ჭეშმარიტი სარწმუნოება
მიცვალებულთათვის ლოცვისა და მოწყალების გაცემის მნიშვნელობისთვის
ერთ ქალს ომში დაკარგული ქმარი დაღუპული ეგონა და ყოველ შაბათს ეკლესიაში მისი სულისთვის პანაშვიდებს ახდევინებდა. გავიდა ხანი და იმ ქალის ქმარი შინ ცოცხალი დაბრუნდა. მან ცოლს უამბო, რომ ტყვედ ჩავარდა და საპყრობილეში ჰყავდათ გამოკეტილი. იქ თურმე ერთი მორწმუნე კაცი მსახურობდა, რომელსაც მორიგეობა შაბათობით უწევდა. ის დილის საათებში ამ კაცთან საკანში შედიოდა და მცირე ხნით ბორკილებს ხსნიდა. აღმოჩნდა, რომ ეს სწორედ იმ საათებში ხდებოდა, როცა ამ კაცის მეუღლე მის სახელზე ტაძარში პანაშვიდს იხდიდა.
***
წმიდა ათანასიამ გარდაცვალების წინ მონასტრის დედებს სთხოვა, 40 დღის განმავლობაში მის სახელზე გლახაკთათვის ტრაპეზი გაემართათ. 10 დღის განმავლობაში დედები ასრულებდნენ მის დანაბარებს, შემდეგ კი რაღაც მიზეზების გამო, შეწყვიტეს. წმიდა ათანასია, ორი ანგელოზის თანხლებით, რამდენიმე მონაზონს გამოეცხადა და უთხრა: „რატომ არ ასრულებთ ჩემს ანდერძს? იცოდეთ, 40 დღის განმავლობაში მიცვალებულის სახელზე გაღებული მოწყალება და აღვლენილი ლოცვა, ცოდვილთა სულებს სასჯელისგან გამოიხსნის. თუკი სული უცოდველია, მაშინ ეს ღვაწლი მოყვასისთვის მათივე საცხოვნებელი იქნება.
მოქცეული შურისმაძიებელი
ერთი ბერი, რომელიც ძლიერ გააჯავრა მეორე ბერმა, მივიდა მოხუცებულ მეუდაბნოესთან და ყოველივე უამბო. ბოლოს გაჯავრებით უთხრა: „მე უსათუოდ მის ჯავრს ამოვიყრი, შურს ვიძიებ მასზე. მეუდაბნოემ ბევრი ელაპარაკა, ბევრი ურჩია, რომ შურისძიება ღვთისთვის მიენდო, მაგრამ გაჯავრებული ბერი ყურს არ უგდებდა და განუწყვეტლივ იმეორებდა: „არ შემიძლია მოვისვენო, სანამ შეურაცხყოფისთვის მას შეურაცხყოფას არ მივაყენებ“.
გამოიტირა მოხუცმა ბერის ცდომილება, ცოტა ხანს გაჩუმდა და შემდეგ უთხრა: „ლოცვის დროა, შევწიროთ, ძმაო, ღმერთს მსხვერპლი“. ბერი ადგა და მოხუცმა წარმოთქვა შემდგომი: „უფალო ღმერთო ჩვენო! ჩვენ შენი იმედი არა გვაქვს, ნუ ზრუნავ ჩვენთვის, ნუ მიაგებ შურს, ჩვენ თვითონ ყოველივეს დავიწყებთ და გავათავებთ“. გაიგონა რა ეს, ბერს თავზარი დაეცა და დავარდა მოხუცის ფერხთით. „არ მინდა, ჩხუბი ჩემს ძმასთან, – ცრემლმორეული ამბობდა ის, – „არ მინდა, შური ვიძიო მასზე“. შემდეგ მიიქცა ღვთისადმი და წარმოსთქვა: „ერთ არს შურისმგებელი უსამართლობისა! მომიტევე შეცოდებანი ჩემნი“; მოხუცმა განიხარა ბერის სინანულისა გამო და უთხრა მას: „დარწმუნებული იყავი, შვილო ჩემო, ვინც დაითმენს წყენას, უშრომლად ცხონდება, წინააღმდეგ ამისა, ვინც ურისხდება ძმასა თვისსა, ის ღუპავს ყოველივე თავის მოქმედებას და ემონება ეშმაკს.
ქრისტიანენო! შურისძიება იმ შეურაცხყოფისთვის, რომელთაც შეგამთხვევენ თქვენ მიანდეთ უფალს; ის მიაგებს ყველას საქმეთაებრ მათთა; ხოლო თქვენი საქმეა – მიუტევოთ შეურაცხმყოფელს“.