მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: ეკლესიაში იქაურმა მრევლის წევრებმა (განსაკუთრებით ასაკოვანმა ქალბატონებმა) ხშირად იციან ხოლმე რაღაცეების სწავლება. ვერწმუნოთ თუ არა მათ რჩევებს?
პასუხი: ასეთმა ადამიანებმა უმეტესად ძალიან ცოტა რამ იციან საეკლესიო წეს-ჩვეულებებზე. ამიტომ, თუ რამე კითხვა გაგიჩნდებათ, ჰკითხეთ მოძღვარს ან იკითხეთ წმინდა წერილი და წმინდა მამათა გადმოცემები და პასუხებსაც მიიღებთ.
კითხვა: როგორია წმინდა წერილის ან, ზოგადად, სასულიერო ლიტერატურის წაკითხვის წესი?
პასუხი: იმისთვის, რომ წმინდა წერილის კითხვა სულიერად სასარგებლო იყოს, საჭიროა ჩვენდა მეოხად სულიწმინდის მადლს მოვუხმოთ კითხვის დაწყების წინ. ვიკითხოთ აუჩქარებლად, რამდენჯერმე გავიმეოროთ ის, რაც გაუგებარია ჩვენთვის და არ ვიზრუნოთ იმაზე, რომ მაინცდამაინც ბევრი წავიკითხოთ.
კითხვა: ხანდახან უნებურად ჩავდივართ ისეთ საქციელს, რაც ცოდვად გვეთვლება, თუმცა ეს არ გვქონდა განზრახული. როგორ გავთავისუფლდეთ ამისგან?
პასუხი: აღსარების დროს მოძღვართან უნდა მოინანიოთ უნებლიე შეცოდებები და თუ გულწრფელად შეინანებთ, უფალი მოგიტევებთ.
კითხვა: გვშორდება თუ არა ჩვენი მფარველი ანგელოზი, როდესაც ცოდვას ჩავდივართ?
პასუხი: ანგელოზი რომ ასე იოლად ტოვებდეს ადამიანს, სამყარო დიდი ხნის წინ დაიღუპებოდა. მფარველი ანგელოზი ადამიანს არასდროს ტოვებს, მაგრამ, როდესაც ადამიანი ცოდვას ჩადის, ანგელოზი იტანჯება და ცარიელი ხელებით ბრუნდება ღმერთთან.