ფლორის სამყაროში
კითხვა: იქნებ, ამიხსნათ, აუცილებელია თუ არა მცენარისთვის გადარგვა და დეტალურად მაინტერესებს, რა პროცედურები უნდა ჩავატარო მცენარის გადარგვისას?
პასუხი: გადარგვა მცენარეს ენერგიას ჰმატებს და ახალი, ჯანსაღი ფესვების ზრდას უწყობს ხელს. ახალი ქოთანი ძველზე მხოლოდ 2-3 სანტიმეტრით ფართო უნდა იყოს. იდეალურია მცენარის გადარგვა ზრდის პერიოდის დაწყებამდე. ზამთრობით, როცა ის იძინებს, გადარგვას მოერიდეთ, რადგან, ამ დროს მცენარეს შეიძლება ფესვები დაულპეს. ქოთნის ფსკერზე 1-2 სანტიმეტრ სისქეზე ჩაყრილი კენჭები ან კერამიკის ნატეხები საჭირო სივრცეს ქმნის დრენაჟისთვის და ხელს უშლის ქოთანში წყლის შეგუბებას. ქოთანში იმდენი მიწა ჩაყარეთ, რომ მცენარის მიწისქვეშა ნაწილი ქოთნის კიდეზე 2-3 სანტიმეტრით ქვემოთ იყოს და მოსარწყავად საკმარისი ადგილი დარჩეს. გადარგვისას მცენარის ფესვს ფრთხილად მოაყარეთ მიწა, ოღონდ, ზედმეტად ნუ დატკეპნით, თორემ, ეს ხელს შეუშლის დრენაჟს და ჰაერს გამოდევნის. ქოთნის ზედაპირი შეგიძლიათ დეკორატიული ფენით (კენჭები, ნიჟარები) გაალამაზოთ. ერთი მხრივ, ეს ამცირებს აორთქლებას, მაგრამ, აძნელებს ნიადაგის ტენიანობის დადგენას. ძალიან დიდი ზომის მცენარის ხშირად გადარგვა შეუძლებელია. ამიტომ, მისი სიჯანსაღის შესანარჩუნებლად, ყოველ გაზაფხულზე განაახლეთ მიწის ზედა ფენა – 2-3 სანტიმეტრ სისქეზე მოაშორეთ მიწა (წვრილი ფესვების დაზიანება ნუ შეგაშინებთ) და, სანაცვლოდ, სასუქშერეული, ტენიანი მიწის 2-3-სანტიმეტრიანი ფენა მოაყარეთ.
კითხვა: საჭიროა თუ არა ქოთნის შერჩევა და დამოკიდებულია თუ არა ეს მცენარის უკეთ გახარებაზე?
პასუხი: სწორად შერჩეული ქოთანი სილამაზეს შეჰმატებს მცენარეს. ჭურჭელი ძირითადად ორი სახისაა: ქოთანი, რომელშიც მცენარეს ჩარგავთ და კაშპო, რომელშიც მცენარეს ქოთნიანად ჩადგამთ. ქოთნის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ მოყვავილე მცენარეებს ფერადდეტალებიანი ქოთნები უხდება, ხოლო მკვეთრი, კონსტრუქციული ფორმის მქონე მცენარეები უბრალო, მარტივი ფორმის ქოთნებში უფრო ეფექტურია. დეკორატიული კაშპო, რომელიც პლასტმასის უღიმღამო ქოთანს მალავს, წყალგაუმტარი უნდა იყოს, რათა მორწყვის შემდეგ ზედმეტი წყალი შიგ ჩაგროვდეს. ფსკერზე ნახვრეტიან ქოთანში მცენარე პირდაპირ უნდა ჩარგოთ. როგორც წესი, ასეთი ქოთანი ლამბაქთან ერთად იყიდება. ლამბაქი ავეჯს მორწყვის შემდეგ გაჟონილი წყლისგან იცავს.
კითხვა: რა სიხშირით უნდა მოვრწყა გრევილეა?
პასუხი: აქტიური ზრდის პერიოდში რეგულარულად მორწყეთ რბილი წყლით. ამ დროს მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს. ზამთრობით, როცა ზრდა შენელდება, მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ, ზაფხულში კი ნიადაგი ორ კვირაში ერთხელ გაანოყიერეთ სპეციალური თხევადი სასუქით. ეს სწრაფად მზარდი მცენარე მჟავე ან ნეიტრალური რეაქციის მქონე მიწაში ჩარგეთ.