რა ფიცით იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებულნი სტალინი და გრიგოლ რობაქიძე
სტალინი და ცნობილი ქართველი მწერალი გრიგოლ რობაქიძე ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის მიწურულიდან იცნობდნენ ერთმანეთს. რობაქიძე მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში გერმანიაში გადაიხვეწა და ამ მოვლენას მწერალსა და სტალინს შორის გაცივებულ ურთიერთობებს უკავშირებდნენ. გავრცელებული ვერსიით, სტალინზე განაწყენებული მწერალი ადოლფ ჰიტლერს დაუახლოვდა და სტალინის პიროვნულ თვისებებზე აწვდიდა ცნობებს. ჰიტლერისა და რობაქიძის მეგობრობის ფაქტი არანაირ საიდუმლოს არ წარმოადგენდა, თუმცა, დღეს უკვე ეჭვის ქვეშ დგება რობაქიძის ანტისტალინური განწყობა და ქართველი მწერლის გერმანიაში ემიგრაცია სულ სხვა რამეზე მიუთითებს.
სტალინის ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული ადამიანი, მისი პირადი მცველი მიხეილ თევდორაძე იხსენებს: „დიდი ბელადი ბრწყინვალედ იცნობდა როგორც ლეგალურ საბჭოთა ლიტერატურას, ასევე არალეგალურ ემიგრანტულსაც. მას უსასრულოდ შეეძლო ემიგრანტი ავტორების ციტირება, ყველაზე ხშირად კი ის ვინმე გრიგოლ რობაქიძეს ახსენებდა. სტალინი მის პროზასა და პოეზიას, როგორც ვატყობდი, იმდენად კარგად იცნობდა, რომ საათობით შეეძლო მისი შემოქმედებიდან ციტატების ზეპირად თქმა. მართალი რომ ვთქვა, მაშინ მე არც რობაქიძის ენის გამეგებოდა რამე და, მით უმეტეს, სტალინისგან მიკვირდა ასეთი რამ. რამდენჯერაც სტალინის მიერ რობაქიძის ციტირებას შევესწარი, იმდენჯერ გაოცებამ შემიპყრო. ერთხელ დიდმა ბელადმა შეამჩნია ჩემი გაოცება და მისთვის დამახასიათებელი ირონიული ღიმილით მითხრა: „ახლა, ალბათ, ფიქრობ, ვინაა ეს კაცი, ვის ციტირებასაც ასე ხშირად ახდენს ამხანაგი სტალინიო, – მერე ამათვალიერ-ჩამათვალიერა და დაამატა: – ჰიტლერის მეგობარია“. ეს იმდენად მოულოდნელად განმიცხადა სტალინმა, რომ უკიდურესი დაბნეულობა აღმებეჭდა სახეზე.
ეს ლაპარაკი 1938 წლის ნოემბერში შედგა. მას შემდეგ სტალინს არც ჰიტლერი უხსენებია ამ კონტექსტში და არც მისი მეგობარი. რვა თვის შემდეგ, 1939 წლის ივლისში, ჩემმა უფროსმა, სტალინის დაცვის მეთაურმა ნიკოლაი ვლასიკმა თავისთან მიხმო და მამცნო, რომ პატრონი მიხმობდა („პატრონს” სტალინს ვუწოდებდით ერთმანეთში). ვლასიკს არ აუხსნია, რატომ მიბარებდა სტალინი და, მართალი რომ ვთქვა, ცოტა არ იყოს, შემეშინდა. ისიც კი გავიფიქრე, სამსახურიდან ხომ არ მიპირებენ გათავისუფლებას-მეთქი. იმ პერიოდში ბერიამ ამითვალწუნა და ასეთი ეჭვი იმიტომ გამიჩნდა. მე ფორმა გავისწორე, პოსკრებიშევმა კარი გამიღო და დიდი ბელადის კაბინეტში შევედი. ამ კაბინეტში მე ყოველდღიურად ოცდაათჯერ, ზოგჯერ მეტჯერაც შევდიოდი, მაგრამ ამ ვიზიტს სულ სხვა დატვირთვა ჰქონდა – ამჯერად იქ ოფიციალურად ვიყავი მიწვეული და ეჭვებიც სწორედ ამან აღმიძრა. შესვლისთანავე, ლავრენტი ბერიას პენსნედან არეკლილმა სხივმა თვალი მომჭრა და მის დანახვაზე გავიფიქრე, რომ ნამდვილად მაპატიმრებდნენ...
– მოდი, აქ დაჯექი, – კეთილგანწყობით მიმიპატიჟა სტალინმა და თავად გამომიწია რბილი სავარძელი. ბერიაც ღიმილით შემხვდა და საბოლოოდ დავიბენი.
– ჰიტლერის მეგობარზე რომ გელაპარაკებოდი შარშან შემოდგომაზე, თუ გახსოვს? – სერიოზული სახით მკითხა დიდმა ბელადმა.
– მწერალ რობაქიძეზე? – ვკითხე სტალინს.
– სწორედ მასზე. დაჯექი, რატომ წამოხტი? – მითხრა სტალინმა, – მე და ლავრენტიმ მოვითათბირეთ და გადავწყვიტეთ, რომ შენ ჩვენი თანამემამულე გაგაცნოთ, – ჩაილაპარაკა სტალინმა.
– ჰიტლერის მეგობარი? – უნებურად წამომცდა მე და, მართალია, ენა მოვიკვნიტე, მაგრამ გვიან იყო.
– უფრო, ჩვენი მეგობარი, – ღიმილით მიპასუხა სტალინმა, – მითხრეს, რომ გერმანულ ენას უზადოდ ფლობ, თან, არიული გარეგნობა გაქვს და, რაც მთავარია, ქართველი ხარ.
– ქართველი? – ისევ ვკითხე და რაც მთავარია, სიტყვა გავაწყვეტინე სტალინს, ასეთი საქციელი კი დანაშაულად ითვლებოდა. სტალინი მიხვდა ჩემს უკიდურეს დაბნეულობას და ჩაეცინა.
– ქართველი ხარ და ქართველთან საერთო ენას კარგად გამონახავ, – უკვე სერიოზული სახით მითხრა სტალინმა, – შენ უაღრესად საინტერესო, საიდუმლო და საპასუხისმგებლო მისია გეკისრება, – თქვა მან. შემდეგ წამოდგა, თავისი საწერი მაგიდიდან დალუქული კონვერტი აიღო და გადმომცა, – ამაღამ სპეცრეისით, სრულიად ინკოგნიტოდ, გაემგზავრები ბერლინში და ამ წერილს გრიგოლ რობაქიძეს გადასცემ. იქ შენ, სავარაუდოდ, ერთი დღით მოგიწევს დარჩენა და რობაქიძის მიერ გამოტანებულ წერილს იმავე გზით ჩამოიტან. დანარჩენს ვლასიკი გეტყვის, – სტალინმა ხელი ჩამომართვა და მე მისი კაბინეტიდან გამოვედი.
ვლასიკი სტალინის მისაღებში დამხვდა და თან წამიყვანა. ჩვენ კრემლის კომენდატურის ერთ-ერთ ოთახში განვმარტოვდით. იქ მე „ესესის“ ოფიცრის ფორმა და საბუთები გადმომცეს, შემდეგ კი სამხედრო აეროდრომზე წამიყვანეს და საიდუმლოდ გადამაფრინეს ბერლინში. რობაქიძე ბერლინის არისტოკრატიულ რაიონში – დალემში ცხოვრობდა ერთ-ერთ მდიდრულ ვილაში. მე არ გამჭირვებია მისი მოძებნა და ნახევარი საათის შემდეგ ბუხრის წინ ვისხედით და ვსაუბროდით. მწერალმა თავის სახლში დამტოვა და, მას შემდეგ, რაც სტალინის მიერ გამოგზავნილი წერილი წაიკითხა, სადღაც წავიდა. რობაქიძის ვილაში მე უზადოდ მომემსახურნენ, მეორე დილას კი თავად მიმაკითხა. შემდეგ ჩვენ კვლავ ბუხრის წინ ვისადილეთ და ბოლოს მან მითხრა: „მაპატიეთ, ჩემო მეგობარო, თქვენი წასვლის დროა. მართალია, ასეთი რამ ქართველების ტრადიციებში არ შედის, მაგრამ, ზოგჯერ ტრადიციებიც კი უნდა დავარღვიოთ სახელმწიფოებრივი ინტერესების გამო, – მან მე დაბეჭდილი წერილი გადმომცა და ღიმილით დაამატა: – ეს სოსოს გადაეცით და ჩემგან გულითადად მოიკითხეთ“. გრიგოლ რობაქიძემ კარამდე გამომაცილა და, იქიდან რომ წამოვედი, სულ რაღაც რვა საათის შემდეგ, უკვე სტალინის პირისპირ ვიდექი.
– ძალიან კარგი. კარგი ფეხი გქონია, – ჩაილაპარაკა სტალინმა, – ჰიტლერი თანახმაა ჩვენთან შეხვედრაზე და მწერს, რომ დანიშნულ დღესა და საათზე ის დათქმულ ადგილას მოვა, – თქვა დიდმა ბელადმა და ბერიას მიუბრუნდა: – რას იტყვი, სად მივიღოთ ფიურერი?
– საქართველოში, – დაუფიქრებლად მიუგო ბერიამ და მივხვდი, რომ ის წინასწარ იყო მზად პასუხისთვის.
– მეც ასე ვფიქრობ, – დაუდასტურა სტალინმა, – სასწრაფოდ მოამზადეთ ყველაფერი ჰიტლერის მისაღებად რიწის ტბაზე და შენი არხებით შეატყობინე მათ, რომ რაიხსკანცლერს 3 აგვისტოს საიდუმლოდ ველოდებით სოხუმში, – უბრძანა სტალინმა ბერიას.
1939 წლის 3 აგვისტოს, სოხუმის ყურეში, დილის 7 საათსა და 45 წუთზე, საბჭოთა წყალქვეშა ნავების თანხლებით, ფაშისტური გერმანიის წყალქვეშა ნავი „ოტო ბისმარკი“ შემოვიდა. მის ბორტზე იმყოფებოდნენ ადოლფ ჰიტლერი, გერმან ჰერინგი და გრიგოლ რობაქიძე. ჰიტლერის ამ ვოიაჟის შესახებ მხოლოდ გერმანული წყალქვეშა ნავის კაპიტანმა უწყოდა და, როგორც კი სტუმრებმა ფეხი დადგეს ქართულ მიწაზე, ისინი ბერიამ, ვლასიკმა და მე სტალინის „ლიმუზინით” წავიყვანეთ რიწაზე.
სტალინის საიდუმლო ბრძანების თანახმად, „ენკავედეს“ სპეცრაზმებს მთელი ის ტერიტორია საგანგებოდ ჰქონდათ ბლოკირებული. სტუმრებს სტალინი აგარაკის ეზოსთან მიეგება. მან ჯერ ჰიტლერს ჩამოართვა ხელი, შემდეგ ჰერინგს, რობაქიძეს კი გადაეხვია და ხმამაღლა გადაულაპარაკა ქართულად: „სახლში კედლებიც კი გეხმარებიან და, თუკი კანცლერი დაგვთანხმდება, ჩვენი ძველი ოცნება ახდება...“
მოლაპარაკება დილის 10 საათზე დაიწყო და მასში ჰიტლერი, ჰერინგი, რობაქიძე, სტალინი და ბერია მონაწილეობდნენ. ისინი მხოლოდ საღამოს 18 საათზე გამოვიდნენ აგარაკიდან და მცირე გასეირნების შემდეგ რიწის ტბაზე ვახშამს შეუდგნენ. ჰიტლერი ვეგეტარიანელი იყო და ხორცს პირი არ დააკარა, თუმცა სამი ჭიქა „ხვანჭკარა“ დალია და ძალიან მოეწონა. გერმანელი ფიურერი იმ ღამეს რიწაზე დარჩა, დილით კი წყალქვეშა ნავით გაემგზავრა უკან. ამ საიდუმლო შეხვედრის დეტალები მხოლოდ მისმა მონაწილეებმა იცოდნენ, თუმცა, სავარაუდოა, რომ სტალინმა და ჰიტლერმა რიწაზე ევროპა გაიყვეს... ამის დასტურია ის, რომ, სულ რაღაც სამიოდე კვირის შემდეგ მოსკოვში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რიბენტროპი ჩამოვიდა და საბჭოთა კავშირთან თავდაუსხმელობის პაქტს მოაწერა ხელი. გერმანიის ოფიციალურ დელეგაციაში არაოფიციალურად იყო ჩართული გრიგოლ რობაქიძეც, რომელიც უკვე პირისპირ შეხვდა სტალინს და, როდესაც ის დიდი ბელადის კაბინეტს ტოვებდა, სტალინმა მას ნაღვლიანად უთხრა: „მერწმუნე, გრიგოლ, რომ ჩემი ხვედრი შენსაზე უფრო მძიმეა და ორივეს ვალია, რომ ჩვენი ტვირთი ღირსეულად ვზიდოთ...“ ჩემთვის იმ მომენტში ძალიან რთული მისახვედრი იყო, რა ხვედრზე ლაპარაკობდა სტალინი. მხოლოდ წლების შემდეგ, ჩემი გადასახლების პერიოდში შევიტყვე ერთ-ერთი ქართველი ნაციონალისტისგან, რომ სტალინი და გრიგოლ რობაქიძე საიდუმლო ფიცით ყოფილან ერთმანეთთან შეკრულ-შედუღაბებულები, რომლის შინაარსიც, სამწუხაროდ, ორივემ საფლავში ჩაიტანა“.