ექიმის რჩევები
კითხვა: ვარ 36 წლის. მაქვს ასეთი პრობლემა: ხელის და ფეხის (ფეხის უფრო მეტად) გულები გამომშრალი და გაუხეშებული მაქვს, თანაც მოყვითალო ფერი დაჰკრავს. არ მაქვს ქავილი და რაიმე სახის შემაწუხებელი სიმპტომი. გთხოვთ მიპასუხოთ, რა შეიძლება, მქონდეს?
პასუხი: ხელისა და ფეხის გულების კანის გაუხეშება და დახეთქვა შეიძლება, უკავშირდებოდეს სხვადასხვა მიზეზს და იყოს: კანის სოკოვანი პათოლოგია, ბაქტერიული ან პარაზიტული დაავადებები, ალერგიული პროცესი, ეგზემა, ფსორიაზი, კონტაქტური დერმატიტი, სისტემური დაავადება (წითელი მგლურა), ცილების, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი ორგანიზმში. უნდა მიმართოთ დერმატოლოგს მიზეზის დასადგენად.
კითხვა: არის თუ არა შანსი, რომ აცრილი კატის დაკაწვრის შედეგად განვითარდეს ცოფი? რა სტადიაზეა ცოფი განკურნებადი?
პასუხი: აცრილი კატიდან დაავადება არ ვითარდება. ისე, ცოფით დაავადების შემთხვევაში, პროგნოზი ლეტალურია.
კითხვა: ვარ დიეტაზე: საკვებიდან ამოვიღე ცხოველური ცხიმი, ცომეული და ტკბილეული. უშაქრო დიეტა სტრესში მაგდებს. დასაშვებია თუ არა შაქრის მაგივრად ფრუქტოზის შემცველი ტკბილეულის მიღება?
პასუხი: შეუზღუდავად არ შეგიძლიათ. ფრუქტოზა არის ხილის ნატურალური შაქარი, რომელსაც შეიცავს ხილი და კენკროვნები, ასევე ყვავილების ნექტარი, თაფლი. დიდი რაოდენობით ფრუქტოზის მიღებამ (დღეღამურ ნორმაზე 20 პროცენტით მეტმა) შეიძლება გაზარდოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი. დღე-ღამური ნორმაა: არაუმეტეს 30-40 გრამი ფრუქტოზა.
კითხვა: რა იწვევს ყურის ნიჟარის ტკივილს?
პასუხი: საკუთრივ ყურის ნიჟარის ტკივილის მიზეზი, შეიძლება იყოს ტრავმა (დამწვრობა, მოყინვა), პერიქონდრიტი (ხრტილის და მისი გარემომცველი რბილი ქსოვილების ანთება), ნიჟარისა და გარეთა სასმენი მილის სიმსივნე და ინფიცირებული კისტა. კონკრეტული მიზეზის დადგენა მოითხოვს ექიმთან ვიზიტს.
კითხვა: გულის მხარეს ხშირად მიბუჟდება იღლია და მკლავის მიდამოები. რისი ბრალი შეიძლება იყოს? კარდიოგრამაზე ცვლილებები არ არის.
პასუხი: თუ კარდიოლოგიური პრობლემები გამორიცხულია, ამ შემთხვევაში, უნდა მიმართოთ ორთოპედ-ვერტებროლოგს და ჩაიტაროთ ხერხემლის სვეტის გამოკვლევა.
კითხვა: მაინტერესებს, როდესაც ბავშვს აქვს რევმატიზმით გამოწვეული წიკები, ექნება თუ არა ავადმყოფს კუნთების ტკივილი და დაბალი სიცხეები? ან საერთოდ, სხვა რა სიმპტომებით ხასიათდება ეს დაავადება?
პასუხი: წიკები კი არ არის კუნთების ტკივილისა და სუბფებრილიტეტის (38 გრადუსამდე) მიზეზი, არამედ რევმატიზმი. რევმატიზმის დროს აღინიშნება სუბფებრილური ტემპერატურა, მსხვილი სახსრების ტკივილი (ართრალგია) და კარდიტის სურათი. ასეთ დროს აუცილებელია მიმართოთ ექიმ-რევმატოლოგს.