კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უთხრა რუსა ამირეჯიბს მისი ქმრის მეორე მეუღლემ და რა მიზნით გამოიცვალა ტელეფონის ნომერი მან

ფოტოსესიის დროს დაწყებული მხიარული განწყობა ინტერვიუს ოთახშიც გადმოიყოლეს რუსა ამირეჯიბმა და მისმა ქალიშვილმა – მეი ჩინეკემ. ყველაზე და ყველაფერზე ვისაუბრეთ: ჭაბუა ამირეჯიბზე, რუსას ახალ წიგნზე, მიმის მომავალზე .. საუბარში გართულებს დრო შეუმჩნევლად გაგვეპარა. 

 

 – მიმი, როგორ გაზრდილხარ, ვერც გიცნობდი, რუსას გარეშე რომ შემხვედროდი. რამდენი წლის ხარ უკვე?

მიმი: თოთხმეტის.

რუსა: არც ისე გაზრდილია, უბრალოდ, საგრძნობლად გამაღლდა, ჩემზე მაღალია უკვე. მე 177 სანტიმეტრი ვარ სიმაღლეში, მეი კი უკვე 182 სანტიმეტრია. ისე მიხარია, მის გვერდით პატარა და საყვარელი რომ ვჩანვარ (იცინის). მე მიყვარს მიმისთან ერთად სიარული, მას კი არა. 

– რატომ?

მიმი: ბავშვივით იქცევა (იცინის).

რუსა: ამბობს, გიჟი დედა მყავსო (იცინის). მაინცდამაინც წარბი-წარბში უნდა მქონდეს გაყრილი და „სწერვა” დედები რომ არიან ისეთი სახით დავყვებოდე?! მე ხალისინი და მხიარული ვარ. მიხარია, ასე რომ გაიზარდა. ეჭვი მაქვს, კიდევ გამაღლდება, იმიტომ, რომ მამამისის დედა იყო 184 სანტიმეტრი სიმაღლის, ჰოდა, მგონია, რომ იქით წავიდა. 

– მეც ძალიან მომწონს. სიმაღლესთან ერთად, აღნაგობაც ძალიან კარგი აქვს მიმის, ამიტომ, სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, მოდელის კარიერით რომ არ ყოფილა დაინტერესებული.

მიმი: ჯერ ერთი, ვფიქრობ, წონის პრობლემა შემექნება, მეორეც, არც მხიბლავს ეს პროფესია, მით უმეტეს, რომ ხალხი ხშირად იმეორებს – ყველა მოდელი სულელიაო. მე უფრო სხვა რაღაცეები მიტაცებს, მოდელობა – არა.

– მაგალითად, რა გიტაცებს?

– მსახიობობა, კულინარია.

რუსა: ისეთ გემრიელ სალათებს ამზადებს ხოლმე... ყველაფერი კარგი გამოსდის, მაკარონსაც კი ისე გემრიელად წვავს... 

– კიდევ რა ინტერესები გაქვს, მიმი? სკოლაში როგორ არის საქმე?

მიმი: სკოლაში არც ისე კარგადაა საქმე, თუმცა, ახლა უკვე ვცდილობ.

რუსა: მხოლოდ ხელოვნებასა და მუსიკაში აქვს მაღალი ნიშნები, დანარჩენი – საშუალო. სამწუხაროდ, ცოტა ზარმაცები ვართ.

– დედა რა ზომებს იღებს ასეთ სიტუაციაში?

მიმი: დედა მკაცრია. თუ ცუდი ნიშანი მოვიტანე, არაფერს მაკარებს: არც კომპიუტერსა და ტელევიზორს, არც პლანშეტსა და ტელეფონს, სანამ გაკვეთილებს არ ვისწავლი. არც ვამტყუნებ ამ საქციელისთვის, რადგან, ჩემი შვილი კარგად რომ არ სწავლობდეს, მეც ანალოგიურად მოვიქცეოდი (იცინის).

რუსა: ჰო, მაგრამ, ჩანს, საკმარისს ვერ ვაკეთებ. იძულებით ვერაფერს ვერ გააკეთებინებ. იძულება ჩემთვის ჩაგვრას ნიშნავს, რადგან, მისი თავისუფლება იზღუდება – მე ასე ვფიქრობ, მაგრამ, მაღიზიანებს – როგორ შეიძლება, ბავშვს სულ ინტერნეტში ყოფნა უნდოდეს?! სულ! ამაზე უფრო ვჩხუბობ, ვიდრე იმაზე, რომ არ სწავლობს. მერე ინანებს და თვითონ აანაზღაურებს, რაც ამ პერიოდში გამოტოვა. მე არაფერს მაიძულებდნენ ბავშვობაში. დედაჩემი აბსოლუტურად თავისუფლად გვზრდიდა მე და ჩემს დას. თუ რამის შესწავლის ინტერესი გაგვიჩნდებოდა, ხელს გვიწყობდა. რაც არ მინდოდა – არ ვსწავლობდი, რაც მაინტერესებდა – კი. მეც მინდა ამგვარად მივუდგე მიმის, მაგრამ, ცოტა მიჭირს ერთი რამის გამო: მე თუ რამეს არ ვსწავლობდი, იმ თავისუფალ დროს კითხვაში ვდებდი – მაშინ ყველა ასე ვიყავით, ამათი თაობა კი თავისუფალ დროს ცუდად იყენებს. არ ვამბობ, რომ ინტერნეტი ცუდია, ყველაფერს მივესალმები, რაც ტექნიკურ წინსვლას ეხება, მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ მთელი თავისუფალი დრო ამას მიუძღვნა. ახლა იმდენს მივაღწიე, რომ „მარტოობის ას წელიწადს” კითხულობს.

– სამწუხაროდ, ეს თაობის პრობლემაა. რუსა, გარდა მიმის აღზრდისა, ამ ეტაპზე კიდევ რა საქმიანობით ხართ დაკავებული?

– ჩემს ძირითად საქმიანობად მხოლოდ მწერლობას მოვიხსენიებ. ბოლო ხუთი-ექვსი წელია, რაც ჩემი მოთხრობები სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში ქვეყნდება, თუმცა, წიგნის გამოცემას თავს ვარიდებდი. ჭაბუა პაპა რომ გარდაცვალა, პანაშვიდზე ვიჯექი, მის ფოტოს ვუყურებდი და ვიხსენებდი – სულ ყოველთვის, სანამ რამეს გამოვაქვეყნებდი, მასთან მიმქონდა, ვაკითხებდი და კომენტარებს მიწერდა ხოლმე. მხოლოდ ერთხელ იყო, რომ ასე არ მოვიქეცი და, როცა ჭაბუასთან მივედი, გაბრაზებულმა მითხრა, იქნებ, პატივი დამდო და, სანამ  გამოაქვეყნებ, წამაკითხო ხოლმეო, – გამიბრაზდა საყვარლად. ჰოდა, პანაშვიდზე უცებ გავიფიქრე, საერთოდ რატომღა უნდა ვწერო-მეთქი – ჭაბუას სიკვდილმა თითქოს ლიტერატურული ძალა გამომაცალა. თუმცა, რაღაც პერიოდის შემდეგ გადავწყვიტე, რომ უფრო ბევრს დავწერდი, ყოველთვის და ყველგან; წიგნსაც გამოვცემ-მეთქი, შევპირდი ფიქრებში და ძალიან გული დამწყდა რომ, მის სიცოცხლეშივე არ მომინდა წიგნის გამოცემა. ამას მოგვიანებით ვაკეთებ, ჩემი მოთხრობების კრებულს გამოსცემს გამომცემლობა „ინტელექტი”, ჭაბუა ამირეჯიბს ეძღვნება. ალბათ, ორ კვირაში უკვე გამოიცემა.

წიგნის გამოცემის პარალელურად, ვაკეთებ ავტორის ვებ-გვერდს, რომელიც მსოფლიოში ყველას აქვს, საქართველოში, რატომღაც – არა. ასევე, ტექსტის შექმნისა და რედაქტირების კურსებსაც ვაკეთებ პარტნიორთან ერთად.

– მიმის თუ აქვს რამე შემოქმედებითი გეგმა ამ ეტაპზე?

მიმი: ჯერჯერობით პაუზა მაქვს.

რუსა: „ჯიდიესთან” ლამის კონფლიქტი მომივიდა. ერთ-ერთ რეჟისორს ქასთინგი ჰქონდა გამოცხადებული სერიალ „დროის მანქანისთვის”. მივიყვანე მიმი, მაგრამ, რატომღაც, ფოტოები მეც გადამიღეს და რომაელი ქალის როლი შემოთავაზეს, მაგრამ, ჰონორარი იმდენად მცირე იყო, არ დავინტერესებულვარ. ამის შემდეგ მიმის შესთავაზეს ზანგი მონის როლი. იცით, რა, ჯერ ერთი, თბილისის ნაწილი მაინც იცნობს მიმის, ვისი შვილია, ვისი შვილთაშვილი და ასე შემდეგ. თანაც, მიმის კანის ფერი მაშინვე ამ როლთან გააიგივა?! საინტერესოა, ნეტავი ვინ გადაიღო მონა ზანგის როლში? იმ რეჟისორს აქედან მინდა ვუთხრა, რომ ჩემს თვალში, უბრალოდ, ხანში შესული რასისტია. ამერიკაში ან ევროპაში ამას ასე არ მივიღებდი, მაგრამ, საქართველოში ეს დისკრიმინაციაა. მე ხომ ვიცნობ ჩვენს ხალხს, არ არსებობს, მიმი ქუჩაში გავიდეს და ვინმემ არ მოაძახოს, ზანგოო.

– მართლა?!

მიმი: კი, სკოლაშიც. არ მაინტერესებს. შეიძლება, მეწყინოს, მაგრამ, არ ვიმჩნევ. 

– მიმი, შენ ყველაზე კარგი და ლამაზი გოგო ხარ. კარგი და სახელოვანი ადამიანების შთამომავალი. დედის მხარეს კარგად ვიცნობთ. მოდი, მამის მხარეც გაგვაცანი.

რუსა: ნამდვილად. როგორც კი დაიბადა, მიმიო, – დაუძახა მამამისმა. „მიმი” იქ, ნიგერიაში, ნიშნავს წარმოდგენას, რომელშიც გაერთიანებულია მონოლოგი, სიმღერა და ცეკვა. მიმის ბებია აფრიკაში ძალიან ცნობილი და წარმატებული „მიმი” ყოფილა. ის რომ გარდაიცვალა, ხალხი სხვადასხვა კონტინენტიდან ჩამოდიოდა პატივის მისაგებად. 3 თვე ვერ დამარხეს, ყინულებში ჰყავდათ, რადგან პანაშვიდი არ წყდებოდა. მეის მამაც კარგად მღეროდა და მუსიკასაც წერდა, ბაბუა კი გუბერნატორი იყო ლაგოსთან ახლოს, ერთ-ერთ შტატში. მერე, სიკვდილის შემდეგ, ძმამ შეცვალა. ბიძის გარდაცვალების შემდეგ რეი (ჩემი ყოფილი ქმარი) მიიხმეს ამ თანამდებობაზე, მე არ წავყევი ნიგერიაში და ამის გამო ურთიერთობები გაგვიფუჭდა. 

მიმი: მე ვერ გავიგე, რატომ არ გინდოდა?

რუსა: არ მინდოდა! საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, რამდენიმე წელი აქტიურად ვკონტაქტობდით. მერე აღარ. ახლა დაოჯახებულია, სამი შვილი ჰყავს, თვითონ არა, მაგრამ, მისი მეუღლე აქტიურად მეკონტაქტება.

– ბავშვს კითხულობს? 

– რეის ცოლი კითხულობს ხოლმე, ამბობს, მამამისი ძალიან განიცდის, რომ ვერ ნახულობსო. სკაიპი რომ სკაიპია, იქ მაინც მოულოცოს დაბადების დღე წელიწადში ერთხელ! მე არ მესმის ამ კატეგორიის მამაკაცების და ამის გამოც დავშორდით. თუმცა, მეი სულ მთხოვს, მამაჩემთან გამიშვიო. სანამ სრულწლოვანი არ გახდება, არ ვუშვებ, მერე თვითონ გადაწყვიტოს.

– მეის მამის პირველი და მეორე მეუღლის დაკავშირება როგორ მოხდა?

– მეილი მივწერე რეის და მისმა ცოლმა მიპასუხა: იცით, რა, რეიმ ცოლი შეირთო, შვილები ჰყავს და აღარ მოსწეროო! მე გამიხარდა – ახლა უფრო შერბილდება ჩვენი ურთიერთობა-მეთქი და მივწერე: გილოცავთ, ძალიან გამიხარდა, ბედნიერებას გისურვებთ, რა კარგია, ჩემს შვილს ნახევარძმა რომ ჰყავს-მეთქი. როგორც ჩანს, არ ელოდა ასეთ პასუხს, მერე გამომიტყდა ამაში, ჰოდა, ამის შემდეგ ისე ხშირად მირეკავდა, რომ შევწუხდი და ნომერი შევიცვალე, თანაც, მაღიზიანებდა, რადგან, რეი მითვლიდა, ბავშვი აქ გამოგზავნე, ჩვენ გავზრდითო. მაინც მომძებნა ცოლმა და ისევ ვკონტაქტობთ „ფეისბუქით”, მაგრამ, იშვიათად. ერთხელ მითხრა, ჩემმა ქმარმა თქვა, რომ რუსა ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული იყოო. გამიკვირდა. მე ჩემი ქმრის ყოფილ ცოლს ამას არ ვეტყოდი. კარგი ადამიანია, მაგრამ, მგონი, ცოტა ვერ არის (იცინის).

– მიმი, შენთანაც ასე აქტიურად კონტაქტობს?

მიმი: ისე, რა. ერთხელ მომწერა, შემოდი საღამოს სკაიპში, მამაშენს ძალიან უნდა შენი ნახვაო. არ შევედი. როგორია, ამდენი წელი არ მინახავს...

– მგონი, ემოციებმა შეგაშინა. 

– ჰო, ასეა...

რუსა: მერე, შედი. შეიძლება, ჰგონიათ, რომ მე გიკრძალავ. 

მიმი: შევალ.

скачать dle 11.3