ინტიმური საუბრები
დედამთილს ყველაფერი ვაპატიე
გოჩამ ცოლად რომ შემირთო, ჩემი დედამთილი ცუდად შემხვდა – არ მოვწონდი რძლად; გარეგნობას კი არა, დონეს მიწუნებდა და სულ იმას უსვამდა ხაზს, რომ ჩემი მშობლები რაიონში ცხოვრობდნენ, მეც იქ მქონდა სკოლა დამთავრებული და, როცა თავისი დაქალები მოდიოდნენ მასთან სტუმრად, ჩემს გასაგონად ეუბნებოდა ხოლმე:
– რა ვქნა, გენაცვალე, არ მინდოდა სოფლელი რძალი, მაგრამ, არ დამიჯერა ჩემმა შვილმა. არ ვიცი, ან ამას რაზე ველაპარაკო, ან ამის პროვინციელ მშობლებთან რა ურთიერთობა უნდა მქონდეს. დედამისს, ჩემს ძვირფას მძახალს (ამ სიტყვებს განსაკუთრებული ირონიით ამბობდა), მეოთხე კურსზე მიუტოვებია ინსტიტუტი, გათხოვილა და, მას შემდეგ, მგონი, ორჯერაც არ ჩამოსულა თბილისში. იმ თავის სოფელში ბიბლიოთეკარად მუშაობს და ჰგონია, რომ ძალიან განათლებულია და ბევრი წიგნი აქვს წაკითხული. იქ, შეიძლება, ვიღაცეებს თვალში ნაცარს აყრის, მაგრამ, ეგ მე მომატყუებს?!
ის თუთიყუშებივით მორთულ-მოკაზმული დაქალებიც თანაგრძნობით უქნევდნენ თავებს და შეწუხებული ამოოხვრით გადმომხედავდნენ ხოლმე, როგორც კეთროვანს. მათ შორის ერთადერთი იყო, ლალი დეიდა, რომელიც ყოველთვის მე მიცავდა და ჩემს დედამთილს შეუტევდა ხოლმე: რა გინდა ამ ანგელოზივით ბავშვისგან, რას ერჩი. ან მისი მშობლებისგან რა გინდა, მშრომელი ხალხია, თავიანთ რაიონში პატივცემული, აქეთ თუ დაეხმარებიან ბავშვებს, თორემ, თქვენგან არაფერი უნდათო. დაქალის ეს სიტყვები ჩემს დედამთილს ძალიან სწყინდა, მაგრამ, რატომღაც, ვერაფერს ეუბნებოდა. ერთხელ კი, თავისი დაქალების თანდასწრებით ძალიან დამამცირა – სულ სოფლელი და გაუნათლებელი მეძახა იმის გამო, რომ ისე ვერ გავუწყვე ტკბილეულის სუფრა, როგორც მის დონეს შეეფერებოდა. გოჩა სახლში არ იყო და ამდენი ამიტომაც გაბედა. მე ისე მეწყინა, რომ ოთახიდან გასვლაც ვერ მოვახერხე და სტუმრების თანდასწრებით დავიწყე ტირილი. ლალი დეიდა მოვიდა, მომეხვია და დაწყნარება დამიწყო, თან ჩემს დედამთილს საკმაოდ თამამად უსაყვედურა, როგორ იქცევიო. ის საშინლად გაბრაზდა და ისე ისტერიულად უკივლა ლალი დეიდას, შენ ვინ გეკითხება, ჩემი ოჯახის საქმეში რომ ეჩრებიო, აშკარად დაავიწყდა თავისი „სვეცკობა“ და „დონე“. ამაზე ლალი დეიდას გაეცინა და უთხრა, იძულებულს მხდი, ნიღაბი მოგხსნა, რადგან, ამ წუთას ზუსტად ის ხარ, ვინც სინამდვილეში ბრძანდები, ერთი ჩითის კაბით ჩამოსული, მშობლების მიერ მიტოვებული, მაგრამ, მიზანსწრაფული სოფლელი გოგო, რომელსაც სკოლაც არ აქვს ბოლომდე დამთავრებული, მაგრამ, ლამაზი სახისა და ეშმაკობის წყალობით, მოახერხე შენზე ოცდახუთი წლით უფროსი კაცის თვალების აბმა და ასე გახდი „მაღალი წრის“ ქალიო.
ეს სიტყვები ბომბის გასკდომას უდრიდა. ჩემს დედამთილს არც ეგონა, მისი საიდუმლო ასე დაწვრილებით ვინმემ თუ იცოდა და მოულოდნელობისგან კინაღამ ჭკუიდან შეიშალა. ლალი, რა თქმა უნდა, მაშინვე წავიდა, მალე დანარჩენებიც მიჰყვნენ და ჩემი დედამთილი ისე ცუდად გახდა, სასწრაფო დახმარების გამოძახება მომიწია. ექიმმა თქვა, გულის შეტევაა და ან საავადმყოფოში უნდა დააწვინოთ, ან ერთი კვირა გაუნძრევლად იწვეს სახლშიო. ამასობაში გოჩაც დაბრუნდა და დედამისის საავადმყოფოში წაყვანა გადაწყვიტა. დღეში ორჯერ მივდიოდი მასთან და როგორც საკუთარ დედას, ისე ვუვლიდი, მას კი, ეტყობა, რცხვენოდა – თვალს ვერ მისწორებდა და თითქმის არ მელაპარაკებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, სძლია თავს, ბოდიში მომიხადა და პატიება მთხოვა. რა თქმა უნდა, შევურიგდი და ახლა ნორმალური ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ, მაინტერესებს, ლალი დეიდას რომ არ ჩამოეხსნა მისთვის ნიღაბი, მაშინაც მომიხდიდა ბოდიშს?!
სალომე, 23 წლის.
ყოფილი შეყვარებულის საქციელმა გამაღიზიანა
სტუდენტობისას ერთი გოგო მიყვარდა, ჩემი თანაკურსელი. მთელ ფაკულტეტზე ყველაზე პოპულარული გოგო იყო, თითქმის ყველა ცნობილ ბიჭს უყვარდა და, რა თქმა უნდა, მე საერთოდ არ მაქცევდა ყურადღებას, რადგან, არც მდიდარი და ცნობილი მშობლების შვილი ვიყავი, არც ალენ დელონს ვგავდი და, რაც მთავარია, არც ძველბიჭობითა და მუშტიკრივით ვცდილობდი სახელის დამკვიდრებას, მას კი ჩემნაირები არ აინტერესებდა. ერთხელ, სიყვარული რომ ავუხსენი, მითხრა კიდეც – შენნაირი ტიპები ჩემს გემოვნებას არ აკმაყოფილებენ. შენ ვერასდროს შემიქმნი ისეთ პირობებს, მე რომ შემეფერება, მე კი კარგი ცხოვრება მიყვარსო. ერთი სიტყვით, შეიძლება ითქვას, დამცინა და ისე გამომაგდო. სწორედ იმ დღეს გადავწყვიტე, რომ მდიდარი და ცნობილი გავმხდარიყავი და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდი მიზნისკენ. ნატას უარის შემდეგ დიდხანს არავინ შემყვარებია, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი გავიცანი ერთი ძალიან ღირსეული გოგონა, შეგვიყვარდა ერთმანეთი და დავქორწინდით.
ცნობილისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, საკმაოდ მსხვილი ბიზნესი მაქვს და, სადაც საჭიროა, მიცნობენ კიდეც, როგორც წარმატებულ და ქველმოქმედ ახალგაზრდა კაცს. ნატას შესახებ კი ბევრი არაფერი ვიცოდი. სანამ ცოლს შევირთავდი, ვიღაც შემხვდა და მითხრა, რომ ცოლად ერთ მდიდარ „დედიკოს ბიჭს“ გაჰყვა და მეტი აღარაფერი გამიგია.
ერთ დღეს ჩემმა ცოლმა მთხოვა, „გუდვილში“ წამიყვანე, რაღაც უნდა ვიყიდოო. მანქანა რომ გავაჩერე და გადმოვედით, იქვე, ტროტუარზე, ვიღაც შებუდნული ახალგაზრდა ქალი მიდი-მოდიოდა წინ და უკან, წინ პატარა „ტაბურეტკა“ ედგა, რომელზეც გასაყიდად ჰქონდა დაწყობილი სიგარეტები, სანთებელები, რაღაც სხვა ხარახურები და გამვლელ-გამომვლელს ეხვეწებოდა, რამე შეიძინეთო. უცებ ხმა მეცნო, მისკენ მივბრუნდი, სახეში შევხედე და ნატა არ შემრჩა ხელში?! თვითონაც მიცნო და თავი ჩაღუნა. არ მინდოდა, უხერხულ მდგომარეობაში ჩამეყენებინა და, ვითომ ვერ ვიცანი, გვერდის ავლა დავაპირე, მაგრამ თვითონ გამომელაპარაკა. იძულებული გავხდი, შევჩერებულიყავი, ჩემს ცოლს ვუთხარი, შენ შედი, დაგეწევი-მეთქი და ნატასთან გავჩერდი. ჩემს ცოლს ერთგვარი შურით გააყოლა თვალი, მეც კარგად ამათვალიერ-ჩამათვალიერა და გულდაწყვეტილმა მითხრა: ტყუილად გატკინე მაშინ გული. თავში მქონდა ავარდნილი ლამაზი ბიჭების ყურადღება და, მეგონა, დედოფლად დამსვამდნენ, მაგრამ, მათხოვრად მაქციეს. ორჯერ გავთხოვდი, ორჯერვე მაშინ ყველა გოგოსთვის საოცნებო ბიჭებზე, მაგრამ ორივემ ერთმანეთზე უარეს დღეში ჩამაგდო და, საბოლოო ჯამში, მათხოვრად მაქციეს – ყველაფერი წამართვეს და, ან წააგეს, ან გამიყიდეს და, აი, ამ მდგომარეობამდე მომიყვანეს. პირველი ქმარი გარდამეცვალა, მეორე – ციხეშია. ორივესგან თითო შვილი მყავს და ასე წვალებით ვარჩენ. მშობლებიც აღარ მყავს და მთლად მარტო დავრჩი, გულშემატკივარი ადამიანების გარეშეო.
გული დამიწვა მისმა ნაამბობმა, ამოვიღე ჯიბიდან, რაც კი ფული მქონდა თან წამოღებული და მორიდებით ჩავუდე ხელში (მეშინოდა, არ ეწყინოს ან არ ითაკილოს-მეთქი) – ეს თანხა ცოტათი მაინც გაგიმართავს ხელს-მეთქი. გამომართვა ფული, გადათვალა და საკმაოდ თავხედურად მითხრა: ამისთანა მანქანიდან გადმოხვედით შენ და შენი გაპრანჭული ცოლი და ძველი სიყვარულისთვის ამის მეტი არ გემეტებაო?! თან, ისეთივე დამცინავი სახე ჰქონდა, როგორც მაშინ, როცა სიყვარული ავუხსენი და დამამცირებელი უარით გამომისტუმრა. ამან ისე გამაღიზიანა, რომ არც კი დავმშვიდობებივარ, ისე შევედი „გუდვილში“. ადამიანურად კი შემეცოდა, მაგრამ ისევ ისეთი ამპარტავნება რომ გამოიჩინა, ძალიან გავბრაზდი და ამიტომაც გადავწყვიტე, თქვენთვის მომეწარა, თორემ, წესით, ჩემი სტატუსის კაცმა ასეთი წერილები არ უნდა წეროს. ამიტომ, სახელსაც და ასაკსაც ვცვლი, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი სიმართლეა.
ვახტანგი, 34 წლის.