რომელი ხატი ჩამობრძანდა საქართველოში 10 საუკუნის შემდეგ, რა სასწაულები ხდება და როგორ ქრისტიანდებიან ადამიანები გონიოში, მატათა მოციქულის საფლავზე
წმიდა მატათა იმ მოციქულების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც საქართველოში ქრისტიანობა იქადაგეს. წმიდა ეპიფანე კვიპრელის ცნობით, მატათა მოციქულმა სახარება იქადაგა კოლხეთში, იქვე გარდაიცვალა და დღემდე ბათუმის მახლობლად, გონიოს ციხესიმაგრეშია დაკრძალული. მის საფლავთან დღემდე არაერთი სასწაული და კურნება აღესრულება. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება პროფესორი, მხატვარი და მრავალი ცნობილი სიმღერის მელოდიის ავტორი, დავით გაჩეჩილაძე:
– ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში საქართველოში იქადაგა ხუთმა მოციქულმა: ანდრიამ, სვიმონ კანანელმა, მატათამ, თადეოზმა და ბართლომემ. თადეოზი სწორედ ის მოციქულია, რომელიც ქრისტემ თავის სიცოცხელში ქალაქ ედესაში ავგაროზთან გააგზავნა და თან გაატანა ხელთუქმნელი ხატი, რომელზეც მისი სახე იყო გამოსახული და დღეს ის დაკარგულია. თუმცა, გარკვეული სწავლების თანახმად, ეს ხატი მეორედ მოსვლის ჟამს ივერიაში – საქართველოში უნდა გამოჩნდეს. სიმბოლურია ისიც, რომ ათი საუკუნის შემდეგ საქართველოში ჩამოდის ხელთუქმნელი ხატი – ანჩისხატის, იგივე კეცის ხატი. როგორც ცნობილია, პირველი ხელთუქმნელი ხატი კეცის გვერდზე იდო, რომელზეც ის გადავიდა და დღეს საქართველოში იმყოფება. ის, რომ აჭარა საქართველოს შემორჩა, გადაურჩა ლენინისა და ათათურქის გარიგებას, სხვა ძველ ქართულ მიწებთან ერთად ესეც არ გაათურქეს, ალბათ, იმით არის გამოწვეული, რომ მატათა მოციქულის საფლავი ზედ საზღვარზეა. როდესაც დღეს საუბრობენ, რომ აფხაზეთის ეკლესიამ, შეიძლება, ავტოკეფალია მიიღოს, მეცინება, იმიტომ რომ, სვიმონ კანანელი არის სულიერი ძმა ანდრიასი, მათ ევქარისტიული კავშირი აქვთ ქართულ ეკლესიასთან და შეუძლებელია, რამე გამოუვიდეთ სეპარატისტებს, მაშინ, როდესაც იქ არის სვიმონ კანანელის საფლავი? უბრალოდ, ეს ჩვენ, ქართველებს უნდა გვახსოვდეს და სვიმონ კანანელის მიმართ განსაკუთრებული ლოცვითა და ვედრებით უნდა ვიყოთ. აფხაზეთში სვიმონ კანანელის გარდა, ასევე, არის უდიდესი წმიდანი იოანე ოქროპირი – დღევანდელი წირვა-ლოცვის დოგმატიკა მეოთხე საუკუნეში მის მიერ არის შედგენილი. ამიტომ, ქართველებს სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ის არის ძირძველი ქართული, ქრისტიანული მიწა, ეს აფხაზებსაც უნდა ახსოვდეთ. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ილორში, ბედიაში, სხვა ქართულ მონასტრებში, ასევე, ბიჭვინთის ტაძარში არის ქართული ფრესკები, ხოლო პირველ მსოფლიო კრებაზე ნიკეაში, წარმოდგენილი იყო ბიჭვინთის ეპისკოპოსი. ეს ადასტურებს, რომ მაშინ საქართველოში მინიმუმ სამი-ოთხი სასულიერო პირი მაინც არსებობდა. ისევე, როგორც ბიჭვინთაში, ასევე ზემო აჭარაშიც იყო ანდრია პირველწოდებულის მიერ აშენებული ტაძარი და სწორედ აჭარიდან შემოვიდა ქრისტიანობა. არა მხოლოდ შემოვიდა, მუდმივად ხდებოდა საქართველოში ქრისტიანობის განახლება, განმტკიცება სასწაულების სახით და ამაში აჭარა ყოველთვის მოწინავე იყო.
– ზუსტად სად მდებარეობს მატათა მოციქულის საფლავი და რა სასწაულები აღესრულება იქ?
– ჩვენ ვიცით, რომ ქრისტეს ჰყავდა 12 მოციქული, მატათა კი 70 მოციქულს შორის იყო. როდესაც იუდამ გასცა უფალი და თავი ჩამოიხრჩო, მოწაფეებს მის ადგილას უნდა აერჩიათ სხვა მოწაფე და ის უნდა აერჩიათ სამოცდაათთაგან. როდესაც კენჭი ყარეს, ყველაზე გრძელი ჯოხი მატათას შეხვდა და ის აირჩიეს მეთორმეტე მოციქულად. მაგრამ ერთ-ერთ მოციქულს ეჭვი შეეპარა და თქვა, საიდან ვიცით ღვთის ნება, რომ სწორედ მატათა არის რჩეული. მაშინ მოხდა ღვთის გამოცხადება სულიწმდის სახით და მათ განუცხადა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ეს არის ის, რომელზეც გადმოსულია მადლი უფლისაო. მატათა მოციქულის საფლავი მდებარეობს გონიოს ციხის აღმოსავლეთით, როგორც ამას „ქართლის ცხოვრება“ გვეუბნება. იმ დროს გონიოდ მოიხსენიებოდა მაშინდელი მთლიანი სანაპირო – მთელი სამხრეთ აჭარა გონიოდ ითვლებოდა. სავარაუდოდ, საფლავი უნდა იყოს ციხის შიგნით და არა გარეთ. გასული საუკუნის 90-იან წლებში, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, იმ ადგილას აღიმართა ქვა, რომელიც მატათა მოციქულის საფლავად არის მიჩნეული. ჩემი და ჩემი ახლობლების ცხოვრებიდან უამრავი შემთხვევა ვიცი, როდესაც მატათა მოციქულის საფლავზე გულწრფელი თხოვნა ასრულებულა, თანაც ძალიან კონკრეტულად და მისგან დიდი შეწევნა მიგვიღია. დღეს გონიოს ციხის შიგნით შემონახულია მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნის ჯამე, ანუ მცირე მეჩეთის არქიტექტურული ფორმა. მუზეუმის დირექტორი, შოთა მამულაშვილი თავის ერთ-ერთ სამეცნიერო შრომაში წერს, რომ სავარაუდოდ, ეს მეჩეთი უფრო ადრინდელი ეკლესიის ადგილას უნდა იყოს აშენებული, რადგან ამ შენობის საძირკველში ჩადებულ ქვებზე გამოსახულია ჯვარი. მატათას საქართველოში მოღვაწეობის შესახებ ცნობები ძალიან მწირია. ის ქადაგებდა აჭარაში, გურია-სამეგრელოშიც გადავიდა და კახეთშიც ჩავიდა. პირველი საუკუნის 69-70 წლებში წამებით მოკლეს. იმის გამო, რომ უარი არ თქვა ქრისტიანობაზე, ქვებით ჩაქოლეს. მატათა მოციქულის საფლავი იყო ის ადგილი, სადაც ჩემი პირველი შეხება მოხდა სასწაულებთან. ეს 10 წლის წინ იყო. ერთი პერიოდი ბერობაზე ვფიქრობდი და მატათა მოციქულს ვთხოვდი, ჩემი გზა ეჩვენებინა, იმ დროს მეუღლე და ორი პატარა შვილი მყავდა (ახლა უკვე 6 შვილის მამაა – ავტორი). გონიოში ვისვენებდი და დავინახე, რომ ახალგაზრდა ხელვაჩაურელი ბიჭები გოგონებს პლაჟზე ქვებს ესროდნენ და ცოტა გამომწვევად ექცეოდნენ. დაახლოებით 15 წუთი ვესაუბრე და ჩვენი საუბარი დამთავრდა იმით, რომ თორმეტივემ გამოთქვა სურვილი, იმ დღესვე მონათლულიყვნენ. ეს ჩემთვის დიდი სასწაული იყო და იმ დღესვე მოინათლნენ. მათ შორის ყველაზე გამორჩეულს კი სწორედ 22 აგვისტოს ჰქონდა დაბადების დღე, წმიდა მატათას ხსენების დღეს და მასაც მატათა დავარქვით. ნათლობიდან რამდენიმე დღის შემდეგ მატათა მოციქულის საფლავზე მადლობის სათქმელად წავედი. საღამო ხანი იყო, მუზეუმი ამ დროს იკეტება და ვიფიქრე, ჩემთვის მშვიდად ვილოცებ-მეთქი. მუხლებზე დავიჩოქე საფლავთან, სამადლობელ ლოცვას ვამბობდი და ამ დროს ნასვამი კაცი შემოვიდა, რომელიც მე მელოდებოდა და არაფრით არ მიდიოდა. გულში ვთქვი, უფალო, შენ მომიტევე, რამეთუ ლოცვა უნდა შევწყვიტო. რამეთუ შენვე ბრძანე, რომ ყველა გაჭირვებულს ხელი უნდა გაუმართო და შენ მიწინამძღვრე ამ ადამიანთან საუბრის დროს-მეთქი. წამოვდექი, ველოდები, რომ რაღაც უნდა მთხოვოს და მეუბნება, ძმაო ხუთი ლარი, ხომ არ გაქვსო. ვუთხარი, ლარები მაქვს, მაგრამ მანქანაში, აქ არ წამომიღია-მეთქი. ის „ჯიპი“, გარეთ რომ დგას, ესე იგი შენია, მაშინ თუმანიც გექნებაო. ჩვენი საუბარი უკვე კონფლიქტისკენ მიდიოდა და გადავწყვიტე, მისთვის პირჯვარი გადამესახა. რადგან სასულიერო პირი არ ვიყავი, ხელით ვერ გადავსახავდი, ამიტომ თვალებით გადავსახე. ღმერთო, შენ დადე ზღვარი კეთილსა და ბოროტს შორის-მეთქი. პირველი ჯვრის გადასახვისთანავე, საუბრის თემა შეცვალა და მეუბნება, შენ აჭარლები ვინმეზე ნაკლები ბიჭები და ქრისტიანები ხომ არ გგონიაო. ეტყობა, აქ რომ ლოცულობ, კარგი ადამიანი ხარო. მადლობა უფალს-მეთქი, – გავიფიქრე გულში და კიდევ გადავსახე თვალებით პირჯვარი და მან უცანური ფრაზა თქვა: აჭარლები პირველი ქრისტიანები ვართ და ქრისტიანობა საქართველოში აჭარიდან შემოვიდაო. კიდევ ერთხელ გადავუხადე უფალს მადლობა და მესამედ გადავსახე პირჯვარი. თან, ვკითხე, შვილები თუ გყავს-მეთქი. კიო. მონათლულები თუ არიან-მეთქი. არა და შენ თუ ნამდვილი ქრისტიანი ხარ, ჩემი შვილები უნდა მომინათლოო. ეს იყო აშკარა მინიშნება, იმავე დღეს მოვნათლე მისი ბიჭი, გოგონა არ მოჰყავდა, მაგრამ გოგონაც ჩამოვაყვანინე. იქ კიდევ ერთი ამბავი მოხდა: როდესაც ამ კაცს თავისი შვილი მოჰყავდა, მასთან მივიდა მეზობლის გოგონა და იმ დღეს ოთხი ადამიანი გაქრისტიანდა. მე ასევე ვიცი ერთი ფაქტი, ადამიანს ჰქონდა სიმსივნე, ძალინ ცუდად იყო, შეიძლება ითქვას, რომ გადადებული. ის ჩავიდა მატათა მოციქულის საფლავზე, წრფელი გულით ილოცა და ისე განიკურნა და გაქრა მისი სიმსივნე, რომ ექიმები გაოცებულები დარჩნენ. ასე რომ, მატათა მოციქული ჩვენთან არის, გონიოში და მისი კარი ყველასთვის ღიაა, ისევე, როგორ უფლის კარი. ყველას შეგვიძლია, შევევედროთ და ვილოცოთ. სულ მახსენდება ჩემი ნათლულის ბაბუის, მოედინ ფერაძის სიტყვები, რომელმაც 105 წლის ასაკში შემოინახა კვარიათის უზარმაზარი საიდუმლო, მითი და ლეგენდა, რაც კვარიათში ღვთისმშობლის კვართის გაბრწყინებასთან არის დაკავშირებული.
– რა ლეგენდაა ეს?
– 1453 წელს კონსტანტინეპოლი დაეცა და მრავალი სიწმიდე დაიძრა აღმოსავლეთით გადასარჩენად. ისტორიკოსთა მტკიცებით, სწორედ მაშინ ჩამობრძანდა საქართველოში ღვთისმშობლის კვართი. ლეგენდის თანახმად, ოსმანთა მდევარს ძლივს გადარჩენილმა ბერძნებმა ქართულ მიწაზე, სოფელ კვარიათში შემოასწრეს და სწორედ ამ მთაზე გადამალეს ღვთისმშობლის კვართი. ბერძნებმა ლოცვა-გალობითა და კმევით დაიწყეს ყოვლადწმიდა დედა ღვთისმშობლისადმი ვედრება, რათა გადაერჩინა ისინი. კვარიათის მთა სქელ ნისლში გაეხვია, თითქოს იმ ადგილს ციდან ღვთიური საბურავი გადააფარესო და მტერმა ვეღარ შეძლო სამალავის მიგნება. მოგვიანებით, როდესაც მდევარი უკან გაბრუნდა, მოხდა ღვთისმშობლის სასწაულებრივი გამოცხადება. ზეცა განათდა, ცეცხლოვანი ბრწყინვალება გამოჩნდა მთაზე და ხმა გაისმა. „ესაა ჩემი წილხვედრი ივერია, რომელიც გადარჩება და გაბრწყინდება და დასტურად ამისა, კვართი ჩემი აქა დარჩების“, – ბრძანა თავად ღვთისმშობელმა. ბერძნები იძულებულები გახდნენ, ივერიაში დაეტოვებინათ ყოვლადწმიდა დედა ღვთისმშობლის კვართი. მოედინ ფერაძის გადმოცემით: „ჩვენი მამაი და პაპაი, იმ ადგილას მივიდნენ. ერთი ფიჩხი, ფოთოლი არ იყო დამწვარი, ღვთიური ცეცხლი, ღვთიური ნათელი გადმოვიდა მასზე. ამის მერე, არც ძროხა, არც სხვა რამე პირუტყვი, იქანე ბალახს არ ძოვდა. ფიჩხის მოსაკრებად, ტყეში შეშაზე წასასვლელად, არავინ მიდიოდა. აგი სახატე მიწები იყო“. იქ ერთ ადგილას გადმოდის ცხრაწყარო, ანუ ერთი მთიდან ცხრა სხვადასხვა წყარო გადმოდის. ასევე, იქვე დევს დიდი ქვის ლოდი, რომელსაც კვერცხის ფორმა აქვს, გლუვია და გაჩერებულია დაახლოებით 45-გრადუსიან ციცაბო კლდეზე, არ გორდება და მას ღვთისმშობლის ცრემლებს ეძახიან.
– რატომ „ღვთისმშობლის ცრემლებს“?
– დიდი თურქობის ჟამს, როდესაც თურქებმა 300 ათასი კაცი დახოცეს, ჭოროხი სისხლით შეიღება. ამ დროს ეს ქვა მთის წვერიდან გადმოგორდა და გაჩერდა. ჩვენ მთის წვერზე, სადაც მოხდა ღვთისმშობლის გამოცხადება, დავამაგრეთ ხის ჯვარი, რომელთან ლოცვა შეიძლება. ქვასთან სანთლებს ანთებენ ადამიანები. როგორც იცით, წყარო ხშირად არის მიწიდან გამოსული ცრემლები – ღვთიური ნიშანი. თუ გვინდა, აფხაზეთის დაბრუნება, საქართველოს გაძლიერება, გაბრწყინება მალე მოხდეს, უნდა ავაშენოთ ტაძრები ისეთ ადგილებში, სადაც მატათა მოციქულის საფლავია. უნდა განვადიდოთ ღმერთი ისეთ ადგილებში, როგორიც არის კვარიათი და ღვთისმშობლის მონუმენტი აღვამართოთ. ეს არის ორგანზომილებიანი მონუმენტური გორელიეფი, რომელიც ქრისტიანულ კანონიკას შეესაბმება და ის მე და უნიჭიერესმა მოქანდაკემ თემურ ნინიძემ ერთად გავაკეთეთ. ვფიქრობ, საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლის თავზე, დადგა დრო, აიეტის, მედეასა და კვარიათის ლეგენდები რეალობად ვაქციოთ. ივერიის სულიერი გაბრწყინებისათვის მტკიცე საფუძველი შევქმნათ. დადგა დრო, რომ კვარიათში (კვართი ათაშე – ლაზურად კვართი აქას ნიშნავს) აიგოს მსოფლიოში ყველაზე დიდი გორელიეფი ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობლისა. ის, როგორც საქართველოს წილხვედრობისა და მფარველობის სიმბოლო, არა მარტო დაგვეხმარება გავზარდოთ საქართველოს მიმზიდველობა როგორც საინვესტიციო ტურისტული ქვეყნისა, არამედ მკვეთრად გაზრდის მსოფლიოს ხალხთა დაინტერესებას ქართული კულტურისა და მართლმადიდებლობის მიმართ. აჭარაში, სოფელ კვარიათის ტერიტორიაზე, ვგეგმავთ საქველმოქმედო ხასიათის „მშვიდობის სოფლის“ საბავშვო, სარეაბილიტაციო ცენტრისა და მსოფლიო მასშტაბის ახალი ტურისტული ცენტრის „ღმერთების წილხვედრი მიწის“ მშენებლობას. გონიო-კვარიათის პროექტი კი ეძღვნება 1453 წელს კვარიათში ღვთისმშობლის გამოცხადების ისტორიულ ფაქტს და არ წარმოადგენს რელიგიურ აქტს! მონუმენტის ფორმა და მდებარეობა ხაზს უსვამს საქართველოს ისტორიულ მისიას და მის კურსს: ის სახით უყურებს ზღვას და ხელგაშლილია ევროპისთვის, მარჯვენა ხელით აკურთხებს აფხაზეთს, ხოლო მარცხენათი ლოცავს ლაზეთსა და ტაო-კლარჯეთს. გორელიეფის ჩრდილოეთით ზურგზე გამოსახულია სვეტიცხოვლის ამაღლებული ძელი ცხოველი და ქრისტეს კვართი, ისე, როგორც ეს საქართველოს დიდების ხატზეა გამოსახული, რომლითაც დედა ღვთისა აკურთხებს საქართველოს ჩრდილოეთით მდებარე ღვთისმშობლის მეორე წილხვედრ ქვეყანას რუსეთს, რითაც ხაზს უსვამს, რომ ახალი რუსეთის გაბრწყინება დაიწყება საქართველოს გაბრწყინებით.
დააახლოებით ორი წლის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ათონზე მოღვაწე ქართველი ბერის, არსენის (მიმინოშვილი) გამოცხადება. უცვლელად გთავაზობთ ფრაგმენტს ბერი არსენის გამოცხადებიდან, რომელიც გონიო-კვარიათს ეხება: „მე ვიხილე, საქართველო ფეხზე დგებოდა და მშვენდებოდა. ბათუმთან ახლოს, კვარიათას მთაზე ქანდაკებასავით უძრავად იდგა დედა ღვთისმშობელი, სულ თეთრებში იყო შემოსილი და სითეთრით ანათებდა გარემოს. სახით უყურებდა დასავლეთ ევროპას, ზღვას და მის გადაღმა მყოფ ათონის მთას. თითქოს ამით კიდევ ერთხელ მიგვანიშნებდა, რომ ათონის მერე ის საქართველოში დამკვიდრდება. დედა ღვთისას კვართი ეპყრა ხელთ ისე, რომ მარჯვენა ხელით აფხაზეთს აკურთხებდა, მარცხენათი ლაზეთსა და ტაო-კლარჯეთს, ზურგით საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარს იცავდა. კვართი კი, საქართველოს მფარველობის ნიშნად, ცასავით ჰქონდა გადაფარებული. კვარიათა ხომ ლაზურად „კვართი აქას“ ნიშნავს და სანამ კვართი ურღვევია და კვართი აქაა, სანამ ღვთისმშობელი ჩვენთანაა, საქართველოც ურღვევი და მთლიანი იქნება. ეს იყო ლოცვა-კურთხევა დედა ღვთისმშობლისა, რომელიც მოვალე ვარ თქვენს უწმინდესობას, დედა ეკლესიის ყველა წევრს, ქართველ ერსა და ხელისუფლებას მდაბლად მოგახსენოთ. როდესაც საქართველო გადარჩება, ღვთისმშობლისადმი მადლობის ნიშნად, გასცეთ კურთხევა, რათა გელათის სანაწილე ხატი მოიჭედოს ძვირფასი ქვებითა და ოქროთი, მატათა მოციქულის საფლავზე, გონიოში, აშენდეს დიდი ტაძარი, კვარიათის მთაზე აღიმართოს, ღვთისმშობლის გამოცხადებისადმი მიძღვნილი თეთრი მონუმენტი“.