რა ოინი მოუწყო კოტე მახარაძეს და სოფიკო ჭიაურელს ვერიკო ანჯაფარიძემ
„ჩვენ იძულებულნი ვართ, ხშირად კი ვალდებულნი, ვიცხოვროთ ობიექტურად არსებულ გარემოში, თამაშის იმ წესის მიხედვით, რომელიც ყველაზე მეტად ესადაგება, შეესატყვისება და შეეფერება არსებულ სინამდვილეს. თამაშის ის წესი კი, რომელიც ცხოვრებამ მე შემომთავაზა, დამიდგინა ან შეიძლება, გაიმეტა ჩემთვის, ასეთი იყო: დავიბადე თბილისში, როგორც ხედავთ, ამქვეყნად მოვლინების პირველივე ნაბიჯი საოცრად იღბლიანი გამოდგა, უკეთეს ვარიანტს ვერც ინატრებს კაცი და არც მინატრია. ქართველი ვარ, ეს ოცნების მაქსიმუმია. კვაჭი კვაჭანტირაძისა არ იყოს – მამით გურული, დედით მეგრელი. ესეც განგების დადგენილია. დავიბადე და გავიზარდე თბილისის, შეიძლება ითქვას, ელდორადოს ცენტრში – რუსთაველის მოედანზე, ადრე „ზემელს” რომ უწოდებდნენ რომელიღაც გერმანელი პროვიზორის საპატივცემულოდ... ” კოტე მახარაძე – ძნელია მასზე ისაუბრო, არც იცი, საიდან დაიწყო. თბილისში ის ყველას უყვარდა იმ ადამიანური ღირსებების გამო, ამქვეყნად რითაც იცხოვრა და სწორედ თბილისმა შემოინახა მისი განვლილი ცხოვრების გზა. ჩვენ მისი დღიურებიდან იმ ნაწილს გთავაზობთ, მის პირად ცხოვრებას, საყვარელი ქალს რომ ეხება...
ერთხელ, საკმაოდ ცხარე კამათის დროს თემაზე – არა, სოფიკო ასეთია, არა ისეთიაო, ვერიკომ ხელი მაღლა შემართა, მოკამათენი გააჩუმა და ამაყად განაცხადა: სოფიკოს ნუ მასწავლით, ჩემზე უკეთ ვინ იცის ასეთია თუ ისეთი ჩემი ქალიშვილიო. ჩემთვის ჩუმად ვიჯექი მაგიდის კუთხეში და გუნებაში მეცინებოდა, ეს ბრძენი ქალი როგორ ცდება-მეთქი. ჩემთვის რომ დაესვათ იგივე შეკითხვა: როგორია სოფიკო ჭიაურელი? წყნარად ვუპასუხებდი: ღმერთმა უწყის… თუმცა, მგონი, მან უწყის როგორია ეს სირთულეებისა და ათასგვარი ნაირფერადი წახნაგებით ნაქსოვ-ნაგები ქალბატონი. თუ ვინმე სხვა აზრის ბრძანდებით, დამდეთ პატივი და მეც ამიხსენით: როგორია სოფიკო?..
ყველას ჰგონია, რომ სოფიკოს ბავშობიდან ვიცნობ. არც ვიცოდი, ვერიკო ანჯაფარიძეს ქალიშვილი თუ ჰყავდა. ერთხელ რეზო ჩხეიძე შემხვდა, ვკითხე, რას აკეთებ-მეთქი და „ჩვენი ეზო“ უნდა გადავიღო, ვერიკოს ქალიშვილი მოვიწვიოო, მითხრა. მოვკვდი სიცილით. გაგიჟდა რეზო, შენ თბილისში არ ცხოვრობო? ვიჩხუბეთ, ეგონა, დავცინე. აი, ასე გავიგე სოფიკოს არსებობა. „ბაფთიანი გოგონა” რომ ითამაშა, ძალიან მომეწონა. ვერიკოს ვუთხარი, ეს რა გოგო გყოლიათ, რა მსახიობი-მეთქი. მიდი და შენ უთხარიო. მივედი, ვაკოცე, მივულოცე და გავიცანი. ერთად რამდენი წელიწადი ვიმუშავეთ მარჯანიშვილის თეატრში, მაგრამ ფიქრადაც არაფერი მომსვლია. ვერიკოს და მიშა ჭიაურელის შვილზე, მე – ბიბლიოთეკის გამგისა და რიგითი ეკონომისტის შვილს, თეორიულადაც კი არ შემეძლო ფიქრი. ერთი პერიოდი სოფიკო რუსთაველის თეატრში წავიდა, მარჯანიშვილში რომ დაბრუნდა, აი, მაშინ დაიწყო რაღაც სხვა. საერთოდაც, ვერიკოს „ბრალია” ყველაფერი. „ურიელ აკოსტა” აღადგინა, ურიელი მე ვითამაშე, ივდითი – სოფიკომ. ჰოდა, ერთხელ გავბრაზდი რეპეტიციაზე, ვერიკო ზუსტად ისე გვთხოვდა, გვაკეთებინებდა, როგორც კოტე მარჯანიშვილმა დადგა. მეც ავდექი და ლექსი დავწერე. „ვერას დააკლებს ჭია ურიელს, თუმცა გულს უღრღნის ჭია ურიელს, ეს შეეხება ანჯაფარიძეს განსაკუთრებით კი – ჭიაურელს!” გადაირია სოფიკო, რას ნიშნავსო. მეც ვუთხარი, იმას ნიშნავს, რასაც ნიშნავს-მეთქი. იცით, სოფიკოსი მეშინია, კი არ მერიდება, არა, სწორედ მეშინია, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ გამლახავს, იმიტომ რომ მართალი იქნება. მოსკოვში წავედით გასტროლებზე. ჩემთვის ნათელი გახდა, რომ მე და სოფიკო ერთად უნდა ვიყოთ, მორჩა და გათავდა... „რუსკაია სკაზკაში” ვივახშმეთ მეგობრებთან ერთად. იქიდან გამოვედით და გაჯიუტდა. სხვა გზა აღარ მქონდა, შენთან მაინც არაფერი გამომივა ცხოვრებაში-მეთქი და უზარმაზარ თოვლიან ხრამში გადავეშვი. წამებში მოხდა ყევლაფერი. ვიდრე დავეცემოდი, დავინახე, როგორ აიკაპიწა ქურქი და ისიც გადმოეშვა. მოკლედ, გადავრჩით. არადა, სად ვიცხოვრებდით?! ისეთი რამეები გამიკეთებია მისთვის... 37 წლის რომ გახდა სოფიკო, ორი დღის გამოჩეკილი 37 წიწილა მივგვარე, რამდენიმე წლის წინ პატარა ჩოკინა მივუყვანე ყვითელი შლაპითა და წითელი ბაფთით. პურ-მარილი ჩაიშალა. ისეთი ამბავი იყო, თან ფეხი უსრიალებდა პარკეტზე, ახლა ყროყინი რომ დაიწყო... მერე ისე მიეჩვია... ჩვენი სახელების პირველი ორი ასო ავიღეთ და კოსო დავარქვით. რომ წამოიზარდა, ზოოპარკს ვაჩუქეთ. დათვის ბელიც მიმირთმევია ჩემი ცოლისთვის და სამეფო ხოხობიც 60 წლის რომ შესრულდა. ულამაზესი ფარშევანგი გამოვიყვანე სცენაზე, მერწმუნეთ, სხვაგვარად ცხოვრებას აზრი არა აქვს, თორემ საკაბის ყიდვას რა უნდა?
...ყველაზე მეტად იცით რის მეშინია, სოფიკო ჩემზე ადრე არ წავიდეს ამქვეყნიდან. მის გარეშე დარჩენა წარმოუდგენელია ჩემთვის... ამაზე ფიქრიც კი საშინელ დღეში მაგდებს. სოფიკო ერთია, ერთი... ხელმარჯვე ქალია, ხელმარჯვე, მაგრამ ჯიუტი. მე მგონია, მსახიობი ვითხოვე ცოლად, არადა „პრარაბი” შემრჩა ხელთ. დიახ, მშენებლობაზე შეყვარებული მეუღლე მყავს. მამამისს ჰგავს, მიშა იყო ასეთი მოუსვენარი, სხვათა შორის, ამ სახლს მესამე სართული მე და სოფიკომ დავაშენეთ. ჯვარიც მაქვს დაწერილი სოფიკოსთან სვეტიცხოველში, „ზაქსის” ქაღალდიც მაქვს და... სოფიკო ჩემი ყველაზე დიდი სიყვარულია!..
...ჩვენი ჩასვლა ისრაელში დაემთხვა ებრაულ დღესასწაულს „ხანუკიას”, რომლის მეხუთე დღის დალოცვის პატივი მასპინძლებმა მე მომანიჭეს... ასევე, დაუვიწყარი იყო ბეთლემში გატარებული შობა, რომლის გრანდიოზულობას სიტყვებით ვერც კი გადმოვცემ... აქ, პირველ საუკუნეში აშენებულ განსაცვიფრებელ ამფითეატრში, ურიელის მონოლოგი წავიკითხე. ვნახეთ ტიბერიუსის ტბა, რომელიც სახარების თანახმად, ქრისტემ ფეხით გადაიარა. ლოდში ჩვენი ყოფნისას, შედგა ფინალური მატჩი ფეხბურთში აშდოდისა და აშკელონის ქართველ ებრაელთა შორის. თურმე, ორი ერთნაირი თასი დაუმზადებიათ და ერთი მე გამომატანეს საქართველოში. ამ მატჩს ჯამლეტ ხუხაშვილიც ესწრებოდა. ფეხბურთის დაწყებისას კი, პირველი დარტყმის პატივი სოფიკოს ხვდა წილად. ჩემთვის ყველაზე დიდმნიშვნელოვანი მაინც ახალი სპექტაკლის, „გამოიღვიძე ქანარო“ პრემიერა იყო თელ-ავივის მხატვართა გალერეაში. უამრავი ხალხი მოვიდა სხვადასხვა ქალაქიდან. გზადაგზა ტაშით მაწყვეტინებდნენ. საათნახევრიანი სპექტაკლი მთელი ორი საათი გაგრძელდა. განსაკუთრებით გავიხარე, როცა მოსეს მოსასხამით დამასაჩუქრეს.”