როგორ ცხოვრობს რეჟისორი გოჩა კაპანაძე ბაქოში და რატომ მოჰყვა ის რეპრესიებში ლენინის თავის გამო
რეჟისორ გოჩა კაპანაძეს შემოქმედებითი ტაიმაუტი აქვს, თუმცა ჩვეულებისამებრ, „ბედს არ ნებდება” და როგორც ყოველთვის, იმ საქმეს მაინც პოულობს, რაც პროფესიულ სიამოვნებას ანიჭებს. სანდრო ახმეტელის საპატიო პრემიის მფლობელს, კადრს მიღმა ძალიან აქტიური ცხოვრება აქვს – მართალია, ოფიციალურად მარტოხელა მამაკაცის სტატუსი აქვს, მაგრამ არც მთლად ისეა საქმე, როგორც მისი ბოლო კინოროლის პროტოტიპს შეჰფერის.
გოჩა კაპანაძე: ბოლო პერიოდში ისე მოხდა, რომ თეატრში ნაკლებად მაქვს სამუშაო, ამჟამად არც ერთ თეატრში არ ვაკეთებ სპექტაკლს. თუმცა, მონიშნულია და მიდის მოლაპარაკებები, რომ დადგმა უნდა დავიწყო ცხინვალის თეატრში, ასევე რუსთავის და ახმეტელის თეატრებში. ბოლო რამდენიმე თვეა, ძირითადად შემოქმედებით საღამოებზე ვმუშაობ, რაც თავისთავად ძალიან კარგია. თუმცა, რეჟისორისთვის მთავარი მაინც თეატრია, რომლის გარეშე ყველა რეჟისორი ცოდოა. ყველა ხელოვანის ცხოვრებაში არის პერიოდი, როცა ის ძალიან აქტიურია, მაგრამ არის მომენტები, როცა პაუზა გაქვს. ბევრს ვკითხულობ, დავდივარ გამოფენებზე, ვეცნობი ახალ მხატვრებს. ვიცი, რომ გაივლის ეს პაუზა და კვლავ ბევრ სპექტაკლს გავაკეთებ. მე მქონია პერიოდები, როცა ძალიან აქტიური ვიყავი. ეს იმ დროს იყო, როცა მთელი ჩვენი ჯგუფი ინსტიტუტის დამთავრებისთანავე რუსთაველის თეატრში ჩავედით. ბატონმა რობერტ სტურუამ ნახა ჩვენი სადიპლომო სპექტაკლი და ათივე მონაწილე თეატრში აგვიყვანა. ეს იშვიათი შემთხვევა იყო. მაშინ ძალიან საინტერესო შემოქმედებითი ტანდემი შედგა ჩვენს ხელმძღვანელს, გიზო ჟორდანიას და ბატონ რობერტს შორის. ჩვენ მოვყევით რუსთაველის თეატრის ოკეანის წყნარ დინებაში. ეს ის პერიოდი გახლდათ, როცა თეატრი რთული კულისების გარეშე ცხოვრობდა. დიდი ჩავარდნა და პაუზა არასდროს მქონია. მე თვითონ არ ვაძლევდი გაჩერების უფლებას ჩემს თავს. ჩემთვის თეატრი არის წყალი, ჰაერი, ჟანგბადი, უსაქმოდ გაძლება დიდხანს არ შემეძლო. მე არ ვერიდებოდი სხვა თეატრებს და წარმოდგენებს არ ვდგამდი მხოლოდ სამეფო თეატრებში. თუ არ იყო რუსთაველის თეატრი, მივდიოდი საჩხერეში, ჭიათურაში, ზესტაფონსა თუ თელავში. დიდი სცენის ამბიცია თავიდანვე „მივიღე”, პირველივე სპექტაკლი გავაკეთე რუსთაველის თეატრში. ჩემს თაობაში იმდენი სპექტაკლი, რაც მე გავაკეთე, მგონი, არც არავის გაუკეთებია. რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს რუსთაველის თეატრი. ეს ჩემი მშობლიური თეატრია, ყველაზე კომფორტულად იქ ვგრძნობ თავს. მაგრამ, თუ არ არის რუსთაველის თეატრი, მე ყოველთვის ვმოძრაობ და არც არასდროს ვაბრალებ ვინმეს ჩემს წარმატებას თუ წარუმატებლობას.
– თქვენ ხშირად ხართ ბაქოშიც. ეს ქალაქი ქართველი ხელოვანებისთვის კარგი ასპარეზი აღმოჩნდა. ეს იმიტომ, რომ იქ ბევრი ფულია, თუ შემოქმედებითადაც საინტერესოა იმ ქალაქში მუშაობა?
– დიდი ფინანსური განსხვავება არ არის ბაქოსა და თბილისს შორის. იქაც თითქმის ისეთ ჰონორარებს იხდიან, როგორც ქართულ თეატრებში, თუ მიწვევა გაქვს. ბაქო იძლევა საშუალებას, გქონდეს პროფესიული კონტაქტი სხვა შემოქმედებით კულტურასთან, შემოქმედებით ჯგუფებთან. მეზობელი ხალხია, ჩვენ ძალიან ვუყვარვართ, თან მე მათი ნაციონალური თეატრის ხელმძღვანელი ვარ თბილისში. შესაბამისად, ეს უფრო აღრმავებს ჩვენს შემოქმედებით ურთიერთობას. სამწუხაროდ, აზერბაიჯანული თეატრის შენობის ავარიული მდგომარეობა არ გვაძლევს საშუალებას ჩვენს თეატრში გავმართოთ სპექტაკლები, შესაბამისად სპექტაკლებს ვმართავთ სხვა თეატრებში. ბაქო საინტერესო ქალაქია. როცა იქ ვარ, ნამდვილად მაქვს ბოჰემური ცხოვრება. ბაქოში ბევრი ქართველი მეგობარი მყავს, რომლებიც იქაურ ელიტას მიეკუთვნებიან. მათ აქვთ მაღალი დონის რესტორნები, სადაც სტუმრებს ძალიან გვანებივრებენ. მყავს ძალიან კარგი აზერბაიჯანელი მეგობრებიც, რომელთა უმეტესობაც საკმაოდ მდიდარი ოლიგარქები არიან.
– თბილისში როგორია კადრს მიღმა თქვენი ცხოვრება?
– ძალიან აქტიური, თუმცა მაინც ჩვეულებრივი. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, უფრო ღამის ცხოვრება მაქვს. რესტორანი, ვახშამი, მეგობრებთან შეხვედრები, სადილი და საუზმეც კი, ღამის საათებში მაქვს (იცინის). ვარსკვლავური ამბიციები არ მაქვს, ეს მათთვისაა, ვინც ახლა იმკვიდრებს თავს და სხვა საინტერესოს ვერაფერს პოულობს. მე მაინც მირჩევნია წყნარი, მშვიდი ცხოვრების წესი მქონდეს. მაინცდამაინც წითელი ქუდი დავიფარო და ზედ მწვანე ბანტები გავიკეთო, ვინმეს ყურადღების მისაქცევად, ეს ჩემი სტილი არაა. მე მირჩევნია, დრო უფრო საინტერესო ამბებს დავუთმო, ვიდრე თავის წარმოჩენას. იყო დრო, ძალიან კარგად ვცურავდი, დავრბოდი, სპორტულ ცხოვრებას ვეწეოდი და ამ მხრივ, პროფესიული წარმატებებიც მქონდა. ჩემგან კარგი მორბენალი, მოცურავე, მოცეკვავე დადგებოდა, მაგრამ მუხლის ტრავმის გამო, რომელიც ბარიერებზე ხტუნვის დროს მივიღე, ამ ყველაფერს ჩამოვშორდი. მერე მოვხვდი იქ, სადაც ვარ. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ბავშვობიდან ვოცნებობდი მსახიობობასა და რეჟისორობაზე. პირიქით, ძალიან მორცხვი და კომპლექსებით სავსე ბავშვი ვიყვავი. სულ ერთხელ წავიკითხე სკოლაში ლექსი ლენინზე და ისიც ძვირად დამიჯდა. მთელი თვე-ნახევარი დედაჩემს სკოლაში იმის გამო დაარბენინებდნენ, რომ ლექსში ლენინის სახის ნაცვლად, თავი ვთქვი. კომუნისტურ რეჟიმში ლენინის მოტვლეპილ თავის ხსენებას რაც მოჰყვა, დღემდე მწარედ მახსოვს. თვე-ნახევარი გაკვეთილზეც კი არ მიძახებდნენ, რეპრესირებული ვიყავი (იცინის).
– ამ ეტაპისთვის თქვენი ბოლო კინოროლით, კარგად ვნახეთ, როგორ გამოგდით ინდური ცეკვა და როგორ ასწავლით მას მარტოხელებს.
– „გარიგებას” გულისხმობთ? უფ, კარგი იყო ინდური ცეკვის მასწავლებლის როლში ყოფნა. ძალიან კარგ რეჟისორებთან ვარ გადაღებული ფილმებში, მაგრამ რატომღაც ეს ბოლო როლი განსაკუთრებით პოპულარული გახდა.
– იმიტომაც ხომ არა, რომ თავადაც მარტოხელა ხართ და ყველაზე უკეთ მოირგეთ ეს როლი.
– სულ არ ვგრძნობ თავს მარტოხელად. მას შემდეგ, რაც მეუღლეს გავშორდი დიდი დრო გავიდა. ჩვენ გვყავს ერთი შვილი, 19 წლის გოგონა. ვერ ვიტყვი, რომ ისე ვცხოვრობ, როგორც საერთოდ მარტოხელები ცხოვრობენ. ამისთვის დრო არ მრჩება. ვინ დაგტოვებს მარტოს? ისეთი დიდი სამეგობრო და სანათესაო მყავს, მათი წყალობით სულ ვერ ვგრძნობ მარტოობას. ძალიან აჩქარებულ ტემპში ვარ, სულ ვეუბნები ჩემს თავს: რა გეჩქარება-მეთქი, მაგრამ ეტყობა, ცხოვრების რიტმი გახდა ასეთი.
– და ამ ტემპში ოჯახისთვის დრო აღარ გრჩებათ?
– ასეც ვერ ვიტყვი. ჯერ თავს ისე არ ვგრძნობ, რომ ცხოვრებამ ჩამიარა. წუნია ნამდვილად არ ვარ, მაგრამ სამი-ოთხი შეხვედრის შემდეგ, ჩემი და ქალბატონების ურთიერთობა რატომღაც მეგობრობაში გადადის. ძალიან კომუნიკაბელური ვარ, იოლად შევდივარ კონტაქტში, ხან აქ ვარ, ხან – იქ. ასე რომ, ჩემს დაუოჯახებლობას განსაკუთრებულ პრობლემად მართლა არ მივიჩნევ. ხანდახან, როცა მარტო ვრჩები, მაშინ ვფიქრობ, რომ მარტო არ უნდა ვიყო, მაგრამ ამ ფიქრს ძალიან არ ვუღრმავდები. ასე რომ იყოს, მაშინ მივიღებდი გადაწყვეტილებას. მე მაინც მგონია, ეს ყველაფერი ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება და ღმერთისგან ლაგდება, ბედისწერისგან არის გაწერილი.
– მარტო კარგად უვლით თავს?
– კი. თუმცა, ყოველდღიურად მოდის ქალბატონი, რომელიც საოჯახო საქმეებს ხელმძღვანელობს. კულინარიაში არ ვარ ცუდად, ბოლოს და ბოლოს გადაცემა მიმყავდა ტელევიზიაში და სხვებს ვასწავლიდი საჭმელების „რეცეპტებს’. ამ საქმეში კარგად ვარ დაოსტატებული, თუმცა სახლში თითქმის არაფრის გაკეთება არ მიწევს.
– პერსპექტიულ სასიძოს, ალბათ, მაჭანკლები გიტევენ.
– დროდადრო მართლაც მიტევენ და მახსენებენ, რომ დროა, ცოლი მოიყვანოო. ყველაზე მთავარი, თბილისში ცნობილი მაჭანკალი მიტევს, რომელიც ჩემი უახლოესი მეგობარია. ნანული სარაჯიშვილი ამ საქმეში მაგარია, დავალება უკვე გავეცი. უნდა ნახოთ, როგორ ეძებს და არჩევს კანდიდატურებს – „დამიწყობს” ხოლმე და მერე ბევრზე თვითონვე ამბობს უარს, ცხრილავს სიას. სამი-ოთხი კანდიდატურა მეც მომეწონა, მაგრამ მერე თვითონ ვერ „გამიმეტა” მათთვის (იცინის). ვერ ვიტყვი, რომ მაღალი სტანდარტები მაქვს, ჩემი „მოთხოვნა” ჩვეულებრივია – უნდა გავუგოთ ერთმანეთს და შეგვიყვარდეს. არ მინდა, რომ ჩემი რჩეული ჩემნაირი გიჟი იყოს, წყნარი მირჩევნია. თუმცა, ვერც ისეთ ქალს შევეგუები, დღე და ღამე ფოიერბახზე რომ საუბრობს. ქალი საინტერესო უნდა იყოს. აი, ესაა მთავარი სტანდარტი. ბრენდები, „მერსედესი”, გემი და ვილა მარსელში, ეს ოცნების სხვა მხარეა. მთავარი ცხოვრებაში სხვა რამ არის. ნანული პეტროვნა ამ თემაზე ბევრს ხუმრობს ხოლმე, ხანდახან მეც ვხდები მისი ასისტენტი – მას ბევრი აწუხებს ამ თემით. როცა საქმე სხვის ბედზე ზრუნვას ეხება, ვარ ძალიან კეთილი, გამგები. მე მატერიალური მხარე და მზითევი „მაბარია” (იცინის)
– თქვენი მზითევი რა არის?
– სახლი სოლოლაკში, მიწა თბილისის ზღვაზე, რომელზედაც სახლის აშენება ჯერ არ დამიწყია. მქონდა მამისეული სახლი ღორეშაში, რომელიც გავყიდე. მიყვარს იქაურობა. მთავარია, გული გულობდეს და ჩემს მზითევს უფრო გავზრდი – კიდევ გამოვძებნი რაღაცეებს, საქმე საქმეზე რომ მიდგება. იმდენი მაქვს გაცემული, ქორწილში მაინც დაველოდები კარგ საჩუქრებს.