტე გამოიჩინა და ყველაფერი წყალში ჩაყარა, მაგრამ, როგორღაც სძლია თავს და ჩაიხშო მასთან ჩახუტების სურვილი. მართალია, ეს კიდევ ერთი გამარჯვება იყო, ამჯერად საკუთარ თავზე, მაგრამ, ამ გამარჯვებამ ნანიტა ფიზიკურადაც და სულიერადაც კიდევ უფრო დათრგუნა, რაც თვითონაც გაუკვირდა, რადგან, ეგონა, რომ საზეიმო განცდა დაეუფლებოდა. დიმიტრი რომ არ მიმხვდარიყო, რა ხდებოდა მის გულსა და გონებაში, სამზარეულოში შევიდა, მაცივრიდან ალუბლის წვენი გამოიღო და ჭიქაში ჩაისხა. მერე პატარ-პატარა ყლუპებით დაიწყო დალევა და ცდილობდა, ბუნებრივად მოქცეულიყო. დიმიტრი ისევ არ აშორებდა თვალს და ხმას არ იღებდა. ქალისთვის უკვე აუტანელი გახდა ასეთი ხანგრძლივი დუმილი, ჭიქა დადგა და ჩუმად იკითხა:

– ბავშვებს ხომ არ დაურეკავთ?

– არა, – მოკლედ უპასუხა დიმიტრიმ, მერე კი რაღაცნაირი ნაწყენი კილოთი დაამატა: – როდის იყო, რომ მე მირეკავდნენ? მხოლოდ შენ გცნობენ, მე მათთვის არც ვარსებობ.

– არც ჩემთან დაურეკავთ, – ისეთი ხმით თქვა ნანიტამ, თითქოს ქმრის დამშვიდებას ცდილობსო, მერე კი ეს უღიმღამო საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა: – არ ისადილე?

– არა, – თქვა დიმიტრიმ, – არ მშია. შენ თუ გინდა, ივახშმე.

– არც მე მშია, – ნანიტამ აღარ იცოდა, რა ეთქვა და გაჩუმდა.

მცირეოდენი დუმილის შემდეგ დიმიტრი სკამზე ჩამოჯდა და თვითონაც დაისხა წვენი. მერე ნანიტას ჭიქაც შეავსო და სახეში შეხედა:

– ცოტა ხანს დაჯექი, სალაპარაკო მაქვს შენთან.

ქალი დაიძაბა, მაგრამ მაინც დაჯდა. მთელი დარჩენილი ძალა მოიკრიბა და ჩუმად თქვა:

– გისმენ.

– რა ხდება, ნანიტა?  – პირდაპირ დაუსვა კითხვა ქმარმა.

– არაფერი, რა უნდა ხდებოდეს?

– არ ვიცი, მაგრამ, აშკარად რაღაც ხდება, თუმცა, ჯერჯერობით ვერ გამიგია – რა. კარგი იქნება, თუ ამას თვითონ მეტყვი.

– მე არაფერი მაქვს სათქმელი, – მხრები აიჩეჩა ქალმა, – ვერ ვხვდები, რაზე მელაპარაკები და, ძალიან გთხოვ, ახლა დაკითხვას ნუ მომიწყობ, ისედაც ძალიან ცუდად ვარ, – ნანიტამ უცბად იგრძნო, როგორ გაუარა გულჩვილობამ, როგორ დაუბრუნდა ტკივილისა და გაღიზიანების შეგრძნება, შეეშინდა, ყველაფერი არ ჩავშალოო და წამოდგომა დააპირა.

– მოიცა, ნუ მიბრაზდები. დაკითხვას კი არ გიწყობ, სიტუაციის გარკვევას ვცდილობ.

– ძალიან გვიან ხომ არ არის? – მწარედ გაეღიმა ნანიტას.

– ჰო, შეიძლება, დავაგვიანე, მაგრამ, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, ნათქვამია. ნანიტა, ერთ კითხვაზე გამეცი პასუხი: გადაიფიქრე გაყრა?

– ჰო, – მოკლედ უპასუხა ქალმა, თვალებში თამამად შეხედა და დაუკონკრეტა:  – ჯერჯერობით გადავიფიქრე.

– რატომ? – დაინტერესდა დიმიტრი.

– შენთვის სულერთი არ არის?

– შენ წარმოიდგინე, არ არის სულერთი. სიმართლე გითხრა, მე დღეს სახლში იმიტომ დავბრუნდი, რომ შენ წინ მუხლებზე დავმდგარიყავი და ისე მეთხოვა პატიება, თუკი, შეიძლება, ასეთი რამ აპატიო ადამიანს.

– ჰოდა, აღარ დაგჭირდა თავის დამცირება, რა განერვიულებს?

– თავის დამცირებაში არ არის საქმე. მე მაინც გავაკეთებ იმას, რაც გადაწყვეტილი მქონდა, – თქვა უცებ დიმიტრიმ, სკამიდან პირდაპირ იატაკზე დაეშვა, მუხლებზე დადგა და ცოლს ვედრებით შეხედა თვალებში: – ვიცი, რომ ნაძირალა და პირუტყვი ვარ; ვიცი, რომ ნაგავი და არაკაცი ვარ, მაგრამ, მაინც შენი ქმარი, შენი შვილების მამა მქვია და, თუ შეგიძლია, მაპატიე და დაივიწყე, რაც მოხდა...

ქალი თვალებს და ყურებს არ უჯერებდა. დიმიტრის აშკარად გულწრფელი სინანული ეწერა თვალებში და მის სიტყვებში ეჭვის შეტანა შეუძლებელი იყო. ნანიტა ქალური ალღოთი გრძნობდა, რომ მის წინ მუხლებზე დამხობილი ქმარი არ ტყუოდა, ამიტომ, პირდაპირ უთხრა:

– გაპატიებ, მაგრამ, ვერ დავივიწყებ – ასეთი რამე ქალს არასდროს ავიწყდება.

– მართლა მაპატიებ? – გაუხარდა დიმიტრის, – მართლა? აი, ნახავ, თუ ოდესმე გაწყენინო. შეიძლება, არ დაიჯერო, მაგრამ, ახლა, ამ საღამოს, სულ რაღაც ხუთიოდე წუთის წინ ვიგრძენი, რომ ძალიან მყვარებიხარ...

ნანიტას ირონიულად გაეღიმა. დიმიტრიმ დაიჭირა ეს ირონია და შეწყვეტილი აღსარება განაგრძო:

– ვიცი, არ გჯერა, მაგრამ, დაგიმტკიცებ, რომ მართალს გეუბნები...

– კარგი, გეყოფა, მჯერა, – ვეღარ გაუძლო ქალმა და წამოდგა, – ახლა უნდა დავწვე, ძალიან დავიღალე, – და ოთახში გავიდა.

დიმიტრიმ ჩხაკუნის ხმა გაიგონა. მიხვდა, რომ ნანიტამ შიგნიდან ჩაკეტა კარი და მწარედ გაეღიმა – ცოლი მაინც არ ენდობოდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3