ქალებთან ურთიერთობის როგორი პრინციპები აქვს გიორგი სუხიტაშვილს და როდის ჩაიკეტა ის საკუთარ ნაჭუჭში
„უპირველეს ყოვლისა, მინდა, რომ საქართველოში ევროპული ხარისხის განათლება იყოს; არ მინდა, იყოს კორუფცია, იმპერიალისტური შეხედულებები; მინდა, ჩემი ქვეყნის საზღვრებს პატივი სცენ და მეც პატივი ვცე სხვის საზღვრებს. მინდა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებები იყოს დაცული – ბევრი ასეთი მეგობარი მყავს და მათგან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ: მერაბ დუკაშვილი, რომელიც ოლიმპიადისთვის ემზადება, პრიზები ჩამოიტანა და ჩემზე მეტს აკეთებს; გია მარიამიძე, ჩვენი მეგობარი, რომელიც ზღაპრებს წერს და, გვინდა მისი ზღაპრები ბავშვებს გადავცეთ. მას კი არ სჭირდება ჩვენი დახმარება, აქეთ, ჩვენ გვჭირდება მისი მსგავსი ადამიანების დახმარება – ეს არის ჩემთვის ევროპა,” – ეს სიტყვები გიორგი სუხიტაშვილს ეკუთვნის, რომლის აზრი ბევრ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესოა.
– ბოლო დროს თითქმის ყველა ტელევიზიაში დაიწყო ახალი სატელევიზიო შოუები, რომლებშიც აქტიურად მონაწილეობენ ცნობილი და არაცნობილი მომღერლები. თუმცა, შენ ასეთ პროექტებში არასდროს იღებ მონაწილეობას.
– შემომთვაზეს მონაწილეობა „ერთი ერთში“. „X-ფაქტორზე“ არაფერს ვამბობ, რადგან, ამ ტიპის პროექტი უკვე იყო ჩემს ცხოვრებაში, გამარჯვებულიც ვარ და ამიტომ ეს ჩემთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. თან, მე არასრულფასოვნების კომპლექსი არ მაქვს; არც საკუთარ თავთან და არც არავისთან მჭირდება იმის მტკიცება, რომ რაღაცას ვმღერი.
– სხვადასხვა შოუში მონაწილეობით მომღერლები გარკვეულწილად მაინც ახდენენ საკუთარი თავის რეალიზებას, მაყურებელს არ ავიწყებენ თავს, რადგან დღეს სხვა მხრივ ამის საშუალება ნამდვილად არ არის.
– რეალიზების საშუალება იქნება იმ შემთხვევაში, თუ ფონოგრამაზე სიმღერა ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალება. ვფიქრობ, რომ ეს არის კრიმინალი. რომ აიკრძალება, კონტინგენტი შემცირდება, კონკურენცია გაიზრდება და ნიჭიერი ადამიანების რეალიზებაც მოხდება. თან, ჩვენთან ყველგან არის „ჩემიანი“ და „შენიანი“. შეიძლება, სულ არ ვიცოდე, ვინ არის ამა თუ იმ პროექტის ორგანიზატორი, მაგრამ, რომ შევხედავ კონტინგენტს, მაშინვე ვხვდები, ვინ აკეთებს ამ პროექტს, რადგან, მისი მიკროსოციუმი მონაწილეობს. ასეთი ტიპის პროექტები მაინტერესებს, რადგან, განათლებით მსახიობი ვარ და, მიმაჩნია, რომ, შემიძლია, რაღაც დონეზე კარგადაც ვიმღერო. მაპატიოს ყველამ და, ჩემი სურვილი მთავრდება მაშინ, როცა ეთერში „პახაბნად“ სასაცილო რაღაცეები ხდება. თან, მერე ამბობენ, მაყურებელს გემოვნება არ აქვსო. არადა, ჩვენ რასაც ვაწვდით, იმაზე აქვთ ადეკვატური რეაქციები. მონაწილეებზე არ მაქვს საუბარი, შეფუთვას, ორგანიზებას ვგულისხმობ. ეჭვიანი ტიპი არ ვარ, არც იმას ვამბობ, ვინმე მებრძვის-მეთქი, და თუ მებრძვიან, ესეც მაგრად „მკიდია“ – ასე მოვდივარ მთელი ცხოვრება, მსიამოვნებს და მაძლიერებს კიდეც. მე ვგულისხმობ იმ დამოკიდებულებას, რომ შენ ეთერში უშვებ რაღაცას და ეზოს, მეგობრების იქით არ იხედები. როდესაც ნიჭიერებაზეა საუბარი, აი, იქ „გვერხევა“, რადგან გვინდა, რომ მხოლოდ ჩვენი მეგობრები და ახლობლები იყვნენ, ან, არ იყვნენ ისინი, ვისთანაც ცოტა დაძაბული ურთიერთობა გვაქვს. მე, შეიძლება, ადამიანთან, აზრებთან, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით დაძაბული დამოკიდებულება მქონდეს, მაგრამ, როცა საქმეზე მიდგება ჯერი, ამ ყველაფერს გვერდით გადავდებ – ეს არის პროფესიონალიზმი.
– თუმცა, ვფიქრობ – ის, რომ არ ჩანხარ შოუებში, ეს გარკვეულწილად შენს მსმენელს აზარალებს, იმას, ვისაც სიამოვნებს გიორგი სუხიტაშვილის მოსმენა.
– იმდენად დიდ პატივს ვცემ იმ ნიჭს, რომელიც ღმერთმა მომცა, ერთი წამით არ შეურაცხვყოფ მას იმით, რომ ვიღაცას ვეხვეწო. შეიძლება, ამ კუთხით ამპარტავანი, ქედმაღალი ვარ, მაგრამ, ჩემს ნიჭს ვერ დავწევ ძალიან დაბლა და ვერ გავყიდი იმაზე ნაკლებად, ვიდრე ის ღირს. ეს ნიჭი არ მაძლევს იმის უფლებას, რომ ვიღაცას შევეხვეწო, მამღერე-მეთქი. თან, ვფიქრობ, რომ მაყურებელს არ აქვს ჩემი დეფიციტი, რადგან, ბევრ რამეში ვარ ჩართული. არარეალიზებული მაშინ ვიქნები, სახლში რომ ვიჯდე და ველოდებოდე, როდის დამირეკავენ. თუმცა, ასეთი პერიოდები, კრიზისები საკმაოდ ბევრი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში. ხასიათიც ისეთი მაქვს, არ შემიძლია, ვინმეს შევუძვრე, ამის მცდელობაც არ მქონია. როცა წარმომიდგენია, მაშინვე შემზიზღებია საკუთარი თავი. რომ წერენ ხოლმე: მარინა ბერიძე დაეხმარა, მოაგებინეს; მიშა დაეხმარა... – საერთოდ არ ვიცნობ მიშას. ამიტომ, ყველას ვეუბნები, რომ, თუ ამ მხრივ აქვთ რამე სათქმელი, გამოვიდნენ და თქვან. რატომ მლანძღავენ, მაინც ვერ გავიგე, გააკეთე ჩემზე მეტი და, მერე, თუ გინდა, გამლანძღე, ტაშსაც კი დაგიკრავ, ოღონდ, არგუმენტირებულად გამლანძღე, უბრალოდ კი ნუ გამლანძღავ – ამ გორელ ბიჭს რაღა უნდაო. შიდა შოვინიზმი გვღუპავს ქართველებს – რა მნიშვნელობა აქვს, ვინ საიდან არის? ჩემთვის სოფლელობა სიამყეა და მეამაყება ის, საიდანაც ვარ. ამის გამო ადრე ვიღაცეები დაგვიბარებია, გაგვილახავს. ერთი თვის განმავლობაში რამდენჯერმე მოგვივიდა კონფლიქტი და, მივხვდი, რომ ეს არ ამოიწურებოდა. როცა 21-22 წლის ხარ, რაღაცას არასწორად აკეთებ. ამიტომ, არის რაღაცეები, რისიც ახლა მრცხვენია.
– რისი გრცხვენია?
– „ჯეოსტარი“ ჩემთვის პირველი დიდი კონკურსი იყო. იმ დროს ძალიან ჩავიკეტე. არ მიყვარს ახალი მეგობრები, რომლებიც რაღაცისთვის გემეგობრებიან და ეს სახეზეც მაწერია ხოლმე. ამიტომ, მოვერიდე, ჩავიკეტე, გარკვეული პერიოდი აგრესიულიც ვიყავი, სტრესი მქონდა. მეგობრებთანაც მომსვლია კონფლიქტები. ჩემი პატარა ნაჭუჭი შევიქმენი, ანალიზის პერიოდი მქონდა, არ გავდიოდი სახლიდან და არც არავის ვუშვებდი. მაგრამ, მერე მე უცებ თვითონ გამოვედი ამ პერიოდიდან. ანუ, უპირველეს ყოვლისა, ამისი მრცხვენოდა და ახლაც მრცხვენია ჩემი ხასიათის. ფიცხი ვარ და, ამას, სამწუხაროდ, ვერ ვაკონტროლებ. ალბათ, ქართლის ბრალიც არის – ჩვენს რეგიონში სერიოზული პრობლემებია და, შეიძლება, ეს ყველაფერი ძველი სტრესის ბრალია. 7 წლის ვიყავი, როდესაც ომი ვნახე ჩემს ეზოში, მერე მეორე ომი ვნახე და, ეს ყველაფერი, გინდა-არგინდა, შენში მაინც ილექება და სულ თან დაგყვება. არასდროს მრცხვენია, ვთქვა, სად დავიბადე, საიდან ვარ, პირიქით, მეამაყება. შეიძლება, დამოკიდებულებებში სუბიექტური ვარ, მაგრამ, სამართლიანობას არასდროს ვკარგავ.
– არასდროს მოქცეულხარ უსამართლოდ?
– არასდროს, დავიფიცებ კიდეც. შეიძლება, შეცდომა დავუშვა დაუფიქრებლობის ან უცოდინრობის გამო, მაგრამ, შეგნებულად არავის დავაზარალებ. თუ ვინმეს სადმე გავულახივარ ან სერიოზული ჩხუბი მომსვლია, ეს მომხდარა ვიღაცის საქმეში ჩარევით. როდესაც ვინმეს უსამართლოდ ექცევიან, მას კი თავდაცვის უნარი არ აქვს და შველას ითხოვს, ამ დროს ვერ ვიკავებ თავს, პირდაპირ თავით ვეშვები და, ამიტომ, ხშირად დავზარალებულვარ კიდეც. როცა მრავალფეროვნება გინდა ურთიერთობაში, რაღაცას ეძებ და შეცდომასაც უშვებ. ქალისა და კაცის ურთიერთობა რომ ავიღოთ, თუ სულ ერთფეროვანი ხარ, ერთსა და იმავეს აკეთებ, იქ შეცდომას ვერ დაუშვებ, ეს კი, რაღაც ეტაპზე, მოსაბეზრებელი ხდება და კონფლიქტიც იწყება. მაგრამ, თუ ცდილობ, ახალი ფერი შეიტანო ურთიერთობაში, შეცდომასაც დაუშვებ.
– ერთგული ხარ?
– ერთგული ტიპი ვარ. ზოგადად, პრინციპული ადამიანი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალი ვარ და ამას ერთვის ჩემი ფიცხი ხასიათი, ვცდილობ ხოლმე, წავიდე, დავწყნარდე და მერე ცივი გონებით შევხედო. თუმცა, ეს ყოველთვის არ მუშაობს – 50/50-ზეა.
– რა პრინციპებს არ ღალატობ ქალებთან ურთიერთობაში?
– ერთგულებას – ეს ხომ აქსიომაა. ზოგადად, ნდობის დარღვევა იწვევს ყველაფრის რღვევას, მათ შორის – ერთგულებისასაც, ალბათ, ასეთ დროს ვალდებულებაც გეხსნება. ცხადია, უნდა გსიამოვნებდეს ადამიანთან ურთიერთობა. ინტერნეტიდან ჩემზე ბევრ რამეს ვიგებ. მაგალითად, იმას, რომ აზიატი ვარ, თან, ქალებთან ურთიერთობაში. რატომ – არ ვიცი. ვინმეს ვცემ თუ რამეს ვუკრძალავ? არ ვარ ისეთი ტიპი, რომელიც ითხოვს, რომ სახლი აუცილებლად ქალმა უნდა დაგავოს – მეც შემიძლია, ეს გავაკეთო, თეფშიც შემიძლია, გავრეცხო. დიდი ხანია, მარტო ვცხოვრობ, არ მაქვს ამის პრობლემა და არც მექნება ვინმესთან თანაცხოვრების დროს. არ უნდა მუშაობდეს ქალი... რატომ არ უნდა მუშაობდეს? ან, ჩემზე მეტი შემოსავალი რატომ არ უნდა ჰქონდეს, ან მაკიაჟი რატომ არ უნდა გაიკეთოს? არ მესმის ასეთი რაღაცეები, არ ვარ მე ასეთი ტიპი. ჩემზე ლამაზიც უნდა იყოს და, თუ მე ვჯობივარ, არც ეს არის პრობლემა; ჩემზე მეტი შემოსავალიც უნდა ჰქონდეს... მოკლედ, უნდა შეგხვდეს ისეთი ადამიანი, რომელთან ურთიერთობისას რაღაცეებში სინთეზი გექნება.