რუსეთში მცხოვრები შვილები მამას საქართველოში ეძებენ
23 წლის ნინო იოსების ასული მილოვა ეძებს 44 წლის იოსებ ელგუჯას ძე სიმონიშვილს.
ისტორია: ვეძებ მამაჩემს – 44 წლის იოსებ ელგუჯას ძე სიმონიშვილს. ჩემი მშობლები დაშორდნენ ერთმანეთს და მას შემდეგ მამაზე არანაირი ინფორმაცია აღარ გაგვაჩნია. მეც და ჩემს დასაც ძალიან გვინდა მამის პოვნა და გაგება, თუ როგორ არის ის. ძალიან გთხოვთ, დაგვეხმაროთ და მოგვაძებნინოთ მამა. იმედია, ის გამოეხმაურება ჩვენს სტატიას. გიგზავნით მამის ფოტოს, სადაც ის დედასთან ერთადაა გადაღებული ხელისმოწერის დღეს.
– როგორ დაკარგეთ მამა-შვილებმა ერთმანეთი? მოგვიყევი შენი ისტორია.
– ვეძებ მამაჩემს, 1970 წლის 9 ივნისს დაბადებულ იოსებ ელგუჯას ძე სიმონიშვილს. ჩემი მშობლები დაქორწინდნენ 1990 წელს (დედა – ოლღა ივანეს ასული კაპიტონოვა). ჩვენი ოჯახი საქართველოდან 1992 წლის ბოლოს გადმოვიდა საცხოვრებლად რუსეთში, სოფელ მატვეევკაში, დღემდე ვცხოვრობთ დედასთან ერთად. 1991 წელს მე დავიბადე (ნინო იოსების ასული სიმონიშვილი), 1993 წელს რუსეთში დაიბადა ჩემი და – თამარ იოსების ასული სიმონიშვილი. დაახლოებით 2002 წელს დედა და მამა დაშორდნენ ერთმანეთს და მას შემდეგ ჩვენ მამა აღარ გვინახავს, არაფერი ვიცით მის შესახებ, ანუ, რას საქმიანობს, როგორ არის და ასე შემდეგ. ბუნებრივია, ძალიან გვინდა მისი პოვნა. ის ხომ ჩვენი მამაა. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ მისი დამოუკიდებლად მოძებნა და, ამიტომ, მეც და ჩემმა დამაც, გადავწყვიტეთ, დახმარებისთვის სამძებრო საიტისთვის მიგვემართა. ჩვენ მამის პოვნის იმედს არ ვკარგავთ და, აი, უკვე მესამე წელია, მას აქტიურად ვეძებთ, დიდი იმედი გვაქვს, რომ, იქნებ, თქვენ მაინც გვაპოვნინოთ ის.
– ამდენი წლის განმავლობაში მამა არც ერთხელ არ შეგხმიანებიათ?
– სამწუხაროდ, არა. არ ვიცით, რა უნდა იყოს ამის მიზეზი – საცხოვრებელი ადგილი ჩვენ არ შეგვიცვლია და ჩვენი პოვნა თითქოს ადვილი უნდა იყოს მისთვის, თუკი, რა თქმა უნდა, კარგადაა და არაფერი არ შეემთხვა. მეც და ჩემს დასაც კარგის იმედი გვაქვს და, ვფიქრობთ, რომ ამდენი წლის განმავლობაში მამა, უბრალოდ, რაღაც სხვა სერიოზული მიზეზის გამო არ შემოგვეხმიანა.
– ტერიტორიულად სად გგონიათ მამათქვენი?
– რატომღაც, გვგონია, რომ ის საქართველოში დაბრუნდა და, შეიძლება, ტერიტორიული სიშორის ან მატერიალური მდგომარეობის გამო ვერ გვიკავშირდება. სამწუხაროდ, ჩვენ ვერაფერი გავარკვიეთ. არც ის ვიცით, დაახლოებით მაინც სად უნდა იყოს, თუმცა, სავარაუდოდ, თბილისში გვგონია, რადგან, ადრე, ჩვენი ოჯახის რუსეთში გადასვლამდე, მამა თბილისში ცხოვრობდა.
– არ გიფიქრიათ, რომ, შეიძლება მამათქვენს უკვე მეორე ოჯახი აქვს და სწორედ ამ მიზეზით არ გიკავშირდებათ?
– ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, ნამდვილად არ ვიცი, აქვს თუ არა მას ახალი ოჯახი, მაგრამ, რომც ჰქონდეს, იმედია, ჩვენ მას ვახსოვართ. თუკი მას ოჯახი აქვს და სხვა შვილებიც ჰყავს, ჩვენ, ანუ, მე და ჩემს დას, ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გვექნება. კარგად მესმის, რომ ის და დედა ამდენი წელია, დაშორებულები არიან და, ამდენი ხნის მერე, მას სრული უფლება ჰქონდა, შეექმნა თავისი ოჯახი.
– მამის პოვნის შემთხვევაში მასთან შეხვედრას ხომ არ გეგმავთ?
– ნეტავ, ვიპოვოთ მამა ან რამე მაინც გავიგოთ მის შესახებ და, თუკი მასაც ენდომება ჩვენთან შეხვედრა, რატომაც არა, ამაზე კარგი რა იქნება. უბრალოდ, საინტერესოა, როგორ არის ის ამჟამად და რას საქმიანობს; ანდა, რა არის იმის მიზეზი, რომ ამდენი ხნის განმავლობაში არც ერთხელ არ შეგვხმიანებია.
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.