როგორი ქალის გადაკვეთას ელოდება ცხოვრებაში გიგა კვენეტაძე და რას უფრთხილდება ის საკუთარი შვილივით
არაერთი ცნობილი ჰიტის ავტორი გიგა კვენეტაძე როგორც ყოველთვის, აქტიურად მუშაობს. ის უკვე მეექვსე წელია, მოსკოვში ცხოვრობს და რუსულ შოუ-ბიზნესში დროთა განმავლობაში საკუთარი ადგილიც დაიმკვიდრა. მის დაწერილ სიმღერას დღეს არაერთი ცნობილი მომღერალი თუ ჯგუფი ასრულებს. მართალია, პირველი ეტაპი რუსულ შოუ-ბიზნესში მისთვის ავტორის სტატუსით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით თავადვე ამღერდა და მსმენელის წინაშე უკვე როგორც ავტორ-შემსრულებელი ისე წარსდგა, თან საკმაოდ წარმატებულად.
– გიგა, ამ ეტაპზე რით ხარ დაკავებული?
– ამ ეტაპზე ჩემს ახალ ალბომზე ვმუშაობ, რომლის სახელწოდებაც იქნება „ოკეან მოეი ლუბვი.” ალბომში შევა 12 სიმღერა, მათ შორის, სავარაუდოდ, რამდენიმე დუეტიც.
– დუეტი ვისთან?
– არ ვიცი, ვნახოთ. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მაქვს მომღერლებთან და ვნახოთ, როგორ გადაწყდება. წინასწარ არ მინდა, ვილაპარაკო.
– როგორც ყოველთვის, სამუშაო განწყობა მაღალია.
– რა თქმა უნდა, აქტიურად ვმუშაობ და იმედი მაქვს, კარგი ალბომი გამოვა საბოლოოდ. ვფიქრობ, ოქტომბრისთვის პრეზენტაციასაც გავაკეთებ.
– საქართველოში თუ გეგმავ ჩამოსვლას?
– სააღდგომოდ მინდოდა ჩამოსვლა, მაგრამ, არ გამომივიდა. თუ ჩამოვედი, ისიც რამდენიმე დღით, დედა რომ მოვინახულო. ზაფხულში კი ივნისში აუცილებლად ჩამოვალ და ალბათ, თვეზე მეტხანს დავრჩები.
– კლიპის გადაღებაც ხომ არ გაქვს დაგეგმილი საქართველოში?
– კლიპის გადაღებას ვგეგმავ აუცილებლად, მაგრამ საქართველოში არა. უკრაინაში მინდოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, იქ მიმდინარე მოვლენების გამო, ვერ მოხერხდება და ალბათ, მოსკოვში გადავიღებ.
– რომელ სიმღერაზე აპირებ კლიპის გადაღებას?
– კლიპს იმ სიმღერაზე გადავიღებ, რომლის სახელწოდებაც ექნება ჩემს ახალ ალბომს – „ოკეან მოეი ლუბვი.” ეს ჩემი ახალი სიმღერაა, რომლზეც ტექსტს ცნობილი რუსი პოეტი, ინა კამინსკაია მიწერს. ინა ძალიან ნიჭიერი ადამიანია და ჩემი ძალიან ახლო მეგობარია. სიმღერა ძალიან მომწონს, უკვე დასრულების ეტაპზეა. ცოტა ხანში, თქვენც გადმოგიგზავნით და შეაფასეთ.
– გიგა, ამ ეტაპზე კონცერტები თუ გაქვს დაგეგმილი?
– რა თქმა უნდა, მოსკოვის სხვადასხვა კლუბში ეწყობა კონცერტები, რომელშიც მეც ვიღებ მონაწილეობას. 30 აპრილიდან კი, იწყება პოპულარული სიმღერების ფესტივალი, რომელშიც ვმონაწილეობ როგორც სიმღერების ავტორი და ვიმღერებ ყველა იმ ჩემს სიმღერას, რომელიც პოპულარულია რუსეთში და ასევე, საქართველოშიც. ერთსაათიან რეპერტუარს ცოცხალ ბენდთან ერთად ვაკეთებ.
– ფესტივალის ორგანიზატორი ვინ არის?
– ფესტივალის ორგანიზატორი „ა სტუდიოს” ხელმძღვანელი, გულისა და სულის ჩამდგმელი, ბაიგალ სერგებაევია. მან შემომთავაზა, რომ ერთ-ერთ დღეს მონაწილეობა მიმეღო ამ ფესტივალში. ფესტივალის პარალელურად, გაიმართება კონკურსი, რომელშიც ახალბედა მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას. კონკურსზე ჟიურის ერთ-ერთი წევრი მეც ვიქნები.
– მარტო იმღერებ, თუ მათთან ერთად, ვინც შენს სიმღერებს ასრულებს?
– ვფიქრობ, დავიხმარო ისინიც, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, როგორ იქნება. ისე, მინდა, ყველა ჩემი სიმღერა თვითონ შევასრულო ჩემს მანერაში. ანუ, თავიდანვე როგორც მქონდა ისინი წარმოდგენილი. თუმცა, ყველას დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო, ჩემი სიმღერების ლამაზი შესრულებისთვის.
– უკვე რამდენი წელია, რაც რუსეთში ხარ?
– უკვე მეექვსე წელია, აქ ვარ. დრო სწრაფად მიფრინავს, მაგრამ ყველაფერი წინ არის.
– 6 წელი ცოტა ნამდვილად არ არის. თუმცა, არც იმდენი, რომ თავისუფლად შეგეძლოს წარმატების მიღწევა უცხო ქვეყანაში. შენ კი ეს საკმაოდ სწრაფად მოახერხე.
– როდესაც რუსეთში ჩამოვედი, ვოცნებობდი, სწორედ იმ წრეში და იმ ხალხთან მოვხვედრილიყავი, ვინც დღეს ჩემს სიმღერებს აფასებს. ბედნიერი ვარ, რადგან ასე სწორად და მიზანმიმართულად ვითარდება ჩემი მუსიკალური მოღვაწეობა.
– ალბათ, ეს შენი მხრიდან ძალიან კარგი და ზუსტი გათვლა იყო. რუსეთში ჩახვედი და რუსულ შოუ-ბიზნესს თავი, როგორც მომღერალი კი არა, როგორ სიმღერების ავტორი ისე შესთავაზე. ამას იმიტომ ვამბობ, რომ იქ მომღერლების მხრივ ძალიან დიდი კონკურენციაა, ხოლო კარგი სიმღერა იშვიათად იწერება. სიმღერის ავტორის სტატუსით კი, საკუთარ თავს პოპულარობის პირველი ბიძგი მიეცი.
– რა თქმა უნდა, ასეა. მოსკოვში ძალიან რთულია, იმ ადამიანებს შორის მოხვდე, რომლებიც უკვე დაფუძნებული არიან შოუ-ბიზნესში, მართავენ მას და მისი ნაწილი გამხდარან. მე ყველაფერს ვაკეთებდი, რომ საქმე ისე წარმართულიყო, როგორც საჭირო გახლდათ. დღეს თავისუფლად შემიძლია, თითქმის ყველა ცნობილ შემსრულებელს გადავუგზავნო ჩემი სიმღერა, შევთავაზო მათ და პირდაპირ დავამყარო მათთან ურთიერთობა და არა მესამე პირის დახმარებით.
– თუ ყოფილა შემთხვევა, რომ შემსრულებელს უარი უთხარი შენი სიმღერის შესრულებაზე? მომღერალს შეუძლია, სიმღერა გააჰიტოს, ან პირიქით – დაძიროს.
– ცნობილებიდან არავისთვის, მაგრამ ყოფილან მომღერლები, რომლებსაც მოსწონებიათ ჩემი სიმღერა, მე კი უარი მითქვამს. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ კონკრეტულ სიმღერაში მათ ვერ ვხედავდი. როგორც შვილს, ისე ვუფრთხილდები ჩემს ყველა სიმღერას. ჩემი დაწერილი სიმღერები, ჩემი პატარა ბავშვები არიან, რომლებსაც ვზრდი და მინდა, ყველა წარმატებული გამოვიდეს. როგორც ყველა მშობელს უნდა, თავისი შვილის წარმატება, ასე ვარ მეც.
– პირად ცხოვრებაში ხომ არ გაქვს სიახლე?
– სამწუხაროდ, პირად ცხოვრებაში სიახლე არ მაქვს. როცა შოუ-ბიზნესში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, დედამ მითხრა, შენთვის ძალიან რთული იქნება ოჯახის შექმნაო. თითზე ჩამოსათვლელია ის ოჯახები, რომლის წევრებიც შოუ-ბიზნესში მოღვაწეობენ და პირად ცხოვრებაშიც ბედნიერები არიან. ალბათ ისეთი ქალი უნდა „გადამეკვეთოს” ცხოვრებაში, რომელიც საჭირო მომენტში გამიგებს. ხან კონცერტზე ვართ, ხან ჩვენებაზე, სადაც უამრავი ლამაზი ქალია. ის ადამიანი კი, რომელიც გიყვარს და უყვარხარ, თითქოს იჩაგრება. ამიტომ რთული მოსაძებნია ისეთი ქალი, რომელიც ასეთ მომენტებში გაგიგებს. ალბათ, ამიტომაც ვარ მარტო, თუმცა მთლად მარტოც არ ვარ. მე უფრო სერიოზულ ურთიერთობებს ვგულისხმობ.
– გაზაფხულმაც ვერ გაათბო შენი გული?
– გული გათბა, სული გათბა და ირგვლივ ძალიან თბილი სიტუაციაა.
– ალბათ, მალე იმასაც გვეტყვი, რომ შეყვარებული ხარ.
– მეც დიდი იმედი მაქვს ამის.