კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ განარისხეს ზურაბ ასტახიშვილმა და გია თორთლაძემ ტიბეტელების ღმერთი და რა მოჰყვა ამას

ყველას როდი აქვს ბედნიერება, საყვარელი პროფესია და ჰობი ერთმანეთს შეუთავსოს. ამ მხრივ ჩვენს რესპონდენტს, ზურაბ ასტახიშვილს, ნამდვილად გაუმართლა. აგერ უკვე 30 წელზე მეტია, რაც ის, როგორც ექიმი, სხვადასხვა ექსპედიციებში დაჰყვება მთამსვლელებს და თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ მათი ცხოვრებითაც ცხოვრობს; გარდა ამისა, იგი მონაწილეობას იღებს სამაშველო ოპერაციებში.   

 

ზურაბ ასტახიშვილი: ბავშვობიდან ხშირად დავყვებოდი მამაჩემს ყაზბეგის რაიონში. დავდიოდით იმიტომ, რომ მამას კოლეგებთან ერთად, იქ ყოველ ზაფხულს დაჰყავდა მოზარდ მთამსვლელთა ალპინისტური ბანაკები. მამაჩემი გახლდათ სპორტის ოსტატი ტურიზმის დარგში. ასე გაიარა ბავშვობამ. 

მოგვიანებით, როდესაც უკვე ექიმი ვიყავი და უკვე ვმუშაობდი კიდეც იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში, შემთხვევით მოვხვდი სამედიცინო ინსტიტუტის ალპინიადაზე მყინვარწვერზე. ეს იყო 1979 წელს. მომდევნო წლიდან უკვე პროფესიონალ მთამსვლელებს დავყვებოდი ექსპედიციებში.

– როგორც ექსპედიციის ექიმი თუ როგორც მთამსვლელი? 

– როგორც ექიმი. თუმცა, მხოლოდ საბაზო ბანაკში არ შემოიფარგლებოდა ჩემი ყოფნა, ხშირად მიწევდა ასვლა ზემო სასიმაღლო ბანაკებშიც.  

– ალბათ, ბევრჯერ აღმოჩენილხართ ექსტრემალურ სიტუაციაში?

– არაერთხელ. მახსოვს, 1980 წელს პამირში ვახლდი შოთა მირიანაშვილის ექსპედიციას. ამ ექსპედიციის დროს დაგვეღუპა ხუთი მონაწილე მთამსვლელი. უფრო სწორად, სამი მათგანი ქვათაცვენაში მოჰყვა, ერთი დაიკარგა და მის კვალს ვეღარ მიაკვლიეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩატარდა არაერთი სამძებრო ექსპედიცია და, კიდევ, ერთი დაიღუპა მაღალ სიმაღლეზე ჟანგბადის უკმარისობის შედეგად ტვინის შეშუპების გამო. შემდგომში იყო პამირის ექსპედიციები. 1984 წელს მოხდა უშბის ტრაგედია, სადაც საქართველოს ნაკრების 6 წევრი დაიღუპა – ისინი ზვავმა იმსხვერპლა. 

– რას ფიქრობთ როგორც ექიმი, რა შეიძლება გახდეს მთამსვლელისთვის ფატალური დასასრულის მიზეზი?

– პირველ ყოვლისა, ალბათ, უბედური შემთხვევის მიზეზი არის ტრავმა ან რომელიმე სახის კატაკლიზმები, ვთვქათ – ზვავი, მეწყერი და ასე შემდეგ. ამას ემატება კიდევ მაღალ სიმაღლეებზე ჟანგბადის უკმარისობით გამოწვეული მთელი რიგი პრობლემები: ფილტვის შეშუპება, ტვინის შეშუპება, თრომბოემბოლია და სხვა. ასეთი პრობლემები გვხვდება ძირითადად ზღვის დონიდან 5 ათასი მეტრის ზემოთ. კავკასიონზე ექსპედიციის დროს, ძირითადად იჩენს ხოლმე თავს ტრავმატიზმი და ბუნებრივი პირობების – ისევ და ისევ ზვავის, მოყინულობის თუ ზოგადი გადაციების სახით გამოწვეული უბედური შემთხვევები.

– რომელ ექსპედიციას გამოყოფდით მთაში 30-წლიანი სიარულის ფონზე?

– გამოყოფით ვერც ერთს გამოვყოფ, თუმცა, ამჯერად რამდენიმეს გავიხსენებ. ჩემთვის ღირსშესანიშნავი იყო 1995 წელი, როდესაც გია თორთლაძის თაოსნობით ჰიმალაებში მოეწყო პირველი ქართული ექსპედიცია დაულაგირის 8-ათასიან (8 167 მეტრი) მწვერვალზე. ეს ექსპედიცია წარმატებით დასრულდა – ქართველ მთამსვლელთა ჯგუფმა დაიპყრო დაულაგირის მწვერვალი. უკან დაბრუნებისას ამინდი მკვეთრად შეიცვალა, იყო ქარბუქი და ხილვადობაც, ფაქტობრივად, მინიმუმამდე დავიდა. ამ ამბავს ხშირად ვიხსენებ ხოლმე: როგორც ბატებმა გადაარჩინეს რომი, ისე მე გადამარჩინეს ვირებმა. ხილვადობის პრობლემის გამო მე ქართულ ჯგუფს ჩამოვრჩი, ძირითადად, ორ დაზარალებულს ვუწევდი დახმარებას. ცოტა ხანში აღმოვაჩინე, რომ სრულიად მარტო ვარ, გარშემო აღარც ჯანმრთელები არიან და აღარც დაზარალებულები. თოვლში არავის კვალი აღარ ჩანდა, ყველაფერი წაშლილი იყო ქარბუქის გამო. ორიენტაცია დავკარგე, თუმცა, თვითგადარჩენის ინსტინქტით მოძრაობა არ შემიწყვეტია. ნამდვილად არ მახსოვს, ამ ვითარებაში რამდენი ხანი გავიდა, სამაგიეროდ, ის მახსოვს, რომ დიდი სიხარული განვიცადე, როცა შემთხვევით ვირების ჯოგს გადავაწყდი.  საქმე ისაა, რომ სხვადასხვა ექსპედიციის ტვირთი გადაჰქონდათ ასეთი ჯოგების დახმარებით. მეც, ბედად, გადავაწყდი და აღარც მოვშორებივარ, სანამ სამშვიდობოს არ გავედი. 

– ნამდვილად არ არის მთამსვლელების გზა ია-ვარდით მოფენილი, თუმცა, როგორც ჩანს, გამარჯვების სურვილი იმდენად დიდია, რომ ეს გეხმარებათ ბევრ დაბრკოლებასთან გამკლავებაში.

– იყო სიტუაცია, როდესაც ლუდმა მიშველა. 1998 წელს, კვლავ გია თორთლაძის თაოსნობით, მოეწყო მეორე ქართული ექსპედიცია ჰიმალაებში 8-ათასიან მანასლუს (8 163 მეტრი) მწვერვალზე. უკანა გზაზე, საკვები შემოგვაკლდა, მოძრაობა გვიწევდა საკმაოდ ღარიბ რაიონში, სადაც ძირითადად მხოლოდ მოხარშული კარტოფილით გვიმასპინძლდებოდნენ. ასე გაგრძელდა მთელი კვირა. ამ სიტუაციაში ჩემთვის ენერგიის წყაროდ იქცა ადგილობრივი ლუდი, რომელსაც, მოგეხსენებათ ევროპაში თხევად პურსაც უწოდებენ. ლუდი რომ არ ყოფილიყო, ალბათ გზა ერთი-ორად გამიგრძელდებოდა. 

ძალიან ღირსშესანიშნავი იყო 1999 წელი, რამეთუ, ამ წელს ორი ქართული ექსპედიცია უტევდა მსოფლიოში უმაღლეს მწვერვალს – ევერესტს (8 848 მ). სამხრეთის მხრიდან მიდიოდა ბენო ქაშაყაშვილის ჯგუფი, ჩრდილოეთის მხრიდან კი – გია თორთლაძის. დროში განსხვავება იყო ორი კვირა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ჩრდილოეთის მხარეს უფრო გვიან ხდება გამოდარება. ჩვენდა სასიხარულოდ, ორივე ქართულმა ექსპედიციამ, ერთსა და იმავე წელს, ერთსა და იგივე სეზონზე, წარმატებით დალაშქრა ევერესტი. მე სამი კვირა მომიწია 6 400 მეტრზე ყოფნა, რის გამოც 10 კილოგრამი დავიკელი.

– რატომ მოხდა, რომ ასეთ სიმაღლეზე დაჰყავით 3 კვირა, მაშინ, როცა მანამდე თვითონვე აღნიშნეთ, რომ ეს ჯანმრთელობისთვის საზიანოა?

– პირველი საკლიმატიზაციო ასვლისას დამემართა კვებითი ინტოქსიკაცია, რის გამოც იქ ყოფნა გამიგრძელდა. ევერესტზე ყოფნისას, სხვადასხვა ჯგუფის მთამსვლელთა სამედიცინო დახმარებისას, ხშირად ვიყენებდი სხვადასხვა ხსნარის ინტრავენურ გადასხმებს. როგორც ჩანს, უცხოურ პრესაში ეს გაჟღერდა, როგორც „ჩემ მიერ ჩატარებული ოპერაცია.” ამის შემდეგ თბილისში ჩამოსულს ხშირად მეკითხებოდნენ, რა ქირურგიული ოპერაცია ჩაატარე ზღვის დონიდან 6 400 მეტრზეო. 

– ოცდამეერთე საუკუნის თავგადასავლებიც გაიხსენეთ.

– ამბავი, რომელსაც ახლა გიამბობთ, 2000 წელს მოხდა, არ ვიცი, რომელ საუკუნეს მივაწერო, რადგან, ხშირად დავობდნენ, რომელ ათასწლეულს ეკუთვნის 2000 წელი. საქმე ისაა, რომ,  გია თორთლაძე, როგორც ექსპედიციის ხელმძღვანელი და, მე, როგორც ექიმი მიგვიწვიეს ეგრეთ წოდებულ კომერციულ ექსპედიციაში, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ სხვადასხვა ქვეყნის მთამსვლელებს. ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში ჩასვლამდე დავყავით დაახლოებით ერთი კვირა. ამ ხნის განმავლობაში, სხვადასხვა მიზეზის გამო, ბევრმა მთამსვლელმა ვერ მიიღო მონაწილეობა ზემოთ აღნიშნულ ექსპედიციაში, უფრო სწორად, ექსპედიცია ჩაიშალა, მაგრამ ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით, ვინაიდან, გზაში ვიმყოფებოდით. ადგილზე ჩასულებს ელდა გვეცა. რამდენიმე დღე გაურკვეველ ვითარებაში ვიყავით. ის იყო, ხელმოცარულები უკან ვაპირებდით დაბრუნებას, რომ ბედად გიას შეხვდა ნაცნობი იაპონელი მთამსვლელი, რომელიც ხელმძღვანელობდა ეკოლოგიურ ექსპედიციას ევერესტის რაიონში. 

– ეს რას ნიშნავს? 

–  წლების განმავლობაში ხდება ექსპედიციების ასვლები, რის შედეგად, ტოვებენ ხან აღჭურვილობას, ხან ჟანგბადის ცარიელ ბალონებს, ერთი სიტყვით, ამ გამოუსადეგარი ნივთების გამო, არაჯანსაღი ეკოლოგიური ვითარება იქმნებოდა ევერესტზე. ამ ექსპედიციის მიზანი იყო ექსპედიციის ნარჩენების ჩამოტანა ევერესტიდან და იაპონიაში ტრანსპორტირება უტილიზაციის მიზნით. ასე გადაგვარჩინეს იაპონელებმა სამშობლოში ხელმოცარულ დაბრუნებას. ამ შემთხვევამ დაგვაახლოვა იაპონელების ჯგუფთან და მომდევნო სამი წლის განმავლობაში უკვე რეგულარულად ვიღებდით მონაწილეობას მათ ექსპედიციებში.

სწორედ ამ პერიოდში მხვდა წილად ბედნიერება, ერთ-ერთ სოფელში შევხვედროდი ლეგენდარულ მთამსვლელს – ედმუნდ ჰილარს. ის 1953 წელს მსოფლიოში პირველი ავიდა ევერესტზე ადგილობრივ შერპ თენსინგ ნოერგეისთან ერთად. ბატონი ედმუნდი სახელგანთქმული იყო არა მარტო მთამსვლელობით, არამედ, დიდი წვლილი აქვს შეტანილი ნეპალის ღარიბთა განათლებისა და სამედიცინო მომსახურების საქმეში. 

იაპონელებთან გატარებული სამი წლიდან კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ: ისინი იკვებებოდნენ ერთფეროვანი საკვებით, ძირითადად, დაკონსერვებული ზღვის პროდუქტებით, რამაც გია აიძულა, ჩვენს მენიუში რაიმე სახის სიახლე შეეტენა.

– რა მოჰყვა მის ამ წამოწყებას?

– საბაზო ბანაკში ყოფნისას, ადგილობრივ ტიბეტელ ტვირთმზიდავებს გიამ სოფლიდან ქათმები ამოაყვანინა. თურმე, ტიბეტელების რელიგია კრძალავს რაიმე ცხოველის ან ფრინველის დაკვლას (ყოველ შემთხვევაში, იმ რაიონში ასე აგვიხსნეს). გიამ შემომთავაზა, მაგრამ მე ცხოვრებაში ქათამი არ დამიკლავს და, უარის შემდეგ, იძულებული გახდა, თვითონ ეთავა ეს საქმე. საუბედუროდ, მეორე დღეს ამინდი მკვერთად შეიცვალა. ადგილობრივებმა ეს ღვთის რისხვად აღიქვეს და ცუდად დაგვიწყეს მზერა. 

– მერე რა მოხდა?

– საბედნიეროდ, ყველაფერი მხოლოდ ამ მზერით დასრულდა. რამდენიმე დღის შემდეგ გამოიდარა და გიამ წარმატებით დაასრულა თავიანთი მორიგი ასვლა ევერესტზე. 

 

скачать dle 11.3