კლიენტმა პარიკმახერს ყელი სამართებლით გამოსჭრა
49 წლის ემზარ გ-ვა, რომელიც წარსულში ოთჯერ იყო ნასამართლევი, მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის კიდევ ერთხელ წარდგა სასამართლოს წინაშე. ამჯერად მას 30 წლის გოგა პ-იანის განზრახ მკვლელობა დაედო ბრალად. სასამართლოს წინაშე ასევე წარდგა 42 წლის ილო მ-ძე. საქმის არსებითი განხილვის შემდეგ სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ ეს იყო განზრახ ჩადენილი ჯგუფური მკვლელობა და ემზარ გ-ვას 14 წლით, ილო მ-ძეს კი 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასტიკი მკვლელობის მიზეზი ყოფით თემაზე დაწყებული დაპირისპირება გახდა. კლიენტმა პარიკმახერს სამართებლით, საკუთარ საპარიკმახეროში, სხვა კლიენტების თვალწინ გამოსჭრა ყელი. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, მკვლელობის წინა დღეს ემზარ გ-ვა და გოგა პ-იანი ერთმანეთს უბნელის ორმოცზე შეხვდნენ. ისინი ერთმანეთს კარგად იცნობდნენ, უფრო მეტიც გოგა პ-იანს თავის უბანში საპარიკმახერო ჰქონდა გახსნილი და ემზარ გ-ვა მისი მუდმივი კლიენტი იყო. რა გახდა პარიკმახერისა და კლიენტის დაპირისპირების მიზეზი, რაც ასე მძიმე შედეგით დასრულდა, სამართალდამცველებისთვის ინციდენტის თვითმხილველებისგან გახდა ცნობილი.
ემზარ გ-ვას ოთხივე სასჯელი მძიმე დანაშაულებისთვის ჰქონდა მოხდილი. ის ორჯერ ყაჩაღობის, ორჯერ კი ქურდობისა და ძარცვისთვის იყო ნასამართლევი. საბოლოო ჯამში, მან ციხეში 16 წელი გაატარა. საკუთარი წარსულისა და მძიმე ხასიათის გამო, ემზართან ურთიერთობას ყველა არიდებდა თავს, თუმცა ამას ვერ გაექცა უბნის პარიკმახერი – ემზარი მისი ხშირი სტუმარი გახდა. მოწმეთა ჩვენების მიხედვით, გოგა პ-იანი ცდილობდა კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანთან ნაკლებად ჰქონოდა შეხება, მაგრამ, მცდელობის მიუხედავად, ამას ვერ ახერხებდა. ემზარი პარიკმახერთან მაშინაც მიდიოდა, როცა მასთან საქმე არ ჰქონდა – უბრალოდ, ასე ცდილობდა, დროის გაყვანას. გოგას ხშირად აფრთხილებდნენ ახლობლები, სამი შვილის მამას ემზართან რა საერთო გაქვს, იცოდე, შარში გაგხვევსო, მაგრამ, გოგა პ-იანი მას მაინც ვერ იშორებდა თავიდან. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, ემზარ გ-ვა და გოგა პ-იანი მკვლელობის წინა დღეს ერთმანეთს სუფრასთან შეხვდნენ. მათ გარდა სუფრას მათი საერთო ნაცნობი ილო მ-ძეც ესწრებოდა. ნასვამ მამაკაცებს შორის მსუბუქი შელაპარაკება მოხდა, თუმცა, ინციდენტი მალევე ამოიწურა. ემზარ გ-ვამ იქაურობა მალე დატოვა, ილო მ-ძე კი სუფრასთან დარჩა, რომელიც გოგა პ-იანს აუხირდა, ემზარს დასცინე და ამას ასე არ დავტოვებო. დიდხანს უმტკიცებდა ახალგაზრდა კაცი, რომ მისი მხრიდან დაცინვას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ, უშედეგოდ. როგორც საქმის მასალებით გახდა ცნობილი, მკვლელობის დღეს ილო მ-ძემ ემზარი წააქეზა: როგორც კი ორმოცის სუფრიდან წახვედი, ნასვამი გოგა შენზე ბევრს ხუმრობდა და დაგცინოდაო.
მოგვიანებით დაკავებულმა ემზარ გ-ვამ დაადასტურა, რომ მკვლელობისკენ ილო მ-ძემ წააქეზა; ასევე, მის წინააღმდეგ მისცა ჩვენება მოწმემ, რომელიც საპარიკმახეროში შეესწრო ინციდენტს.
ამონაწერი მალხაზ გ-შვილის ჩვენებიდან: „წლებია, გოგასთან დავდივარ თმის შესაჭრელად. უბანში ყველა პატივს ვცემდით ამ მშრომელ და წესიერ ბიჭს. იმ დღეს შემთხვევით შევესწარი ამ ამბავს. გოგა ხასიათზე ვერ იყო. როცა ვკითხე, რა გჭირს-მეთქი, მითხრა, ნაბახუსევი ვარ, გუშინ ცოტა მეტი მომივიდა დალევა და დღეს მალე უნდა დავკეტო საპარიკმახეროო. უკვე ამთავრებდა ჩემი თმის შეჭრას, როცა საპარიკმახეროში ემზარი და ილო შემოვიდნენ. საპარიკმახეროში მე, გოგა და მისი ნაცნობი ქალბატონი, დეიდა ლეილა ვიყავით. ის ქალი გოგას დედის ნაცნობია და გოგას საპარიკმახეროს დალაგებაში ეხმარებოდა ხოლმე დროდადრო. მივხვდი, რომ ილოც და ემზარიც ნასვამები იყვნენ. ილო ხელში დანას ათამაშებდა. ახლოს არც ერთს არ ვიცნობდი, მაგრამ, მაინც მივესალმე და ილო მოვიკითხე კიდეც, როგორც უბნელს შეეფერება. უცებ ილომ გოგას ყვირილი დაუწყო: აბა, ახლა ემზარს პირში უთხარი, რასაც მასზე ფიქრობ, გუშინ რომ დასცინოდი და ლანძღავდიო. გოგამ შენიშვნა მისცა: მე არავის არ დავცინოდი. შენ გუშინაც ზედმეტი მოგივიდა და, ახლაც, გირჩევ, თავი დამანებოო. ილო არ ჩერდებოდა, ძალიან აგრესიულად უტევდა გოგას, რომლის დაცვასაც ქალბატონი ლეილა შეეცადა: შვილებო, ერთ უბანში ცხოვრობთ, უმიზეზოდ ნუ წაეკიდებით ერთმანეთსო, – უთხრა საპარიკმახეროში შემოსულებს, რომლებიც აშკარად თავდასხმაზე იყვნენ გადასულები. სიტუაცია ძალიან დაიძაბა, მე უკვე წასვლას ვაპირებდი, მაგრამ, გოგას მარტო დატოვება მომერიდა და საპარიკმახეროში შემოვრჩი. მე თქვენი ფილოსოფია სულ არ მაინტერესებსო, – უთხრა გოგამ ილოს და ჩუმად, თავისთვის შეიგინა; ეს იყო და, უცებ, იქვე ახლოს მდგომმა ემზარმა მაგიდიდან ის სამართებელი აიღო, რომლითაც გოგამ მე გამპარსა. მასზე ჯერ კიდევ იყო შერჩენილი ჩემი თმა. ემზარმა ისე უცებ მოჰკიდა გოგას ხელი კისრიდან და ისე გამოუსვა სამართებელი ყელში, განძრევა ვერ მოვასწარით. ლეილა დეიდამ კივილი ატეხა, გოგა სკამს ჩამოეყრდნო და ძირს დავარდა. ირგვლივ სულ სისხლი იყო. ხმაურზე იქვე ახლოს მყოფი ბიჭები შემოცვივდნენ, რომლებსაც ილო და ემზარი ხელიდან გაუსხლტნენ. ჩვენ სასწრაფო გამოვიძახეთ, მაგრამ, გოგა მათ მოსვლამდე გარდაიცვალა.”
სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს. სამართლადამცევლებმა შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს დანაშაულის იარაღი – სამართებელი, რომელზეც მკვლელის თითების ანაბეჭდები იყო დარჩენილი. დაკავებულების წინააღმდეგ ჩვენება მისცა მკვლელობის ორმა თვითმხილველმა, რომლებმაც ემზარ გ-ვა და ილო მ-ძე მძიმე დანაშაულში – სამი მცირეწლოვანი ბავშვის მამის განზრახ მკვლელობაში ამხილეს.