აქვს თუ არა მაგიური თვისებები ჭურჭელს და რატომ უნდა ცვალოთ ის სეზონურად
ჩვენ გარშემო, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისეთ ნივთებს ვეხებით, რომლებსაც გარკვეული მაგიური თვისებები აქვს. მაგალითად, ქალებმა სამზარეულოში ყველა ნიუანსს უნდა მიაქციონ ყურადღება და ახსოვდეთ, რომ იქ ყოველ ნივთს თავისი დამახასიათებელი უნარ-თვისება გააჩნია. ასევე, ყოველდღიური მოხმარების ჭურჭელსაც კი შეუძლია, ადამიანს ბედნიერება მოუტანოს. როგორც ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ლია ამბობს, ისეთი ფერის ჭურჭელი უნდა შეიძინოთ და იხმაროთ ყოველ სეზონზე, რომელიც თქვენ მიმართ კეთილგანწყობის მოპოვებასა და ავტორიტეტის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
ლია: ჭურჭლის ფერი ადამიანის ბედზე მოქმედებს და ყოველ სეზონს თავისი დამახასიათებელი ფერის სამზარეულოს ნივთები შეესაბამება. ეს ბევრისთვის დაუჯერებელია, მაგრამ მერწმუნეთ, ყველა სეზონს თავისი დამახასიათებელი ფერის ჭურჭელი შეესაბამება და ის სწორად უნდა შეარჩიოთ. მაგალითად, ზამთარში მუქი ფერის ჭურჭელი, შემოდგომაზე – ოქროსფერი, ზაფხულში – წითელი, ხოლო გაზაფხულზე – მწვანე ფერის. ასე რომ, დიასახლისებმა უნდა გაითვალისწინონ ეს და სეზონურად ცვალონ ჭურჭელი.
– რატომ უნდა ვცვალოთ ჭურჭელი სეზონის მიხედვით?
– უფრო რომ დავკონკრეტდეთ, თუ რატომ უნდა იხმაროთ ოთხივე სეზონზე შესაბამისი მაგიური ფერის ჭურჭელი, გეტყვით, რომ ზამთარში, მუქი ფერის თეფშებისა და ჭიქების გამოყენება დადებითად იმოქმედებს თქვენს განწყობაზე: მოგცემთ ძალას, იმოქმედოთ მებრძოლი სულისკვეთებითა და შემართებით; შეგმატებთ თვითრწმენასა და თავდაჯერებულობას; შემოდგომაზე ოქროსფერი ჭურჭლის ხმარება, გარდა იმისა, რომ თავდაჯერებულობას შეგმატებთ, სითამამესაც შეგძენთ და დამოუკიდებლად შეძლებთ ბევრი საქმის კეთებას; გაზაფხულზე ადამიანში სასიცოცხლო ძალები და ენერგოტონუსი საგრძნობლად შემცირებულია. ამიტომ, ამ დროს მწვანე თეფშიდან ჭამა და წყლის, ჩაისა თუ წვენის მწვანე ფერის ჭიქიდან დალევა ამ პრობლემას მოგიგვარებთ – მხნედაც იგრძნობთ თავს და არც საგაზაფხულო დეპრესია მოგეძალებათ. აი, ზაფხულში კი უფრო მეტად გრძნობ სიყვარულის მოზღვავებას და ამ დროს წითელი ფერის თეფში და ჭიქა დააბალანსებს ჩვენს ენერგიას, ურთიერთობებს კი რომანტიკულ ელფერს შესძენს.
– გამიგია, რომ თუ კერძის მომზადებისას ადამიანი ცუდ ხასიათზეა, მისი ეს განწყობა მასზეც გადადის, ვინც ამ კერძს შეჭამს. მართლაც შესაძლოა, რომ ასე მომზადებული კერძის ჭამის შემდეგ თავი მთელი დღე უხასიათოდ იგრძნო?
– დიახ, სიმართლეა. ნამდვილად არ ცდებოდნენ ჩვენი წინაპრები, როცა ცუდ განწყობაზე ყოფნისას არ ამზადებდნენ კერძს. საერთოდ, კერძის მომზადება ერთგვარი რიტუალია და, რა განწყობასაც ჩააქსოვთ მასში, იმასვე მიიღებთ მისი ჭამისას. კერძოდ, საკვები ისრუტავს ირგვლივ არსებულ ენერგიას, ჩვენ კი, ამ საკვების ჭამის დროს, კალორიებთან ერთად, ამ ენერგეტიკასაც ვიღებთ და „ვიტუმბებით”. იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ფორმის მაგიდაზე დევს ჭურჭელი, რომლიდანაც თქვენ საკვებს მიირთმევთ. ძველად, ხალხი მრგვალ მაგიდებს ანიჭებდა უპირატესობას და არცთუ უმიზეზოდ. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ადამიანისკენ მიმართული მაგიდის კუთხე უარყოფით ენერგიას „ისვრის” მისკენ, ეს კი მას წარუმატებელს ხდის სიყვარულში, კარიერასა და ფინანსებში. ამიტომ, თუ გსურთ, თავიდან აიცილოთ უიღბლობა, უფულობა, გაუთხოვრობა თუ უცოლობა, უნდა მოერიდოთ იმ ადგილს, საითაც მაგიდის კუთხეა მიმართული და არც ამ კუთხესთან დაჯდეთ.
– ქალბატონო ლია, თუ არსებობს ისეთი მეთოდი, რომ სტუმარმა მასპინძელზე უარყოფითად არ იმოქმედოს?
– შემიძლია, ისეთი წესი გასწავლოთ, რომელიც არასასიამოვნო შეხვედრებს, ჩხუბსა და კონფლიქტს აგარიდებთ თავიდან. მოკლედ, თუ იცით, რომ არასასიამოვნო სტუმარი უნდა მოვიდეს, აიღეთ მწიკვი მარილი და სამჯერ გადაიყარეთ თავს უკან. მაგრამ, თუ თავად გიწევთ ისეთ ადგილას წასვლა, სადაც არასასიამოვნო საზოგადოება გელით, მაშინ, გახსენით ერთი ჩაის კოვზი სუფრის მარილი ერთ ჩაის ჭიქა წყალში და ამ წყლით დაიბანეთ სახე და ხელები. თუ ისეთ ადამიანს ელოდებით სახლში, ვისთანაც, იცით, რომ აუცილებლად კამათი და ჩხუბი მოგივათ, აიღეთ ერთი ჩაის კოვზი დაფქული წითელი წიწაკა და ერთი ჩაის კოვზი სუფრის მარილი, კარგად აურიეთ ერთმანეთში და კართან დაფენილ ფეხსაწმენდზე მოაბნიეთ; კარს შიგნით კი, ზღურბლთან, ერთი ჩაის კოვზი შაქარი დაყარეთ. ასეთ შემთხვევაში, ის არასასიამოვნო ადამიანი კამათისა და ჩხუბის განწყობას გარეთ დატოვებს და თქვენს ბინაში შაქარივით დატკბება. ხანდახან პატარა ეშმაკობაც ამართლებს. სხვათა შორის, ისეთს არაფერს ვურჩევ სხვას, რაც საკუთარ თავზე არ მაქვს გამოცდილი და შემოწმებული. ჩემს ოჯახში ყოველთვის ითვალისწინებდნენ ძველ ეზოთერიკულ სიბრძნეს და, რა ვიცი, დღემდე არ შევუწუხებივართ გაჭირვებასა და უბედობას. ბავშვობიდან ვიცოდი და მჯეროდა, რომ ბევრი რამ ჩემზე იყო დამოკიდებული და მხოლოდ ბედის ანაბარა არ უნდა ვმჯდარიყავი. კიდევ ვამბობ: ეს ჩემი მოსაზრებაა და მას ძალით ვერავის მოვახვევ თავს. მე მითქვამს და, თქვენ გინდ დამიჯერეთ, გინდ არა, ნება თქვენია.
– დღეს ძველ ეზოთერიკულ სიბრძნეს მაინცდამაინც არ ითვალისწინებენ, ასეთი რამეები უბრალო ცრურწმენა ჰგონიათ და მეტი არაფერი.
– გეთანხმებით, ასეთები ჩემ გარშემოც ბევრია, მაგრამ, მაინც ვცდილობ, გავაფრთხილო, რომ შეცდომა არ დაუშვან. თუ არ სჯერათ, გაითვალისწინონ მაინც. მაგალითად, ასაკოვანი ადამიანებისგან მესმოდა, რომ შავი ტანსაცმლის დიდხანს ტარება არ ვარგა, რადგან მას ასეთივე ფერის განწყობა და უარყოფითი მოვლენები მოაქვს ადამიანისთვის. ამიტომ, ჯობია, ფერადი ტანისამოსი ატაროთ და ასე გაიხალისოთ ცხოვრება. ზოგადად, ზუსტად ვხვდები, რა განწყობაზეა ადამიანი, როცა მის ჩაცმულობას ვაკვირდები. თუ ის ყვითელ, წითელ ან მწვანე ფერებშია გამოწყობილი, ორი აზრი არ არის, ის საკუთარი ბედ-იღბლით კმაყოფილია, ცხოვრება უხარია, ირგვლივ, მხოლოდ პოზიტივს ამჩნევს და, შესაბამისად, თვითონაც დადებით ენერგიას გასცემს. თუ რუხი, შავი ან ყავისფერი ტანსაცმელი აცვია, უდავოა, მას ყველაფერი რიგზე ვერ აქვს. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ, როცა ასეთ ფერებს თვეობით ანიჭებენ უპირატესობას. ზოგადად, რთულია ადამიანს ურჩიო, რა ჩაიცვას, მაგრამ, თუ ეცოდინება, რომ მისი ტანსაცმლის ფერი სხვაზეც მოქმედებს და მის განწყობას ამხელს, მაშინ, მიხვდება, რომ არ ღირს, სააშკარაოზე გამოიტანოს თავისი განცდები.